Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად ცხინვალი და სად ბაიკალის მხარე? -  ვის ირჩევენ ცხინვალელები რუსეთის დუმაში?


ხმის მიცემა 17 სექტემბერს დაიწყო და 19 სექტემბერს დასრულდება.
ხმის მიცემა 17 სექტემბერს დაიწყო და 19 სექტემბერს დასრულდება.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის დუმის არჩევნები მიმდინარეობს. რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები 10 საარჩევნო უბანში აძლევენ ხმას.

ხმის მიცემა 17 სექტემბერს დაიწყო და 19 სექტემბერს დასრულდება. ამ პერიოდში ხმას ის მოქალაქეები აძლევენ, ვისაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის გარდა რუსეთის მოქალაქეობაც აქვს მიღებული. მანამდე, 3-დან 16 სექტემბრამდე, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს რუსეთის საოკუპაციო მეოთხე ბაზის სამხედროებმა, ეფესბეს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა და მათი ოჯახის წევრებმა - დაახლოებით, 3 500-მა ადამიანმა. ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები ისე ირჩევენ როგორც პროპორციული სიით, ასევე მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილ კანდიდატებს, რომ მათი ვინაობაც კი არ იციან. მაგალითად, ისინი ირჩევენ ბაიკალის მხარის მაჟორიტარ დეპუტატს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი მიწერილია რუსეთის ფედერაციის ბაიკალის მხარეს და მათი ხმები სწორედ იქ დაითვლება.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში იმ აბსურდულობაზე ლაპარაკობს, რომელიც ცხინვალელების მიერ ბაიკალის მხარის მაჟორიტარის არჩევას უკავშირდება. ცხურბათი არასოდეს ყოფილა ბაიკალის მხარეში, არც იქ ცხოვრებას აპირებს. მან არ იცის არც იქაური ცხოვრება, არც რომელიმე კანდიდატის ვინაობა, ამიტომ ამ არჩევნებში თავის, როგორც ამომრჩევლის, უფლების რეალიზების აზრს ვერ ხედავს. ცხურბათის აზრით, უკეთესი იქნებოდა სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთის საარჩევნო ოლქისთვის მიეწერათ. ამ შემთხვევაში მაინც ეცოდინებოდათ ვის მისცემდნენ ხმას.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ არ ვაძლევთ ხმას, მაინც მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები ჩრდილოეთ ოსეთიდან არიან ჩვენი დეპუტატები, რომლებიც ჩვენს ინტერესებსაც იცავენ. მაგალითად, არტურ ტაიმაზოვი სამხრეთ ოსეთის მკვიდრია და ჩვენ მას ჩვენიანად ვთვლით არჩევანის გარეშეც კი. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თუ ჩვენ ჩრდილოეთ ოსეთს მიგვაკუთნებდნენ და ჩვენ ხმას მივცემდით მათ, ვისაც ვიცნობთ, ვისაც პატივს ვცემთ და რომლებსაც აქვთ რეალური გავლენა სამხრეთ ოსეთში. და ის, რომ ჩვენ ბაიკალის მხარეს მიგვაწერეს არის გაუგებარი გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ნეგატიურ განწყობას ოსებში, რადგან მათ არ ესმით, რატომ უნდა მისცენ ხმა იმ ადამიანს, ვინც აქ არაფერზე არ ახდენს გავლენას. ეს ყველასთვის გაუგებარი თამაშია, რომელშიც ადამიანები მონაწილეობენ და თავს მარიონეტებად აღიქვამენ. ამიტომ ამ ყველაფერს ცუდად იღებენ ”.

არც ბაიკალის მხარეში არიან აღფრთოვანებული იმით, რომ მათი დეპუტატი ხმებს ოკუპირებული ცხინვალიდანაც მიიღებს. როგორც წესი, ასეთი არჩევნების დროს ოკუპირებული რეგიონების ხმები მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ კანდიდატის ყულაბაში მიდის.

2016 წელს, VI მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს საარჩევნო კამპანიის დროს, დაურსკის საარჩევნო ოლქში „იაბლოკოს“ პარტიის კანდიდატმა იგორ ლინნიკმა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ბაიკალის მხარის მოსახლეობა შეშფოთებულია მათ არჩევნებში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ამომრჩევლების მონაწილეობით, იმიტომ რომ ამ რეგიონებში არ არსებობს კონტროლის საშუალება.

ცოტამ მისცა ხმა, ამიტომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ამომრჩეველმა გავლენა ვერ მოახდინა არჩევნების შედეგებზე. მიუხედავად ამისა, ბაიკალის მხარესთან ამ ტერიტორიების მიმაგრება ჩვენთვის მაინც უსიამოვნო სიურპრიზია. ჩვენ უკვე გვაქვს ეჭვები, თუ როგორ ტარდება ეს არჩევნები და ეჭვები ორმაგდება ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ეს არის რეგიონები აბსოლუტურად განსხვავებული ვექტორებით. გაუცნობიერებელ ადამიანს არ აინტერესებს, მაგრამ მათთვის, ვინც თემაშია, ეს ინოვაციები უსიამოვნოა”.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, რომელსაც პარალელურად რუსეთის მოქალაქეობაც აქვს, არ აპირებს რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილეობას, მით უმეტეს, რომ მას ბაიკალის მხარის წარმომადგენლის არჩევა მოუწევს, ამიტომ ის საარჩევნო უბანში არ წავა.

„ჩვენ გვახსენდება ჩვენი არჩევნები, როცა ვლადიკავკაზში საარჩევნო უბნებს ხსნიან და ჩვენს დეპუტატებს ან პრეზიდენტს ირჩევენ ხოლმე. მაგ დროს პროტესტი გვიჩნდება, რომ რატომ ირჩევს ჩვენს წარმომადგენლებს ის ხალხი, ვინც აქ არ ცხოვრობს? ამიტომ ბაიკალის მხარეშიც მსგავსი განწყობა იქნება. სად ცხინვალი და სად ბაიკალის მხარე? თან ხომ უკვე ყველამ იცის, რომ აქ საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები „ედინაია როსიას“ და მის კანდიდატს დაუჭერენ მხარს? ამიტომ ეს რეალური არჩევნები კი არა, ფარსია. გუშინ ბიბილოვი, დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, წავიდა და ბაიკალის მხარის დეპუტატი აირჩია. დიდ აბსურდთან ერთად ეს სირცხვილიცაა და შეურაცხყოფაც“.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კი 17 სექტემბერს რუსეთის ე.წ. საელჩოში მივიდა და ხმა მისცა.

„ხმა მივეცი ძლიერ რუსეთს“, - თქვა ბიბილოვმა და საკუთარი ბიულეტენი საარჩევნო ყუთში ჩაუშვა. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, რეგიონში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა რუსეთის დუმის არჩევნებში.

როგორც ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესი“ წერს, „სამთავრობო თათბირზე“ ბიბილოვმა „მინისტრთა კაბინეტის წევრებს და უწყებების ხელმძღვანელებს შეახსენა სამხრეთ ოსეთის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში რუსეთის გადამწყვეტი როლის მნიშვნელობა“.

ბიბილოვის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები რუსეთის თითოეული მოქალაქის ვალია მივიდეს საარჩევნო უბანზე და ხმა მისცეს, რადგან მადლობა ეთქმით „სტრატეგიული პარტნიორის“, რუსეთის, პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და რუსებისთვის, რომლებმაც ყველაზე მძიმე პერიოდში გადაარჩინეს. ბიბილოვმა „მინისტრებს“ და „უწყებათა ხელმძღვანელებს“ დაავალა თავიანთ კოლექტივებში ჩაატარონ „ახსნა-განმარტებითი სამუშაო „სამხრეთ ოსეთისთვის“ ამ არჩევნების მნიშვნელობის შესახებ“.

და მაინც რატომ ბაიკალის მხარე? საქმე ისა, რომ რუსეთის მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბაიკალის მხარეში არის ანდრეი გურულევი, რომელიც ამჟამად ბაიკალის მხარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეა. გურულევს კი ცხინვალთან 2008 წლის აგვისტოს ომი აკავშირებს. მაშინ ის 58-ე არმიის მეთაური იყო. ის ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე წლის 6 სექტემბერსაც ჩავიდა და ბიბილოვს შეხვდა, რომლისგანაც ხმების მობილიზაციის დაპირება მიიღო. საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ გურულევისა და ბიბილოვის შეხვედრის ამსახველი მასალაც გამოაქვეყნა, სადაც ბიბილოვი მომავალ არჩევნებში გურულევს ბაიკალის მხარეში გამარჯვებას უსურვებს და მას დახმარებას ჰპირდება.

რუსეთის დუმის არჩევნებისთვის, რომელიც 17 სექტემბერს დაიწყო, კენჭისყრის ძირითადი დღე კი 19 სექტემბერია, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 10 საარჩევნო უბანი გახსნეს ცხინვალში, ჯავაში, ზნაურსა და ახალგორში. 9 უბანია ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქებში: სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში.

რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში - „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში - მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებამდე, ანუ 2008 წლის აგვისტომდე, წლებით ადრე დაიწყო „პასპორტიზაციის პროცესი“ და იქ მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემა. საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს. დაუზუსტებელი მონაცემებით, ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს 53 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო აფხაზეთში - 240 ათასამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG