Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელო სულ სხვა არის


საქართველოში არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება შორეული პერსპექტივის საქმეა. ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, არჩევნები, როგორც წესი, მიმდინარეობს „უხეში რიტორიკის“, ფიზიკური დაპირისპირების, ამომრჩევლების დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე. ამგვარი დარღვევები ფიქსირდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუმცა, დაპირისპირების სიმწვავისა და ხარისხის თვალსაზრისით, სამეგრელო და ზუგდიდის რაიონი ბევრად აღემატებიან დანარჩენ რეგიონებსა თუ ქალაქებს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური თავდასხმის ქრესტომათიულ მაგალითად გამოდგება ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის ინციდენტი, რასაც ადგილი ჰქონდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ასევე დაპირისპირება ჯიხაშკარში, ერგეტაში, დიდინეძსა და ზუგდიდის რაიონის სხვა სოფლებში.

თუმცა სამეგრელოში არჩევნები თავისუფალ და მშვიდ წინასაარჩევნო გარემოში არც წინა ხელისუფლებების დროს ჩატარებულა. სამეგრელოში პოლიტიკური ტემპერატურა მაღალი იყო როგორც სააკაშვილის, ასევე შევარდნაძის მმართველობის დროს. უკიდურესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია მოახლოებულ, 19 მაისის, შუალედურ არჩევნებშიც, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე კენჭს იყრიან „ნაციონალური მოძრაობიდან“ სანდრა რულოვსი და მმართველი პარტიიდან გიორგი (გეგა) შენგელია. უკვე მომხდარი თავდასხმებისა და ფიზიკური დაპირისპირებების საფუძველზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ არჩევნების დღეს დაპირისპირების მაღალი რისკი არსებობს.

რატომ ჩხუბობენ მეგრელები

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, არჩევნების ადმინისტრირების თვალსაზრისით, სამეგრელო და ზუგდიდი არაფრით გამოირჩევიან საქართველოს სხვა რეგიონებისგან, თუმცა მიხეილ ბენიძე არ უარყოფს, რომ სამეგრელო პოლიტიკურად მეტად აქტიური რეგიონია, რაზეც ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკაც მეტყველებს. გარდა ამისა, სამეგრელოში, ტრადიციულად, ძლიერია ოპოზიცური განწყობები. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ზუგდიდელი ამომრჩევლების 38.64 %-მა დაუჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილს, 37,74 %-მა კი - გრიგოლ ვაშაძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს. სხვაობამ, სულ რაღაც, 1,1% შეადგინა.

სამეგრელოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ასევე გამოიხატება განსაკუთრებულ ყურადღებაში პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. სანდრა რულოვსის ზუგდიდის მერობის კანდიდატად წამოყენებაც ამის დასტურია. ყველაფერი ეს ზრდის კონკურენციას და დაძაბულობის მუხტს.
გია ნოდია

საინფორმაციო პორტალ „ლაივპრესის“ დამფუძნებლის, გერონტი ყალიჩავას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს სამეგრელოში მართლაც ჰყავს სტაბილური და აქტიური ელექტორატი, რომლის რაოდენობა კრიტიკულ ზღვრამდე ვერ შეამცირა ვერც „სისხლიანი ცხრა წლის“ წამოძახებამ და ვერც ცხარე პოლიტიკურმა დაპირისპირებამ.

სამარგალო გვალო შხვარე

ფილოსოფოსი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ სამეგრელოსა და ზუგდიდის გამორჩეულად მაღალი პოლიტიზების მიზეზები უნდა ვეძებოთ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა სამეგრელო მყარად დაუკავშირდა ზვიად გამსახურდიას სახელსა და კანონიერი ხელისუფლების აქტიურ მხარდაჭერას. მაშინ სამეგრელო იქცა გამსახურდიასა და შევარდნაძის მომხრეების დაპირისპირების ყველაზე მძაფრ ასპარეზად, რომლის ემოციური ფონი ბოლომდე არ განელებულა და ერთგვარი ინერციით გრძელდება დღემდე. ასევე მძიმე ძალადობრივი ფონი ახლდა 2003 წლის ვარდების რევოლუციისა და 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინაპერიოდებს, როცა სამეგრელოში თავს ესხმოდნენ ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს.

„რაც შეეხება უახლოეს პერიოდს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისთვის სამეგრელო იქცა სპეციალური მნიშვნელობის რეგიონად. ავიღოთ თუნდაც წალენჯიხიდან დაწყებული მსვლელობა, რომელიც 2003 წელს ხელისუფლების შეცვლით დასრულდა. სამეგრელოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ასევე გამოიხატება განსაკუთრებულ ყურადღებაში პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. სანდრა რულოვსის ზუგდიდის მერობის კანდიდატად წამოყენებაც ამის დასტურია. ყველაფერი ეს ზრდის კონკურენციას და დაძაბულობის მუხტს“, - ამბობს გია ნოდია.

სამეგრელოში ოპოზიციური მუხტისა და განწყობების არსებობა არ უკვირს სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას, რომელიც არ ფიქრობს, რომ სამეგრელოში დანარჩენი საქართველოსგან თვისებრივად განსვხავებული ვითარებაა.

„არაფერი განსაკუთრებული სამეგრელოში არ ხდება. დიდია მმართველი პარტიის დამარცხების შანსი, რის გამოც დიდია ამომრჩეველზე ზეწოლა და, შესაბამისად, დიდია უკურეაქციაც. უბრალოდ, პატარა ქალაქსა და პატარა რეგიონში კარგად ჩანს ის პრობლემები და წინააღმდეგობები, რომლებიც მთლიანად განმსჭვალავს ჩვენს საზოგადოებას და რომლებიც კარგად ჩანს მცირე ტერიტორიაზე. არ მგონია, რომ თბილისში ნაკლები დაძაბულობაა. უბრალოდ, თბილისი დიდია და ეს დაძაბულობა თვალსაჩინოდ არ ჩანს. ცხადია, ასევე მნიშვნელობა აქვს ემოციურ გამოხატვას, ხასიათს და კულტურას, რომელიც მოცემულ მხარეშია. ყოველივე ამის გამო უფრო თვალშისაცემია ის პრობლემები, რომლებიც მთელ ქვეყანას აწუხებს“, - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

სანდრას ფაქტორი

სანდრა რულოვსმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ საზოგადოებას არ მიეღო უცხოდ. მან ქართულის გარდა ასევე ისწავლა მეგრული, რაც ზემოქმედებს საზოგადოებაზე. გარდა ამისა, ის, რომ სანდრას უცხოდ არ იღებენ ზუგდიდში, იმის ნიშანია, რომ საზოგადოებაც გაიზარდა.
ემზარ ჯგერენაია

ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსის დასახელებამ დაპირისპირების ისედაც მაღალი მუხტი კიდევ უფრო მეტად გაზარდა. ცხადია, ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე ვერ მიიღებოდა.

„ნაციონალური მოძრაობა“, ელექტორალური თვალსაზრისით, მიხელ სააკაშვილის პარტიაა. არჩევნებში სანდრას მონაწილეობით პარტია სიმბოლურად უსვამს ხაზს იმას, რომ მიშა მასთანაა“, - ამბობს გია ნოდია.

სანდრა რულოვსის არჩევნებში მონაწილეობა მძლავრი გზავნილია ხელისუფლებისთვისაც. „ქართული ოცნება“ სანდრას სახით ებრძვის არა მხოლოდ ზუგდიდის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს, არამედ თვით მიხეილ სააკაშვილს, რომლის თუნდაც ირიბი გამარჯვება ხელისუფლების მხრიდან აღიქმება „მიშას დაბრუნების“ პირველ იმპულსად.

პოლიტიკური ოპონენტები ხინჯად მიიჩნევენ სანდრა რულოვსის არაზუგდიდელობას. მიღებულია, რომ ადგილობრვი არჩევნები ადგილობრივ მკვიდრთა ასპარეზია. ამის გამო სახელისუფლებო კანდიდატის, გიორგი (გეგა) შენგელიას, საარჩევნო კამპანია მთლიანად აგებულია მის ადგილობრივ წარმომავლობასა და ზუგდიდელობაზე. შემთხვევით არ არის, რომ პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან, ედიშერ თოლორაიამ, ზუგდიდელ ამომრჩეველს ასე გაუმარტივა არჩევანი: „სახლში რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი?“

ემზარ ჯგერენაიასთვის აშკარაა, რომ სანდრა რულოვსის არაზუგდიდელობა მნიშვნელოვანწილად კომპენსირდება იმით, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და თანამებრძოლია, თუმცა, ჯგერენაიასავე თქმით, ეს არაა „კომპენსირების“ ერთადერთი ფაქტორი:

„სანდრა რულოვსმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ საზოგადოებას არ მიეღო უცხოდ. მან ქართულის გარდა ასევე ისწავლა მეგრული, რაც ზემოქმედებს საზოგადოებაზე. გარდა ამისა, ის, რომ სანდრას უცხოდ არ იღებენ ზუგდიდში, იმის ნიშანია, რომ საზოგადოებაც გაიზარდა და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სხვა კუთხიდანაა, შეიძლება ჰქონდეს მხარდაჭერა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში."

შუალედური არჩევნების ფასი

აშკარაა, რომ შუალედური არჩევნები ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის, მაგრამ თუ ხელისუფლება ამ არჩევნებში დამარცხდება, ეს იქნება მკაფიო შეტყობინება ამომრჩევლისათვის, რომ გრძელდება “ქართული ოცნების” დაისი, რომელიც თვალშისაცემად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დაიწყო. მოვლენების განვითარების ლოგიკა ასეთია: თუ შესაძლებელია ოპოზიციის გამარჯვება ზუგდიდში, პარტიებსა და ამომრჩევლებს თავისუფლად შეუძლიათ იფიქრონ, რომ ასევე შესაძლებელია ოპოზიციის გამარჯვება საერთო ეროვნულ არჩევნებშიც.

შუალედური არჩევნების ფასი ასევე მაღალია იმის გამო, რომ მარცხი აუცილებლად გააღრმავებს მმართველ პარტიაში შექმნილ პრობლემებს, რომლებმაც თავი იჩინა ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში და რომელთა გამოც „ქართული ოცნება“ დატოვა არაერთმა მისმა გავლენიანმა წევრმა.

„ამიტომ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ არ აქვს წაგების უფლება, ოპოზიცია კი იმედოვნებს, რომ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება სრულიად სხვა ვითარებაში გადაიყვანს და გაზრდის მის შანსებს 2020 წლის არჩევნების მოსაგებად“, - მიაჩნია ფილოსოფოს გია ნოდიას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG