Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საზღვრის“ დამრღვევი დამკვირვებლები და დაძაბული ვითარება ჩორჩანაში


ჩორჩანის ტყეში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ორი დროშა ფრიალებს
ჩორჩანის ტყეში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ორი დროშა ფრიალებს

ჩორჩანის ტყეში ორი ოსური დროშა ფრიალებს, იქვე ახლოს კი დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებები ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო საგუშაგოებს აწყობენ. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი იუწყება. ამასთან, ოსური მხარე კვლავ დაჟინებით მოითხოვს ჩორჩანის ტყეში განთავსებული ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებას და, ამის პასუხად, თვითონაც საგუშაგოების მოწყობით არის დაკავებული.

ცხინვალში დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები - ევროკავშირის წარმომადგენელი ტოივო კლაარი, ეუთოს წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა და გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ -ჩავიდნენ. ისინი ჟენევის მომდევნო დისკუსიის დღის წესრიგს მხარეების წარმომადგენლებთან ათანხმებენ. ცხინვალში შეხვედრისას მთავარი განსახილველი თემა წნელისი-ჩორჩანის მიმართულებით განვითარებული მოვლენები იყო. ეს შეხვედრა ძირითადად დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების პრეტენზიებით წარიმართა. დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა, საერთაშორისო დამკვირვებლები ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და მათ მანდატით დაკისრებული მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდა. ჯიოევი ევროკავშირის დამკვირვებლების მისვლას წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ქმედებად მიიჩნევს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ახორციელებს საქმიანობას და, შეძლებისამებრ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასაც აკვირდება. ისინი 24-საათიან რეჟიმში აკვირდებიან ჩორჩანის ტყეში არსებულ საგუშაგოებს, ამ ტერიტორიას კი დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და დამკვირვებლებს ე.წ. საზღვრის დამრღვევებად აცხადებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

რაც შეეხება მონიტორინგის მისიის მანდატს, ის განსაზღვრულია 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და დაკვირვების უფლება აძლევს, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი და დე ფაქტო ხელისუფლება ხელშეკრულების ამ მუხლს, 11 წელია, არ ასრულებს.

EUMM-ის მონაცემებით, საგუშაგო აღმართულია დაახლოებით 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან და მდებარეობს თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე, ამ სივრცეში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მდებარეობის ტრადიციული აღქმის გათვალისწინებით.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია


ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დაარსების შესახებ 1922 წელს შედგენილი დეკრეტი გადასცეს, რომელიც თითქოსდა ამტკიცებს, რომ ჩორჩანის ტყე წარსულში ოლქისა და ახლა მისი სამართალმემკვიდრის, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, საკუთრებაა, თუმცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საკუთარი რუკა აქვს და ამის მიხედვით მოქმედებს. ცხინვალში შეხვედრამდე 1 დღით ადრე, 16 სექტემბერს, ევრკავშირის მისიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო საგუშაგო 240 მეტრით დაშორებულია საოკუპაციო ხაზიდან და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა განთავსებული, ხოლო დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების საგუშაგოები 1,3 კილომეტრით შემოჭრილია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

„20-დან 24 აგვისტომდე მონაკვეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ ახალი სადამკვირვებლო საგუშაგო იქნა აღმართული სოფელ წნელისის შემოგარენში. EUMM-ის მონაცემებით, საგუშაგო აღმართულია დაახლოებით 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან და მდებარეობს თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე, ამ სივრცეში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მდებარეობის ტრადიციული აღქმის გათვალისწინებით.

სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გასულ კვირაში აღმართეს ახალი პოზიციები და განათავსეს ბორდერიზაციასთან დაკავშირებული რამდენიმე ნიშანი, მათ შორის 'მწვანე ნიშნები' და დროშები თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე, როგორც ეს ტრადიციულადაა აღქმული ამ ადგილებში.

ეს ნიშნები მდებარეობს 1,3 კილომეტრის მოშორებით ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქნეთა სამინისტროს დანაყოფებმა ასევე გააძლიერეს წარმომადგენლობა ჩორჩანის სატყეო სივრცეში.

მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე უსაფრთხოების სფეროს შეიარაღებული მოთამაშეების მნიშვნელოვან, კვლავ მიმდინარე ყოფნას. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან რამდენიმე ახალი პოზიციის დაარსება და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ზრდის შეჯახების პოტენციალს და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას“, - წერია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

ქართული საგუშაგო ჩორჩანაში
ქართული საგუშაგო ჩორჩანაში

ამ მტკიცებულებების მიუხედავად, ოსური მხარე დაჟინებით მოითხოვს ქართული საგუშაგოს აღებას და ჟენევაში ამ საკითხის განხილვას აპირებს. დისკუსიის თანათავმჯდომარეებს დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც შეხვდა, რომელმაც ჟენევის ფორმატის პროდუქტიულობისა და ქმედითობის ამაღლებაზე გააკეთა აქცენტი.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ტოივო კლაარმა ცხინვალში განაცხადა, რომ მიესალმება მხარეების მზაობას დიალოგის რეჟიმში გადაწყვიტონ პრობლემა. გარდა ამისა, ოსურმა მხარემ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესში ეუთოს ექსპერტის, დუშან იგნატოვიჩის, მანდატის გაგრძელება მოითხოვა. ეუთოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი, დუშან იგნატოვიჩი, 2015 წლიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებს და მას ყოველწლიურად მანდატის ვადას უხანგრძლივებენ, თუმცა მისი მცდელობები ამ დრომდე უშედეგოა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, მურატ ჯიოევი, მიიჩნევს, რომ ექსპერტის საქმიანობა უნდა გაგრძელდეს.

ცხინვალში გამგზავრებამდე თანათავმჯდომარეებმა კონსულტაცია გამართეს ჟენევაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან.

16 სექტემბერს, თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ბოლო პერიოდში განვითარებულ უკანონო და პროვოკაციულ პროცესებს - სოფელ გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვრის გავლებას, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საგუშაგოების განთავსებას და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საზღვრის დაკეტვას, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ქმნის ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას თქმით, ყველა ეს საკითხი ოქტომბრის დასაწყისში ჟენევის დისკუსიის ფორმატში იქნება განხილული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით განაცხადა, რომ ბოლო დროის პროვოკაციული ნაბიჯები წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, კიდევ უფრო ძაბავს ადგილზე არსებულ ისედაც მყიფე უსაფრთხოების გარემოს და ქმნის ვითარების ესკალაციის საფრთხეს. ჟენევის დისკუსიის 49-ე რაუნდი 8-9 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG