Accessibility links

სახალისო ფოტოანიმაციებით გამოხატული ლუის პროტესტი


ლუი კაცაძე 16 წლისაა. მესამე კვირაა, სახალისო ფოტოანიმაციებს ქმნის “თავისუფლების ქვეყნის”, ამერიკელი ხალხის მიერ გამოგონილი პერსონაჟების, ბაბუა და შვილიშვილის - რიკისა და მორტის - მონაწილეობით. პროექტი, რომლითაც ლუი საკუთარ პროტესტს გამოხატავს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შემდეგ იქმნება.

ანიმაციური გმირები რიკი და მორტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ, დადიან თბილისში აქციებზე და გამოხატავენ პროტესტს ცალ თვალზე ხელის აფარებით.

ლუი ამბობს, რომ ამით აპროტესტებს ოკუპაციას და რუსეთის პრეზიდენტის აკრძალვას:

„მინდა მსოფლიოს დავანახვო, რომ საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა თავისი ლამაზი კუთხეებით. ანიმაციური ფოტოვერსიები სახალისოა და მათი მიზანია საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობა“.

ლუის თქმით, სურდა სხვა ანიმატორებიც შეერთებოდნენ პროტესტს, მაგრამ მის ჩელენჯს გამოხმაურება არ მოჰყვა. ამიტომ მარტომ დაიწყო ფოტოანიმაციების აწყობა და თითქმის ყოველდღე ამატებს ახალ ისტორიას, ფოტოანიმაციებს ურთავს სახალისო ტექსტებს.

ლუიმ თავისი ნამუშევრები ფეისბუქგვერდზე RAMING.გე-ზე განათავსა. გვეუბნება, რომ გვერდის სახელწოდება აბრევიატურაა Rick And Morty In Georgia.

ლუი ფოტოანიმაციის შესაქმნელად გუგლის უფასო ფოტო და ანიმაციების ვერსიებით სარგებლობს, რაც ნებადართულია. პროტესტის უკეთ გამოსახატად კი რიკისა და მორტის არედაქტირებს, ცდილობს გახადოს პერსონაჟები უფრო ემოციურები - უცვლის თვალებისა და ხელების მოძრაობას, სახის გამომეტყველებას.

ლუი ახლა მუშაობს საიმისოდ, რომ ტექსტი ფოტოანიმაციაზე დაიტანოს და მალე შექმნის ელექტრონულ კომიქსებს საქართველოს პოპულარიზაციისთვის. ლუის გმირებმა თავისუფლების ქვეყნიდან უკვე იმოგზაურეს ქუთაისში, სიღნაღში, მცხეთაში, თბილისსა და საქართველოს სხვა რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ლუი აპირებს მათ ინგლისურენოვანი ტექსტები, მოკლე შეტყობინებები დაურთოს, ასევე კომიქსის სახით ელექტრონულ წიგნად გააკეთოს ერთი სეზონი, სადაც რიკის და მორტის საქართველოში მოგზაურობის სათავგადასავლო ისტორიებს მოგვითხრობს.

სახალისო ფოტოანიმაციების ავტორი აპირებს რამდენიმე თვეში, შემოდგომაზე, რიკისა და მორტის პროტოტიპი ქართველი ბაბუა და შვილიშვილი დახატოს, ქართული ეროვნული სამოსითა და იერსახით, და ანიმაცია ააწყოს:

„ჯერ ბევრი სამუშაო მაქვს. უნდა დავხატო თითოეული პერსონაჟის მიმიკა, სახის გამომეტყველება და სხვა დეტალი. ფურცელზე ფანქრით დავხატავ ელექტრონულ ანიმაციად გარდასაქმნელად. ამეტყველებისთვის ხმა და მუსიკაა საჭირო. როცა თრეილერს გავაკეთებ, შეგეხმიანებით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG