Accessibility links

საქართველოში საგანგებო რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 მარტს


საგანგებო მდგომარეობის წესები - შეზღუდვები და შეღავათები

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის დეკრეტის შემდეგ უკვე გამოსცა დადგენილება. ამ დოკუმენტით შესაძლებელია როგორც გადაადგილებისა და საკუთრების, ისე განათლებისა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა.

დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელია ერთდროულად რამდენიმე - მათ შორის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის - სამინისტრო.

გუშინ ახალი შეზღუდვებიც გამოცხადდა. ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა - როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო და საზღვაო. აიკრძალა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შორის მიკროავტობუსით მგზავრების გადაყვანაც.

უცხო ქვეყნის თვითმფრინავებს მგზავრების წაყვანის მიზნით საქართველოში ცარიელი ჩამოფრენა შეუძლიათ. კვლავ შესაძლებელია სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო, ამბულატორიული მიზნით ქვეყანაში ტრანსპორტის შემოსვლა ან თვითმფრინავის ავარიული დაჯდომა.

წაიკითხე მეტი.

რა ხდება ჩაკეტილ ბოლნისსა და მარნეულში?

23 მარტს, მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობამ სხვა რეალობაში გაიღვიძა - ორივე მუნიციპალიტეტი, თავისი სოფლებით, მკაცრი კარანტინის ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა. ​

ამ მომენტისთვის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტში არიან ჩაწერილები, ოღონდ თუ შევლენ - ორი კვირა იქაურობას ვეღარ დატოვებენ.

კარანტინის გამოცხადების მიზეზი კორონავირუსის (COVID-19) შიდა გავრცელება გახდა - ეპიდემიოლოგებმა ივარაუდეს, რომ შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

ცნობილი გადა ისიც, რომ მარნეულელი ქალი, რომელიც ვირუსის მატარებელი აღმოჩნდა, მარნეულის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა და, სავარაუდოდ, ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. საავადმყოფოში რჩება მისი დაც, რომელსაც ვირუსი არ აღმოაჩნდა.

მკაცრი კარანტინის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ორივე ქალაქის შესასვლელები ჩაიკეტა: იქ პოლიცია და სამხედროები განთავსდნენ. მოძრაობას გზებზე განთავსებული 12 საგუშაგო აკონტროლებს. შსს-ს ცნობით, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზებიც.

წაიკითხე მეტი.

ახალი პაციენტები და უკვე გამოჯანმრთელებულები - COVID-19 საქართველოში

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 61
  • გამოჯანმრთელებული - 8
  • კარანტინში - 3320
  • სტაციონარში - 235

გუშინ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა შვიდით გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ოთხი ახალი ინფიცირებულის შემთხვევა არ არის შიდა გადაცემა. მისი თქმით, ისინი არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულები.

„ეს არის ახალი კლასტერი, თუმცა არა შიდა გადაცემა“, - თქვა ენდელაძე. როგორც ექიმმა აღნიშნა, მათი ზოგადი მდგომარეობა ამ დროისთვის არ არის მძიმე, მომავალში ჩატარდება გამოკვლევები და დაენიშნებათ მკურნალობა.

ისევ მძიმეა მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი 63 წლის ქალის მდგომარეობა. მარნეულის საავადმყოფოდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ის სიმპტომებით გადმოიყვანეს მარნეულის საავადმყოფოს თანამშრომელი 18 წლის გოგოც, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ამ პაციენტთან. აღმოაჩნდებათ თუ არა კორონავირუსი ამ და მასთან კონტაქტში ნამყოფ სხვა ადამიანებს, ამას ტესტების შედეგი აჩვენებს.

წაიკითხე მეტი.

დღეს კორონავირუსის სწრაფი ტესტების პირველ პარტიას ელოდებიან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეს ქვეყანა კორონავირუსის სწრაფი ტესტების პირველ პარტიას მიიღებს. მოსახლეობის შემოწმება კი 25 მარტიდან დაიწყება.

მინისტრის თქმით, ახალი ტესტები ჩინეთიდან შემოვა და დაავადებას პირველივე დღიდან გამოავლენს. ტესტები კორეელი და ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე შეირჩა. ქვეყანა ტესტებს სულ 4 ეტაპად მიიღებს.

დააგვიანა თუ არა საქართველომ სწრაფი ტესტების მიღება და პროცესის დაწყება, წაიკითხე მეტი.

ბესიკ თამლიანი თავისუფალია

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი გაათავისუფლეს. როგორც რადიო თავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს, თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეეცვალა გირაოთი (4000 ლარით).

ბესიკ თამლიანის ადვოკატი ლევან იოსელიანი მოსამართლის გადაწყვეტილებას შემდეგი მიზეზით განმარტავს: „დაცვის მხარისთვის დაცვის ეფექტური განხორციელების საშუალების მიცემაა, ვინაიდან ბესიკ თამლიანს 9-თვიანი საპატიმრო ვადა 4 აპრილს ეწურებოდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი, დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას ვერ მოასწრებდა“.

ბესიკ თამლიანს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

რა შეცვალეს რელიგიურმა კონფესიებმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ

მეჩეთებში კოლექტიური ლოცვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ საგანგებო ვითარების გამოცხადებამდე მიიღო. საქართველოს მუფთი, ადამ შანთაძე, ამბობს, რომ გადაწყვეტილება 19 მარტს მუსლიმთა სამმართველოში გამართულ შეკრებაზე მიიღეს, რომელსაც მორწმუნეებთან ერთად თეოლოგებიც ესწრებოდნენ. ამის შემდეგ, გასულ კვირას, საჯარო ლოცვით აღარ აღინიშნა მუსლიმთა ერთ-ერთი დღესასწაული, დღეს კი საქართველოს მუფტმა, ადამ შანთაძემ, როგორც თავად ამბობს, მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრებ მუსლიმებსაც თავისი წარმომადგენლების საშუალებით შეატყობინა, რომ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მეჩეთებში კოლექტიური ლოცვა დროებით აკრძალულია. რას აპირებს სხვადასხვა კონფესია - რადიო თავისუფლებამ ბათუმის ეკლესიებს, მეჩეთსა და სინაგოგას მიმართა.

წაიკითხე მეტი.

ხალხისგან დაცლილი ქუჩა მარნეულში, სადაც გამკაცრებული საგანგებო რეჟიმი მოქმედებს.

83 წლის თინა ჩუბუნიძე თბილისში მარტო ცხოვრობს. ახალმა კორონავირუსმა მისი ყოველდღიურობა შეცვალა. ცდილობს, მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში გავიდეს გარეთ და ახლა კიდევ უფრო მეტი დრო აქვს კითხვისა და ფიქრისთვის. თინა ქართული და რუსული ენების მასწავლებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG