Accessibility links

საოკუპაციო ხაზთან ყველაზე საშიში მწყემსობაა


საოკუპაციო ზოლი

გორის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფელი საძოვრის გარეშე დარჩა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - ჯარიაშენის, აძვისა და ახალუბნის - მოსახლეობამ აღარ იცის პირუტყვი სად აძოვოს, რადგან ტერიტორიის დიდი ნაწილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული და თუ იქ რომელიმე მწყემსი შესვლას გაბედავს, მაშინვე აკავებენ. იმ მიწაზე კი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი, ადგილობრივი მწყემსები ვერ გადიან, რადგან იქ მუდმივად პატრულირებენ რუსეთის მესაზღვრეები და ეგრეთ წოდებულ საზღვართან მიახლოებასაც კი უშლიან. აძვის მცხოვრები მიხეილ მიღრიჯანაშვილი ამბობს, რომ პირუტყვის შენახვა უკვე ძალიან უჭირთ, რადგან საძოვარი თითქმის აღარ არის. მოსახლეობა ძროხებს ყიდის, ეს კი მათ შემოსავლებზე უარყოფითად აისახება.

საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საქონლის გაწყვეტა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, აუცილებელია ხელისუფლებამ სოფლების განვითარებაზე იზრუნოს.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, 2008 წლის ომამდე საძოვრების პრობლემა არ ჰქონიათ, ომის შემდეგ კი პირუტყვის მწყემსვა ყველაზე საშიშ საქმედ იქცა. საოკუპაციო გამყოფი ხაზის სოფლებში ზოგიერთ ადგილას არც ბანერებია და არც მავთულხლართები, ამიტომ მწყემსებმა არ იციან, საიდან იწყება ოკუპირებული ტერიტორიები, ამით კი რუსეთის მესაზღვრეები სარგებლობენ, მათ აკავებენ და ცხინვალში გადაჰყავთ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა აცხადებს, რომ ვითარება რთულია და გამოსავალს ვერ ხედავენ, სოფლებში პირუტყვის რაოდენობა კი სულ უფრო მცირდება.

ჯარიაშენის, ახალუბნისა და აძვის მოსახლეობის პრობლემების შესახებ კარგად იციან ადგილობრივ ხელისუფლებაში. გორის მერის წარმომადგენელი ახალუბნის თემში, ტარიელ ვათიაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სოფლების ტერიტორიაზე არ დარჩა ნაკვეთები, რომლებსაც ალტერნატიულ საძოვრებად გამოიყენებდნენ.

საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საქონლის გაწყვეტა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, აუცილებელია ხელისუფლებამ სოფლების განვითარებაზე იზრუნოს, თუ არადა, ამ სოფლებიდან მიგრაციის პროცესის გაღრმავება გარდაუვალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG