Accessibility links

რუსოფობიით სპეკულაცია და მისი გაზვიადებული ფასი


რუსეთის მედია თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გაშუქებისას ხშირად იყენებს სიტყვა „რუსოფობიას“. საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიც“ დარწმუნებულია, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე იფეთქა „ინსტიტუციონალურმა რუსოფობიამ“, „რუსეთისადმი ზიზღმა“, რაც გამოიხატა რუსი დეპუტატებისათვის საქართველოს პარლამენტში მოწყობილ ობსტრუქციასა და „რუსი ოკუპანტების“ ძახილში. გარდა იმისა, რომ სააგენტო იყენებს ამ სიტყვას, „რუსოფობიას“, ასევე ცდილობს მის მონეტიზაციას. როგორც სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატიიდან შეიტყობს მკითხველი, თურმე, საქართველოს 750 მილიონი დოლარი დაუჯდება გამოვლენილი რუსოფობია და ისიც გრძელვადიანი სანქციების გათვალისწინების გარეშე. სააგენტოს გათვლებით, ზარალი, ბუნებრივია, ასახვას პოვებს ასევე საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტზე.

„ანტირუსული დემარში, დემონსტრაციები რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და, საერთოდ, მთელი ეს ელვარე კარნავალი მხიარული რუსოფობიისა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაუჯდება 202 აშშ დოლარი, რაც, გრძელვადიანი სანქციების დაწესების შემთხვევაში, წლიდან წლამდე გაიზრდება“, - წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო.

რუსი ანალიტიკოსები ასევე ურჩევენ თავიანთ მთავრობას არ შეიზღუდოს თავი სანქციების დაწესებით მხოლოდ ტურიზმის სფეროში.

„ყველა მეზობელსა და პარტნიორს უნდა შევაგნებინოთ (სასურველია მაქსიმალურად მტკივნეული ეკონომიკური მეთოდებით) მარტივი ჭეშმარიტება: რუსეთთან კარგი ურთიერთობა, რომელიც, გარდა ბევრი სხვა სიკეთისა, იძლევა შემოსავალს რუსეთის ბაზარზე წვდომით, პრივილეგიაა და ამ პრივილეგიას ჯერ დამსახურება უნდა, შემდეგ კი სათუთი მოფრთხილება. ვისაც ეს არ ესმის, ის უნდა დარჩეს რუსული ფულისა და ბაზრის გარეშე - ეს დასჯის კი არა, რუსეთის თავმოყვარეობის საკითხია. უხადო ფული ქვეყანას, რომლის მთავრობა გულწრფელად ვერ იტანს რუსეთსა და „რუს ოკუპანტებს“ - ეს, რბილად რომ ითქვას, უცნაური და არაპროდუქტიული სტრატეგიაა“, - წერს „რია ნოვოსტი“, რომლის მიხედვითაც, ინსტიტუციური რუსოფობია, ზიზღი რუსეთისადმი, განცხადებები „რუსი ოკუპანტების“ შესახებ, - ყოველივე ეს ლუქსის კლასის პოლიტიკური საქონელია, რომლით სარგებლობის ფუფუნება მხოლოდ ძალიან მდიდარ ქვეყნებს აქვთ.

სააგენტოს გათვლებით, სანქციების დაწესებით საქართველო ასევე დაკარგავს შემოსავალს ღვინის ექსპორტიდან - წლის განმავლობაში, დაახლოებით, 116 მლნ დოლარს.

რუსული მედია ასევე აქტიურად აშუქებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა რუსეთიდან ტურისტული ნაკადი არ შემცირდეს და ქვეყანამ თავიდან აიცილოს ზარალი. სააგენტოს ციტატის სახით მოტანილი აქვს ბახტაძის შემდეგი სიტყვები:

„მოკლევადიანი გეგმა ასეთია: უნდა შევძლოთ დროულად დავარეგულიროთ პრობლემები. ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ შემოსავლები არ შეგვიმცირდეს. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით, რათა ტურისტების რაოდენობამ არ იკლოს. გრძელვადიანი გეგმა კი ითვალისწინებს საქართველოს ტურიზმის სექტორის ჩართვას მსოფლიო ეკონომიკაში“.

თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ვრცელ რეპორტაჟს აქვეყნებს რუსული ტაბლოიდი „კომსომოლსკაია პრავდა“, რომლის კორესპონდენტის დაკვირვებით, ვითარების დაძაბვისთანავე ბევრმა რუსმა ტურისტმა დატოვა საქართველო, მაგრამ მალე მათი ადგილი სხვა რუსმა ტურისტებმა დაიკავეს.

გაზეთის კორესპონდენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რატომღაც ელაპარაკა ლადო ბედუკაძეს, რომელიც მკითხველისათვის წარდგენილია როგორც „ციხის ყოფილი დარაჯი, რომელმაც ოდესღაც სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დაღუპა“.

რუსი ჟურნალისტი არ მალავს, რომ უზომოდ კმაყოფილია რესპონდენტის პოზიციითა და სიტყვებით, რომელთა მიხედვითაც, დუმის დეპუტატ გავრილოვზე თავდასხმა ორგანიზებული იყო სახელმწიფო დეპარტამენტიდან და რომ პუტინი მართალია, როცა საქართველოს სანქციებს უწესებს:

„პუტინის ადგილზე ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008 წელში! სწორედ ასე უნდა დაიცვას თავისი ხალხი!“, - უთქვამს რუსული გამოცემისათვის ბედუკაძეს, რომლის თქმითაც, "საქართველოს მოსახლეობის 80 % მთელი გულით რუსეთისკენაა, საქმეს აფუჭებს ტერიტორიული საკითხი და დასავლეთიდან კონტროლირებადი ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც აყალბებს არჩევნების შედეგებს“.

გამოცემა ასევე ელაპარაკა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, მერაბ ბლადაძეს, რომელსაც თითქოსდა რუსული ტაბლოიდისათვის უთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა ტყუის დეპუტატ გავრილოვთან, მაგრამ ხალხი სამართლიანად გამოვიდა ქუჩაშიო, რადგანაც საქართველო არასოდეს იტყვის უარს თავის ტერიტორიებზე და რუსეთიც, დიახ, ოკუპანტიაო.

მთლიანობაში, რუსულენოვანი ინტერნეტი გაჯერებულია ინფორმაციით, რომლის სულისკვეთებას თვალსაჩინოდ გამოხატავს სტატია სათაურით: „საქართველოს ბიზნესმენები: წელში გავწყდებით რუსული ფულის გარეშე! ეს შემოსავლის 85 %-ია!“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG