Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სესხის აღება გართულდა


ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. სიახლემ, რომელიც ჭარბვალიანობასთან ბრძოლას ისახავს მიზნად, ზოგი დააფრთხო, ზოგიც დააბნია. ზოგმა ინფორმაცია სწორად აღიქვა, ზოგმაც - არასწორად. რადიო თავისუფლებამ ბევრ სკეპტიკოსსა თუ არასკეპტიკოს მსესხებელს მოუსმინა.

  • 1000-ლარამდე ხელფასზე ადრე იმხელა სესხის აღება შეგეძლო, რომლის მომსახურებასაც, ვთქვათ, 450 ლარი სჭირდებოდა თვეში. ახლა ასეთ სესხს ვეღარ აიღებ“ - ვახო, 27 წლის.
  • „5 000-ლარიანი კომპიუტერის ყიდვა მინდა, მაგრამ განვადებას არ მაძლევენ, რადგან კახეთში მოქმედი ჩვენი საოჯახო მეურნეობის დადასტურებული შემოსავალით (წლიური 20 ათასი ლარი) პარამეტრებს ვერ ვაკმაყოფილებ“ - ლამარა, 60 წლის.
  • „მოვასწარით ბანკიდან იპოთეკური სესხის აღება ბაკურიანის მშენებარე ბინისთვის... ამ ახალი რეგულაციებით ვეღარ ავიღებდით, რადგან, როგორც ვიცი, ორ ბინის ჩადებას მოგვთხოვდნენ და არა გვაქვს“ - მაკა, 38 წლის.
  • „მგონი ჩვენთვის ისეთი არაფერი იცვლება. ჩემი და ჩემი მეუღლის შემოსავალი დადასტურებულია, ყოველ თვიურად ბანკში გვერიცხება ხელფასი და როგორც გავიგე, სესხის აღებასაც ისევ უპრობლემოდ შევძლებ“ - გურამი, 45 წლის.

რას გულისხმობს სინამდვილეში ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“? ახალი რეგულაციები მრავალწახნაგოვანია. ჩვენ რამდენიმე მაგალითს განვიხილავთ.​

რას ცვლის ახალი რეგულაციები?

ეროვნული ბანკის თანახმად, სესხის მოცულობა განსხვავებული იქნება სესხის გამცემი ორგანიზაციებისა და საპროცენტო განაკვეთების მიხედვით. თუმცა სესხის გამცემს უწესდება მაქსიმალური ლიმიტი ყოველთვიურ გადახდებზე.უკეთესი პირობებია ჰეჯირებული მსესხებლებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც, მაგალითად, შემოსავალიც და სესხიც ლარში აქვთ.

დაწესდა მაქსიმალური სასესხო ვადები :

  • იპოთეკურ სესხზე - 15-წლიანი ლიმიტი;
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე - 10-წლიანი ლიმიტი;
  • სატრანსპორტო სესხი - 6-წლიანი ლიმიტი;
  • სხვა სამომხმარებლო სესხებისთვის - 4-წლიანი ლიმიტი.

სესხის გამცემს ევალება უფრო ყურადღებით შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და ფიზიკურ პირს არ ასესხოს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ის მის გადახდას შეძლებს. ყურადღებით მოწმდება თავდებობის საკითხიც. თავდებად აღარ გამოგადგებათ პირი:

  • რომელსაც არა აქვს შესაბამისი შემოსავალი;
  • რომელიც ფლობს მხოლოდ ერთ საცხოვრებელ სახლს.

რამდენს ისესხებთ, თუ თქვენ გაქვთ 1000-ლარამდე შემოსავალი?

ახალი რეგულაციების მიღებამდე, სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა 5-წლიანი იყო, ახლა ის 4-წლიანია. ვადის შემცირებამ მაქსიმალური სასესხო თანხის შემცირებაც გამოიწვია.

  • რადგანაც სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 35%-ს შეადგენს, შესაბამისად, 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკურ პირს ყოველთვიურად შესაძლოა დაეკისროს მაქსიმუმ 350 ლარის გადახდა.
  • სამომხმარებლო სესხად ის,15 000 ლარის ნაცვლად, ახლა მხოლოდ 12 000 ლარის აღებას შეძლებს.

რაც შეეხება იპოთეკურ სესხს, 15-წლიანი მაქსიმალური ვადის შემთხვევაში, 1000-ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი მაქსიმუმ 20 000-ლარიანი სესხის აღებას შეძლებს (წლიური 12%-იანი განაკვეთით). მისი საგადასახადო ტვირთი (25%-იანი ლიმიტით) შესაძლოა თვეში მაქსიმუმ 250 ლარით განისაზღვროს.

5 000-ლარიანი კომპიუტერის განვადება 20 000-ლარიანი შემოსავლით

„თუკი შემოსავალი დადასტურებულია, 20 000-ლარიანი წლიური შემოსავლით ეს პირი ნამდვილად შეძლებს 5000-ლარიანი კომპიუტერის შეძენას განვადებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ წარმომადგენელი ანი ალიბეგაშვილი. 60 წლის ლამარას წუხილი მან ამგვარად გააბათილა:

  • ამ პირს თვეში აქვს დაახლოებით 1650-ლარიანი შემოსავალი;
  • სესხის დასაფარად შეუძლია მიმართოს 575 ლარი;
  • სესხს დაფარავს 12 თვეში.

გაცილებით რთულია სესხის აღება იმ შემთხვევაში, თუკი შემოსავლი ოფიციალურად არ ირიცხება. იმის გარდა, რომ გადამოწმება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, სესხის გამცემის გადასაწყვეტია, ენდობა თუ არა, მაგალითად, საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხების სახით მიღებულ შემოსავალს. ამასთან, გამონაკლისი შემთხვევები ეროვნულ ბანკთან უნდა შეთანხმდეს. ანი ალიბეგაშვილი იმ შეზღუდვებს შეგვახსენებს, რომლებიც ძალაში შევიდა 2018 წლის მაისში.

ვის გაუჭირდება კრედიტის აღება
please wait

No media source currently available

0:00 0:04:15 0:00

იპოთეკური სესხი ოჯახისთვის, რომლის შემოსავალი თვეში 3 ათასი ლარია

ასეთ ოჯახს ბანკმა შესაძლებელია მისცეს მაქსიმუმ 110 000-ლარიანი სესხი (წლიური 12%-იანი განაკვეთის შემთხვევაში).

  • სესხის ყოველთვიური მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1 350 ლარს, 15-წლიანი სესხის შემთხვევაში;
  • სესხის ყოველთვიური მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1 650 ლარს, 5-წლიანი სესხის შემთხვევაში.

ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ამაზე უფრო დიდი მოცულობის სესხის აღების შემთხვევაში, არსებობს დიდი რისკი, რომ მსესხებელი სესხის მომსახურებას ვეღარ შეძლებს და დაკარგავს როგორც შეძენილ ბინას, ასევე უკვე გადახდილ თანხას და, შესაძლოა, დაკარგოს სხვა ქონებაც.

იპოთეკური სესხი ოჯახისთვის, რომლის შემოსავალი თვეში 5 ათასი ლარია

ასეთ ოჯახს ბანკმა შესაძლებელია მისცეს მაქსიმუმ 210 000-ლარიანი სესხი (წლიური 12%-იანი განაკვეთის შემთხვევაში).

  • სესხის ყოველთვიური მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 2 500 ლარს, 15-წლიანი სესხის შემთხვევაში;
  • სესხის ყოველთვიური მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს, 5-წლიანი სესხის შემთხვევაში.

რამდენი ბინის „ჩადება“ მოგიწევთ იპოთეკური სესხისთვის?

თუკი თქვენი შემოსავალი დადასტურებულია, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციების თანახმად:

  • მშენებარე ბინის გარდა, გარანტიის სახით კიდევ ერთი ბინის „ჩადებას“ მოგთხოვენ;
  • შესაძლებელია, რომ ეს იყოს ბინა, რომელშიც ცხოვრობთ.

შემოსავლების შეფასება არ არის აუცილებელი ლომბარდული სესხის შემთხვევაში, თუმცა აქ უფრო მკაცრი მოთხოვნებია.

  • მშენებარე ბინა თავისთავად დაიტვირთება იპოთეკით;
  • იმ ბინის გარდა, რომელშიც ცხოვრობ, კიდევ უნდა გქონდეთ მინიმუმ ერთი ბინა (უძრავი ქონება), რომელსაც მოგთხოვენ გარანტიის სახით;
  • ბინა, რომელშიც ცხოვრობ, ამ შემთხვევაში სათვალავში არ იქნება მიღებული.

თუმცა სალომბარდე სესხების 15%-იანი ლიმიტი ამოწურვადია და ბანკებს ყოველთვის არა აქვთ ასეთი სახის სესხის გაცემის საშუალება.

შეეხება თუ არა ახალი რეგულაციები მხოლოდ ბანკებს?

ბანკების გარდა, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები შეეხება სესხის გამცემ სხვა ორგანიზაციებსაც: არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს (ნებისმიერი პირი ან პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც სასესხო/საკრედიტო ვალდებულება აქვს ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს).

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG