Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სექსი თანხმობის გარეშე გაუპატიურებაა. წერტილი“


„სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. დაახლოებით, 9 საათი იქნებოდა. ამოვედი ახმეტელის მეტროდან და გადავჭერი გობრონიძის ქუჩა. საცალფეხო ბილიკზე გადასვლისას, ვიგრძენი, რომ ვიღაც ამედევნა. არაფერი მიეჭვია. თუმცა, მალევე ზურგიდან თავს დამესხა და კისრის არეში, მარჯვნივ, ელექტროშოკი დამარტყა. მუხლებზე დავეცი, სუნთქვა მიჭირდა. ვთხოვე, არ მოვეკალი. ვუთხარი, რომ წაეღო ნივთები. მან კი მითხრა, რომ თუ ხმას ამოვიღებდი, ისევ დამარტყამდა ელექტროშოკს. იქვე შენობასთან ამათრია. კიდევ ორჯერ დამარტყა ელექტროშოკი, დავეცი ზურგზე და იძალადა“, - 34 წლის ქალი, რადიო თავისუფლებასთან იხსენებს ამბავს, რომელიც 30 დეკემბრის ღამეს შეემთხვა. მას შემდეგ, რაც მოძალადეს დააღწია თავი, გზისკენ გაიქცა და დახმარება ახალგაზრდა ქალს სთხოვა, რომელმაც 112-ში დარეკა. მოძალადე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს 23 წლის კაცი. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო შოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს. ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალდება კი 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაუპატიურება - რატომ უწოდებენ უფლებადამცველები კანონს ხარვეზიანს?

სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, ქალთა უფლებების დამცველებისა და იურისტების აზრით, ხარვეზს შეიცავს. რატომ?

დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გაუპატიურებად ითვლება პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.

უფლებადამცველები თვლიან, რომ კანონის ხარვეზი სწორედ სიტყვა „გაუპატიურების“ განმარტებაში უნდა ვეძებოთ. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, გაუპატიურებად ითვლება მხოლოდ ის ქმედება, რომელიც ჩადენილია ძალადობითა და ძალადობის მუქარით, მაშინ, როცა უფლებადამცველების თქმით, საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის სტამბოლის კონვენცია, რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2017 წელს მოახდინა, სახელმწიფოებს აძლევს რეკომენდაციას, რომ გაუპატიურებად უნდა ჩაითვალოს სექსუალური კავშირი თანხმობის გარეშე, ჩადენილი ძალადობისა და მუქარის გარეშე.

ქალთა აქტივისტი, იდა ბახტურიძე თვლის, რომ ძალადობა და მუქარა სქესობრივი კავშირის დამყარებისას უნდა ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად და შესაბამისად, სასჯელიც ამის მიხედვით უნდა განისაზღვრებოდეს: „ჩვენი კანონმდებლობა გაუპატიურებად აღიარებს მხოლოდ ისეთ შემთხვევას, როდესაც სქესობრივ კავშირს თან ახლავს ძალადობა. ასეთ შემთხვევაში, ექვსიდან რვა წლამდე სასჯელი, ჩემი აზრით, არის ცოტა, რადგან გაუპატიურების შემთხვევაში, ძალადობა უნდა ითვლებოდეს დამამძიმებელი გარემოებად. გაუპატიურების განმარტება კანონმდებლობაში კი ისეთივე უნდა იყოს, როგორც ეს არის არაერთ ევროპულ ქვეყანაში - სქესობრივი კავშირი თანხმობის გარეშე“.

ქართულ კანონმდებლობაში გაუპატიურების განმარტების ხარვეზზე ლაპარაკობს ანა თავხელიძეც, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი და მას მაგალითებად მოჰყავს ის ევროპული ქვეყნები, სადაც მიდგომები განსხვავებულია და გაუპატიურების მსხვერპლს არ უწევს იმის მტკიცება, რომ გაუპატიურებისას მასზე ძალადობა ან ძალადობის მუქარა განხორციელდა: „მაგალითად, გერმანიაში, გაუპატიურების განმარტებაში აღნიშნულია, რომ გაუპატიურებად მიიჩნევა ისეთი შემთხვევა, როდესაც თანხმობის გარეშე მოხდა სქესობრივი კავშირი და არ არის აუცილებელი ძალადობის დაფიქსირება. ასევე შვედეთში, სწორედ ახლახანს მიიღეს აღნიშნული ცვლილება და უკვე იქაც გაუპატიურებად ითვლება სქესობრივი კავშირი თანხმობის გარეშე. იმ შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლის მიმართ ძალადობა არ არის გამოყენებული, სანქციად გათვალისწინებულია მაქსიმუმ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის გადაწყვეტილებით განმარტა, რომ გაუპატიურების დადგენისთვის, არ უნდა იყოს საზომი მოძალადის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენება, რადგან თუ დასტურდება, რომ სექსუალური კავშირი დამყარდა თანხმობის გარეშე, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა მისცეს მას გაუპატიურების შეფასება. ფაქტია, რომ ჩვენთან ეს რეგულაცია, სამწუხაროდ, ჯერ არ არსებობს“.

გაუპატიურების სტატისტიკა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა

მზარდია გაუპატიურების სტატისტიკა საქართველოში. შსს-ს ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში გაუპატიურების 54 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან 15 შემთხვევა გაიხსნა. 2018 წლის ათი თვის მონაცემებით კი გაუპატიურების რიცხვმა 94 შეადგინა. გახსნილ დანაშაულთა რაოდენობა 33-ია.

სალომე ზანდუკელი ქალაქის ცენტრში, 2016 წელს გააუპატიურეს. იმ წელს, შსს-ში სალომესთან ერთად კიდევ 56 ქალის გაუპატიურების შემთხვევა აღირიცხა.

ერთ-ერთმა თითქოს შენიშვნა მომცა, „კალგოტკა“ რატომ არ გეცვაო..

სალომე სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ორმა პირმა, მათგან ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, პოლიციის განყოფილების სიახლოვეს გააუპატიურა. სალომემ იმავე ღამეს მიმართა სამართალდამცავებს. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს, რომ სამართალდამცავებმა თავდაპირველად მას ურჩიეს, გაუპატიურების ფაქტი არ გაეხმაურებინა: „ახალგაზრდა გოგო ხარ, რად გინდა ცხოვრების დანგრევაო. ერთ-ერთმა თითქოს შენიშვნა მომცა, „კალგოტკა“ რატომ არ გეცვაო. არასრულწლოვანს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მეორე პირს 13 წლით. სასამართლო პროცესებზე ძალიან უსიამოვნო იყო, რომ მოწმეც მე ვიყავი და დაზარალებულიც. კანონმდებლობაც უცნაური გვაქვს, გაუპატიურებად არ ითვლება ის ქმედება, თუ უშუალო პენეტრაცია არ მოხდა. ამიტომ, პროცესზე კომიკური სიტუაცია იქმნება, როცა ამ ყველაფერს უცხო ხალხთან ლამის სანტიმეტრებით ამტკიცებ. როცა დაზარალებული ხარ და ლამის სანტიმეტრებით ამტკიცებ, რა იყო და როგორ იყო, ძალიან დამამცირებელია ქალისთვის“...

ქალთა უფლებადამცველების თქმით, სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევების გამოძიებას ართულებს როგორც ხარვეზიანი კანონმდებლობა, ისე არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებაც - „იქნებ ქალის ბრალია? იქნებ გამოწვია?“. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია გამოძიების მეთოდიკის განახლება და პროცესების გენდერულად სენსიტიურ ჭრილში წარმართვა, რადგან მათი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, ხდება ქალის დადანაშაულება, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს როგორც საგამოძიებო ორგანოზე, ისე სასამართლო პროცესზე.

„ევროპის არაადეკვატური და არაეფექტური კანონი გაუპატიურების შესახებ“

„სექსი თანხმობის გარეშე გაუპატიურებაა. წერტილი“
ანა ბლუში

როგორც ჩანს, ხარვეზიანი კანონი გაუპატიურების შესახებ მხოლოდ საქართველოს არ აქვს. ერთ-ერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენელის“პუბლიკაციის თანახმად, უკანასკნელი მონაცემებით, ევროპაში ოციდან ერთი ქალი გაუპატიურების მსხვერპლია. მათი რაოდენობა დაახლოებით 9 მილიონია. „ევროპის არაადეკვატური და არაეფექტური კანონი გაუპატიურების შესახებ“, - ასე აფასებს ორგანიზაცია ევროპულ გამოცდილებას იმ კანონმდებლობის გარშემო, რომელიც გაუპატიურების ფაქტებს არეგულირებს. „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მიხედვით, 31 ქვეყნის კანონმდებლობის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ე.წ. თანხმობაზე დამყარებული კანონმდებლობა მხოლოდ რვა ევროპულ ქვეყანას აქვს და ეს ქვეყნებია: ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, ისლანდია, ლუქსემბურგი და შვედეთი. ანა ბლუში, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მკვლევარი ქალთა უფლებების შესახებ ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობამ #metoo ბევრ ქალს უბიძგა ელაპარაკა საკუთარ გამოცდილებაზე, სამწუხარო ფაქტია, რომ დღეს გაუპატიურება კვლავაც რჩება ყველაზე გაუხმაურებელ ფაქტებად ევროპაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG