Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახიფათო ქადაგებები - რას ისმენს მრევლი ამბიონიდან


„მაშინ, არ ჯობია, პატარა მოკვდეს?!“ - საზოგადოების ნაწილი უკიდურესად აღაშფოთა ახლახან დეკანოზ თადეოზ სარალიძის მიერ ამბიონიდან წარმოთქმულმა სიტყვებმა „პარაზიტი“ ბავშვების შესახებ. მისი ქადაგება გაჯერებული იყო არმენოფობიული ფრაზებით და ქურდული მენტალიტეტის მოწიწებული ქებითაც. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების ამ და მსგავს, შემაშფოთებელ გზავნილებს თეოლოგები, უფლებადამცველები და ფსიქოლოგები სახიფათოდაც მიიჩნევენ, არა მხოლოდ მრევლის წევრი თუ არაწევრი ცალკეული ადამიანებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც. ისინი სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ. „სახიფათო ქადაგებების“ პრობლემის სისტემურობას არ აღიარებს საპატრიარქო.

  • რას ქადაგებენ სასულიერო პირები?
  • როგორ რეაგირებს საზოგადოება, საპატრიარქო და სახელმწიფო?
  • რით არის სახიფათო გონებაში ჩალექილი „ნაღმები“?

ბავშვების ამბავი

მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ კორონავირუსზე საუბრისას ბავშვები საცოცხლებელ, კარგ ბავშვებად და არასაცოცხლებელ „პარაზიტებად“ დაჰყო. დეკანოზმა ისიც განსაზღვრა, რა კრიტერიუმებით ხვდებიან ბავშვები ამა თუ იმ კატეგორიაში.

„თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაშიმაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?!” – ამბობს სასულიერო პირი 24 იანვარს, ინტერნეტში გავრცელებულ ქადაგებაში. ამავე ტექსტში იყო არმენოფობიული და ქურდული მენტალიტეტის დამცველი პასაჟებიც, თუმცა ბავშვების თემამ, ამ შემთხვევაში, ყველაფერი გადაფარა.

დეკანოზმა 27 იანვარს წერილობით ითხოვა შენდობა.

„ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან”, - წერია თადეოზ სარალიძის სახელით გავრცელებულ განცხადებაში. თუმცა ამ „ეროვნული, სოციალური, და პედაგოგიური“ შეცდომების მიუხედავად, ქადაგების ვიდეოჩანაწერი ჯერ ისევ იძებნება მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარის ფეისბუკგვერდზე. ბევრმა დეკანოზის სიტყვები არასარწმუნო მონანიებად და არადამაჯერებელ ბოდიშად აღიქვა, მრევლმა კი მას მხარი დაუჭირა.

სოციალურ ქსელში დეკანოზს ამხნევებენ:

  • კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ნათქვამია. სულის სიმშვიდეს და გამძლეობას გისურვებთ მამაო.
  • ღმერთმა დაგლოცოთ, მამა თადეოზ. რას ვიზამთ, სიმართლის მთქმელს მათრახი პირველს მოხვდებაო.
  • მან მხოლოდ სიმართლე თქვა და ჩვენ მამა თადეოზი არ უნდა განვკითხოთ მამა თადეოზი მთელი საქართველოსთვის და მრევლისთვის ლოცულობს იღწვის საქართველოს სულიერი სიმშვიდისთვის სანამ მამა თადეოზზე ცუდს იტყვით კარგად დაფიქრდით და თქვენ გულებში ჩაიხედეთ
  • თქვენსავით ნეტა სხვები აზროვნებდნენ მამაო უფალმა მოგცეთ ძალა ამ პირობების გამკლავების თქვენ მრევლს უყვარხართ მთავარი ესააა.

ყოფილი სასულიერო პირი, ბასილ კობახიძე გვეუბნება, რომ ეს შემთხვევა სისტემური პრობლემის მხოლოდ ერთი, მცირე გამოვლინებაა. რადგან ბავშვების მიმართ იმავენაირი დამოკიდებულება აქვს სასულიერო პირებისა და მრევლის უდიდეს ნაწილსაც.

„ჩვენ ვნახეთ (სოციალურ ქსელში), რომ მრევლს არანაირად არ გაუკვირდა ბავშვების დახოცვის ქადაგება. პირიქით, მისი ქადაგების შინაარსს ყველაზე აქტიურად იცავენ მრევლის წევრი ქალები, დედები და, ფაქტობრივად, ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ - ხო, ცუდი ბავშვი უნდა მოკვდეს...

ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და მხოლოდ მამა თადეოზ სარალიძე არ ქადაგებს ამას... ეს პრობლემა სააშკარაოზე გამოვიდა ჯერ კიდევ 20 წლის წინ, როცა სინოდმა, ჩვენი ეკლესიის უმაღლესმა ორგანომ, მიიღო დადგენილება, რომ უნათლავად გარდაცვლილი ბავშვები და დედის მუცელში გარდაცვლილი ჩვილები მიდიან პირდაპირ ჯოჯოხეთში. ეს განაპირობა ეკლესიის უმრავლესობის ასეთმა მიდგომამ.

ქადაგებებში ხშირად მოგვისმენია, რომ სუროგაციით გაჩენილი ბავშვი არის ცოდვიანი და უბედური იქნება და ასევე, ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვიც... ვისმენთ ასევე, რომ ჯვარდაუწერელი მშობლების შვილი უბედური იქნება... ჩვენს ეკლესიაში შენარჩუნებულია საბჭოთა კავშირი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ყოფილი დეკანოზი, ბასილ კობახიძე.

  • შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა“, - 2014 წელს, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში წაკითხულმა ამ სიტყვებმა ბავშვთა უფლებების დამცველების მწვავე რეაქცია გამოიწვია. ისინი ლაპარაკობდნენ ამ კატეგორიის ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების, ჩაგვრისა და მარგინალიზების წახალისებაზე.
  • ინტერნეტში იძებნება ასევე დეკანოზ ბასილ ახვლედიანის 2020 წლის მარტით დათარიღებული ქადაგება, სადაც ის დედებს ასწავლის, რომ ლოცვა მხოლოდ დამჯერი და მორწმუნე შვილის გადარჩენისთვის ღირს: „არარეალური ურთიერთობაა, როცა ურჩი და ღვთის მგმობი შვილი ავად არის და დედა რომ ლოცულობს ღვთის წინაშე - ღმერთო, გადამირჩინე, ცოცხალი მიმყოფე, ასეთია, ისეთია, მაინც ჩემი შვილია... ეს ცრუ რეალობაა. სწორი, მართალი რეალობაა - ღმერთო, გაიყვანე ამ ავადმყოფობით, რომ კიდევ უფრო დიდ ცოდვაში არ ჩავარდეს და ჯოჯოხეთში არ შთაინთქას წლების და საუკუნეების და მარადისობის განმავლობაში... ეს არის სწორი და ნამდვილი, ის არასწორი არის“.

დეკანოზ თადეოზ სარალიძის „სახიფათო მესიჯებმა“ აღაშფოთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ბავშვებსა და მოზარდებში სასულიერო პირის სიტყვებმა შესაძლოა მრავალნაირი უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს და ძალადობაც წაახალისოს.

„ეს შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. ეკლესია საკმაოდ ავტორიტეტული ინსტიტუციაა და მინახავს, რომ ადამიანები სრულიად უაპელაციოდ იმეორებენ და ცხოვრებაში გადააქვთ მესიჯები, რაც მათ მოისმინეს ეკლესიის კედლებში. მაგალითად, მორწმუნე ექიმისგან მომისმენია, რომ მორწმუნე ადამიანები ავად არ ხდებიან... მე ამაზე უფრო სასტიკი და არაჰუმანური ფრაზა არ მეგულება.

ახლა, ამ სტრესულ სიტუაციაში ბავშვები ისედაც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ჩემი პრაქტიკიდან ვიტყვი, რომ ბავშვებს გაუჩნდათ ავად გახდომის შიში, ახლობლის სიკვდილის შიში...

ყველაფერი, რაც ამ ქადაგებაში ითქვა, შეიძლება ბავშვმა საკუთარ თავს დაუკავშიროს და თუკი ავად გახდება, ჩათვალოს, რომ ცუდია და ეს იმიტომ მოხდა.

ბავშვების უმრავლესობა დღეს ტელეფონშია თავჩარგული... შეიძლება ერთმა მოზარდმა მეორეს წამოაძახოს, რომ რადგან ის ტელეფონს იყენებს - „პარაზიტია“ და სასიცოცხლო არ არის. მოკლედ, მსგავსი განცხადებები შეიძლება გახდეს ბულინგის, სერიოზული შფოთვითი მდგომარეობებისა და აგრესიის გამომწვევი როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ“, - გვეუბნება მაია ცირამუა.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, დანიელმა (დათუაშვილი) 27 იანვარს განაცხადა, რომ ახლო მომავალში განიხილება დეკანოზ თადეოზ სარალიძის სავარაუდო სასჯელის საკითხი. თუმცა მეუფემ ისიც თქვა, რომ შეცდომა ყველას მოსდის და რომ ამ შემთხვევაში „კარგი ჩანაფიქრის“ „არასწორად შესრულებასთან“ უფრო გვქონდა საქმე.

სისხლისღვრა, ქსენოფობია და სხვა

2019 წლის ზაფხულში დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა ადამიანების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების სიკვდილით დასჯის სურვილი გამოხატა და თქვა, რომ ეს სულაც არ არის სასირცხვილო ფაქტი.

„დღეს გვაქვს ტელევიზიები, იგივე „რუსთავი 2“ თუ სხვა, რომლებიც გამოდიან და ფეხქვეშ თელავენ ჩვენს აზროვნებასა და ფასეულობებს... და ჩვენ ვართ ეკლესია და მართლმორწმუნეები, რომლებიც ამას როგორც მოცემულობას, ისე აღვიქვამთ და არ გვაქვს სურვილი, მივიდეთ, დავუშვათ და, დავამხოთ, ავაფეთქოთ და დავშალოთ და დავარბიოთ და აღვუდგეთ წინ ამ ბოროტებას, თუნდაც სისხლის დაღვრით...

არა, სახელმწიფო გვეუბნება - ეს არისო 21-ე საუკუნე და ადამიანის უფლებები... ერთი სული მაქვს, როდის მოვა მეფე, მირონცხებული სათავეში, რომ დაიყენოს მოედანზე, საჯაროდ, ყველა ღვთისმგმობი და მქადაგებელი ადამიანი, გააფრთხილოს ერთჯერ და მეორეჯერ თავი მოაჭრას მათ იმ ძველი ხმლით თუნდაც, რომელიც მუზეუმებში ინახება... საჯაროდ მოაჭრას. არ არის ეს სირცხვილი, სიკვდილით დასჯა“, - თქვა მან ქადაგების დროს.

2019 წლის გაზაფხულზე, როცა საქართველოში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული პროცესები გამწვავდა, მეზობელ აზერბაიჯანთან მიმართებით სისხლისღვრისთვის მზადყოფნაზე ლაპარაკობდნენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები:

  • თუ საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ, სასულიერო პირები, და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს... მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ. სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს... თუ საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში ჩვენ უნდა წავიდეთ, სასულიერო პირები, და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს“, - განაცხადა დავით გარეჯში ჩასულმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, სინოდის წევრმა, მეუფე იობმა (აქიაშვილი);
  • „ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ამ და სხვა კონტექსტსაც არ ითვალისწინებს და უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს. ერთი იცოდეს ყველამ, შინაურმაც და გარეულმა, არავის დავუთმობთ ჩვენ წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას, უპირველსად სამღვდელოება წავალთ და ჩვენს მკერდს მივუშვერთ მომხდურთ, წინაპართა დარად! - წერდა სოციალურ ქსელში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, სინოდის წევრი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი).

იმავე დღეს გაკეთდა მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული განცხადებებიც. მას შემდეგ, რაც აღდგომის ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა, მეუფე იობმა ქადაგებისას თქვა: თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან მუსულმან ქვეყნებზე, რომ ჩვენი მეგობრები და ჩვენი ძმები არიან. ეს იცით, რას ნიშნავს, რომ ქრისტიანმა თქვას, რომ ეშმაკის მიმდევარი და ეშმაკის მსახური ჩვენი მეგობარია. მათზე არის სულიერი დამღა მუსულმანობის და ისტორიული მეხსიერება ჩვენ არ გვღალატობს და გვახსოვს, რომ ყოველთვის განსაცდელები ასეთი ქვეყნებიდან მოდიოდა”.

ამ და სხვა მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, 2020 წლის 2 მაისს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობაზე არაფერი იყო ნათქვამი. საპატრიარქო აღნიშნავდა, რომ მართალია, გარეჯის მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია“, მაგრამ ის „კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას“ და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ“.

სასულიერო პირთა ქადაგებებსა თუ საჯარო განცხადებებში მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული მესიჯების უდიდესი ნაწილი, წლების განმავლობაში, საპატრიარქოს მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება.

მაგალითად, ასეთი:

  • „თქვენ გჯერათ, რომ მაჰმადიანი ქართველი მართლა ქართველია? მე არ მჯერა. არ მჯერა იმიტომ, რომ მისი ორიენტაცია სულ სხვა არის. ჩვენი წინაპრები ისლამის წინააღმდეგ იბრძოდნენ, რომლებსაც მახვილით უნდოდათ გაევრცელებინათ საქართველოში მაჰმადიანობა“ - დეკანოზი დავით ისაკაძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ლიდერი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, 2013 წელი;

ან ასეთი:

  • ახლა ნახე, რა დაიწყეს? თურქული სერიალების ჩვენება და იქ პირდაპირ, თუ ამჩნევთ, უღმერთოები ქრისტიანებს მოგვმართავენ თურქები, უღმერთოები, უკვე ღმერთსაც გვავიწყებენ“ - დეკანოზი გიორგი რაზმაძე, ტელეკომპანია „ობიექტივი“, 2014 წელი.

სასულიერო პირები არცთუ იშვიათად წარმოაჩენენ აზერბაიჯანსა და თურქეთს ოკუპანტებად და აღვივებენ შიშს, თითქოს თურქეთი - ბათუმის, ხოლო აზერბაიჯანი დავით გარეჯის წართმევას აპირებდეს. იგივე სასულიერო პირები მსგავსი შემართებით არასოდეს ლაპარაკობენ რუსეთზე და საზოგადოების ერთი ნაწილი ამგვარ ფაქტებს რუსეთის ოკუპაციის გადაფარვის მცდელობად აღიქვამს.

„ასეთი სტიგმები, ასეთი დაშტამპული კლიშეები და სტერეოტიპები იწვევს შემდეგ კონფლიქტებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის და ეს უწყობს ხელს იმ ტიპის მოვლენებსაც, რაც ჩვენ ბოლო პერიოდში გურიაში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში) ვნახეთ...

ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხელშეწყობით ხდება, რადგან საპატრიარქო ხელშეუხებელ გაერთიანებას წარმოადგენს და მისი დადანაშაულება არასოდეს ხდება. თუკი დეკლარირებულად ვამბობთ, რომ ვართ სეკულარული სახელმწიფო, ეს რანაირად თავსდება ერთმანეთთან, სრულიად გაუგებარია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ანტისემიტიზმი - რასიზმის საშიში ფორმა

ბოლო დროს საქართველოში სასულიერო პირთა ქადაგებებში ანტისემიტური გზავნილებიც გამოჩნდა და ისრაელის ელჩის საქართველოში, რან გიდორის შეშფოთება გამოიწვია.

რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ელჩმა განაცხადა, რომ ქართველ სასულიერო პირთა მიერ გავრცელებული მესიჯები იმეორებდა მე-19 საუკუნის ცარისტულ რუსეთში შექმნილი „სიონის ბრძენთა კრების ოქმების“ სამარცხვინო სტერეოტიპებს - რომ ებრაელები უმეტესწილად მდიდრები არიან, ისინი ახდენენ ხელისუფლებების მანიპულაციას სარგებლის მისაღებად და ამას აკეთებენ არაებრაელთა ხარჯზე“.

ელჩი გიდორი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქუთაისიდან წამოსული პირველი ასეთი განცხადება „ძალიან მაღალი რანგის სასულიერო პირს“ ეკუთვნოდა და მასზე დიპლომატიური პასუხი გასცა. თუმცა ორ კვირაზე ნაკლებ დროში უარესი განცხადება წამოეწია. ელჩი მოელოდა, რომ ამ ფაქტს მოჰყვებოდა მკაცრი დაგმობა „საქართველოს მაღალი ისტაბლიშმენტის“ მხრიდან, მაგრამ რადგან „გარკვეული ყოყმანი“ შეამჩნია, ისევ თავად მოუწია ამჯერად უფრო გაცილებით მწვავე განცხადების გაკეთება.

  • პირველი განცხადება, რომელიც ანტისემიტურ შინაარსს ატარებდა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტს, სინოდის წევრს, მეუფე იოანეს (გამრეკელი) ეკუთვნოდა, რასაც არასამთავრობო სექტორის, თეოლოგებისა და საზოგადოების ნაწილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
  • მიტროპოლიტ იოანეს გამოესარჩლა ამავე ეპარქიის მღვდელი ილია კარკაძე, რომლის განცხადებები ასევე ანტისემიტური შინაარსის შემცველი იყო.

ამ ფაქტებს ტვიტერზე გამოქვეყნებული მოკლე და ზოგადი განცხადებით გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. სხვა მაღალი ან უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს განცხადებები არ გაუვრცელებიათ. განცხადება არც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გაუკეთებია.

მე რამდენჯერმე მითხრეს, რომ პატრიარქი ყურადღებით აკვირდება, რაც ხდება და გამოხატავს დიდ სინანულს მომხდარის გამო. პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა არ არის საუკეთესო და ნამდვილად არ მქონდა მოლოდინი, რომ ის, მაგალითად, სატელევიზიო განცხადებას გააკეთებდა, თუმცა, ეს მისასალმებელი იქნებოდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რან გიდორმა.

ბოლოს, ყველაფერი მხოლოდ დეკანოზ ილია კარკაძეს დაბრალდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მღვდელმსახურმა შენიშვნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანესგან მიიღო. მანამდე მეუფე მის კრიტიკოსს, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტს“ (TDI) დაუპირისპირდა.

როგორც TDI-ის გამგეობის წევრმა, მაკო ღავთაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეკლესიის რეაგირება ამ საკითხზე აბსოლუტურად არასაკმარისი იყო.

„მათ ბოლომდე გაამართლეს და დააფარეს ხელი მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგების შინაარსს. მხოლოდ დეკანოზ კარკაძის ქადაგების პრობლემურობის აღიარება, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი... ეს ხომ ძალიან სახიფათო საკითხია. ეს არ არის ჩვეულებრივი სიძულვილის ენა, როდესაც ანტისემიტიზმზე ვსაუბრობთ. აქ ლაპარაკია ძალიან დიდ ბოროტებაზე, რომელსაც თავისი ძალიან მძიმე ისტორია აქვს...

საპატრიარქო ხედავს, რომ ასე გახშირდა დეზინფორმაციის, ქსენოფობიური და სხვა ფობიების შემცველი განცხადებების გავრცელება, მაგრამ არ აღიარებს, რომ სისტემური პრობლემაა ეკლესიაში“, - გვითხრა მაკო ღავთაძემ.

დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა ქუთაისში გაკეთებულ განცხადებებს ხმაური მოჰყვა, ანტისემიტურ მესიჯებს ქადაგებდა დეკანოზი თადეოზ სარალიძეც. 2020 წლის 17 დეკემბერს, ქადაგებისას, ებრაელები მან კოვიდვაქცინაციის საწინააღმდეგო მოწოდებების ფონზე ახსენა.

„ებრაელები, ბევრჯერ გითხარით და იცით თქვენ, რომ ამბობენ - ჩვენ ვართ ისრაელი, ანუ რჩეული... დანარჩენიო - ფრანგი, გერმანელი, ინგლისელი, შოტლანდიელი, ქართველი, სომეხი - ყველა არის ცხოველი.

მთელი მუშაობა მიდის მსოფლიო გაერთიანებისკენ - ახლა ეპიდემიას იყენებენ, მერე კიდევ უფრო გაართულებენ და მერე ბევრი იტყვის - კარგით, მოდით გავერთიანდეთ, ერთად ვიბრძოლოთ...

მაგრამ ჩვენ, მღვდელმთავრები და მღვდლები უნდა ვიყოთ შემართებით... პირველი სიკვდილი ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე, პირველი დარტყმა ან დაჭერა“, - თქვა მან.

ინტერნეტში იძებნება დეკანოზ თადეოზის სხვა ქადაგებებიც, სადაც ის „ჩიპების ჩადგმასა“ და „მასონების ბნელ ზრახვებზე“ ლაპარაკობს. ბასილ კობახიძის თქმით კი, „დაჩიპვის“ საწინააღმდეგო კამპანიაც სწორედ ანტისემიტიზმს ეფუძნება, რომ თითქოს ებრაელები და მასონები ცდილობენ გააკონტროლონ მთელი მსოფლიო.

კორონა, ჩიპები, „ოქროს მილიარდის“ კონსპირაცია

„არავითარი ვაქცინა“, - ასე მიმართავს 17 დეკემბრის ქადაგების დროს დეკანოზი თადეოზ სარალიძე თავის მრევლს და უკითხავს ციტატას გაურკვეველი წარმოშობის კვლევიდან - თუ რა საშინელება შეიძლება დაემართოს მას, ვინც ვაქცინას გაიკეთებს.

„ვაქცინა იწვევს თავბრუსხვევას, ანუ წნევის თამაშს - კორონა არ მოგკლავთ, წნევა მოგკლავთ; იცისო გულისრევა - ეს მოწამლულობაა... ამას მოყვება ჩიპი - მასონებს გეგმა აქვთ, რომ 7,5 მილიარდიდან 6,5 მილიარდი ადამიანი უნდა მოკლან (მსოფლიოში). ერთი მილიარდი უნდა დარჩეს მარტოო - „ოქროს ერთი მილიარდიო“...

ახლა ეს ჩიპი წყლულებს იწვევს - ჩირქი გექნებათ სახეზე და ტანზე, რა ქმარი მოგეკარებათ, რა ცოლი მოგეკარებათ, ფეხზე აყროლდებით. უეჭველად ასეა... დაჩირქებას მოჰყვება მძიმე ტკივილები, როგორცკი მზის სხივი მოხვდება წყლულებს. არანაირი გამაყუჩებელი არ უშველისო... (იცისო ასევე) მოდუნება, უხასიათობა, სექსუალური უძლურება, უნაყოფობა, უიმედობა, უსიყვარულობა, ლოცვის დაზარება, ტაძარში არწასვლა, სხვისი ჭირის არგაზიარება... ანუ ადამიანი იქნება, როგორც ცოცხალი ლეში“, - ეუბნება მოძღვარი მრევლს.

მის მიერ წაკითხულ ციტატაში ასახული სიმპტომატიკა არცერთი სამეცნიერო კვლევით არ დასტურდება.

მასონებს მსოფლიოს მოსახლეობის „ოქროს მილიარდამდე“ დაყვანა რომ უნდათ, ეს მესიჯი სხვა სასულიერო პირთა არაერთ ქადაგებაშიც გვხვდება. მათგან ნაწილი საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს კორონავირუსის წარმოშობას და აცხადებს, რომ გარკვეულ ძალებს ამ ყველაფრის ეკლესიის წინააღმდეგ გამოყენება უნდათ.

ინტერნეტში განთავსებული ქადაგებებით თუ ვიმსჯელებთ, სასულიერო პირებს შორის ამ მხრივაც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ვაშლიჯვრის ნათლისღების ტაძრის ყოფილი მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ქვლივიძე, რომელიც დეკემბერში COVID-19-ით გარდაიცვალა.

სხალთელი მთავარეპისკოპოსი, სინოდის წევრი, მეუფე სპირიდონ (აბულაძე) თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ყველაფერს აბრალებს ლიბერალებსა და ლგბტ თემს, რომლებსაც სიძულვილის ენით, აგდებულად, ჰომოფობიურ კონტექსტში მოიხსენიებს.

„დედა ეკლესიაში უნდა მოვიდეთ. არ უნდა ავყვეთ მართულ ტელევიზიებს, სატანისა და ანტიქრისტეს ტელევიზიებს, რომ ეკლესიიდან ხალხი გაიყვანონ. დღეს მათი იდეოლოგია ასეთია - ეკლესიაში არ მიხვიდე, ინფექცია გადაგედება. ხატებს არ ემთხვიო, ჯვარს არ ემთხვიო, ინფექცია გადაგედება... დღეს სულის ტაძარს უნგრევენ ხალხს ეს ლიბერასტები, ეკლესიას გმობენ და ებრძვიან და პროპაგანდას სწევენ - ეკლესიაში ნუ მიდიხართო. ამიტომ მოდით ეკლესიაში, ჩვენ ღმერთი გადაგვარჩენს“, - ეუბნება მრევლს მეუფე სპირიდონი.

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ვაქცინაციის მოსწრებაზეა გადართული და კორონავირუსთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთადერთი იმედი სწორედ ვაქცინას უკავშირდება, სასულიერო პირები ანტივაქსერული განცხადებებითა და ცრუ ინფორმაციით მრევლის დაშინებით სახიფათო ანტისახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებენ, - ასე ფიქრობს საზოგადოების ნაწილი და სოციალურ ქსელებში მწვავე დისკუსიები ამ თემასთან დაკავშირებითაც ხშირია.


„ეს არის პარადოქსი და ირონია - როგორ შეიძლება, იმსჯელონ სასულიერო პირებმა სამედიცინო სფეროს შესახებ. ისინი არც ვირუსოლოგები, არც ეპიდემიოლოგები და არც ინფექციონისტები არიან და მსჯელობენ - ვინ უნდა აიცრას და ვინ არა, რატომ არ ვარგა ვაქცინები და ცდილობენ, რომ კომპეტენტური დასკვნები გააკეთონ... ეს არის სახელმწიფოს საქმეებში ჩარევა და დიდი თავხედობაც“, - გვეუბნება გიორგი ტიგინაშვილი.

პრორუსული, ანტიდასავლური განწყობები

ინტერნეტში იძებნება დეკანოზ თადეოზ სარალიძის 19 ივლისით დათარიღებული ქადაგება, რომელშიც ის საქართველოს მომავალს მხოლოდ რუსეთთან კავშირში ხედავს; პუტინის მარჯვენა ხელსა და სისასტიკით გამორჩეულ რამზან კადიროვს ჩეჩნებისთვის თავდადებულ მზრუნველად მოიხსენიებს.

აი, რას ამბობს დეკანოზი, მათ შორის, რუსეთის დროშის აღმართვაზეც:

  • „ამ კაცს (კადიროვს) უნდა შევხვდე უეჭველად... ძალიან მაგარი მხეცია. (ჰკითხეს) გეშინია რამესიო?! და მეშინიაო - პატივი არ დავკარგოო ჩემი ჩეჩნებისო... რუსეთს ეხუტება, (ასე ამბობს) პირველი პრეზიდენტი პუტინი არიო, მაშინ (ბარაკ) ობამა იყო (ამერიკის პრეზიდენტი) და რა კაციაო, სააკაშვილი არაკაციო“;
  • „მე პირდაპირ მოვუწოდებ... კადნიერებისთვის ბოდიშს მოვითხოვ... ეს ჩვეულებრივი ამბავია, ათონზე იქნები თუ სადაც იქნები, არის ბერძნული დროშა და ათონის დროშა... საპატრიარქოში უნდა აღიმართოს ქართული დროშა და რუსული დროშა. ყველა ეპარქიაში უნდა აღიმართოს ქართული დროშა და რუსული დროშა. ყველა მღვდლის სახლშიც... მე პირადად ვეძებ კიდევაც, რომ აღვმართო ქართული და რუსული დროშა“;
  • „ახლა დამიწყებენ - მიწა წაგვართვეს, ეს გვიქნეს, ის გვიქნესო... რაც დაგრჩა, იმასაც მიაყოლებენ...დღეს ერთადერთი ძალა, ნაღდი ძალა არის რუსეთში“;
  • „ასე თქვა ჩემმა უფროსმა ძმამ და საყვარელმა მამა დავით ქვლივიძემ (და მე მის ქადაგებებსაც ვუსმენ) - დილას არ იქნება რუსეთი?! - საღამოს საქართველოს სახსენებელი არ იქნება; საღამოს არ იქნება რუსეთი?! - დილას საქართველოს სახსენებელი არ იქნება“ ...მართლაც ასეა“;
  • „მოდით, ყველამ ილოცეთ მაინც... და კიდეც დაიჭირეთ ის (რუსეთის) დროშა, გინდა სახლში (აღმართეთ)... გაგლანძღონ, რა გინდა. შენ ღვთის წინაშე იქნები მართალი და რუსეთის წინაშეც იქნები მართალი“;
  • „ნატვრა მაქვს, რომ წმინდა კირილე - მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი იყოს მოწვეული. ეს გაალღობს ამ ყინვას ჩვენსა და მათ შორის და იყოს ნათქვამი სიმართლე, რომ როგორც სამეგრელოა Крайняя Грузия, ესე იგი - გარე Грузия; ისეა უკრაინაც არის Крайняя Россия... როგორ უბედავ შენ და ედავები მის მიწებს“.

ქადაგებების მიხედვით, აწ გარდაცვლილი დეკანოზი დავით ქვლივიძე მართლაც გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ განსაკუთრებული ნოსტალგიითა და სიყვარულით. ინტერნეტში ხელმისაწვდომი მრავალი ქადაგებისას მრევლს ის საათობით ელაპარაკებოდა რუსეთის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და მის განსაკუთრებულ მზრუნველობაზე მე-19 საუკუნეში.

„ღმერთმა შეგვარიგოს ყველა მართლმადიდებლები. ჩვენ ერთი მიზნები გვაქვს, ერთი ორიენტირები გვაქვს. როგორც ჩვენთვის არის მიუღებელი მამათმავლობა და გარყვნილება, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში (რუსეთში) აკრძალულია მამათმავლობის ქადაგება და ამაზე ციხეა...

გახსოვთ, როცა ტიტლიკანა ქალები ტაძარში შევარდნენ და სიმღერა დაიწყეს, "ფუსი როიტიო“ (პანკჯგუფი „ფუსი რაიოტი“) თუ არ ვიცი რა ერქვათ, სამი წლით ციხეში ჩასვეს... ჩემთვის ის არის მისაღები, ვინც საქართველოს ეკლესიას არ შეეხება, ტრადიციებს არ შეეხება, ჩემს ზნეობას და თვითმყოფადობას არ შეეხება“, - ეუბნება დეკანოზი მრევლს 2017 წლის იანვრის ერთ-ერთ ქადაგებაში.

2019 წლის 20 სექტემბრით დათარიღებულ ვიდეოჩანაწერში კი დეკანოზი დავითი ისევ რუსეთის უძლეველობის მითს ავითარებდა და მრევლს კიდევ ერთ მცდარ ინფორმაციას აწვდიდა, ამჯერად უკვე ნატოსთან დაკავშირებით. ის ამბობდა, რომ ალიანსს საქართველოს გაწევრიანება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობის ხარჯზე უნდა; ხოლო ნატოს ყოფილი გენმდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი პოსტზე ყოფნის დროს ქართველებს „მამათმავლობის ლეგალიზებისკენ“ მოუწოდებდა.

ნატოში არ განიხილავენ საქართველოს გაწევრიანებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის ხარჯზე. ხოლო ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა სადისკუსიოდ წამოსწია ვერსია, რომლის მიხედვითაც ნატოს წესდების მე-5 მუხლი (რაც ალიანსის ყველა წევრის მხრიდან ერთი რომელიმე წევრის სამხედრო დახმარებას გულისხმობს) დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე.

ანტიდასავლური, ჰომოფობიური განწყობების დემონსტრირებას ახდენს მეუფე სპირიდონ აბულაძეც 2012 წლის 8 ივლისით დათარიღებულ ქადაგებაში.

მეუფე სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან ამბობს, რომ მართალია, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები წაართვა. მაგრამ დასავლეთი უარესს აკეთებს.

„რა ხდება დასავლეთით... სიტყვით იძახიან, რომ ერთიანი საქართველოს მომხრე არიან, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ, რომ ეროვნული ღირებულებები და ზნეობრივი ღირებულებები საშინლად დასცენ და განაქარვონ...

ამასწინათ სოდომური ცოდვების პარადი რომ მოაწყვეს რუსთაველის პროსპექტზე და ყველაზე საშინელი, შემაშფოთებელი ის იყო, რომ უცხო ქვეყნების წარმომადგენლები გამოდიან და გვეუბნებიან - ამ ხალხს თურმე არაფერი არ უნდა ვუთხრათ, რომლებიც სოდომის ცოდვებს პროპაგანდას უწევენ თბილისში, 100 ათასის მოწამეთა ქალაქში და თურმე ამ ხალხის წინააღმდეგ რამის თქმა დემოკრატიის პრინციპების დარღვევაა...

ზოგს ჩვენი ტერიტორიების მითვისება და დაპყრობა უნდა და საქართველო უნდა უქართველებოდ... ზოგს კიდე (უნდა) ამაზე უარესი - ქართველების გახრწნა და გადაგვარება“, - ამბობს ის.

ანტიდასავლურ კამპანიასა და ერთმორწმუნეობის მითის პროპაგანდაზე დამყარებულ კრემლის იდეოლოგიას ეკლესიაშიც რომ ძლიერი საყრდენი აქვს, ეს სხვა დროსაც არაერთხელ გამომჟღავნებულა. ქადაგებების გარდა, მსგავსი შინაარსის განცხადებები კეთდება მედიასთანაც.

დეკანოზ ბასილ ახვლედიანთან 2015 წლის ივლისში ჩაწერილი ინტერვიუ ინტერნეტში DRO TV-ის სახელით არის გამოქვეყნებული.

დეკანოზი ამერიკას მთელი მსოფლიოს გადაგვარებას აბრალებს:

„ძალიან გაამპარტავნდა „დემოკრატიის შუქურა“... მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერი კანონის შეტანის გზით, რეკომენდაციის გზით, შანტაჟისა თუ ფულის გზით ერთ-ერთ მთავარს, რასაც უნდა მიაღწიონ, ეს არის - „ოქროს მილიარდამდე“ დაიყვანოს მთელი მსოფლიო, მოსახლეობის რაოდენობა...

ეს ხდება სხვადასხვა გზით - სხვადასხვა ვაქცინაციებით, გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანით. მაგრამ ყველაზე დიდი იარაღია - და შეიძლება ატომური ბომბი რომ გამოიყენო, ნაკლებად ეფექტური იყოს - ვიდრე სექსუალური რევოლუციის იარაღი. ამას ემსახურებოდა დაახლოებით ბოლო 30-60 წელი...

პირველი, რასაც ისინი ცდილობენ ნებისმიერ ქვეყანაში, ეს არის, გარყვნილების დაკანონება და მიწების ლიბერალიზაცია შეიტანონ“, - ამბობს ის და იქვე დასძენს, რომ საქართველოს არაფერი აქვს ამერიკისგან ჭკუის სასწავლებელი.

მედიის განვითარების ფონდში (MDF) აცხადებენ, რომ ეს მესიჯები ზუსტად ასახავს „რუსული სამყაროს კონცეფციას“, როცა კრემლი განსაკუთრებით ცდილობს რელიგიური საყრდენის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.

„კრემლი ასეთ მესიჯებს ავრცელებს მედიის, პოლიტიკური პარტიებისა თუ სასულიერო პირების მეშვეობით. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ლევან ვასაძე, რომელიც საქართველოში მართლმადიდებელი ოჯახების კონგრესს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში კავშირები რუსეთთან გამოკვლეულია.

სასულიერო პირების განცხადებებში ჩანს თეზა, რომ - კი, რუსეთი ჩვენ გვერჩის ტანკებით, მაგრამ დასავლეთი ებრძვის ჩვენს სულიერებას, ჩვენს სხეულს, ცდილობს დაგვაკარგინოს იდენტობა, ებრძვის ოჯახს, ტრადიციებს... მაგრამ სული უფრო მნიშვნელოვანია.

ამ ფონზე ხდება რუსეთის წარმოჩენა, როგორც მართლმადიდებლობის დამცველისა და მხსნელისა. შეთქმულების თეორიები სწორედ რუსული იდეოლოგიიდან მოდის და ამას საერთო არაფერი აქვს რელიგიასთან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას MDF-ის ხელმძღვანელმა, თამარ კინწურაშვილმა.

რა ეშველება ამ ყველაფერს?

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი უპირველეს პრობლემად სასულიერო პირების გაუნათლებლობას თვლის.

„განათლება ამ ყველაფრის ფუნდამენტური ფაქტორია. პრობლემაა ის, რომ ადამიანის სამღვდელო ხარისხში აყვანისთვის არ არის მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები. ცოდნის გარეშე რელიგია სადამსჯელო ორგანიზმია. აგრესიას ძირითადად უცოდინრობა წარმოშობს.

სასულიერო პირების სულ ცოტა ნახევარს სპეციალური განათლება არა აქვს... ეკლესია იქცა თავშესაფრად ძირითადად წარუმატებელი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ ჰყოფნიდათ სოციალური კაპიტალი, ერუდიცია, ინტელექტუალური რესურსი და იოლი გზებით მოიხვეჭეს მათ პატივი და ძალაუფლება“, - გვეუბნება ტიგინაშვილი.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს რადიო თავისუფლებამ შეფასებები სთხოვა სასულიერო პირთა მხრიდან გავრცელებულ მესიჯებთან დაკავშირებით. გავუგზავნეთ შეკითხვებიც, კონკრეტული პასუხების მისაღებად, და მათ შორის იყო სასულიერო პირთა სპეციფიკურ განათლებასთან დაკავშირებული შეკითხვაც. დეკანოზისგან ერთიანი და მოკლე განცხადება-პასუხი მივიღეთ:

„ჩვენი ეკლესია კომუნისტური დევნისაგან განთავისუფლდა 30 წლის წინ, ამიტომ ამ ხნის განმავლობაში რაც მოხერხდა და რაც ვერ მოხერხდა, ბევრწილად ამ ფაქტორით უნდა გაიზომოს. იმ დროს ქართულად სახარების შეძენაც პრობლემას წარმოადგენდა.

ქართულად საღვთისმეტყველო სახელმძღვანელოების მთარგმნელების, თარგმნის, გამოცემისა და სასულიერო სასწავლებლების ჩამოყალიბების პროცესი ამ მოკლე პერიოდს ითვლის. დღეს უკვე დგას საკითხი, რომ სასულიერო პირად კურთხევას სასულიერო განათლება ესაჭიროება, თუმცა ადრე ეს აუცილებლად არ ხდებოდა“, - მოგვწერა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა.

ბასილ კობახიძე ადრე სხვანაირად ფიქრობდა, მაგრამ ახლა აზრი შეიცვალა და ამბობს, რომ ეკლესიაში ამჟამად ფეხმოკიდებულ პრობლემებს სასულიერო პირების განათლება ვეღარ უშველის და ძირეული გარდაქმნების გარეშე არაფერი გამოვა.

„ჩვენთან სამღვდელოება მართლაც არ არის ერუდირებული. მაგრამ სხვა ეკლესიების მაგალითზე მე დავინახე, რომ განათლება არანაირად არ შველის.

აქ არის თვითონ მსოფლმხედველობისა და ღირებულებების მომენტი და იმდენად დიდია ნორმალურ საზოგადოებასა და ეკლესიას შორის განსხვავება, რომ ამას განათლება ვეღარ უშველის. ერთადერთი გამოსავალია - საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს არის სახიფათო ორგანიზაცია“, - გვითხრა ბასილ კობახიძემ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG