Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში არ მუშაობს პოლიეთილენის პარკების ამკრძალავი კანონი


ცელულოზის და სხვა მავნე ნივთიერების შემცველი პოლიეთილენის პარკების რეალიზაციის აკრძალვის კანონი, რომელიც 2019 წელს ამოქმედდა, რუსთავში არ მუშაობს.

რუსთავის მაღაზიებში, ბაზრებსა და გარევაჭრობებზე პოლიეთილენის პარკების რეალიზაცია კვლავ ხდება. სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელები თუ გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ კანონით დაშვებული ბიოდეგრადირებადი ან ქაღალდის პაკეტები არ აქვთ. მიზეზის შესახებ დასმულ შეკითხვას თითქმის ერთნაირად პასუხობენ - არ გვაქვს, ან ძალიან ცოტა გვაქვს, რადგან ქალაქში არავის შემოაქვსო.

რუსთავლის ქუჩაზე რძის პროდუქტებით მოვაჭრე გიორგი კენჭოშვილი ამბობს, რომ ერთი პერიოდი ცელოფნის პარკები აკრძალეს, მოითხოვეს „სქელი პარკები“, მაგრამ მერე ერთჯერადი თხელი პარკების რეალიზებაზე თვალი დახუჭეს. აკრძალვამ ვერ გაამართლა.

რუსთავში არ მუშაობს პოლიეთილენის პარკების ამკრძალავი კანონი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:42 0:00

რუსთავის 21-ე მიკრორაიონში პატარა მაღაზიის სალაროაპარატთან მჯდომმა ქალმა, რომელიც მყიდველისთვის მწვანე ცელოფნის პარკში ჩაწყობილ ვაშლს წონიდა, რადიო „თავისუფლბას“ უთხრა, რომ აკრძალვის შესახებ ინფორმირებულია, მისი სავაჭრო ობიექტი კი ჯერ არავის შეუმოწმებია.

რუსთავის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე ნანა გოგაძე გვეუბნება, რომ იძულებულია პოლიეთილენის პარკები გამოიყენოს, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვს:

„კარგი, ავკრძალეთ ეს პარკები, მაგრამ ახალი რომ არ შემოდის? მომხმარებლის უფლებაა, მას მოემსახურო, პროდუქტი ჩაულაგო ელემენტარულად პარკში, ან რამეში. მაგრამ თუ არ არის ადგილი, საიდანაც მოვიტან [ბიოდეგრადირებულ] პარკს ან სხვა შემცვლელს?...გასაგებია, ვემორჩილები კანონს, მაგრამ მაჩვენეთ ალტერნატივა, რომელსაც შევიძენ, რომ მომხმარებელი დავაკმაყოფილო“.

ნანა გოგაძის ინფორმაციით, მისი მაღაზიის შესამოწმებლად არავინ მისულა. რუსთავის ქუჩები სავსეა პოლიეთილენის პარკებით. მათი სიმრავლეა ხეებზეც. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის წარმომადგენელი მარიკო წიქორიძე ამბობს, რომ გაცილებით უარესი ვითარებაა მარნეულის მუნიციპალიტეტში. მაგალითად, მარნეულის ხიდის ქვეშ:

„სრული კატასტროფაა, რაც ხიდის ქვეშ ხდება, მდინარე არ არის იმ სიგანის, რამდენიც ნაგავი ყრია. ცელოფნები საერთოდ დაფრინავს ჰაერში. ოდნავი ნიავის დროს დაფრინავს“.

გარემოსდამცველი მარიკო წიქორიძის თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში ნაგავსაყრელია, რაც მოსახლეობის ბრალია, მაგრამ არანაკლებ დამნაშავეა ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც გარემოსდაცვითი მიმართულებით ცნობიერების ამღლებაზე არ ზრუნავს.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG