Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობის წესები - შეზღუდვები და შეღავათები


საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის დეკრეტის შემდეგ უკვე გამოსცა დადგენილება. ამ დოკუმენტით შესაძლებელია როგორც გადაადგილებისა და საკუთრების, ისე განათლებისა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა.

დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელია ერთდროულად რამდენიმე, მათ შორის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის, სამინისტრო.

მიმოსვლა

ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა - როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო და საზღვაო. აიკრძალა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შორის მიკროავტობუსით მგზავრების გადაყვანაც.

უცხო ქვეყნის თვითმფრინავებს მგზავრების წაყვანის მიზნით საქართველოში ცარიელი ჩამოფრენა შეუძლიათ. კვლავ შესაძლებელია სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო, ამბულატორიული მიზნით ქვეყანაში ტრანსპორტის შემოსვლა ან თვითმფრინავის ავარიული დაჯდომა.

საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა მხოლოდ დისტანციურად შეიძლება. იგივე ეხება ტრენინგების, კონფერენციებისა და სემინარების ჩატარების ფორმას. აკრძალვები ვრცელდება ყველა ტიპის კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე. ამ შემთხვევაშიც დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმა.

საჯარო სივრცეები

მთავრობის ამ დადგენილებითვე იკრძალება 10 კაცზე მეტის შეკრება.

„ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს“, - წერია დადგენილებაში.

ამ დოკუმენტში საეკლესიო რიტუალები ნახსენები არაა, თუმცა აღნიშნულია, რომ იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).

10 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვა არ ვრცელდება:

  • სამედიცინო დაწესებულებებზე;
  • საჯარო დაწესებულებებზე;
  • თავდაცვის ძალებზე;
  • სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებზე;
  • სამართალდამცავ ორგანოებზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტზე;
  • ეს ნორმა არ გავრცელდება ​სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემსრულებლებზე, თუმცა მათ მოეთხოვებათ სოციალური დისტანციის დაცვა.

ეკონომიკური საქმიანობა

გამონაკლისების გარდა, საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდულია საქონლის გაყიდვა. გამონაკლის შემთხვევებში აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება.

დაშვებულია

  • სურსათის, ცხოველის საკვების, ჰიგიენისა და ვეტერინარული პრეპარატების, აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების ყიდვა-გაყიდვა;
  • ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია;
  • იმ პროდუქტის რეალიზაცია, რომელსაც „სახლში მიტანის“ სერვისი აქვს;
  • პრესის ჯიხურებში ვაჭრობა;
  • რესტორნებს შეეძლებათ მხოლოდ მზა საჭმელის ადგილზე მიტანა, ან კლიენტებისთვის პროდუქტის შენობაში შეუსვლელად მიყიდვა ე.წ. დრაივი;
  • დაშვებულია აზარტული თამაშები ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად.

სურსათის მწარმოებელი დაწესებულებების ვალდებულება

  • თანამშრომლებმა უნდა გამოიყენონ პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი; ხელები დაიბანონ თხევადი საპნით, გაიმშრალონ ერთჯერადი ხელსახოცით, შემდეგ კი დაიმუშაონ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით;
  • უფრო ხშირად გარეცხონ და დეზინფექცია (შესაბამისი კონცენტრაციით) გაუკეთონ იმ ზედაპირებს, რომელზეც ამზადებენ სურსათს;
  • სამუშაოს დაწყებამდე უნდა შემოწმდეს პერსონალი. ყურადღება მახვილდება ხველაზე, სუნთქვის უკმარისობასა და მაღალ ტემპერატურაზე.

მიტანის სერვისის მქონე კომპანიების ვალდებულება

  • სერვისის მიმწოდებელმა პერსონალმა უნდა ატაროს პირბადე და ხელთათმანები, დაიცვან სოციალური დისტანცია (არანაკლებ ორი მეტრი);
  • სურსათი მზადდება ერთჯერად ტარაში, მრავალჯერადი კონტეინერები ირეცხება და ყოველი გამოყენების შემდეგ უკეთდება დეზინფექცია.

კერძო საკუთრება

შეზღუდვები შეეხო იურიდიული და ფიზიკური პირების კერძო საკუთრებასაც. მთავრობის ამ დადგენილებით, ისინი, ვისაც საჰაერო ან საავტომობილო გადაყვანა შეუძლიათ, უნდა დაემორჩილონ ეკონომიკის სამინისტროს პირველივე მოთხოვნას. კერძოდ:

  • დანიშნონ ჩარტერული რეისი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში ჩამოსაყვანად ანდა ტვირთის ტრანსპორტირებისთვის;
  • წაიყვანონ ადამიანები საკარანტინო ზონებში;
  • გამოყონ სასტუმრო ანდა განთავსების ადგილი კარანტინში მოსათავსებელი პირებისთვის და შესთავაზონ ყველა საჭირო სერვისი.

აღმასრულებლებს ეზღუდებათ უფლებები

საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე სახელმწიფო და კერძო აღმასრულებელებს კერძო პირების ქონებაზე აღარ აქვთ ყადაღის დადების უფლება. ასევე იკრძალება გაყიდული ქონებიდან პირთა გამოსახლება. მოვალეს არ ჩამოეჭრება თანხა ანგარიშიდან, ხელფასიდან, პენსიიდან ან სხვა შემოსავლიდან.

აღმასრულებელს უფლება აქვს, მხოლოდ მოვალის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. იურიდიული პირების შემთხვევაში კვლავ შესაძლებელია ქონებაზე ყადაღის დადება.

სხვა შეზღუდვები

საგანგებო მდგომარეობის დროს ჩერდება კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები. გარდა ამისა, საჯარო დაწესებულება აღარ არის ვალდებული, კონკრეტულ ვადაში გასცეს საჯარო ინფორმაცია ან მოთხოვნის შემთხვევაში პერსონალური მონაცემები.

XS
SM
MD
LG