Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Apple, Amazon, Louis Vuitton - კიდევ სად ჩადებენ ჩემს საპენსიო დანაზოგს?


არჩევანი უნდა გაკეთდეს მაღალრისკიან, საშუალორისკიან ან ნაკლებრისკიან პორტფელებს შორის
არჩევანი უნდა გაკეთდეს მაღალრისკიან, საშუალორისკიან ან ნაკლებრისკიან პორტფელებს შორის

რჩება 15 დღე - როცა შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი საპენსიო დანაზოგის ბედი. თუ არაფერს შეცვლით, მაშინ საკითხი თქვენი ასაკის შესაბამისად გადაწყდება. არჩევანი სამ პორტფელს შორის უნდა გაკეთდეს - სავარაუდო შემოსავლებისა და რისკების მიხედვით. მეტ მოგებას მეტი რისკი ახლავს.

6 აგვისტოდან თქვენ უკვე გადაგსვეს თქვენი ასაკისთვის წინასწარ განსაზღვრულ პორტფელში - რაც უფრო ახალგაზრდა ხართ, მით უფრო სარისკოში. ახლა, 6 სექტემბრის ჩათვლით, შეგიძლიათ შეცვალოთ ეს მოცემულობა და თქვენთვის უფრო სასურველი პორტფელი აირჩიოთ.

საინვესტიციო პორტფელის შეცვლა და არჩევა საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია: თავისი პირადი ელექტრონული გვერდიდან (my.pensions.ge), ასევე შესაძლებელია მისვლა იუსტიციის სახლსა და მის ფილიალებში, ანდა - საპენსიო სააგენტოს ოფისში.

საპენსიო სააგენტოში გვითხრეს, რომ შეცვლის მსურველთა „აქტიურობა მაღალი არ არის“, და „ნაკლებია, ვიდრე ეს სოციალურ ქსელებში ჩანს“.

დისკუსიები ცხადყოფს, რომ საპენსიო სქემის მონაწილეებს აქვთ ბევრი შეკითხვა და ბევრი რამ გაუგებარია - ჩანს, რომ არცთუ ცოტა ადამიანი, 6 სექტემბრამდე გადაწყვეტილების მიღებას ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ასწრებს.

ამ სტატიაში რადიო თავისუფლება შეეცდება, რთულად გასაგები საკითხები მარტივად ახსნას.

რა არჩევანია?

არჩევანი უნდა გაკეთდეს მაღალრისკიან, საშუალორისკიან ან ნაკლებრისკიან პორტფელებს შორის. უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი; ანდა, შეგიძლიათ - თქვენი დანაზოგი (სხვადასხვა პროცენტული თანაფარდობით) გადაანაწილოთ ორ ან სამ პორტფელზე. ვთქვათ, თანხის 30% ჩადოთ მაღალრისკიანში, 50% - ნაკლებრისკიანში, ხოლო დარჩენილი 20% - საშუალორისკიანში.

ამის გაკეთება შეუძლია ყველას - ასაკის მიუხედავად.

პორტფელებს შორის რა განსხვავებაა?

პორტფელებს შორის ერთ-ერთი ძირითადი განსხვავება საერთაშორისო აქციების შესყიდვის პროცენტული მაჩვენებელია და რისკებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს, რადგან აქციების ღირებულება საფონდო ბირჟებზე ხშირად მერყეობს და შესაძლოა, წააგოთ კიდეც.

ფულის აქციებში ჩადებისას მოგება უფრო გრძელვადიან პერიოდშია მოსალოდნელი და, შესაბამისად, ამ პაკეტს უპირატესად ირჩევენ ისინი, ვისაც პენსიაში გასვლამდე დიდი დრო აქვთ დარჩენილი, ანდა რისკი უყვართ.

  • კანონის თანახმად, უცხოური აქციების წილი: მაღალრისკიან პორტფელში - 40-დან 60%-მდეა დასაშვები, საშუალორისკიანში - 20-დან 40%-მდე, დაბალრისკიანში კი - 20%-მდე. საინვესტიციო საბჭოს 2023 წელს განახლებული სტრატეგიის მიხედვით, ეს მაჩვენებლები, შესაბამისად - 55%-ით, 35%-ითა და 20%-ით განისაზღვრა.
  • დანაზოგის დარჩენილი ნაწილი (კანონით დასაშვები პროცენტულობით) შესაძლოა წავიდეს სახაზინო ობლიგაციებში, საბანკო დეპოზიტებსა თუ უცხოური ვალუტის შესყიდვაში, რაც ნაკლებად სარისკოდ მიიჩნევა.

ამ ყველაფერს არეგულირებს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომელიც 2018 წელს ამოქმედდა.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, გოგა მელიქიძე, რომელიც საინვესტიციო სამსახურს ხელმძღვანელობს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ - საკუთარი საპენსიო დანაზოგი - მაღალრისკიან პორტფელში განათავსა. მელიქიძე 40 წლის არის, მაგრამ ასეთი არჩევანი მხოლოდ ასაკის გამო არ გაუკეთებია.

„აქციებში ინვესტირება ბევრად უფრო მომგებიანია, სხვა აქტივების კლასებთან შედარებით, როგორიცაა, მაგალითად - ობლიგაციები. აქციებში ინვესტირებით ხდები ამ კომპანიების მეწილე და, შესაბამისად, ხდები მათი ზრდისა და წარმატების ნაწილი“, - ამბობს ის.

საპენსიო რეფორმის პირველი 5 წლის განმავლობაში მოქმედებდა მხოლოდ ნაკლებრისკიანი პორტფელი. საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელები 6 აგვისტოდან დაემატა.

რა მოხდება, თუკი შეცვლას ვერ მოასწრებთ?

თუკი პორტფელის შეცვლა გსურდათ, მაგრამ 6 სექტემბრის ჩათვლით ვერ ასწრებთ, ავტომატურად დარჩებით თქვენი ასაკის შესაბამის კატეგორიაში:

• 40 წლამდე ასაკი - საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
• 40-დან 50 წლამდე - საპენსიო აქტივები წავა შერეულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
• 50 წელი და ზევით − სტაბილურ (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

ეს მექანიზმი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონშია გაწერილი. სააგენტოში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სტანდარტს ეფუძნება.

თუ ამ სქემას ეთანხმებით, მაშინ აღარ მოგეთხოვებათ - ადგილზე მისვლა ან დისტანციურად დადასტურება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გააკეთოთ, თუ პორტფელის შეცვლა გინდათ.

კიდევ როდის შეძლებთ პორტფელის შეცვლას?

მოქმედი კანონმდებლობით, საინვესტიციო პორტფელის შეცვლას 12 თვეში ერთხელ შეძლებთ.

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ ცვლილებისთვის დადგენილი ერთთვიანი ვადა - 2023 წლის 6 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით - მათი დაწესებული არ არის და კანონიდან გამომდინარეობს.

რა პრობლემებია?

საპენსიო სქემის მონაწილეთა ერთი ნაწილი, რომელსაც არჩევნის გაკეთება დისტანციურად სურს, სხვადასხვა სახის ტექნიკურ პრობლემას უჩივის - ზოგი პირად ელექტრონულ გვერდზე ვერ შედის, ზოგიც ელექტრონულ ხელმოწერას ვერ აკეთებს.

სააგენტოში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა შეექმნათ მათ, ვისაც თავის დროზე არ აუღია პაროლი და „წლების განმავლობაში არასდროს შესულა საკუთარ ელექტრონულ გვერდზე“.

„პაროლის ელექტრონული ფოსტით გაგზავნის უფლება არ გვაქვს, რადგან ეს პერსონალური მონაცემია. ადამიანი პირადად უნდა მოვიდეს ან ჩვენთან, ან იუსტიციის სახლში. თუ თავად საზღვარგარეთ არის - უნდა გამოუშვას უფლებამოსილი პირი, შესაბამისი მინდობილობით“, - განმარტავენ სააგენტოში.

თუმცა ფეისბუკზე წერენ, რომ საჭირო განაცხადის შევსების შემდეგ, საპესიო სააგენტოსგან მომხმარებლის სახელსა და პაროლს კვირების განმავლობაში ელოდებოდნენ.

პრობლემა შეექმნათ მათაც, ვინც ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს და არც ელექტრონულად ხელმოწერის ტექნიკურ საშუალებებს ფლობს.

„თუ საზღვარგარეთ არის, იქაც შეიძლება ხელმოწერის ელექტრონული მოწყობილობის მოპოვება. მთელ მსოფლიოში არსებობს და არ არის ძვირადღირებული სერვისი“, - განმარტავენ სააგენტოში.

ვინ წყვეტს, სად უნდა ჩაიდოს თანხა?

საპენსიო სქემის მონაწილეები ზოგად ჩარჩოს ირჩევენ - ხოლო შემდეგ, მათი თანხის ჩადების პროცესში აღარ მონაწილეობენ და კომპანიებისა თუ ფონდების შერჩევის პროცესზე ზეგავლენას ვერ ახდენენ.

„ინვესტირებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო იღებს და ეს გადაწყვეტილებები დეტალურ ანალიზს ეფუძნება“, - გვეუბნება საინვესტიციო საბჭოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, გოგა მელიქიძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საინვესტიციო საბჭოს ბორდში მაღალი კვალიფიკაციის მქონე ოთხი უცხოელი სპეციალისტია.

  • საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეა ოლივიერ რუსსო - საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი (co – CEO). საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის აქტივების მოცულობა 34 მილიარდ ევროზე მეტია.

„ამ ხალხს აქვს საერთაშორისო დონის გამოცდილება და დღეს ისინი ჩვენს ქვეყანას ეხმარებიან ამ საქმის ჯეროვნად აწყობაში. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ბორდი არის კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი და ზუსტად იციან ამ საქმის ასავალ-დასავალი“, - გვეუბნება მელიქიძე და დასძენს, რომ უცხოელი სპეციალისტები უშუალოდ არიან ჩართული ინვესტირების გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

„გადაწყვეტილებები მიიღება ღრმა, დეტალური ანალიზის შედეგად. ხდება საინვესტიციო მიზნების გაწერა - რას უნდა მივაღწიოთ, რა ვადებში; ლიკვიდურობა, დივერსიფიკაცია როგორია; ხდება ყველა საინვესტიციო კლასის შესწავლა - როგორც ისტორიულ კონტექსტში, ასევე სამომავლო პერსპექტივაში - ხდება რისკების შესწავლა... ვეცნობით ყველა დიდი საპენსიო ფონდის შეფასებებს - რას ფიქრობენ ამა თუ იმ ეკონომიკაზე, ინდექსზე თუ აქციებზე... საინვესტიციო საბჭოც აქედან გამომდინარე არჩევს ყველაზე ოპტიმალურ პორტფელებს, რომლებმაც უნდა გაამართლონ საინვესტიციო მიზნები“, - აღწერენ პროცესს საპენსიო სააგენტოში.

კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს მეთვალყურეობს ეროვნული ბანკი და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.

რომელი კომპანიების აქციებს შეიძენენ?

გოგა მელიქიძე გვიხსნის, რომ კომპანიების აქციების შეძენა პირდაპირ არ ხდება და „საინვესტიციო საბჭო ფულს დებს ფონდებში, რომლებიც ფლობენ მთელი რიგი კომპანიების აქციებს“. ამ ეტაპზე არსებული გეგმის თანახმად:

  • თანხები თანაბრად გადანაწილება 4 საინვესტიციო ფონდში: ამერიკის, ლათინური ამერიკის, განვითარებული ევროპისა და განვითარებული აზიის მიმართულებებით.
  • სააგენტოს მიერ დასახელებული ფონდებია: Vanguard FTSE Pacific ETF (კოდი VPL), Vanguard FTSE Europe ETF (კოდი VGK), SPDR S&P500 ETF (კოდი SPY), iShares MSCI Emerging Markets ETF (კოდი EEM).
  • ამ ფონდების კომპანიების ჩამონათვალში შედის, მაგალითად: Apple Inc., Microsoft Corporation, Amazon.com, Inc., Meta Platforms Inc. Class A, Tesla, Inc., Johnson & Johnson, PepsiCo, Inc. და სხვა.

„როცა ინვესტიციები დივერსიფიცირებულია გეოგრაფიულად და სექტორულად, ამ აქტივების შემოსავლიანობა არ არის დამოკიდებული რომელიმე კონკრეტული კომპანიისა თუ ქვეყნის შედეგებზე“, - საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ მექანიზმს რისკების დაზღვევის მიზნით იყენებენ.

ამ მიდგომას იზიარებენ ასევე ეკონომისტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა.

ფონდების პოლიტიკისა თუ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ღია წყაროებით არის ხელმისაწვდომი.

"მონაწილეების დანაზოგების ინვესტირება არცერთ შემთხვევაში არ მოხდება რისკიან პროექტებში, მონაწილეების ინვესტიცია მოხვდება გლობალურ აქციებში. ქართული საპენსიო სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიც არის „ტოიოტა“, „სამსუნგი“, „ეპლი“, „ლუი ვიტონი“, - ამბობს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.

ხომ არ ჩაიდება ფული რუსული კომპანიების აქციებში?

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის პასუხია - „არავითარ შემთხვევაში“.

„ეს საინვესტივიო ფონდები ვიღაც ხუთი კაცის გაკეთებული კი არ არის. ეს უმსხვილესი ინსტიტუტები არიან და გათვლილი აქვთ ყველაფერი დეტალურად. ჩვენც დეტალურად ვეცნობით ყველაფერს - მათ წესდებას, რებალანსირების წესსა და სხვა. მთავარი პირობა გამჭვირვალობაა... გამორიცხულია თანხა რუსულ კომპანიებში მოხვდეს... ამის გარანტია ჩვენი შიდა პოლიტიკაც არის და ამ ფონდების პოლიტიკაც“, - გვეუბნება გოგა მელიქიძე.

ის ასევე ამბობს, რომ, ამჟამად არსებული ხედვით, საპენსიო დანაზოგები ვერც ჩინური კომპანიების აქციებში მოხვდება.

„ვფიქრობთ, რომ, ჩინეთის მიღმა, განვითარებულ აზიაში უფრო კარგი ბაზრებია, სადაც უფრო მეტ აღმასვლას ველოდებით“, - ამატებს ის.

ქართული კომპანიები?

შესაძლებელია ობლიგაციების შეძენა - როგორც ეს, აქამდე, მაგალითად - „ნიკორას“, „თიბისი ლიზინგისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital) შემთხვევაში მოხდა.

მაგრამ, სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ მხრივ საინვესტიციო ბაზარი ვიწროა, დიდ შესაძლებლობას არ იძლევა და ამიტომ „არ განიხილება სტრატეგიული პორტფელის ნაწილად“.

რომელ ბანკებში ჩაიდო ან კვლავაც ჩაიდება ფული?

თანხის ნაწილის განთავსება ქართულ კომერციულ ბანკებში ანაბრების სახით ხდება; თუმცა ბანკები არ სახელდება.

ამ ინფორმაციის დამალვას „ძალიან უცნაურ და საინტერესო“ ფაქტად მიიჩნევს ეკონომისტი ეგნატე შამუგია, რომელიც საპენსიო სქემაში სახელმწიფომ იძულებით ჩართო [მის ასაკობრივ ჯგუფს (40 წლამდე) უარის თქმა არ შეეძლო] და დღემდე თვლის, რომ საპენსიო რეფორმა მისი საკუთრების უფლებას ზღუდავს.

რატომ არ სახელდება ბანკები, სადაც ფული იდება?

„ხელშეკრულების კომერციული საიდუმლოა ეს. მოლაპარაკების ძალას დავკარგავთ მათთან [ბანკებთან], ეს ინფორმაცია რომ გასაჯაროვდეს - შესაძლოა ეს შემდეგ, თავად ბანკებმა ჩვენს საწინააღმდეგოდაც გამოიყენონ“, - გვპასუხობს გოგა მელიქიძე.

მისი თქმით, ფული იდება „ყველა ბანკში, რომელსაც საკრედიტო რეიტინგი აქვს და მაღალი პროცენტი აქვს“, - ასეთია ზოგადი პასუხი.

ეგნატე შამუგიასთვის სამართლიანი იქნებოდა, რომ ბანკები ღია წესით, ერთგვარი ტენდერის საფუძველზე შერჩეულიყო.

რა იწვევს სკეპტიკურ დამოკიდებულებას?

„ეს ყველაფერი ჩემს გარეშე ხდება“, „არავინ მითანხმებს - კონკრეტულად საით წავა ჩემი ფული“, „ზეგავლენის ბერკეტები არ გვაქვს“, „ჩვენს ფულს უჩვენოდ რისკავენ“ - საქართველოში მწვავე დისკუსიები მიმდინარეობს.

Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე საპენსიო სქემის მონაწილე არ არის [ასეთი არჩევნის გაკეთების საშუალება, რეფორმის საწყის ეტაპზე, ასაკმა (40+) მისცა], თუმცა პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს. გვეუბნება, რომ დღევანდელი მწვავე დისკუსიები ნდობის დეფიციტიდან გამომდინარეობს.

მისთვის დამაფიქრებელია, მაგალითად, ის ფაქტი, რომ საპენსიო სააგენტომ, მოკლე პერიოდში, არაერთი უფროსი გამოიცვალა. „ეს არ არის სიგნალი, რომელიც ნდობას გაამყარებდა“, - გვეუბნება ისაკაძე.

კანონის თანახმად, კონკურსის წესით შერჩეულ საპენსიო სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე 5 წლის ვადით ნიშნავს და ასევე ათავისუფლებს - სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები შედიან.
საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ სამეთვალყურეო საბჭო ინვესტირების პროცესში არ მონაწილეობს და მთავრობას საპენსიო დანაზოგებზე ხელი არ მიუწვდება.

პესიმისტურია საპენსიო სქემის მონაწილეთა არცთუ მცირე ნაწილის განწყობა. ამბობენ, რომ დანაზოგის მიღების დიდი იმედი არა აქვთ. ასე ფიქრობს ეგნატე შამუგიაც. „საქართველოში არსებობს ანაბრებით დაზარალებული ადამიანების უნიკალური ფენომენი... გვაქვს სარისკო პოლიტიკური სისტემა, როცა 15-20 წლის შემდეგ, შესაძლოა, მთელი ეს ნაგროვები ფული ერთი პურის ფასი გამოდგეს“, - გვეუბნება ის.

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ მათი მთავარი ამოცანა საპენსიო დანაზოგების ინფლაციისგან დაცვაა და 35%-იანი ინფლაციის მიუხედავად, გასულ წლებში, შერჩეული საინვესტიციო სტრატეგია მაინც მომგებიანი იყო.

როგორც გოგა მელიქიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, „არავის შეუძლია წინასწარ იმის გარანტირებულად თქმა, თუ რა მოხდება 20 წლის შემდეგ“, „თეორიულად შეიძლება ყველაფერი მოხდეს და მესამე მსოფლიო ომიც დაიწყოს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG