Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი” რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ


„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ შეხვედრა გორში
„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ შეხვედრა გორში

სამოქალაქო ჯგუფ „მაროს“ წევრები, რომლებიც გორის მთავარი ქუჩისთვის სტალინის სახელის გადარქმევას ითხოვენ, ტროლებისა და ყალბი პროფილის მქონე პირების თავდასხმის ობიექტები გახდნენ. სამოქალაქო აქტივისტებს ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო. ჯგუფის წევრი თეონა ფანქველაშვილი მიიჩნევს, რომ მათზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება ხდებოდა და ინტერნეტბულინგის მსხვერპლი გახდნენ.

„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“

  • საქართველოში შეიქმნა „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“, რომლის მიზანია ხელი შეუშალოს სიცრუის გავრცელებას საინფორმაციო სივრცეში.
  • "ლეგიონერების" აზრით, მოწინააღმდეგის მიზანია შიშის, იმედგაცრუების, უნდობლობის, ერთმანეთის სიძულვილის, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივება; დემოკრატიული ღირებულებების დაკნინება.
  • პროექტის ავტორების აზრით, განსაკუთრებით შიდა ქართლში აქტიურობს რუსული პროპაგანდა და საოკუპაციო გამყოფი ხაზის სოფლებში პრორუსული ძალები ცდილობენ საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებას.

საქართველოში არამარტო კონკრეტული მოქალაქეები, არამედ მთელი სახელმწიფო დგას ჰიბრიდული და საინფორმაციო ომების წინაშე. სულ უფრო ძლიერდება ანტიდასავლური პროპაგანდა და ეს პროპაგანდა საკუთარ ნარატივსაც აყალიბებს, იმისთვის რომ მაქსიმალურად შეცვალოს განწყობები ქვეყნის შიგნით. გარდა ამისა, ჰიბრიდული ომის ავტორები ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეებს სხვა „მტრის ხატი“ შეუქმნან და ამით რუსეთის აგრესია გადაფარონ.

საქართველოში ცოტა ხნის წინ შეიქმნა „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“, რომლის მიზანია სიმართლის გავრცელებით ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგის სიცრუის გავრცელებას საინფორმაციო სივრცეში და ქმნის აუცილებელ პირობებს სწორი გადაწყვეტილებებისთვის. ლეგიონერების აზრით, მოწინააღმდეგის მიზანია ქართულ საზოგადოებაში ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება, შიშის, იმედგაცრუების, უნდობლობის, ერთმანეთის სიძულვილის, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივება; დემოკრატიული ღირებულებების დაკნინება. პროექტის ავტორის გიორგი მოლოდინის აზრით, აუცილებელია ქართულ საზოგადოებაში მოხდეს საერთო შეთანხმება ქვეყნის განვითარების მთავარ კურსზე, ღირებულებებზე, მომავალზე და მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდეს.

„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა და პროექტის პრეზენტაცია გორის დემოკრატიის სკოლაში გამართეს, სადაც ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებს, საჯარო მოხელეებს, ჟურნალისტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და პროექტში ჩართულობა სთხოვეს. პოლიტიკის ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ სწორედ საზოგადოების მაღალი ჩართულობაა იმ საფრთხეების განეიტრალების გარანტი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან რბილი ძალისა და ჰიბრიდული ომის სახით მოდის.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ლექსო ვალიაურის აზრით, „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ ინიციატივა და საქმიანობა ქვეყნის გამოწვევებზე საპასუხოდ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი თქმით, შიდა ქართლში აქტიურობს რუსული პროპაგანდა და განსაკუთრებით საოკუპაციო გამყოფი ხაზის სოფლებში პრორუსული ძალები ცდილობენ საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებას ადგილობრივ საზოგადოებაში.

წარწერა გორის ქუჩებში 2016 წლის 7 აგვისტოს
წარწერა გორის ქუჩებში 2016 წლის 7 აგვისტოს

"საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის" პროექტს ახორციელებს და კოორდინირებას უწევს „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველო“. აღნიშნულ პროექტში „ცენტრის“ გარშემო გაერთიანებულნი არიან თავდაცვისა და უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების, ისტორიის, პოლიტიკის მეცნიერების, მედიამენეჯმენტის, ინფორმაციული უსაფრთხოების მაღალი დონის პროფესიონალები.

„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ შეხვედრა გორში
„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ შეხვედრა გორში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი 2017-ში ჩაიწერა, რომ რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები საქართველოს უსაფრთხოების სისტემის გამოწვევად რჩება. ანტიდასავლური პროპაგანდის გასანეიტრალებლად კი "საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი" მოქალაქეებს "ლეგიონერებად" დარეგისტრირებას საკუთარ ვებგვერდზე სთავაზობს. ლეგიონის წარმომადგენლები პროექტის გასაცნობად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართავენ შეხვედრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG