Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო "რეივი" საქართველოში


მიხაილ შტანგლი
მიხაილ შტანგლი

ავტორი: ლაურა აჰა

„ეს არ არის მხოლოდ ცეკვა და გართობა. ეს საზოგადოების პროტესტია“

პაკევ ღამით შეიარაღებული სპეცრაზმი შეიჭრა თბილისის ორ კლუბში - ბასიანსა და კაფე-გალერიში. პოლიციამ იქ გასართობად მისული სამოცამდე ახალგაზრდა დააკავა, მათ შორის კლუბ ბასიანის დამფუძნებლებიც. ძალადობის გასაპროტესტებლად ათასობით ადამინი შეიკრიბა ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, რაც ერთიან საპროტესტო ცეკვაში გადაიზარდა. დემონსტრაციას დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა მოჰყვა.

მიხაილ შტანგლმა, ელექტრონული მუსიკის პლატფორმა Boiler Room-ის ბერლინის ბიუროს დამფუძნებელმა, გერმანულ გამოცემა „ველტთან ისაუბრა საპროტესტო აქციების სავარაუდო მიზეზებსა და მათ პოლიტიკურ მასშტაბზე. ის თვლის, რომ კლუბებში პოლიციის რეიდები მხოლოდ ნარკოტიკებთან ბრძოლას არ ემსახურებოდა და თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა საკლუბო სცენის დიდი რევოლუციურ პოტენციალი აჩვენა.

ველტი: როგორია დღევანდელი საკლუბო სცენა თბილისში?

მიხაილ შტანგლი: ის, რაც ამ მხრივ საქართველოსა და თბილისში ხდება, დაუჯერებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით ოთხი მილიონია, დედაქალაქში არის ოთხი კლუბი და თითოეული მათგანი რამდენიმე ათას სტუმარს იტევს. იმასაც ამბობენ, რომ მსოფლიოს მთავარი კლუბი „ბერგჰაინი“ აღარ არის და მისი ადგილი „ბასიანმა“ დაიკავა. ელექტრონული მუსიკა და საკლუბო სცენა სამოქალაქო და რუსეთთან ომის შემდეგ განვითარდა და ეს სივრცე იქცა ერთგვარ თავშეყრის ადგილად, სადაც ახალგაზრდები თავისუფლებას პოულობენ. საქართველომ, ძალიან ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, სულ რამდენიმე წლის წინ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ტექნო იქცა ამ რევოლუციის საუნდტრეკად. ყველაფერთან ერთად, ეს სცენა თბილისში ისეთივე ინტერნაციონალურია, როგორიც ბერლინში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იქ, უმეტესად, ფრანგების, შვედების ან ბრიტანელების ნაცვლად გასართობად სომხეთიდან, უზბეკეთიდან და ირანიდან ჩადიან. ეს ყველაფერი კი ელექტრონული მუსიკის იმ პოტენციალთან არის დაკავშირებული, რომელსაც დიდი სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების მოტანა შეუძლია და რომელსაც ახლა მხოლოდ საქართველოში ვხედავ.

ქართული კანონმდებლობით, თითქმის არ არსებობს განსხვავება პირად მოხმარებასა და გასაღებას შორის. ერთი გრამი ჰაშიშის გამო შეიძლება 14-წლიანი პატიმრობა მიიღო...

ველტი: რაში მდგომარეობს ელექტრონული მუსიკის პოტენციალი სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებთან მიმართებით?

მიხაილ შტანგლი: კლუბი არის safe space, ერთგვარი თავშესაფარი, სადაც თავისუფლად არის შესაძლებებლი ნებისმიერი სექსუალური და, თუნდაც, პოლიტიკური ორიენტაციის გამოხატვა. ასეთი სივრცეების არსებობა განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში არის აუცილებელი, სადაც ამ მხრივ ადამიანის უფლებები ხშირად ირღვევა. ჰაუს მუსიკა ხომ ჩიკაგოში, შავკანიანი გეების კლუბებში დაიბადა და ეს ამ სცენის დნმ-ში დევს. ჩეჩნეთში, რომელიც თბილისიდან 200 კილომეტრშია, ხალხი სასტიკად იდევნებია სექსუალური ორიენტაციის გამო. მათ კლავენ კიდევაც და ისინი ხშირად სწორედ თბილისში პოულობენ თავშესაფარს.

ველტი: როგორი დამოკიდებულება აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას კლუბური კულტურის მიმართ?

მიხაილ შტანგლი: დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. ერთი მხრივ, ისინი კარგად ხედავენ კლუბური კულტურის ტურისტულ პოტენციალს, ისევე როგორც ბერლინში. ქვეყანას ევროკავშირისკენ აქვს გეზი აღებული და მასთან მიახლოების შანსს ამ გზითაც ხედავენ. მეორე მხრივ, მთავრობა ატარებს კონსერვატიულ, რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, რომელიც, გარკვეულწილად, განსაკუთრებით ძლიერი ეკლესიისგანაც არის მხარდაჭერილი.

ველტი: როგორია ეს ნარკოპოლიტიკა?

რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ახალგაზრდები გაურკვეველი ნივთიერებისგან დაიღუპნენ. როგორც ამბობენ, ეს შეიძლება იყო „ფენტანილი“, რომელიც ჰეროინზე ასჯერ ძლიერია. თუმცა 2018 წელს ქვეყანას უნდა შეეძლოს, რომ ნარკომანიას კლუბში შევარდნით არ ებრძოლოს...

მიხაილ შტანგლი: ქართული კანონმდებლობით, თითქმის არ არსებობს განსხვავება პირად მოხმარებასა და გასაღებას შორის. ერთი გრამი ჰაშიშის გამო შეიძლება 14-წლიანი პატიმრობა მიიღო. სასჯელი არის სრულიად შეუსაბამო და კანონმდებლობა მოძველებული და რეპრესიულია. უკვე რამდენიმე წელია, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ კანონის შეცვლას ითხოვს. სწორედ მათი ორგანიზებით დაიწყო საპროტესტო აქციები პოლიციის რეიდის შემდეგ. მათი ერთ-ერთი აქტივისტი, ბექა წიქარიშვილი, სხვებთან ერთად კვირა საღამოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა და მისგან პარასკევის მოვლენების გამოძიებისა და ნარკოპოლიტიკის გადახედვის დაპირება მიიღო. ხელისუფლებას აქამდეც უამრავი შანსი ჰქონდა გამოსავლის მოსაძებნად, მაგრამ მათ კლუბში რეიდი არჩიეს, რაც პოლიტიკურად მოტივირებული, ერთგვარი სიმბოლური აქტია.

ველტი: პოლიციამ კლუბებში შეჭრის მიზეზად დაასახელა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნარკოტიკული ზედოზირებით ხუთი ადამიანის გარდაცვალება...

მიხაილ შტანგლი: ეს თითზე დახვეული მიზეზია. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ახალგაზრდები გაურკვეველი ნივთიერებისგან დაიღუპნენ. როგორც ამბობენ, ეს შეიძლება იყო „ფენტანილი“, რომელიც ჰეროინზე ასჯერ ძლიერია. თუმცა 2018 წელს ქვეყანას უნდა შეეძლოს, რომ ნარკომანიას კლუბში შევარდნით არ ებრძოლოს. აშკარაა, რომ ამ სივრცეების არსებობა ხელისუფლებისთვის აღარ იყო კომფორტული. თან, როგორც მე ვიცი, ზედოზირების ფაქტებს პირდაპირი კავშირი არ ჰქონია „ბასიანთან - ისინი იქ კი არა, საკუთარ სახლებში გარდაიცვალნენ.

ველტი: ამის შესახებ კლუბმა 7 მაისს განაცხადა. გარდა ამისა, იქ ნათქვამი იყო, რომ ეს ტრაგედია სწორედ მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო მოხდა. რატომ?

მიხაილ შტანგლი: უკვე ყველგან გამოჩნდა, რომ ნარკომანიის კრიმინალად აღქმას უკუშედეგი მოაქვს. ლიბერალური მიდგომა, როგორიც, მაგალითად, ჰოლანდიასა და პორტუგალიაში არის, პრობლემის მოსაგვარებლად ბევრად უფრო ეფექტიანი გამოდგა, მაგრამ, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც მემარჯვენე ძალების გააქტიურება იგრძნობა. საერთოდ, საქართველო კონტრასტების ქვეყანაა, რაც საზოგადოებრივ ჯგუფებშიც კარგად ჩანს. ერთი მხრივ, არსებობს ღია და ლიბერალური თბილისი და, მეორე მხრივ, სოფლები, სადაც წლებია არაფერი იცვლება. გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენაც ძალიან დიდია. რამდენიმე წლის წინ მრევლმა და სასულიერო პირებმა სექსუალური უმცირესობების აქციაც კი დაარბიეს.

ველტი: როგორ აფასებ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ ჭრილში?

მიხაილ შტანგლი: ახლა ელექტრონული მუსიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. აქციებზე მთელი ის პოტენციალი გამოვლინდა, რომელიც ამ მუსიკას სოციალური და პოლიტიკური მიმართულებით აქვს - ერთი მხრივ, იმ ლიბერალური ღირებულებების გამო, რომლებიც დემონსტრაციის დროს კარგად გამოჩნდა, და ასევე თვითორგანიზებულობის ხარისხის გამო, რომელიც ამ სცენას ისედაც საფუძვლად უდევს. როდესაც ათასობით ადამიანის შეკრება შეგიძლია ცეკვასა და გართობაზე, ამას საპროტესტო აქციაზეც მოახერხებ. ეს პროტესტი კი მხოლოდ ერთი შეხედვით უკავშირდებოდა ნარკოპოლიტიკას, სინამდვილეში ეს ბევრად უფრო ღრმაა. ეს არის პროტესტი ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც საზოგადოებაში უკვე ისედაც დიდი ხანია არის. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ შეაფასა ეს ძალა. იფიქრეს, რომ კლუბში შევარდებოდნენ, რამდენიმე გამსაღებელს დააკავებდნენ და ამით ქულებს დაიწერდნენ, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ კლუბური კულტურა მხოლოდ გართობა კი არა, საზოგადოების პროტესტია.

ველტი: და ახლა რა ხდება?

მიხაილ შტანგლი: ამ დროისთვის ყველა დაკავებული განთავისუფლებულია. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ გადამდგარიყო პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც კვირას მათთან მივიდა და ბოდიში მოუხადა. გარდა ამისა, პირობა დადო, რომ რეიდს გამოიძიებს და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობასა და მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ველტი: ანუ ყველაფერი რიგზეა?

მიხაილ შტანგლი: ჩემი აზრით, მთავრობა ცდილობს ყველაფერი მხოლოდ ნარკოპილიტიკამდე დაიყვანოს და პროტესტს თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი გამოაცალოს. ყველაზე დიდ საფრთხედ მე მაინც მემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფებს მივიჩნევ, რომლებიც ამ ორდღიანი, მშვიდობიანი აქციის შემდეგ შეიკრიბნენ და მათი დარბევა უნდოდათ. აგრესიული ჯგუფის შეკავება, საბოლოოდ, სამართალდამცავებს მოუხდათ. თბილისის შემთხვევაში ახლა „ბასიანსა“ და „კაფე-გელერიში“ მხოლოდ პოლიცია შეიჭრა, მაგრამ 2007 წელს რუსეთში, ერთ-ერთი კლუბის წინ, ასეთივე მემარჯვენე ძალები ბეისბოლის ჯოხებითა და მოლოტოვის კოქტეილებით შეიარაღებულები იდგნენ და ხვალ საქართველოშიც შეიძლება მოხდეს იგივე.

გერმანულიდან თარგმნა მარიამ შავგულიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG