Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის სკოლების პრობლემები და მათი მოგვარების პერსპექტივა


რუსთავის თვითმმართველობა 2019 წელს მილიონ 800 ათას ლარს დახარჯავს ადგილობრივი საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის. ეს ის თანხაა, რომელსაც ქალაქი ცენტრალური ბიუჯეტიდან მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავლითმიიღებს. ადგილობრივმა მერიამ სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით იმ სკოლებში, საიდანაც პროექტები მიიღო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა ადგილობრივ თვითმმართველობებს დაევალა. ამ მიზნით დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტი უზრუნველყოფს, ოღონდ, თანხის ოდენობა, ამა თუ იმ სკოლის საჭიროებების საფუძველზე, მდგრადი განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროსთან თანხმდება. რუსთავის საჯარო სკოლებში კი, როგორც აღმოჩნდა, ბევრი რამ მოუწესრიგებელია.
ყოველ შემთხვევაში, ამაზე ჩიოდნენ სკოლის დირექტორები რუსთავის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან, შეხვედრაზე, რომელიც 27 სექტემბერს ადგილობრივ რესურსცენტრში გაიმართა სწორედ ინფასტრუქტურული საკითხების განსახილველად.

დირექტორების ერთი ნაწილი სველი წერტილების მოწესრიგებას ითხოვს, ზოგიც - ღია სტადიონისა თუ სპორტული დარბაზის აღდგენას,ზოგსაც ეზოს შემოღობვა სურს.სპეციალიზებული ფიზიკა-მათემატიკის სკოლას კი, ძველი კორპუსების გარემონტების ნაცვლად, ახალი კორპუსის აშენება უნდა.

„ეს არის ყოფილი საძინებელი კორპუსი, დაბალჭერიანი, „ხრუშჩოვკაზე“ დაბალია ჭერი. რაღაც გაუბედურებული კორპუსია. მაგას, ჯობია, რომ მეოთხედი კორპუსის, 10-12 საკლასოოთახიანი შენობა აშენდეს. ის [დიდი სასწავლო კორპუსი] კი არის უზარმაზარი, 70 მეტრი აქვს მარტო სიგრძე.სამსართულიანი და არაფრისმაქნისია.როგორც არ უნდა გაარემონტონ, სასწავლო კორპუსად ვერასდროს იქნება. მაგრამ მე ვინ მკითხავს“,

მიმართა ქალაქის მერს ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დირექტორმა ბესო მოსულიშვილმა.

საქმე ისაა, რომ სკოლის კორპუსებში ადრე სქოლიოზით დაავადებულთა სკოლა-ინტერნატი იყო გახსნილი, რომელიც მოიცავდა სარეაბილიტაციო, საძინებელ და სასწავლო შენობებს. სარემონტო სამუშაოებს, როგორც სპეციალიზებული სკოლისას, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით,რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

რუსთავის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს ნაირა ქარუხნიშვილს კი სულ სხვა პრობლემები აწუხებს.
სკოლა ჭყონდიდელის დასახლებაში მდებარეობს, რომელიც საწარმოო ზონას ესაზღვრება. ნაირა გელაშვილის თქმით, საწარმოთა გამონაბოლქვით გამოწვეულ ეკოლოგიურ საფრთხეებს კიდევ ერთი პრობლემა დაემატა - ციხეების მშენებლობადასახლებაში.

„ახლა ციხე გახდა დიდი პრობლემა. ძალიან ცუდი სიტუაციაა. მე მოსახლეობის განწყობა ძალიან კარგად ვიცი, ისინი ჩემი მშობლები არიან. ჩემი მოსწავლეების განწყობაც ძალიან კარგად ვიცი, ამიტომ, მე ვფიქრობ, ინფრასტრუქტურასთან, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით მოგვიწევს ცოტა მეტი ვიფიქროთ. დასახლებას დავანახვოთ, რომ იქ არის ერთადერთი საგანმანათლებლო ცენტრ-სკოლა“.

ნაირა გელაშვილმა რუსთავის მერს მიმართაწინადადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ საფრთხეების გათვალისწინებით ჩატარდეს.

23-ე სკოლის დირექტორმა მზია კიწმარიშვილმა კი რუსთავის მერთან შეხვედრის შემდეგ რადიო თავისუფლებასთან სკოლის ეზოს გამუდმებულ დატბორვაზე ილაპარაკა:


„სკოლის ეზოა მისახედი. წყალი დგება, გარე პერიმეტრიდან წყალი შემოდის, ტრასიდან ჩამოდის და გროვდება დიდი მოცულობის წყალი ნალექის ყოველი მოსვლის შემდეგ. ბიუჯეტი დამტკიცებულია, მერიამ სანიაღვრე ჭები უნდა გაგვიკეთოს“.

მზია კიწმარიშვილმა განმარტა, რომ „დიდი ხნის წინ“, სკოლასთან გამავალი გზის რეაბილიტაციის დროს, სანიაღვრე ჭებს ასფალტის სქელი ფენა გადააკრეს და მოსული ნალექი გზას სწორედ სკოლის ეზოში მიიკვლევს. დირექტორებთან შეხვედრის შემდეგ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოყოფილითანხა, პირველ რიგში, პრიორიტეტების მიხედვით დაიხარჯება.

„[მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის] სამინისტროდან თანხები უკვე მივიდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში, რომელმაც პრიორიტეტების მიხედვით უნდა უზრუნველყოს სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სკოლების გადახურვა, სველი წერტილების აღდგენა, გათბობის და წყალარინების სისტემების მოწესრიგება. თუ ეს ყველაფერი სკოლებს წესრიგში აქვთ, სკოლები თავად ირჩევენ, რას ანიჭებენ უპირატესობას - საკლასო ოთახებს, სპორტულ მოედნებს“...

რუსთავის მერმა დასძინა, რომ სკოლებიდან პროექტების ნაწილი უკვე შემოსულია, ნაწილს ამუშავებენ, დოკუმენტებს კიდევ 10 სკოლისგან ელოდებიან. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მილენიუმის პროგრამით სრულადაა რეაბილიტირებული 3 სკოლა და თქვა ისიც, რომ ამ პროგრამით კიდევ ერთი, 22-ე, სკოლა უნდა აღადგინონ, რაც კარგა ხნის წინ უნდა დაწყებულიყო.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG