Accessibility links

სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემები


დადგა ზაფხული და გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებს ნაკვეთების რწყვის პრობლემები შეექმნათ. ზერტის მცხოვრები თამაზ ზუბიაშვილი, კვირაზე მეტია, ხეხილის ბაღს ვერ რწყავს. 28 მეასედში მას ვაშლის და მსხლის მოსავალი მოჰყავს და, როგორც ამბობს, ოჯახის შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ ამ ბაღზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ნაკვეთის პირველი რწყვა სასწრაფოდ ჩასატარებელია, რადგან ამაზეა დამოკიდებული საშემოდგომო მოსავლის ხარისხი. ზუბიაშვილი გორის მელიორაციის სამსახურშიც ჩავიდა და დახმარება სპეციალისტებს სთხოვა. მისი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერებისთვის გაწეული დახმარება მთლიანად წყალში ჩაიყრება, თუ სოფლებს ზაფხულში სარწყავი წყალი არ ექნებათ. ის პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს სთხოვს, ადგილზე არსებული ვითარებით დაინტერესდნენ.

ზუბიაშვილმა დაპირება მიიღო, რომ ახლო მომავალში სოფელში სპეციალისტები ჩავლენ და შიდა სარწყავი არხების მდგომარეობით დაინტერესდებიან. ადგილობრივ სამსახურში აცხადებენ, რომ ცენტრალურ სარწყავ მაგისტრალებში წყლის დეფიციტი ჯერ არ შეინიშნება და მხოლოდ ქსელური მაგისტრალების გაწმენდაა საჭირო. საგანგებო მდგომარეობის დროს ამ სამუშაოების ჩატარება სოფლებში შეფერხდა.

სოფელ ზერტს, სარწყავი წყლის გარდა, სასმელი წყლის პრობლემაც აქვს. დღეები ისე გადის, რომ სოფლის დიდ ნაწილს წყალი საერთოდ არ მიეწოდება. ზერტის ორი ჭაბურღილი მთელ მოსახლეობას წყლით ვერ უზრუნველყოფს.

სოფელში წყლის გადასახადს ყველა იხდის. დადგენილი ტარიფი შვიდი ლარია. სოფლის მცხოვრები ლერი ზუბიაშვილი ამბობს, რომ ეს არასამართლიანია, რადგან 7 ლარს იხდის ყველა, ვისაც აქვს და არა აქვს სასმელი წყალი. მისი აზრით, ამ ვითარებიდან გამოსავალი მრიცხველების დაყენებაშია.

კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი გაჩერდა. ასე იყო ზერტის ახალი ჭაბურღილის მოწყობის მიმართულებითაც. გორის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი უკვე არსებობს, ტენდერიც მალე გამოცხადდება და სოფელში წლის ბოლომდე სასმელი წყლის პრობლემა მთლიანად მოიხსნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG