Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშენებლო კომპანიის მიერ განადგურებულ საუკუნოვან სახლს ძეგლის სტატუსი მოეხსნა


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს გადაწყვეტილებით, სტატუსი მოეხსნა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში მდებარე დანგრეულ ისტორიულ სახლს. როგორც საბჭოს სხდომის ოქმშია ნათქვამი, ძეგლის სტატუსის მქონე ეს შენობა, სამწუხაროდ, მთლიანად განადგურებულია და არარსებულ ობიექტს არ შეიძლება ჰქონდეს ეს სტატუსი. ისტორიული სახლი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული და ბათუმისთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან არქიტექტურას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ მიენიჭა მას 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, რაც ვერ აღმოჩნდა ძეგლის დაცვის გარანტი.

ამავე წელს სახლი თვითნებურად, უკანონოდ გაანადგურეს სამშენებლო კომპანია „სლავა 2015“-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავდნენ. სახლის დანგრევის შემდეგ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გამო დღემდე არავის უგია პასუხი. სამშენებლო კომპანიამ კი სასამართლოში შეიტანა სარჩელი მას შემდეგ, რაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დანგრეული ძეგლის ადგილას სამშენებლო პროექტის თანხმობაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ კომპანია „სლავა 2015“-მა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა ძეგლის სტატუსის მოხსნის თხოვნით და დადებითი პასუხი მიიღო, რის შესახებაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა რადიო თავისუფლებისგან შეიტყო. ახვლედიანი ამბობს, რომ უწყებას აქვს სრულიად გარკვეული პოზიცია:

„ძეგლი აღდგეს პირვანდელი სახით და მხოლოდ ამის შემდეგ სხვა ტერიტორიაზე, რაც ძეგლის ტერიტორია არ არის, განიხილოს ზონალურმა საბჭომ, როგორი შენობა უნდა აშენდეს ძეგლთან მიმართებაში - ეს არის დღევანდელი იურიდიული მოცემულობა. იმ ტერიტორიაზე კი ძეგლის არანაირი ნიშანი აღარ არსებობს, მთლიანად გატანილია საძირკველი და მის ნაცვლად ახალი შენობის საძირკველია ჩასხმული, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო პროექტიც კი არ არსებობს“.

განადგურებული ძეგლის ადგილას სამშენებლო სამუშაოები დაწყებული და შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ არც დემონტაჟის და არც მშენებლობის ნებართვა კომპანიას არ ჰქონდა. ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე სახლის განადგურება კი 2015 წელს ეტაპობრივად დაიწყო. თავდაპირველად მას აივნები, შემდეგ კი სახურავი მოხსნეს. აქტივისტი შოთა გუჯაბიძე ერთ-ერთი იყო, ვინც ისტორიული ბელეტაჟის დანგრევას აპროტესტებდა. მან რამდენჯერმე მიმართა კულტურული მემკვიდრეობის ადგილობრივ სააგენტოს, თუმცა უწყებამ ვერ შეძლო შენობის გადარჩენა. შოთა გუჯაბიძე მიიჩნევს, რომ ძეგლის სტატუსის მოხსნა დანგრეული სახლისთვის დაუშვებელია, რადგანაც, მისივე თქმით, დანაშაულში შემჩნეულ დეველოპერულ კომპანიას მშენებლობის გასაგრძელებლად ხელ-ფეხი გაეხსნება:

„აქ ბევრი დანაშაულია ჩადენილი და ამის ფაქტები დევს, მაგრამ არავის არ გამოუძიებია. პროკურატურაშიც კია საქმე დანგრევასთან დაკავშირებით. ეროვნულმა საბჭომ კი მაინც განიხილა შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მინიჭებული იყო. ეს სტატუსი კი დაიცავდა ისტორიულ განაშენიანებას იმისგან, რომ იმ ადგილას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის შეუსაბამო შენობა არ აშენებულიყო“.

რა აშენდება ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში? - ეს საკითხი ბათუმელების იმ ნაწილს აღელვებს, რომელიც ძეგლის სტატუსის მქონე შენობის უკანონო ნგრევას აპროტესტებდა. მათ შორისაა არქიტექტორი გიორგი რამიშვილი. მისი თქმით, თუ დანაშაულის ჩამდენ სამშენებლო კომპანიას მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლადა ნებართვა მიეცა, ამით მეტად სახიფათო პრეცედენტი შეიქმნება:

„პრინციპული საკითხია. მართალია, ადამიანებს დროში გაეწელათ, მაგრამ გაუვიდათ. ის, რომ ძეგლის ლიკვიდაციის ხარჯზე მოხდა მათთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება, ეს იქნება უაღრესად ცუდი პრეცედენტი. დაახლოებით, ჰგავს დროში გაწელილ მკვლელობის დაგეგმილ აქტს. საზოგადოებისა და სახელმწიფოს პოზიციაც აწი გამოჩნდება. პოზიცია კი უნდა იყოს მტკიცე, იმიტომ რომ, თუ ახალი სამშენებლო ნებართვა გაიცემა, უნდა გაიცეს იმავე მოცულობის შენობაზე“.

ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე ორსართულიანმა სახლმა კი მოქალაქეების ყურადღება მხოლოდ მისი განადგურების შემდეგ მიიპყრო - მაშინ, როცა სოციალურ ქსელში აქტივისტებმა გაავრცელეს ფოტომასალა, სადაც ამ შენობის ღირებული დეტალებია ასახული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG