Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჭირო თუ პარტიული კადრი მერიასა და მის დაწესებულებებში?


ქუთაისი
ქუთაისი

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონტროლის საზოგადოებრივი საბჭო“ ქუთაისის მერიის სამსახურებსა და მერიას დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობას გადაჭარბებულად მიიჩნევს. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ბოლო ხანებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება და წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა. „კონტროლის საზოგადოებრივი საბჭო“ ქუთაისის თვითმმართველობას მოუწოდებს თანამშრომელთა რაოდენობა გონივრულად განსაზღვროს, რაც გამოიწვევს შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო თანხის შემცირებას.

საჭირო თუ პარტიული კადრი?
please wait

No media source currently available

0:00 0:04:50 0:00
გადმოწერა

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბენია თხილავას განცხადებით, ქუთაისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია საფუძველს იძლევა დავეჭვდეთ, რამდენად აუცილებელია მერიის სამსახურებსა და ასევე მერიას დაქვემდებარებულ 14 დაწესებულებაში იყოს იმდენი თანამშრომელი, რამდენიც დღეს არის:

„განსაკუთრებულად ითქმის ადმინისტრაციულ სამსახურზე, სადაც 66 თანამშრომელი მუშაობს. მიგვაჩნია, რომ ძალიან დიდია დასაქმებულთა რაოდენობა საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში, სადაც 107 თანამშრომელია და ვფიქრობთ, რომ ეს გადაჭარბებულია. ამ ყველაფერს გამოკვლევა სჭირდება, თუ რატომ ხდება. გარდა ამისა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების ადმინისტრაციებში, ჯამში, 62 მოხელე მუშაობს“.

ქუთაისი
ქუთაისი

„კონტროლის საზოგადოებრივი საბჭოს“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის ბიუჯეტიდან 1 208 000 ლარზე მეტი დაიხარჯა მხოლოდ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების 510 თანამშრომლის ხელფასისთვის. თხილავას შეფასებით, თანამშრომელთა რაოდენობა და მათი ხელფასისთვის განსაზღვრული თანხა არაგონივრულია და, ისევე როგორც წლების განმავლობაში, დღესაც გაერთიანების მიზანია არა სპორტის სახეობების განვითარება, არამედ მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმება:

„510 თანამშრომლისთვის ხელფასის სახით გაცემული 1 200 000 ლარზე მეტი თანხის რაოდენობა დიდი და დაუჯერებელია, მაშინ როდესაც გაერთიანება არ ისახავს მიზნად სპორტული სკოლების მუშაობის გაუმჯობესებას, არამედ ის შექმნის დღიდან დაკავშირებულია არჩევნებთან და ძნელად ხდება ამ სისტემის რღვევა“.

„კონტროლის საზოგადოებრივი საბჭოს“ ბრალდებას უარყოფს სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი კობა ფხაკაძე. მისი განცხადებით, ორგანიზაცია 13 სპორტულ დაწესებულებას აერთიანებს და თანამშრომელთა თითქმის 90 % მწვრთნელია, რომლებიც 4 ათასზე მეტ მოზარდს ავარჯიშებენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. კობა ფხაკაძეს გაერთიანების სახელფასო ბიუჯეტი გადაჭარბებულად არ მიაჩნია:

„გამომდინარე იქიდან, რომ დღეს სპორტის ყველა სახეობის ჯგუფში ვარჯიში უფასოა მოზარდებისთვის, მოთხოვნა დიდია და 4 300-ზე მეტი ბავშვია სპორტით დაკავებული. ასევე ჩვენს გაერთიანებაშია ყინულის მოედანი, სპორტის სასახლე და ახალგაზრდული განყოფილება და, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ თანამშრომელთა რაოდენობა და მათი ხელფასისთვის გამოყოფილი თანხა გადაჭარბებული არ არის“.

გაერთიანების ადმინისტრაციაში, დაახლოებით, 30 თანამშრომელი მუშაობს. ისინი ყველანი საჭირონი არიან, რადგან საბავშვო ბაღებში ბევრი სხვადასხვა მიმართულებაა, მაგ: მეთოდური სწავლება, ლოგოპედები, ფსიქოლოგები, ექთნები, ინფრასტრუქტურა, ფინანსები. ამ ყველა მიმართულებას თავისი კოორდინატორი ან სამუშაო ჯგუფი ჰყავს. როგორ შეიძლება რომელიმე მათგანი ამოვიღოთ?..
დავით წიტაიშვილი

ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული კიდევ ერთი გაერთიანება, რომლის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის დახარჯულ თანხას „კონტროლის საზოგადოებრივი საბჭო“ გადაჭარბებულად მიიჩნევს, ბაგა-ბაღების გაერთიანებაა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ გაერთიანების 10-მილიონიანი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი იხარჯება ადმინისტრაციისა და სკოლამდელი დაწესებულებების 37 ფილიალის თანამშრომელთა ხელფასისთვის და ექვსი თვის განმავლობაში შრომის ანაზღაურებისთვის გაცემულია 3 349 617 ლარი. პასუხად, ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ მერიას დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს შორის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ყველაზე დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციაა, სადაც 1 712 თანამშრომელია დასაქმებული. გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის შეფასებით, ბაღების აღმზრდელთა და მომვლელთა ხელფასი მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს არ შეესაბამება და არც ისე მაღალია. დავით წიტაიშვილის განცხადებით, ყველა თანამშრომელი საჭიროებისა და კვალიფიკაციის მიხედვითაა შერჩეული, მათ შორის გაერთიანების ადმინისტრაციაში:

„გაერთიანების ადმინისტრაციაში, დაახლოებით, 30 თანამშრომელი მუშაობს. ისინი ყველანი საჭირონი არიან, რადგან საბავშვო ბაღებში ბევრი სხვადასხვა მიმართულებაა, მაგ: მეთოდური სწავლება, ლოგოპედები, ფსიქოლოგები, ექთნები, ინფრასტრუქტურა, ფინანსები. ამ ყველა მიმართულებას თავისი კოორდინატორი ან სამუშაო ჯგუფი ჰყავს. როგორ შეიძლება რომელიმე მათგანი ამოვიღოთ? 37 ბაგა-ბაღში დასაქმებული პერსონალი მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს ემსახურება და გმირობის ტოლფასად მუშაობს, რადგან მათი შრომის ანაზღაურება არ შეესაბამება მათ შრომას“.

ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის ინფორმაციით, გაერთიანების თანამშრომლის მინიმალური ხელფასი 180 ლარი, მაქსიმალური კი 2 ათასი ლარია. მაქსიმალურია გაერთიანების ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურება. თავის მხრივ, „კონტროლის საზოგადოებრივ საბჭოში“ აცხადებენ, რომ მერიის სამსახურებისა და მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგს გეგმავენ და შედეგებს საზოგადოებას წარუდგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG