Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეების გატაცების მზარდი დინამიკა საოკუპაციო ხაზთან


საოკუპაციო გამყოფი ხაზი. ატოცი, 11 ნოემბერი, 2018წ.
საოკუპაციო გამყოფი ხაზი. ატოცი, 11 ნოემბერი, 2018წ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს. ბოლო შემთხვევა 11 ნოემბერს მოხდა. სოფელ კოდისწყაროს მცხოვრებლები ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდნენ, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თავს დაადგნენ და ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ დარღვევის ბრალდება წაუყენეს. საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათ გასათავისუფლებლად იმავე დღეს ამოქმედდა ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზი. ზადიშვილისა და ტუხიაშვილის გათავისუფლება ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერგნეთში 12 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზეც მოითხოვეს. სოფელ კოდისწყაროს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მწყემსები საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და რუსეთის მესაზღვრეებმა ჩასაფრება მოუწყვეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალში სასამართლო მიმდინარეობს და დაკავებულთა გათავისუფლებას უახლოეს მომავალში ელოდება.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში ადგილობრივი მცხოვრები 28 წლის ზაქრო ბუთხუზი საკუთარი ვენახიდან წაიყვანეს. მასთან ერთად ძმაც იმყოფებოდა, რომელმაც გამოქცევა მოახერხა. ქვეშელებმა სწორედ მისგან გაიგეს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ადგილობრივი მოქალაქეების ბაღებში იყვნენ ჩასაფრებულები. ბუთხუზი ორ დღეში გაათავისუფლეს, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა კი საკუთარ ნაკვეთებს შიშით ვეღარ ამუშავებს, განსაკუთრებით იმ ნაკვეთებს, რომლებიც გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარეობს, რადგან საპოლიციო პატრული იქ ხშირად არ მოძრაობს და მათი უსაფრთხოება დაცული არ არის - არავინ იცის, რომელი ბუჩქიდან გადმოხტება რუსეთის მესაზღვრე.

აგვისტოს შემდეგ, ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით გამწვავებული ვითარების ფონზე , დაპირისპირებული მხარეების კონცენტრაცია ამ რეგიონში გაიზარდა და მოქალაქეების დასაკავებლად თითქოს აღარავის ეცალა, ამიტომ საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და გატაცების შემთხვევები მინიმუმამდე იყო დაყვანილი, მაგრამ ბოლო ერთ კვირაში დინამიკა იზრდება. საქართველოს სამი მოქალაქე უკვე იმყოფებოდა ცხინვალის იზოლატორში. სოფლების მოსახლეობა გამყოფ ხაზთან საპოლიციო საპატრულო ჯგუფების გაზრდასა და იქ მუდმივ მეთვალყურეობას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG