Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის სამკურნალოდ (არ)გაშვების გეოპოლიტიკა, "გლობალური ომის პარტია" და გზა სტრასბურგისკენ


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. 7 თებერვალი, 2023 წელი.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. 7 თებერვალი, 2023 წელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერები საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანის ახალ, სწრაფ გზებს ეძებენ. ვითარებიდან საიმედო პოლიტიკური და სამართლებრივი გამოსავალი მათ საქართველოს ფარგლებში თითქმის აღარ ეგულებათ.

სააკაშვილის ადვოკატები აპირებენ, რომ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. პარალელურად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მისი ახალი თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მორიგ საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს და პროტესტის საგანგებო რეჟიმზე გადადის. პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყნის შიგნით აქტივობა აუცილებელია, "მზარდ საერთაშორისო წნეხთან" ერთად.

"ქართულ ოცნებას" არ სჯერა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის, დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი თვითდაზიანებას მიმართავს სასჯელის მოხდისგან თავის დასაღწევად. "ოცნება" ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას "მეორე ფრონტის" გახსნის მომხრე რადიკალები, ქვეყნის გარედან კი "გლობალური ომის პარტია" ითხოვს.

"საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და გადასცეს უკრაინას", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რა დრო და რა გზები დარჩა სააკაშვილს?

7 თებერვალს, კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილ მორიგ წერილში, მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ექსპერტებსა და ადვოკატებს - „დიდი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის“; „ყველა პოლიტიკოსს - სოლიდარობისთვისა და ადამიანურობისთვის“, ხოლო ქართველებს - გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

„ეს ბრძოლა გრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი. დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება, მაგრამ ქართველები გულზე ხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას“, - ვკითხულობთ ექსპრეზიდენტის წერილში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა.

სასამართლოს 6 თებერვლის გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილმა „სასიკვდილო განაჩენი“ უწოდა.

ხალხს აქტიურობისკენ „ნაციონალური მოძრაობაც“ მოუწოდებს. 6 თებერვალს - პარტიის ოფისში, ხოლო 7 თებერვალს - პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგებზე გამოცხადდა, რომ პარტია აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში; პლენარულ თუ საკომიტეტო სხდომებს აღარ დაესწრება და მანდატების დატოვებაზეც ფიქრობს - როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოებში. ენმ-მა პროტესტის საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა.

საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს „ერთიანი ფრონტის“ მომხრე კიდევ ერთი საპარლამენტო პარტია - „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ერთ დროს მათგან გამოყოფილი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი.

„ახლა დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის“, - ასეთია ენმ-ის პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის პოზიცია. „გაბრაზების დრო“ მანამდე მიხეილ სააკაშვილმაც ახსენა, 6 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან/გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლომ უარყოფითი გადაწყვეტილება გამოაცხადა, ენმ-ის მიერ დაგეგმილი პირველი აქცია, 7 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა. პარტიის ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პერმანენტული პროტესტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე გაგრძელდება.

„ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონში. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ასეთ მდგომარეობაში ვართ, როცა პუტინის დავალებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს. პოლიციის კორდონით, სპეცდანიშნულების რაზმებით მოუწევთ დაძინებაც და გაღვიძებაც“, - თქვა აქციაზე ხაბეიშვილმა, რომელმაც, წინა დღით, პარტიის ლიდერები რეგიონებიდანაც გამოიძახა.

ბოიკოტისა და მანდატების დატოვების იდეას ცალსახა მხარდაჭერა არა აქვს ენმ-ში. ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე საერთაშორისო პარტნიორების ნდობის დაკარგვისა და პროცესის მარგინალიზების რისკებსაც ხედავს.

„თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ) - ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა - უფრო არ გაუშვებენ მიშას. მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე“, - თქვა ხატია დეკანოიძემ 7 თებერვალს.

ბოიკოტის იდეა დამაზიანებლად მიაჩნია პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიასაც. „ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას“, - წერს მელია ფეისბუკპოსტში.

ენმ-ის შიდა დაძაბულობის ფონზე, მასშტაბური აქციების გამართვის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები და ექსპერტები. ეს განწყობა სოციალურ ქსელებშიც ჩანს.

7 თებერვალს, ენმ-ის მიერ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ პარტია კონსულტაციებს გაივლის საერთაშორისო პარტნიორებთან, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და „პოლიტიკური ვითარების განვითარების კვალდაკვალ“, „პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმების“ გეგმაც არსებობს.

„გლობალური ომის პარტია“

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები 7 თებერვალს აღნიშნავდნენ, რომ მათთვის არანაირი დანაკლისი არ იქნება, თუკი „რადიკალური ოპოზიცია“ საერთოდ არ მოვა პარლამენტში.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბრისას მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კვლავ ახსენებს „გლობალური ომის პარტიის“ მეტაფორას და ამბობს, რომ ამ, „გლობალური ომის პარტიას“ საქართველოში ერთადერთი ინტერესი აქვს - „სააკაშვილის გამოშვება“, „მეორე ფრონტის“ გახსნის მიზნით:

„ისინი ხედავენ, რომ ხაბეიშვილებით და მელიებით და ა.შ., ისინი აქ, საქართველოში ვერაფერს ვერ მოაწყობენ, უნდათ, რომ სააკაშვილისგან შექმნან კიდევ ერთხელ ოპოზიციის ლიდერი, ის სჭირდებათ მათ გარეთ იმისათვის, რომ საქართველოში შექმნან არეულობა და ამ არეულობის საბოლოო წერტილი უნდა იყოს მეორე ფრონტი“, - ამბობს კობახიძე.

18 იანვარს, „იმედი LIVE“-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნა“ „გლობალურ ომის პარტიას“ სურს. „ამას ჩვენ არ ვამბობთ ზოგადი ლოგიკის საფუძველზე. ეს არის ის, რასაც ვამბობთ ჩვენ ინფორმაციის საფუძველზე, მაგრამ უბრალოდ ბოლომდე გვიჭირს კარტების გახსნა“, - განაცხადა მან.

კობახიძე „გლობალური ომის პარტიის“ „ინტერესების კარნახით მოქმედს“ უწოდებს ყველა იმ პირს, ვინც მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ, საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაზიარებულ პეტიციას აწერს ხელს.

„შეიძლება ყველა არ არის ამ პარტიის ["გლობალური ომის პარტიის"] წევრი, მაგრამ ეს ადამიანები, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველა მათგანი მოქმედებს სწორედ „გლობალური ომის პარტიის“ კარნახით“, - თქვა მან და დაამატა, რომ „რა თქმა უნდა, ასეთი ხელმოწერები არ იქნება რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“.

გიორგი მარგველაშილმა ტელეკომპანია „პირველს“ უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენასთან დაკავშირებული პეტიციის ტექსტი „ძველ მეგობრებსა და კოლეგებს“ გაუზიარა. ხელმომწერებს შორის არიან მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნები და დიპლომატები.

პარალელურად, უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ პოლონურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთი მზად არის სამკურნალოდ მიიღოს საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი და ევროკავშირში ხელმოწერებს აგროვებს საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვის მიზნით. არსებული ინფორმაციით, პოლონეთის მიერ ინიცირებული წერილი საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეგზავნოს ევროკავშირის სამიტის წინ. სამიტი 9-10 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ უარყოფით გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ევროპელი პოლიტიკოსები.

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მიღებისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა - მისთვის, მისი ოჯახისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, - დაწერა ტვიტერზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარებიც.

  • „სასამართლომ არ გამოავლინა გულმოწყალება და თანაგრძნობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ, რომელიც სერიოზულადაა ავად. ეს არ არის ევროპული მიდგომა და უფრო ოპონენტის სასიკვდილო განაჩენია“ - ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი („Renew Europe Group“)
  • „თბილისის საქალაქო სასამართლოს უკიდურესად გამაწბილებელი გადაწყვეტილება. შევახსენებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა - ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე" - ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი (EPP).

უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გადაცემის მოთხოვნით, თბილისს ისევ მიმართავენ კიევიდან.

„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და გადასცეს უკრაინას“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რა შეუძლია სტრასბურგს?

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები გეგმავენ, რომ რამდენიმე დღეში მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, დროებითი ღონისძიების მექანიზმის ამოქმედების მოთხოვნით. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 6 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშიც გასაჩივრდება.

„როცა ადვოკატებს [სასამართლოს] გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, ამას, ბუნებრივია, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ გარკვეული ეტაპები გავლილი გვქონდეს და საქმე საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს... სტრასბურგის სასამართლოს დაუყოვნებლივ მივმართავთ იმიტომ, რომ დრო აღარ ითმენს“, - ამბობს ხაჭაპურიძე.

დროებითი ღონისძიების მექანიზმს არეგულირებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი, ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლების (წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის აკრძალვა) შესაბამისად. მოსარჩელეებს საშუალება აქვთ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუკი საქმე შეეხება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ ზიანს და სასამართლოს მყისიერი რეაგირებაა საჭირო.

„დროებითი ღონისძიების მექანიზმის ამოქმედება ხდება საქმეზე ძირითადი სარჩელის შესვლამდე. ეს არის სასწრაფო მექანიზმი, მაგრამ სასამართლო ამ გადაწყვეტილებით არ ადგენს, დარღვევას აქვს თუ არა ადგილი... სასამართლო ამბობს - აი, მე ამ საკითხს სწრაფად ვაგვარებ, რადგან დგას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფუძვლიანი რისკი და მერე შევხედავ, არის თუ არა აქ კონვენციის დარღვევა. ეს მექანიზმი მაინცდამაინც არ ითვალისწინებს იმას, რომ ყველა შიდა სამართლებრივი საშუალება იყოს ამოწურული. უამრავი ასეთი შემთხვევაა, როცა სასამართლოს უთქვამს - ადამიანს უმკურნალეთ სათანადოდ, გადაიყვანეთ სათანადო სამედიცინო დაწესებულებაში... ყველაზე ახლოს ამ [სააკაშვილის] საქმესთან დგას ნავალნის შემთხვევა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია.

რუს ოპოზიციონერ ლიდერთან, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 2020 წლის 21 აგვისტოს მიიღო, როცა ის, მგზავრობისას მოწამლული, ომსკის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტში, სხვა საკითხებთან ერთად, ლაპარაკია მასთან ოჯახის წევრების შეშვებასა და გერმანიის კლინიკაში გადაყვანაზე.

„თუკი დროებითი ღონისძიება იქნება მიღებული, მისი დაუყოვნებლივ შესრულება ისევე უცილებელია, როგორც [სტრასბურგის სასამართლოს] ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილებისა“, - გვეუბნება ნონა წოწორია და ასევე განმარტავს, რომ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში მსგავსი საკითხების განხილვა „დღეების საქმეა“.

წინასწარ იმის თქმა, 100%-ით დააკმაყოფილებს თუ არა სტრასბურგის სასამართლო სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნას, ნონა წოწორიას უჭირს, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ „გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული“.

„მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, რომელთათვისაც პროფესიული სინდისი და პატიოსნება ძალიან მნიშვნელოვანია და არასოდეს მისცემენ თავს უფლებას, რომ ვინმეს გამო ეს ეჭვქვეშ დადგეს... არ მგონია, რომ მათი დასკვნების გადასაფარად საკმარისი იქნება პენიტენციური სამსახურისა და „ვივამედის“ ექიმების ჩვენებები“, - ამბობს წოწორია.

ჯერ კიდევ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს სასჯელი არ გადაუვადდებოდა და იმეორებდნენ იუსტიციის სამინისტროს პოზიციას, რომ სააკაშვილის მდგომარეობა „თვითდაზიანებით“, მათ შორის - საკვების არმიღებით არის გამოწვეული. ექიმების ნაწილის საპირისპირო პოზიციის მიუხედავად, რომ პაციენტი საკვებს არა თუ არ, არამედ - ვერ იღებს, „ქართული ოცნება“ პატიმრის გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ მას საკვების მიღება სთხოვონ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG