Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მიუსაფარი ცხოველების რეგიონული თავშესაფრები უნდა აშენდეს


მიუსაფარი ძაღლები
მიუსაფარი ძაღლები

საქართველოს ორ რეგიონში - კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობა იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. მშენებლობა 2019 წლის პირველ კვარტალში უნდა დაიწყოს და წლის ბოლომდე დასრულდეს. პროექტების ღირებულება დაახლოებით 715 ათასი ლარია.

ეს პრობლემა მნიშვნელოვანი წუხილის საგანია ტურისტული ობიექტებისთვისაც იმიტომ, რომ უცხოელ ვიზიტორებს აქვთ სურვილი, რომ ძაღლთან ან სხვა ცხოველთან ახლო კონტაქტი ჰქონდეთ.
ირაკლი ქადაგიშვილი

კახეთში, სადაც მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა ბოლო წლებში რამდენჯერმე დაიგეგმა, თუმცა, უშედეგოდ, ახალი რეგიონული თავშესაფრის ადგილად გურჯაანის მუნიციპალიტეტი შეარჩიეს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერა ადგილი, სადაც თავშესაფრის მშენებლობა იგეგმება. მისი ინფორმაციით, თავშესაფრის ფუნქციებს შორის იქნება ცხოველის პატრონის დადგენა, ან ახალი პატრონის მოძიებაც. გიორგი შენგელიას თქმით: „მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თავშესაფარი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვუზრუნველყოთ როგორც უსაფრთხოება, ამავე დროს, ცხოველებს მივუჩინოთ ძალიან კარგი და თანამედროვე ბინა.“

მიუსაფარი ძაღლების მოვლას და ამ პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. მისი ინფორმაციით, მხოლოდ თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს მიუსაფარმა ძაღლებმა დაკბინეს 326 ადამიანი, მათგან 200-ზე მეტი ბავშვი. ქადაგიშვილის განცხადებითვე, „ეს პრობლემა მნიშვნელოვანი წუხილის საგანია ტურისტული ობიექტებისთვისაც იმიტომ, რომ უცხოელ ვიზიტორებს აქვთ სურვილი, რომ ძაღლთან ან სხვა ცხოველთან ახლო კონტაქტი ჰქონდეთ და ხშირ შემთხვევაში, ეს ძალიან ცუდი შედეგებით სრულდება.“

მიუსაფარი ძაღლი
მიუსაფარი ძაღლი

რთულია იმის თქმა, რამდენი მიუსაფარი ძაღლი ბინადრობს კახეთის რეგიონში. მოსახლეობის ვარაუდით, თითოეულ მუნიციპალიტეტში ქუჩაში ცხოვრობს 300-400 ძაღლი. რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი იმედს გამოთქვამს, რომ მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის მშენებლობის და მათი მოვლის დაპირება ამჯერად მაინც შესრულდება. როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, სურვილის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია და თუკი თავშესაფარი აშენდება და იქ ძაღლებს მოუვლიან, პრობლემას ეშველება. არიან სკეპტიკურად განწყობილებიც, რომელთა შეფასებით, მაშინ, როცა მთავრობა ხალხს ვერ უვლის, ძნელად წარმოსაგდენია, რომ მიუსაფარ ძაღლებს მიხედავს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG