Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ნაწილში მოქალაქეებმა არ იციან, რას სთავაზობს მერია


სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ნაწილში მოქალაქეები არ არიან ინფორმირებული იმ სოციალური პროგრამების შესახებ, რომელთაც მათ ადგილობრივი ხელისუფლება სთავაზობს.

ასეთი შედეგი აჩვენა არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურის“ კვლევამ, რომელიც მან სამეგრელოს 6 მუნიციპალიტეტში - აბაშაში, ხობში, მარტვილში, სენაკში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში - ჩაატარა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქ 600 მოქალაქე გამოკითხეს. აღნიშნული მუნიციპალიტეტი შეარჩიეს პრობლემის აქტუალობის პრინციპით.

როგორც არასამთავროო ორგანიზაციის წარმომადგენელი ოლგა კიკავა ამბობს, მსგავსი კვლევა 2016 წელსაც ჩაატარეს და თუ შევადარებთ მონაცემებს, გარკვეული წინსვლა არის, თუმცა პრობლემა კვლავ რჩება:

„სხვა წლებთან შედარებით გამოიკვეთა, რომ დიდი ნაწილი ფლობს ინფორმაციებს, მაგრამ უმრავლესობა საჭიროებს დამატებით ინფორმაციას არსებულ სოციალურ პროგრამებზე. დიდი ნაწილი ასევე თვლის, რომ სოციალური პროგრამები არ ფარავს მოსახლეობის საჭიროებას“.

კვლევის მიხედვით, კითხვას, სარგებლობთ თუ არა მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით, გამოკითხულთა 70 %-მა უარყოფითი პასუხი გასცა.

რამდენად სრულად ფარავს მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები მოსახლეობის პრობლემებს? - უმრავლესობამ (58 %) უპასუხა, რომ ნაწილობრივ, 32 % მიიჩნევს, რომ არ ფარავს. მხოლოდ 10 %-მა გასცა ამ კითხვას დადებითი პასუხი.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა ნაწილმა არც კი იცის, თუ რომელ სამსახურს მიმართოს მუნიციპალური სერვისების მისაღებად.

კვლევის შედეგებს დაეთანხმნენ მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები და თავადაც აღნიშნეს, რომ მუშაობისას მოქალაქეთა არაინფორმირებულობა ხშირად მათთვისაც ხელის შემშლელია. კითხვაზე, რას აკეთებენ ამის გამოსასწორებლად, უმეტესობამ აღნიშნა, რომ ინფორმაციას სხვადასხვა გზით ავრცელებენ, თუმცა აქაც პრობლემას აწყდებიან, მოქალაქეთა ინერტულობის გამო:

„ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ. თითქმის ყოველდღე ვხვდებით მოსახლეობას. ამ შეხვედრებზე ჩვენ განვუმარტავთ, რა პროგრამები გვაქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც თავის პირად მეურნეობაშია ჩართული და საზოგადოებრივად არ არის აქტიური... ელექტრონული მედიითაც დადებულია, მაგრამ ამასაც ძირითადად ახალგაზრდები ეცნობიან... ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაოა გასაწევი“, - თქვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერ თოდუამ.

კვლევის შედეგებს, ჩხოროწყუს მერიის მსგავსად, დაეთანხმნენ სხვა მუნიციპალიტეტებიც. ორგანიზაციამ რეკომენდაციების მომზადება მათი ჩართულობით დაიწყო. როგორც შეხვედრის მონაწილე იურისტი რუსუდან პაჭკორია ამბობს, რეკომენდაციებში ყურადღება გამახვილდება მოქალაქეებთან შეხვედრების გახშირებასა და ასევე მათთვის ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა გზებზე:

„სხვადასხვა შეთავაზებები იქნა მოწოდებული მონაწილეების მხრიდან და ეს დამუშავების სტადიაშია... აღნიშნეს კომუნიკაციის ისეთი ფორმები, როგორიც არის უშუალოდ შეხვედრები მოქალაქეებთან. ეს მოსახლეობის მოთხოვნაცაა, რომ მოხდეს უშუალო შეხვედრები. ამავე დროს, მნიშვნელოვანია მედიის ჩართვა, ინდივიდუალური, იგივე sms შეტყობინებების მიწოდება ან ისეთი კომუნიკაციის საშუალებების მოძიება, როგორიც არის ნაბეჭდი მასალა“.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთჯერადი სოციალური დახმარებები არაეფექტურია და პრობლემის მოგვარებაზე არ არის ორიენტირებული, ამიტომ მოქალაქეებისთვის რაც არ უნდა მტკივნეული იყოს უმჯობესია მუნიციპალიტეტებმა ერთჯერადი ფულადი დახმარებების ნაცვლად პრობლემის საბოლოო მოგვარებაზე ორიენტირებული პროგრამები შეიმუშაონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG