Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ოცნება” პრორუსული კი არა, პროჩინურია? - რუსი ბლოგერები ანაკლიის პორტის გამო ეჭვიანობენ


რუს ბლოგერებს არ მოსწონთ ამბები ანაკლიის პორტის შესახებ.
რუს ბლოგერებს არ მოსწონთ ამბები ანაკლიის პორტის შესახებ.

ანაკლიის პორტის 49% ჩინეთის სახელმწიფო კომპანიამ ჩაიბარა და რუს ბლოგერებს ეს ცუდად ენიშნათ. ზოგი ამტკიცებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” “აგენტების კანონი” მიიღო და დასავლეთთან ურთიერთობები გააფუჭა არა რუსეთთან დაახლოების, არამედ ჩინური ინვესტიციების სანაცვლოდ.

“აი, საიდან აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამდენი გამბედაობა”, - დაწერა მსხვილმა რუსულმა სამხედრო ტელეგრამარხმა “ორმა მაიორმა” გარიგების გასაჯაროების შემდეგ.

29 მაისს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი მიიღებს.

კონსორციუმის წევრი ერთ-ერთი ფირმა აშშ-ის მიერაა სანქცირებული, მეორეს კორუფციაში ადანაშაულებენ.

"პროამერიკული ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად", გარიგება "აგენტების კანონის“ მიღებიდან მალევე გაჟღერდა", - დაამატა “ორმა მაიორმა”, რომელიც რუსეთის საომარი პროპაგანდის ერთ-ერთი ფლაგმანია.

“ქართველებმა გაგვახარეს”, - წერს კიდევ ერთი ნაციონალისტური და პროსაომარი არხი.

“სურთ ევროპა-ჩინეთის ტრასაზე საკუთარი ადგილი დაიკავონ და ფული მხოლოდ საფერავსა და საცივში არ გადაუხადონ”.

ზოგი ბლოგერი ამტკიცებს, რომ ჩინეთის ზეგავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე იმაზე დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

“დასავლეთთან დაპირისპირებაში საქართველოს ხელისუფლების სიმამაცის მიღმა ჩინეთთან გარკვეული შეთანხმებები დგას”, - წერს რუსეთის სახელმწიფო რადიოს ჟურნალისტი გია სარალიძე.

რუსი ბლოგერების შეფასებით, პორტის მშენებლობის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა რუსეთისთვისაც უსიამოვნოა.

საქართველო ძალიან ცდილობს, ჩაერთოს ჩინეთის “შუა დერეფნის” ინიციატივაში, - წერს ოპოზიციური ტელეგრამარხი “ჩტო დელატ?” (რა ვქნათ?)

“შუა დერეფანი” ტვირთების გადაზიდვის მარშრუტია, რომელიც ჩინეთს ევროკავშირის ქვეყნებთან აკავშირების, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით და რუსეთს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს.

ანაკლიის პორტი “შუა დერეფნის” გამტარიანობას გაზრდის და ამით ყველაზე მეტად სწორედ ჩინეთი იხეირებს, - წერს “ჩტო დელატ?”.

პრემიერი ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ქვეყნის “უკრაინიზაცია” არ სურს, მაგრამ პორტის ჩინეთისთვის გადაცემა ცალსახად რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, - ასკვნის პოსტის ავტორი.

ამგვარად, სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოში “რუსული” კი არა, არამედ “ჩინური” კანონი მიიღეს და “საქართველო ჩინეთის კლიენტი გახდა”, - წერს კიდევ ერთი რუსულენოვანი არხი.

უთანასწორო პარტნიორობა

ანაკლიის პორტის გარიგებას ვრცელი წერილი მიუძღვნა პროკრემლისტურმა გამოცემა “იზვესტიამ”.

ისიც “შუა დერეფანსა” და ჩინეთის ინტერესზე მიუთითებს.

საქართველო პორტის აშენებას დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობს, “ყველა პრობლემა კი სინამდვილეში იმას უკავშირდებოდა, რომ ანაკლიას პორტი უბრალოდ არ სჭირდება”, - წერს “იზვესტია”.

მაგრამ ევროკავშირსაც და ჩინეთსაც სჭირდება სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც რუსეთს გვერდს აუვლის. ამისთვის კი ანაკლიის პორტი ძალიან გამოადგებათ.

“აგენტების კანონის” მიღების კვალდაკვალ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობები სულ უფრო ეძაბება და ის “ახალ ეკონომიკურ პარტნიორებს ეძებს”, - უთხრა “იზვესტიას” კავკასიამცოდნე არტურ ატაევმა.

“იზვესტია” საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განმტკიცებაზე ადრეც წერდა.

“დასავლური ქვეყნები უკმაყოფილებას არ მალავენ. აშშ-ის ელჩმა კი თბილისისა და პეკინის დაახლოებას არასასურველი უწოდა”, - წერია 18 იანვარს გამოქვეყნებულ ტექსტში.

სტატიის დასასრულს ექსპერტები “ქართულ ოცნებას” “პრაგმატიზმისა” და “საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციისთვის აქებენ”.

ერთ-ერთის მტკიცებით, წინა ხელისუფლების “რადიკალურმა პროდასავლურმა” პოზიციამ კრახი განიცადა, რადგან 2008 წელს რუსეთთან ომის დროს “აშშ და ევროკავშირი [საქართველოს] საერთოდ არ დაეხმარნენ”.

კიდევ ერთი პროკრემლისტური გაზეთი “ნეზავისიმაია გაზეტა” კი წერდა, რომ საქართველო ვერ შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირისა და ჩინეთის დაკავშირებაში.

ევროკავშირსა და ჩინეთს შორის რაიმე პრობლემა თუ გაჩნდა, “პატარა ეკონომიკის მქონე საქართველოს აზრს” არავინ გაითვალისწინებს, - ნათქვამია სტატიაში.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG