Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგზაო უსაფრთხოება - სატრანსპორტო მოძრაობის აქილევსის ქუსლი


თბილისი
თბილისი

საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, წინა წლებში განხორციელებული რეფორმა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები განიხილეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკური მაჩვენებლები წარმოადგინა, რომლის თანახმად, 17 %-ითაა შემცირებული ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკა. ამ მონაცემს დამამშვიდებლად არ მიიჩნევს სამოქალაქო სექტორი, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევათა მაპროვოცირებელი ფაქტორები სტატისტიკაში არ აისახება.

გადმოწერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსის, ბექა ლილუაშვილის, განცხადებით, გასულ წელს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის ფარგლებში ამოქმედებული უკონტაქტო პატრულირებისა და მართვის მოწმობებზე დარიცხული ქულათა სისტემის შემოღების შემდეგ გაზრდილია ავტოსაგზაო უსაფრთხოების მაჩვენებლები და შემცირებულია უბედური შემთხვევების სტატისტიკა:

სისტემაში უნდა განხორციელდეს რეფორმა, უნდა განისაზღვროს საგზაო უსაფრთხოებაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. ამასთან, საგზაო მოძრაობის კანონი უგულებელყოფს საერთოდ ბავშვებს...
დავით მესხიშვილი

„2017 წლის წლიური მაჩვენებლით, 11 %-ით არის შემცირებული დაღუპულთა რაოდენობა, 15 %-ით არის შემცირებული ავტოსაგზაო, სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა და 12,5 %-ით არის შემცირებული დაშავებულთა რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქულათა სისტემის რეფორმა, რაც გასულ წელს განხორციელდა, მიუთითებს, რომ შეიცვალა მძღოლების ქცევა, რამაც შედეგად მდგომარეობის გაუმჯობესება გამოიწვია. რაც შეეხება 2018 წლის მაჩვენებლებს, მიმდინარე წლის 4 თვეში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეალურად 6,5 %-იანი შემცირება გვაქვს სიკვდილიანობის მაჩვენებლის“.

ამ სტატისტიკის კვალდაკვალ, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის, თქმით, იმისათვის რომ გაურკვეველი არ დარჩეს ავტოსაგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზები, აუცილებელია მათი სტატისტიკური ანალიზიც. დავით მესხიშვილი შენიშნავს აგრეთვე, რომ არსებობს ავტოსაგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით სისტემური და სტრუქტურული პრობლემა, ვინაიდან ტრანსპორტის სექტორის მართვა გაბნეულია 4 სამინისტროში, ამიტომ საჭიროა შეიქმნას ცენტრალიზებული სისტემა. ამასთან, მისივე თქმით, საგზაო მოძრობის კანონში საერთოდ არ ჩანან ბავშვები:

„სისტემაში უნდა განხორციელდეს რეფორმა, უნდა განისაზღვროს საგზაო უსაფრთხოებაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. ამასთან, საგზაო მოძრაობის კანონი უგულებელყოფს საერთოდ ბავშვებს. ამის დასტურია ის, რომ ბავშვი შეიძლება კალთაში ჩაისვა, ამის დასტურია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში 12 წლამდე ბავშვი მგზავრად არ ითვლება. ეს სამარცხვინოა და დროზე უნდა გამოვასწოროთ, რომ ბავშვები იყვნენ დაცული“.

ბავშვების უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამოქალაქო სექტორი სპეციალური სავარძლების დაკანონების ინიციატივით გამოდის, რასაც იზიარებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, განმარტებით, საგზაო უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების განვითარებაც, იმის გათვალისწინებითაც, რომ წლიდან წლამდე იზრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. ამ საკითხში არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს როლს უსვამს ხაზს:

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობაც თითქმის 10 %-ით იზრდება და ამ მხრივ მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც, უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიების დანერგვაც. ამაზე პასუხისმგებელია აღმასრულებელი ხელისუფლება, მუნიციპალური მთავრობები, თუმცა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას პარლამენტის მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა“.

ჩვენ წლებია ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე. სტატისტიკა გვაქვს საგანგაშო, მაგრამ რეალურად ამ პრობლემის მომგვარებელი უწყება ან პოლიტიკური თანამდებობის პირი ამ ქვეყნაში არ არსებობს და ვერც იარსებებს ასეთი პოლიტიკის პირობებში...
ვასილ ურუშაძე

პლატფორმა „ჰაბჯორჯიას“ დამფუძნებელი ვასილ ურუშაძე მიიჩნევს, რომ სისტემური მიდგომის გარეშე ვერც უკონტაქტო პატრულირების შემოღებით და ვერც ქულათა სისტემის ამოქმედებით ავტოსაგზაო შემთხვევათა მაჩვენებელი ვერ გაუმჯობესდება. მისივე სიტყვებით, კვლავ უცნობია ავტოსაგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაში არის მხოლოდ 4 კომპონენტი: სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, არასწორი მანევრი და დაუდგენელი მიზეზები. ჩამოთვლილი ფაქტორებიდან ვერც ერთზე ვერ ვიტყვით, რომ იყო გამომწვევი მიზეზი, რადგან ამის უკან შეიძლება იდგეს უამრავი მაპროვოცირებელი ფაქტორი, როგორიცაა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა და სხვ.:

„ჩვენ წლებია ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე. სტატისტიკა გვაქვს საგანგაშო, მაგრამ რეალურად ამ პრობლემის მომგვარებელი უწყება ან პოლიტიკური თანამდებობის პირი ამ ქვეყნაში არ არსებობს და ვერც იარსებებს ასეთი პოლიტიკის პირობებში. ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელსაც მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ მოაგვარებს და ვერც რომელიმე ერთეული უწყება“.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ითქვა, რომ საგზაო უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს შორის იგეგმება მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული საგამოცდო ტესტის ჩაბარება ქალაქის პირობებში, ასევე მოინიშნება ერთგვარი „შავი წერტილები“, ანუ ადგილები, სადაც ყველაზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევათა მაჩვენებელი.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG