Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რჩევაა, არ ჩართოთ ტელევიზორი” - რუსული სახელმწიფო მედიის ოპერატორის აღსარება


“არასდროს ვიზიარებდი რუსეთის მმართველი რეჟიმის იდეოლოგიას, მაგრამ ჩემთვის საინტერესო იყო გავწევრიანებულიყავი “ტყუილის ფაბრიკაში” და შიგნიდან მენახა, როგორაა ყველაფერი მოწყობილი”, - ჰყვება ლეონიდ კრივენკოვი. პროფესიით ის ქიმიკოსია, დაკავებულია სამოყვარულო ვიდეოგადაღებით და ნაცნობმა ტელეოპერატორმა პეტერბურგულ სასახლეებზე დოკუმენტური ფილმების გადაღებაში ასისტენტობა შესთავაზა. მალე ლეონიდი ტელევიზიაში მოეწყო - თავდაპირველად ეს ნახევრად ლეგალური გამომუშავება იყო გადაცემაში “დილა მშვიდობისა, რუსეთო”. 2006 წელს, როცა „Россия 24“-მა მაუწყებლობა დაიწყო, ის სამსახურში აიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ არც შესაბამისი განათლება ჰქონდა და არც ამ სპეციალობით სამუშაო გამოცდილების მტკიცებულება. ლეონიდ კრივენკოვი ამტკიცებს, რომ ამისთვის მან ქრთამის სახით ერთი თვის ხელფასი გადაუხადა უფროსებს. 10 წელი იმუშავა ტელეოპერატორად, იღებდა გადაცემებს ცნობილი პოლიტიკოსების მონაწილეობით და კარგად შეისწავლა “რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის კომპანიის” (რსსრკ) სამზარეულო. 2016 წელს ლეონიდ კრივენკოვი პენსიაზე გავიდა და ტელეკომპანიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. მისი აზრით, კომპანიამ შრომის კოდექსი დაარღვია. ამასთან, რუსეთის ყველა ინსტანციის სასამართლო მედიაქსელის მხარეს დადგა.

რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში ლეონიდ კრივენკოვმა იმის შესახებ ისაუბრა, რაც ნახა „Россия 24“-ის სტუდიებში.

ტელევიზიაში როდესაც მუშაობას იწყებდით, თქვენი პოლიტიკური შეხედულებები ასეთივე იყო, თუ იმის მიხედვით ჩამოგიყალიბდათ, რაც იქ ნახეთ?

რეჟისორებისა და წამყვანების საყვარელი ხუმრობა იყო “ახლა შენი ჯერია მოიტყუოო”. სწორედ ასე მიმართავდნენ კორესპონდენტებს ეთერში შეშვებამდე...

„მმართველ რეჟიმთან ყოველთვის ფრთხილი ვიყავი, ვხვდებოდი, რომ ისინი საკუთარ ინტერესს მიჰყვებიან, მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს საყოველთაო კეთილდღეობისთვის იღებენ კანონებს. მაგრამ იქ უფრო მეტად დავინტერესდი პოლიტიკით, რადგან ყოველდღე ვიჯექი და ვუყურებდი „ახალ ამბებს“ და ვსაუბრობდი მათზე ტელეწამყვანებთან. თავისუფალ გარემოში, ხანდახან ეთერის შემდეგ, კონიაკს ვსვამდით და ვსაუბრობდით. ჩემთან სრულიად სხვას ჰყვებოდნენ, კამერების წინ - სხვას. ამან საშუალება მომცა გამეგო, როგორაა ყველაფერი მოწყობილი რუსეთში. მუშაობის პირველ წლებში მაოცებდა ცინიზმი, რომლითაც „Россия 24“-ის თანამშრომლები სამუშაოს უდგებოდნენ. ყველა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ მაყურებლის დეზინფორმაციით იყო დაკავებული. ყოველთვის იყო დისკუსია იმაზე, თუ როგორ იქნებოდა უკეთესი ამა თუ იმ ამბის მიტანა მაყურებლამდე. რეჟისორებისა და წამყვანების საყვარელი ხუმრობა იყო “ახლა შენი ჯერია მოიტყუოო”. სწორედ ასე მიმართავდნენ კორესპონდენტებს ეთერში შეშვებამდე“.

ანუ, მხოლოდ თქვენ არ იყავით თეთრი ყვავი, დისიდენტი? ბევრია ასეთი შეხედულების ადამიანები იქ?

„კი. ვფიქრობ, უმრავლესობას ყველაფერი კარგად ესმის. ადამიანები, რომლებიც სახელისუფლებო შეხედულებებს იზიარებენ, უფრო გამონაკლისები არიან. ზოგი ცდილობს თავი პუტინის პატრიოტად წარმოაჩინოს. არ ვიცი: შესაძლოა, საზოგადოების წინაშე თამაშობენ, შესაძლოა, მართლაც ასეთები არიან, თუმცა უმრავლესობა ნორმალური ხალხია. უბრალოდ, გარემოებების გამო მოხვდნენ ამ ორბიტაზე და იძულებულნი არიან როგორღაც იბრუნონ და საცხოვრებელი ფული იშოვონ“.

ხშირად მსმენია, რომ საკმარისია ხელისუფლება შეიცვალოს და ის ადამიანები, რომლებიც დღეს პუტინს აქებენ, ხვალ ასეთივე ენთუზიაზმით ესვრიან მას ტალახს.

ლეონიდ კრივენკოვი
ლეონიდ კრივენკოვი

„კი, მეც ასე ვფიქრობ. თუ ხელისუფლება შეიცვლება, მეორე დღეს ისინი სრულიად სხვაგვარად ილაპარაკებენ. ბევრი ადამიანი დამოკიდებულია, იძულებულია ილაპარაკოს ის, რასაც უბრძანებენ. რუსეთის რსსრკ-ში ანაზღაურებები, უბრალოდ, სასაცილოა. თუ ადამიანი რაღაც მიზეზით არასწორად იქცევა, მას, უბრალოდ, იმ ხელფასს გადაუხდიან, რომელიც ხელშეკრულებაში წერია. ის ან თავისით წავა, ან პატიებას ითხოვს. ხელმძღვანელობას აქვს თანამშრომლებზე ზემოქმედების ბერკეტები. ბევრს კრედიტები აქვს, ბევრი სხვადასხვა რეგიონიდანაა ჩამოსული, მოსკოვში ბინები აქვთ ნაყიდი და იპოთეკა აქვთ გადასახდელი. ამიტომ ისინი ჩაბღაუჭებული არიან ადგილებს და იძულებული არიან მოიქცნენ, როგორც მათგან მოითხოვენ“.

ზოგს სასაცილო ხელფასი აქვს, ზოგსაც - უზარმაზარი. სერგეი ბრილევმა ლონდონში 100 000-იანი ბინა იყიდა…

„ქონებრივი განსხვავებები, რა თქმა უნდა, კოლოსალურია. ზოგიერთი ტელეწამყვანი მდიდრული ავტომობილით დადის და პირადი მძღოლი ჰყავს. მათ დამატებითი შემოსავლებიც აქვთ: მაგალითად, კორპორაციულ ღონისძიებებზე ხშირად იწვევენ წამყვანებად.

სტუმარმა დაიწყო საუბარი მომწამლავი ნივთიერების წარმოებასა და გამოყენებაზე სირიის ჯარების მიერ. მთავარმა რედაქტორმა ალექსეი კაზაკოვმა უყვირა: “არ გესმის, რას ლაპარაკობს?! მოაკეტინე სასწრაფოდო!..

ოპერატორებს 45 ათასი რუბლის (1 800 ლარამდე) შემოსავალი აქვთ და ხელზე 42-ს (1 700 ლარამდე) იღებენ. სამუშაო საკმაოდ ინტენსიურია, ბევრი ენერგია მიჰქონდა. იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც უფრო ნაკლებს იღებდნენ. ამასთან, ოფიციალური ხელფასები ძალიან უმნიშვნელოა. 2015 წელს ოპერატორის ოფიციალური ხელფასი 6 860 რუბლი (300 ლარამდე) იყო. დღეში კი არა, თვეში! გასაგებია, რომ ასეთ ხელფასზე არავინ იმუშავებს, ამიტომ კომპანიაში არსებობდა ისეთი დანამატების სისტემა, რომელიც უეცრად “არასწორად” მოქცევის შემთხვევაში არ მუშაობდა. მე ასე რამდენჯერმე გადამიხადეს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა - 6 860 რუბლი“.

ალბათ, ეთერში მომხდარი ბევრი კურიოზის ისტორია იცით…

„ყველაზე ცნობილი სახელმწიფო დუმაში არჩევნებზე 146 % იყო 2011 წელს. კრემლიდან „Россия 24“-ში მოვიდა ბრძანება, რა პროცენტები უნდა ეჩვენებინათ „ახალ ამბებში“ “ერთიანი რუსეთისთვის”. მთავარმა რედაქტორმა იკითხა, “სხვა პარტიებს რა ვუყოთო?”, რაზეც უპასუხეს: “სხვა პარტიებს ის პროცენტები დაუწერეთ, რაც მათ მართლაც მიიღესო”. რედაქტორს მეტი აღარ უკამათია, კრემლმა ხომ უკეთ იცის, და ისე მოიქცა, როგორც უბრძანეს. ასე გამოვიდა 146 %“.

როგორც წესი, ტოკ-შოუ სპექტაკლია, რომელზეც ყველა როლი დაახლოებით გაწერილია. თუმცა იქაც ხომ ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები…

„კი, ყოფილან სტუმრები, რომლებიც წინასწარ გასაუბრებაზე თანხმდებოდნენ, რომ “საჭიროებისამებრ” მოიქცეოდნენ, თუმცა შემდეგ პირდაპირ ეთერში იმას ამბობდნენ, რაც სიმართლეა. იყო დიდი სკანდალი ერთ-ერთი სტუმრის გამო, რომელმაც ბაშარ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ილაპარაკა. სტუმარმა დაიწყო საუბარი მომწამლავი ნივთიერების წარმოებასა და გამოყენებაზე სირიის ჯარების მიერ. მთავარმა რედაქტორმა ალექსეი კაზაკოვმა უყვირა: “არ გესმის, რას ლაპარაკობს?! მოაკეტინე სასწრაფოდო!” ტელეწამყვანმაც სასწრაფოდ შეაწყვეტინა ექსპერტს საუბარი: “სამწუხაროდ, საეთერო დრო ამოგვეწურა. მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვისო”. ამის შემდეგ კრემლიდან დარეკეს. შედეგად ეს ექსპერტი გადაცემაში აღარასდროს მიუწვევიათ“.

ხშირად რეკავენ პუტინის ადმინისტრაციიდან თუ სხვა უწყებებიდან?

„მთავარ რედაქტორებს მუდმივად ურეკავდნენ კრემლიდან ვიღაცები, რომლებიც „ახალ ამბებს“ აკორექტირებდნენ. ასეთი ზარების შემდეგ რედაქტორი წამყვანისგან ითხოვდა სხვა კუთხით წარედგინა ახალი ამბავი. ხანდახან იმის აბსოლუტურად საპირისპიროდ, რასაც იგივე წამყვანი ერთი საათის წინ ახმოვანებდა“.

სიუჟეტები შეიძლება დაკორექტირდეს სხვადასხვა დროის სარტყელის გამო, სანამ ისინი რუსეთის ევროპულ ნაწილს მიუახლოვდება. ხშირად ხდება ასეთი რამ?

​„კი, მასალები, რომლებიც ხელმძღვანელობას არ მოსწონდა, ქრებოდა. პირდაპირ ეთერში ყოფილა ისეთი ინტერვიუები, რომელთაც საკმაოდ ძლიერად აკორექტირებდნენ გამეორებისას. მახსოვს, ერთხელ ჟირინოვსკისა და ზიუგანოვს შორის დებატებს ვიწერდი. თავიდან ისინი ძალიან მეგობრულად საუბრობდნენ, შემდეგ კი, კამერის ჩართვისთანავე, ერთმანეთის ლანძღვა დაიწყეს, ყველაფერი ლამის ჩხუბამდე მივიდა. საკმარისი იყო კამერის გამორთვა და რეკლამის გამოცხადება, რომ მაშინვე მშვიდად, შვილიშვილებზე ლაპარაკი დაიწყეს და სხვა ადამიანებად იქცნენ. ეს ყველაფერი თეატრია, ისინი კი მსახიობები არიან. არ შეიძლება მსახიობზე გაბრაზება იმისთვის, რომ ასეთი როლი ერგო.

კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა მახსოვს. დილით ადრე საჭირო გახდა სერგეი მიხალკოვთან სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერა. მას დაურეკეს და აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავშია, რომელიც წუთი წუთზე უნდა აფრენილიყო. მთავარმა რედაქტორმა დარეკა კრემლში და სამოქალაქო თვითმფრინავის აფრენა შეაჩერებინა ნახევარი საათით. შოკირებული ვიყავი, რომ მხოლოდ „Россия-24“-ის ინტერვიუს გამო დააყოვნეს სარეისო თვითმფრინავი“.

ოპერატორზე ბევრია დამოკიდებული, ვის გამოაჩენს მომგებიანად და ვის - არა. არის „Россия-24“-ზე წესები, როგორ უნდა გადაიღო კონკრეტული წამყვანები ან სტუმრები?

ამ კომპანიაში ყველაფერი ძალიან ეშმაკურადაა მოწყობილი, რათა თანამშრომლებს შვებულება არ მისცენ და ამასთან, მუდმივად გამოსძალონ ფული. მე და სხვა თანამშრომლებს ყოველ წელს გვათავისუფლებდნენ, მეორე დღეს კი ისევ აღგვადგენდნენ სამსახურში (რა თქმა უნდა, უფასოდ არა). შვებულებაში ზედიზედ 7 წელი არ ვყოფილვარ...

​„ოპერატორი ყველაფერს აკეთებს რეჟისორის დავალებით. თავიდან კარგად არ მესმოდა, მაგრამ ხომ არსებობს ფონი, რომელიც არც ისე კარგად გამოიყურება. ერთხელ, ერთ-ერთმა თანამშრომელმა დეკორაციის ერთ-ერთი ელემენტი გასწია. მალე მოვარდა რეჟისორი და ლექცია წაგვიკითხა, რომ სტუდიაში არაფრის ხელის ხლება არ შეიძლება: “რა გგონიათ, ეს კვადრატები, განათება სილამაზისთვისააო?” (ჩვენ კი გულწრფელად ასეც გვეგონა.) აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ასე მარტივად არაა: მთავარი რეჟისორის თქმით, სტუდიის გაფორმება წამყვანი ფსიქოლოგების მიერ შეიქმნა, ტელემაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებისთვის. მიუხედავად იმისა, რას ამბობს ადამიანი, უბრალოდ, ტელევიზორის ყურება ნებისმიერ შემთხვევაში მოქმედებს ადამიანზე“.

და როგორ? თქვენ, ალბათ, ამ განმარტების შემდეგ ცდილობდით გაგეგოთ რა და როგორ ზემოქმედებს.

„მე ამ საკთხზე ვესაუბრე ნაცნობ ფსიქოლოგს. მან მითხრა, რომ კადრმა შესაძლოა გამოიწვიოს მეტი ნდობა იმ ადამიანისადმი, რომელიც ეკრანზე ჩანს“.

საქმე ეხება მხოლოდ სტუდიის გაფორმებას, თუ რაკურსებსაც, თუ როგორ ჩანს ადამიანი?

„ორივეს: სტუდიის გაფორმებასაც და კონკრეტულ რაკურსსაც“.

თანამშრომლების ლოიალურობას აკვირდებიან? თქვენ გქონდათ ასეთი პრობლემა?

„მე გამოვუძახებივარ მთავარ ოპერატორს და უთხოვია წამეშალა მასალები ჩემი პირადი ფეისბუკიდან. იქ უკრაინასთან დაკავშირებით პირადი დამოკიდებულების შესახებ დავწერე და ოფიციალურ პოზიციას არ ემთხვეოდა. იძულებული გავხდი წამეშალა და კონფლიქტიც დასრულდა“.

სასამართლო საჩივარში წერდით, რომ შვებულებას არ გაძლევდნენ.

ლეონიდ კრივენკოვის სამსახურში მიღების ბრძანება
ლეონიდ კრივენკოვის სამსახურში მიღების ბრძანება

„ამ კომპანიაში ყველაფერი ძალიან ეშმაკურადაა მოწყობილი, რათა თანამშრომლებს შვებულება არ მისცენ და ამასთან, მუდმივად გამოსძალონ ფული. მე და სხვა თანამშრომლებს ყოველ წელს გვათავისუფლებდნენ, მეორე დღეს კი ისევ აღგვადგენდნენ სამსახურში (რა თქმა უნდა, უფასოდ არა). შვებულებაში ზედიზედ 7 წელი არ ვყოფილვარ. ამასთან დაკავშირებით სასამართლოსაც მივმართე, თუმცა ყველა ინსტანციამ გამამტყუნა. ჩემი შემთხვევა ერთადერთი არაა და არც შვიდი წელია რეკორდი. ვიცნობ ერთ თანამშრომელს, რომელიც 10 წელი არ გასულა შვებულებაში“.

ცოტა ხნის წინ, ეკატერინა ანდრეევა (ცნობილი რუსი ტელეწამყვანი) გამოტყდა, რომ საერთოდ არ უყურებს ტელევიზორს, რადგან საკუთარ ნერვებს უფრთხილდება. თქვენ უყურებთ ტელევიზორს პენსიაზე გასვლის შემდეგ?

​„გულწრფელად გამოგიტყდებით: ორი ტელევიზორი მქონდა, ორივე გავაჩუქე. ახლა ტელევიზორი საერთოდ არ მაქვს და ახალ ამბებს მხოლოდ ინტერნეტით ვეცნობი. რუსულ ტელეარხებს ოდნავაც არ ვენდობი. სხვებსაც ვურჩევ, არ ჩართონ ტელევიზორები".

XS
SM
MD
LG