Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უკავშირდება საკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროში?


საჯარო სკოლებსა და სხვადასხვა უნივერსიტეტებში ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება. მანამდე ერთი კვირით ადრე კი, 10 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან მინისტრის მოადგილეები და კიდევ რამდენიმე პირი.

როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განმარტა, მომავალ რეფორმებს ახალი ენერგია, ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება, რომელიც კიდევ გაგრძელდება.

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია კი მიმდინარე ცვლილებებს არჩევნებს უკავშირებს.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მან განმარტა, რომ ამ გზით ცდილობენ დააცხრონ განათლების სფეროთი უკმაყოფილო საზოგადოება და მოიპოვონ კეთილგანწყობა:

„რომელიმე ხელმძღვანელის მოხსნით შეიძლება ხმები ვერ მოიპოვოს მმართველმა პარტიამ, მაგრამ იმას მაინც უზრუნველყოფს, რომ გაბრაზებული ხალხი არ მივა არჩევნებზე და ამ პარტიის საწინააღმდეგოდ მისცემს ხმას.

სიმონ ჯანაშია
სიმონ ჯანაშია

ძირითადად ეს არის ხოლმე მიზეზი. გარდა ამისა, ასეთი მნიშვნელობის ხალხის მოხსნა არ იქნება მხოლოდ სამინისტროს გადაწყვეტილება, არამედ მთავრობის და, ჩვენ შემთხვევაში, შეიძლება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაც იყოს, რადგან ვიცით, რომ გამოცდების ცენტრის დირექტორი ამ წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა ბიძინა ივანიშვილთან“.

თანამდებობიდან გათავისუფლებული პირები კონკრეტულ მიზეზებზე არაფერს ამბობენ.

ამ დრომდე მედიასთან კომენტარი მხოლოდ მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თემურ მურღულიამ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გააკეთეს.

თემურ მურღულია
თემურ მურღულია

თემურ მურღულიას თქმით, მასსა და მინისტრს შორის არსებობდა განსხვავება პრინციპულ პოზიციებს შორის და მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილება რელევანტური იყო.

მისივე განცხადებით, ის, მინისტრის მოადგილეობის პარალელურად, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო და დღემდე ამ თანამდებობაზე რჩება.

გიორგი მაჩაბლის თქმით: „გადაწყვეტილება იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ ცუდად იმუშავა. არის გარემოებები, რომლებიც ამა თუ იმ ეტაპზე საჭიროა. მიხეილ ბატიაშვილის მხრიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები არ ყოფილა, მაგრამ, ალბათ, მაინც საჭიროდ მიიჩნია უფრო დინამიკური და სწრაფი პროცესები წავიდეს“.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე კი ფეისბუკ გვერდის მეშვეობით დაემშვიდობა თანამშრომლებს და ცენტრის მიღწევებზე ილაპარაკა.

განათლების სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. რადიო თავისუფლებას პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მოსალოდნელი ცვლილებების უფრო ვრცელი პრეზენტაცია ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, 17 სექტემბრამდე, მოხდება.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG