Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახლი ატოცში - ძალიან ახლოს საოკუპაციო ღობესთან


სალომე მხეიძის სახლი სოფელ ატოცში
სალომე მხეიძის სახლი სოფელ ატოცში

ატოცი სალომე მხეიძის სოფელია - ქარელიდან 25 კილომეტრში. სალომე 29 წლისაა, თბილისში ცხოვრობს და მთელი ბავშვობა იქ აქვს გატარებული, თავის ბებიასთან. და მარტო მას კი არა, მისი ოჯახის მთელ სამეგობროს.

„ჩემს სოფელში მავთულხლართებს აბამენ რუსები“, - დაწერა სალომე მხეიძემ 7 ნოემბერს სოციალურ ქსელში. უფრო სწორედ, დაიყვირა.

7 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის გავლება დაიწყეს. საოკუპაციო ღობის მონტაჟი კიდევ ერთ ქართულ სოფელში დაიწყო. მიწა გაიყო. ხალხის კუთვნილი სახნავ-სათესის ნაწილი მოექცა ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს.

სალომე მხეიძე ფეისბუკზე სულ წერს ხოლმე თავის სოფელსა და სახლზე, რომელიც შარშან თითქმის თავისი ხელით გაარემონტა. უყვარს თავისი სოფელი, სადაც მისი ბავშვობაა. მისი ბებიის საფლავია. მისი ვენახია. მისი სახლია.

„წარმოგიდგენიათ, რა შეგრძნებაა? როცა ხედავ, რომ კარგავ იმის ნაწილს, რაც ძალიან გიყვარს. გუშინდელი დღის მერე ყველა მირეკავს და მეკითხება, რა ხდება. რა ვიცი. მე კი ის ვიცი, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ამაზე ცუდი შეგრძნება არ არსებობს. ხალხი ამბობს, რომ გულიკაანთიდან ერთ კილომეტრში ავლებენ საზღვარს. გულიკაანთი ატოცის ერთ-ერთი უბანია. ერთი კილომეტრი არაფერია სოფლისთვის. ეს ძალიან ახლოსაა. ეს ნიშნავს, რომ იქაც ვინმეს დაიჭერენ. ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ. საერთოდ ვერაფერს. უბრალოდ ვდგავართ და ხანდახან, სამ თვეში ერთხელ ვყვირით, რომ რუსეთი ოკუპანტია“.

სალომე მხეიძე
სალომე მხეიძე

თუ ატოცისკენ მიმავალ სალომეს პირადობის მოწმობა თან არა ექნება, სოფელში, შესაძლოა, ვერ შევიდეს. ატოცამდე დაახლოებით 4 კილომეტრში, გზა ორად იყოფა - ერთი ე.წ. სამხრეთ ოსეთისკენ მიდის, მეორე ატოცისკენ.

„იქ სამხედროები დგანან და ჩვეულებრივად უნდა ჩავაბარო ხოლმე ანგარიში, ვინ ვარ, სად მივდივარ, იქ სახლი მაქვს თუ არა. აი, როგორც, მაგალითად, თურქეთში წავიდოდი, დაახლოებით, ეგეთ გზას გავდივარ“.

თუ სალომე ატოცის სახლიდან გულიკაანთის უბნისკენ გზას ფეხით დაადგება, იქ 15-20 წუთში მივა. იქიდან ე.წ. საზღვრამდეც ერთი მაგდენი დასჭირდება. ანუ ერთი ჩვეულებრივი გასეირნება და, მიადგები მიწას, რომელიც უკვე სხვამ მოიღობა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG