Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელი ოპერაციამდე შევიცვალე-ინტერვიუ პირველ ტრანსგენდერ ქალთან, რომლის სქესი სახელმწიფომ აღიარა


„ეს ნამდვილად მე ვარ“ -ეუბნება რადიო თავისუფლებას 22 წლის ლიკა (სახელი შეცვლილია), რომელიც უკვე ერთი კვირაა, რაც ოფიციალურ საბუთებშიც ქალია. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როცა სახელმწიფომ სამართლებრივად აღიარა შეცვლილი გენდერი. ლიკას განაცხადი გენდერის მარკერის შეცვლაზე იუსტიციის სამინისტრომ მისთვის მოულოდნელი სიმარტივით დააკმაყოფილა - ლიკას სქესის შეცვლის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ვერ მოიძებნა კანონი, რომელიც მას გენდერის მარკერის შეცვლას აუკრძალავდა. ლიკამ რადიო თავისუფლებას უამბო, რას ნიშნავს მისთვის ეს გადაწყვეტილება.

რას ცვლის აღიარება

“სახელი ჯერ კიდევ ოპერაციამდე შევიცვალე [ოფიციალურ დოკუმენტებში]. ეს ჩემთვის იყო მთავარი მომენტი. წარმოიდგინე, გამოვიყურები როგორც გოგო და ამ დროს სახელი მაქვს ბიჭის. ჩემი ტრანსი მეგობრების უმრავლესობა იცვლის სახელს, რადგან ეს მაქსიმუმია, რის შესაძლებლობასაც იძლევა კანონმდებლობა ქირურგიული ჩარევის გარეშე. ეს იყო საოცარი მომენტი, როცა ის სახელი ჩავიწერე, რომლითაც ყველა მიცნობს, რომელიც ჩემია, იყო პირველი სიხარული. ყველა უწყებაში ჩავისწორე სახელი - აფთიაქის ბარათებშიც კი.

მაგრამ სახელი არ არის გენდერის მარკერი. ჩემი თემის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ზოგადად, არის გენდერის მარკერთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა როგორც ყოფით, ასევე სამართლებრივ დონეზე. მაგალითად, მე თუ საზღვარგარეთ წავალ და აეროპორტში ჩხრეკა მომიწევს, კაცს უნდა გავეჩხრიკე, რაც ჩემთვის არაკომფორტულია.

უფრო მასშტაბურ დონეზე ეს ცვლილება უზრუნველყოფს ქორწინების უფლებასაც. მე უკვე შემიძლია ვიქორწინო პარტნიორთან და ვიცი, რომ ამაზე არანაირი პრობლემა არ შემექმნება.

„მე ვარ ქალი - აღიარე“ - 2018 წლის ტრანსგენდერი ქალების აქცია იუსტიციის სახლთან
„მე ვარ ქალი - აღიარე“ - 2018 წლის ტრანსგენდერი ქალების აქცია იუსტიციის სახლთან


ოპერაცია რომ გავიკეთე და გადავწყვიტე გენდერის შეცვლა საბუთებში, ვფიქრობდი, რომ სასამართლოსთვის უნდა მიმემართა. აღმოჩნდა, რომ ეს არ არის საჭირო, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, როგორი მძიმე გამოცდილება აქვთ ტრანსადამიანებს საქართველოში უფლებრივად, მაინც ველოდი, რომ ჩემს განცხადებაზე უარი მომივიდოდა.

როცა ახალი დაბადების მოწმობა მივიღე, ძალიან მაგარი იყო, ვერ აღვწერ ამ შეგრძნებას. უდიდესი სიხარული და თავისუფლება. ოჯახშიც იციან ეს ამბავი და მშვენივრადაც მიიღეს. რაღაც მომენტში ისინი მიხვდნენ, რომ ეს ნამდვილად მე ვარ და ეს არ იყო აკვიატება. იმდენი წელია, ვპოზიციონირებ თავს ისე, როგორც შინაგანად ვგრძნობ, რომ დიდი შოკი არ ყოფილა. მთავარი ისაა, რომ დედა მედგა გვერდში და როცა დედა შენს მხარესაა, მერე შენთვის უკვე სულ ერთია, სხვა ადამიანები შენზე რას იტყვიან.

თემში, ვინც მიცნობს და იცის, ვინ ვარ, ძალიან დიდი გამოხმაურება იყო. მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან საჯაროდაც არ მინდოდა ამ ყველაფერზე ლაპარაკი, რადგან ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა. არ მინდა, ადამიანები ეძებდნენ ჩემს ძველ ფოტოს რაღაც შედარებების გასაკეთებლად ან ახსენებდნენ ძველ სახელს. არ მინდა, რომ დაირღვეს ჩემი პირადი სივრცე“.

როცა სახელმწიფო სქესის შეცვლას გაიძულებს

ის, რომ სახელმწიფო მხოლოდ სქესის შეცვლის ოპერაციის შემდეგ აღიარებს ტრანსგენდერი ადამიანების იდენტობას, უკვე თავისთავად დიდი ჩარევაა პირად სივრცეში, - ფიქრობს ლიკა.

სახელმწიფო აიძულებს ტრანსგენდერ ადამიანებს რეპროდუქციული ორგანოს შეცვლას, იმისთვის რომ შეიცვალოს ჩანაწერი. ჩემს შემთხვევაში იყო ეს მომენტი, რომ აუცილებლად მინდოდა ოპერაციის გაკეთება. მქონდა ამის საშუალება და საქართველოში რომ არა, საზღვარგარეთ გავიკეთებდი.

ბევრ ტრანსადამიანს არ მიუწვდება ხელი ამ ოპერაციაზე. მაგრამ ასეც რომ იყოს, არ შეიძლება, ადამიანს აიძულებდე გენიტალიურ ქირურგიას, როცა მას ეს არ სურს. ნებისმიერი ოპერაცია რისკია ჯანმრთელობისთვის. ეს ოპერაცია მარტივი არ არის. ან შეიძლება ადამიანს მოსწონდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის.


მე ვთვლი, რომ, თუ ადამიანი თავს გრძნობს ქალად ან, ტრანსმამაკაცების შემთხვევაში, კაცად და საზოგადოებაში აქვს ასეთი პოზიცია, მას უნდა შეეძლოს ამ ჩანაწერის შეცვლა ოპერაციის გარეშე. თუმცა, რა თქმა უნდა, მარტივად ვერ მოხდება ყველა მსურველმა ასე ცვალოს სქესის გრაფა. სახელმწიფოსთვის ეს პრობლემურია, თუმცა არ უნდა ითხოვდნენ ასეთ რადიკალურ ჩარევასაც.

ამიტომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს გენდერის სამართლებრივი აღიარება, აუცილებლად.ამ პოლიტიკის არარსებობის გამო იქმნება ძალიან ბევრი პრობლემა - რეალურად, პირადობის წარდგენა სამსახურში ან საბანკო დაწესებულებაში არის იძულებითი ქამინგ აუთი. როცა ტრანსგენდერი ადამიანი აჩვენებს სამსახურში პირადობის მოწმობას, გამოიყურება, როგორც ქალი, და იქ, მაგალითად, გრაფაში უწერია მამრობითი სქესი, ეს ქმნის ძალიან უხერხულ სიტუაციას, თუ არა სამსახურიდან განთავისუფლებას. მას მერე, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, არასამთავრობო ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა, სადაც მიმღებლობაა, მაგრამ ყოველდღიურად ვმუშაობ ჩემი თემის ადამიანებთან და ვიცი, რამხელა ტვირთია ეს. მე გამიმართლა. ჩემი მაგალითი არ შეიძლება ჩავთვალოთ კლასიკურ მაგალითად“.

შუალედური გამარჯვება

ლიკას შემთხვევა გენდერის მარკერის შეცვლის პირველი შემთხვევაა, თუმცა ქეთი ბახტაძე, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის იურისტი და ლიკას წარმომადგენელი, ამბობს, რომ ის მხოლოდ ხაზს უსვამს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სრულფასოვანი კანონმდებლობის არარსებობას.

„კანონი არ გვაქვს, ამიტომ აქამდე მხოლოდ ჰიპოთეტურად შეგვეძლო წარმოგვედგინა, რომ იუსტიციის სამინისტრო დააკმაყოფილებდა ამ მოთხოვნას თუ არა. ეს არის ჰაერში გამოკიდებული გადაწყვეტილება, რომელსაც არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. ზეპირად იყო ნათქვამი, რომ თუ წარმოვადგენდით დამადასტურებელ დოკუმენტებს, ეს ცვლილება იქნებოდა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ეს დოკუმენტები იყო კლინიკიდან, რაც საკმარისი აღმოჩნდა. თუმცა არ არსებობს კონკრეტული ბრძანება, რომ ამა და ამ დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელია გენდერის მარკერის შეცვლა“.

გადაწყვეტილებას ვადებიც კი არ ჰქონდა გაწერილი. ლიკამ განცხადება 25 დეკემბერს შეიტანა და, ფაქტობრივად, არ იცოდა, როდის უნდა გამოეღო შედეგი ან გამოიღებდა თუ არა, საერთოდ. გადაწვყეტილების მიღება ყოველგვარი ადმინისტრაციული და საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე, ქეთის აზრით, “მახინჯი პრაქტიკაა” და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობა არ აქვს. ლიკას შემთხვევა ადასტურებს, რომ სახელმწიფოს ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებებზე გათვლილი კანონმდებლობა, უბრალოდ, არ აქვს.

„ეს არ არის მთლად გამარჯვება - ერთგვარი შუალედურია. ეს არის პირველი შემთხვევა ტრანსადამიანის გენდერის სამართლებრივი აღიარების, თუმცა მას აქვს ჩატარებული სქესის შეცვლის ოპერაცია. ეს პრაქტიკა ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება ან სურვილი ჩაიტარონ ეს პროცედურა. გენდერის სამართლებრივი აღიარება სრულიად უნდა იყოს გამიჯნული ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვის საკითხებისგან”.


2017 წლიდან ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს წარმოებაში აქვს ორი ტრანსგენდერი მამაკაცის საქმე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში განხილვას ელოდება. ისინი გენდერის მარკერის შეცვლას თვითიდენტიფიკაციის ნიადაგზე მოითხოვენ. ამ საქმეების დაკმაყოფილება ნიშნავს გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის საქართველოში დანერგვას და დარეგულირებას ისე, რომ დაინახონ ადამიანები, ვისაც ოპერაციის გაკეთება არ სურს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, უნდა დაგმოს ის პრაქტიკა, რომელიც დღეს იუსტიციის სამინისტრომ დაადასტურა, და უფრო ფართე ცვლილება მოიტანოს. თუმცა ამ მომენტისთვის ჩვენ ისიც არ ვიცოდით, რომ ამ ადამიანებისთვის შესაძლებელია გენდერის სამართლებრივი აღიარება, ამიტომ თან გვიხარია და თან გვწყინს“.

კანონს, რომელიც არ არსებობს, მოსარგებლეებიც არ ჰყავს - ლიკამდე ასეთი განცხადება იუსტიციის სამინისტროში არც ერთ ტრანსგენდერს არ შეუტანია, მიუხედავად იმისა, რომ თავად საქართველოში სქესის შეცვლის ოპერაცია პირველად არ ჩატარებულა.

„შეიძლება არ აქვთ მოლოდინი და ახლა გაუჩნდებათ. ამიტომ იყო ეს საქმე პრეცედენტული და მგონია, რომ ბევრ ადამიანს გაუხსნის გზას, რომ მიმართოს იუსტიციის სამინისტროს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG