Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ინსპექტორი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშულის გამოძიებას იწყებს


ლონდა თოლორაია
ლონდა თოლორაია

1 ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი საგამოძიებო მექანიზმს აამოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უწყება დაიწყებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას.

პირველ ეტაპზე სამსახურში კონკურსი 19 გამომძიებლის ვაკანსიაზე გამოცხადდა, თუმცა მთლიანობაში სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მექანიზმში 30 გამომძიებლისა და 2 ექსპერტ-კრიმინალისტის დასაქმება იგეგმება. მათგან ნაწილი თბილისის საგამოძიებო დანაყოფში დასაქმდება, ნაწილი ქუთაისის საგამოძიებო დანაყოფში.

  • რომელი იქნება პირველი საქმე?
  • რა ტიპის დანაშაულზე დაიწყება გამოძიება
  • ვის აქვს შეტყობინების უფლება?
  • ვინ წაიღებს საქმეს სასამართლოში?

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ნონა მჭედლიშვილის ამ და სხვა კითხვებს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია პასუხობს:

ნონა მჭედლიშვილი: რომელი იქნება პირველი საქმე? იცით უკვე რომელი საქმის გამოძიებას დაიწყებენ სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებლები?

ლონდა თოლორაია: ჯერჯერობით არა იმიტომ, რომ ჩვენი უფლებამოსილება გავრცელდება 1 ნოემბრის შემდგომ ჩადენილ დანაშაულებზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. 1 ნოემბერს ველოდებით პირველ შეტყობინებას. უფრო სწორად შეიძლება ეს არ იყოს 1 ნოემბერს, იყოს 2 ნოემბერს, 3 ნოემბერს.

ნონა მჭედლიშვილი: კონკრეტულად რა ტიპის სამოხელეო დანაშაულს გამოიძიებს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მექანიზმი?

ლონდა თოლორაია: საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება ისეთ დანაშაულებებზე, როგორიცაა: წამება; წამების მუქარა; დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან გადამეტება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით; მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება მისცეს განმარტება, ჩვენება ან დასკვნა და სხვა. უწყება გამოიძიებს საჯარო უფლებამოსილების მქონე პირის დანაშაულებებს.

ნონა მჭედლიშვილი: ვის აქვს დანაშაულის შეტყობინების უფლება?

ლონდა თოლორაია: ნებისმიერ პირს- ეს შეიძლება იყოს დაზარალებული, ეს შეიძლება იყოს პირი, რომელიც უშუალოდ თვითონ არ არის დაზარალებული, მაგრამ დაზარალებულისგან აქვს ინფორმაცია, რომ რაღაც ძალადობას ჰქონდა ადგილი მის მიმართ. შეტყობინების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი - განცხადება, სატელეფონო ზარი, ელექტრონული შეტყობინება, საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადება და სხვა. ნებისმიერი სახის შეტყობინება ჩვენთვის იქნება ნიშანი იმისა, რომ აქ შესაძლოა იყოს დანაშაულის ნიშნები.

ნონა მჭედლიშვილი: რა შეგიძლიათ თქვათ 20-21 ივნისის საქმის გამოძიების შესახებ? რომ არა ვადები, ეს საქმე თქვენი ქვემდებარე უნდა ყოფილიყო

ლონდა თოლორაია: პირველი, ვინაიდან ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა 1 ნოემბრამდე, შესაბამისად ჩვენი უფლებამოსილება ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ გავრცელდება და რაიმე ბერკეტი ჩავერთოთ საქმის გამოძიების პროცესში, არ არსებობს. რაც შეეხება შეფასებას, მე ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან შეფასება საქმისა, რომლის დეტალებს, მტკიცებულებებს, საქმის მასალებს არ ვიცნობ, იქნებოდა არასწორიც და არაპროფესიონალურიც. ამიტომ ძალიან რთულია ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება

ნონა მჭედლიშვილი: შესაძლებელია თუ არა გამონაკლისის დაშვება და ძველი, 1 ნოემბრამდე მომხდარი დანაშაულის გამოძიება?

ლონდა თოლორაია: მხოლოდ გენერალურ პროკურორს შეუძლია სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მექანიზმს თავისი გადაწყვეტილებით დაუქვემდებაროს 1 ნოემბრამდე მომხდარი დანაშაულის გამოძიება.

ნონა მჭედლიშვილი: სახელმწიფო ინსპექტორს აქვს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების უფლება. თუმცა ვერ ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. შესაბამისად მისი დამოუკიდებლობა არ არის სრულფასოვანი?

ლონდა თოლორაია: პროკურატურა ახორციელებს საპროცესო ზედამხედველობას, დიახ ეს ნამდვილად ასეა, თუმცა კანონმა გაწერა რამდენიმე მექანიზმი, რომელიც ჩვენ განგვასხვავებს სხვა საგამოძიებო უწყებებისაგან. მაგალითად, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეს აქვს უფლება წერილობით მიმართოს ზედამხედველ პროკურორს, თუ ჩვენი საგამოძიებო სამსახური ჩათვლის, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ საქმეზე ან სისხლის სამართლებრივი დევნაა დასაწყები, ან რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა მისაღები. ამგვარი უფლებამოსილებით არ არის აღჭურვილი სხვა საგამოძიებო უწყებები.

ნონა მჭედლიშვილი: თუმცა გადაწყვეტილებას სისხლის სამართლებრივ დევნაზე პროკურატურა იღებს

ლონდა თოლორაია: პროკურატურა არის ზედამხედველი უწყება და მე ვფიქრობ, რომ ამ საგამოძიებო სამსახურს, რა თქმა უნდა, სჭირდება საპროკურორო ზედამხედველობის და კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. სხვადასხვა უწყებაში საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების თავმოყრა და გადანაწილება შეიძლება ბალანსის დაცვისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ამ ეტაპზე მე გამიჭირდება იმის თქმა, ის მოდელი იქნებოდა უკეთესი, თუ ეს მოდელია უკეთესი. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება.

ნონა მჭედლიშვილი: ანუ თქვენი გამოძიებული საქმე სასამართლოში მიაქვს პროკურორს?

ლონდა თოლორაია: სასამართლოში წარმართვის ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს პროკურორს.

ნონა მჭედლიშვილი: გამოძიების დასრულების შემდეგ საქმის მონიტორინგის რა მექანიზმი აქვს სახელმწიფო ინსპექტორს?

ლონდა თოლორაია: სასამართლო განხილვის ეტაპზე გამომძიებელი სრულად ჩამოცილებული საქმიდან არ არის. გამომძიებელი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე, რომელიც სასამართლოში პროკურორის მიერ შესაძლოა დაიკითხოს. ამიტომ სასამართლოში საქმის გაგზავნის შემდგომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ საქმეზე ჩართულობას არ ასრულებს. ამიტომ ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვიქნებით.

ნონა მჭედლიშვილი: როგორ ვარაუდობთ, პროცენტულად შეტყობინებების რა ნაწილზე იქნება გამოძიების დაწყება შესაძლებელი?

ლონდა თოლორაია: გამოძიება დაიწყება იმ შეტყობინებებზე, სადაც დანაშაულის ნიშნები იქნება დანახული და შედეგები დადგება იმ საქმეებზე, რომლებზეც შევძლებთ მტკიცებულებების მოპოვებას. რა შედეგები დადგება, რამდენი საქმე მივა დევნის დაწყების კონდიციამდე და ასე შემდეგ, ამაზე წინასწარ საუბარი მე ვფიქრობ, არ იქნება სწორი. არ მინდა არასწორი მოლოდინები გავაჩინო. საერთაშორისო სტანდარტებით, საქმეების დაახლოებით 7-8 % მიდის დევნის დაწყების კონდიციამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG