Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილის შიში VS შიმშილის შიში - ვინ უნდა ხალხს


„ედისონ რისერჩის“ (Edison Research) ახალი კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება“ 2020 წლის პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს და გარდაუვალი იქნება კოალიციის შექმნაც. 39%-იანი მაჩვენებელი მმართველ გუნდს ძალიან ეცოტავება და ავტორიტეტიანი ამერიკული ორგანიზაციის კვლევას კატეგორიულ უნდობლობას უცხადებს.

რა პასუხი აქვს თავად „ედისონ რისერჩს“? რას აჩვენებს კვლევა ოპოზიციური სპექტრისთვის? რას ითხოვს ამომრჩეველი? რა შეიძლება იყოს მოქმედების შემდგომი ტაქტიკა როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის?

საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვე რჩება და ამომრჩეველთა განწყობები, შესაძლოა, კიდევ ბევრჯერ და მათ შორის - მკვეთრადაც შეიცვალოს. თუმცა ხვალ რომ არჩევნები იყოს, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება“ დაახლოებით ასეთ შედეგს მიიღებდა:

  • ის ვერ მოაგროვებდა საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო 76 მანდატს და, შესაბამისად, უმრავლესობასაც ვერ შექმნიდა დამოუკიდებელი ძალებით;
  • ახალი საარჩევნო სისტემის მოთხოვნების შესაბამისად, ის ვერ აიღებდა ჯამში 73 მანდატზე მეტს;
  • 39%-იანი მხარდაჭერით, მას შეხვდებოდა 46-47 სადეპუტატო მანდატი პარტიული სიიდან (პროპორციული წესით);
  • მაგრამ თუკი მაჟორიტარული წესით ის 26-27 მანდატზე მეტს მოიპოვებდა (ჯამში 73 მანდატის მიღების პრინციპით), ზედმეტი მანდატები მას ისევ პარტიული სიიდან ჩამოეჭრებოდა.

„ედისონ რისერჩის“ კვლევაში ასახული მაჩვენებლები ახალი საარჩევნო სისტემის შესაბამისად ჩვენთვის კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ დათვალა. თავად მისი პოლიტიკური ძალის - „ლელოს“ მაჩვენებელი ამ კვლევაში 3%-ს შეადგენს, რაც საკმარისია 4 სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად.

ხმალაძის თქმით, კვლევის შედეგებით, ოპოზიციურ სპექტრს ჯამში მეტი მანდატი ერგება:

„თუკი „ქართულ ოცნებას“ შეხვდება 46-47 მანდატი პროპორციული წესით გასანაწილებელი 120 მანდატიდან, გამოვა, რომ დანარჩენი, ანუ 73-74 მანდატი, შეხვდებათ სხვა პარტიებს. ეს იმას ნიშნავს, რომ, ჯამურად, ოპოზიციას მეტი შეხვდება.

პარალელურად, ცხადია, უნდა გადანაწილდეს 30 მანდატი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის. რადგან „ქართული ოცნება“, კანონის თანახმად, ჯამში 73 მანდატზე მეტს ვერ აიღებს, გამოდის, რომ ჯამში 77 მანდატი რჩებათ სხვებს“.

კვლევის თანახმად, ოპოზიციურ პარტიებს შორის პროცენტები ასე გადანაწილდა:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 16%;
  • „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკი - 5%
  • გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი - 20%;
  • „ლელო“, „ლეიბორისტული პარტია“, „ახალი საქართველო“ (გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი), პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
  • „გირჩი“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ – 2%;
  • ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“, ეკა ბესელიას „სამართლიანობისთვის“, კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“ - 1%.

ყველაზე უკმაყოფილო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დარჩა და ეს საჯარო კომენტარებითაც დადასტურდა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55%-ზე გაცილებით მეტია და რომ შეუძლებელია ობიექტური იყოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის დაფუძნებული ტელეკომპანიის მიერ დაკვეთილი კვლევა.

  • „მაგარი კვლევები ჩაატარა კეზერაშვილმა და ისეთი შედეგი გამოიყვანეს, რომ ყველა შემთხვევაში ოპოზიცია იმარჯვებს. ამ პანდემიის პირობებში, საინტერესოა, როგორ ჩაატარეს ან აქამდე როგორ ატარებდნენ კვლევებს საერთოდ. ამ ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა, წავიდა, აღარ არსებობს“ - გია ვოლსკი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის წევრი;
  • „ქართული ოცნების“ რეიტინგი იმდენად მაღალია და იმდენად დაბალია ცალკეული ოპოზიციური პარტიების რეიტინგი, რომ თვით კეზერაშვილის მიერ ნაძარცვი ფულით შექმნილი ტელევიზია, ამ ტელევიზიის მიერ დაქირავებული კონკრეტული ორგანიზაციაც კი ვერ ცდება რეალობის ფარგლებს და მხოლოდ ტყუილში 2%-ს უმატებს, მაგალითად, „ევროპულ საქართველოს“, „გორბის“ კვლევაში მათი რეიტინგი მხოლოდ 3% იყო“ - დავით მათიკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
  • „ჩვენი შიდა კვლევით, უფრო მაღალი შედეგი აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ეს იყო, მაგალითად - „გორბის“ ბოლო კვლევაში და მაშინ ჩვენი რეიტინგი იყო 55%... ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ 55%-ზე გაცილებით მეტი აქვს „ქართულ ოცნებას“ დღეს რეიტინგი, ჩვენი შიდა კვლევებით“ - მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

ასეთი რეაქციებით გაკვირვებულია „ედისონ რისერჩი“.

„ჩვენ ვერ დავწერდით შედეგებში 55%-სა და მეტს, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმის დაწერა, რასაც გვეუბნება ხალხი, გვეუბნებიან ჩვენს მიერ გამოკითხული ადამიანები და რის საშუალებასაც გვაძლევს სანდო მეთოდოლოგიასა და უმაღლეს პროფესიონალიზმზე დაფუძნებული გამოკითხვა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო ჯაფარიძე, „ედისონ რისერჩის“ ვიცე-პრეზიდენტი.

ის ურჩევს ყველას, რომ „ჯობია მოისმინონ, წაიკითხონ და გააანალიზონ - თუ როგორც შეიძლება ამ ყველაფრის გამოყენება თავიანთი ინტერესებისთვის“ და „დაფიქრდნენ, რა უნდა გამოასწორონ, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ არჩევნებზე მეტი ხმა მიიღონ“.

ნინო ჯაფარიძე ასევე ამბობს:

  • „როგორ შეიძლება „ედისონის" კვლევას არ ენდოს ადამიანი, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2004 წლის შემდეგ ყველა არჩევნებში სწორედ ეს ორგანიზაცია ატარებს ერთადერთ ეგზიტპოლს მთელი ამერიკის მასშტაბით. მისი სიზუსტე დიდი ნდობით სარგებლობს და ყველა წამყვანი ტელეარხი (CNN, NBC თუ CBS) ჩვენს მონაცემებს ეყრდნობა. ... ასევე „ედისონი“ უძღვება სხვადასხვა შტატში ჩატარებულ ყველა პრაიმერისს“;
  • „გაგახსენებთ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩვენი კვლევა იყო ერთადერთი საქართველოს ბაზარზე, რომელმაც მეორე ტურის ალბათობა გამოკვეთა და საბოლოოდ მეორე ტურის ჩატარება მართლაც გახდა საჭირო... ასევე შევადაროთ „ედისონის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლისა და სხვა ეგზიტპოლების შედეგები - „ედისონი“ იყო ერთადერთი, რომელმაც თავის კვლევაში ზუსტად ასახა ამომრჩეველთა ხმების გადანაწილება, მაგალითად, დედაქალაქის მერის არჩევნების დროსაც“.

„ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებთან მიმართებით ძირითადად ოპტიმისტური იყო ოპოზიციური სპექტრის მიერ გამოხატული რეაქციები. ახარებთ ის ფაქტი, რომ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს თბილისის ოლქებისთვის ოპოზიციური ერთობის მიერ შეთანხმებულმა კანდიდატებმა. მათ შორის ყველაზე კარგი მაჩვენებელი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, ელენე ხოშტარიას აქვს.

ოპოზიციონერები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლების მაჩვენებლები თანდათან მათ სასარგებლოდ იკლებს. ოპტიმიზმის საფუძველს მათთვის კვლევაში მოცემული რამდენიმე მაჩვენებელი იძლევა:

  • „ქართული ოცნების“ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გამოკითხულთა მხოლოდ 33%-ს აქვს, ხოლო ნეგატიური - 67%-ს;
  • მხოლოდ 41%-ს სურს, რომ არჩევნების შემდეგ კვლავ „ქართული ოცნება“ დარჩეს საპარლამენტო უმრავლესობაში; ხოლო 59% პროცენტი სხვა პარტიას/პარტიებს ისურვებდა;
  • 56% თვლის, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგი 12 თვის განმავლობაში ქვეყნის მომავალი იქნება უკეთესი, ხოლო 44% - უარესობას მოელის;
  • 58% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ კვლევის შედეგებით „ქართული ოცნებისთვის“ მიკუთვნებული 39% ცოტა არ არის და ხელისუფლებაში დარჩენის ერთგვარ გარანტიასაც კი წარმოადგენს - „ჩვენ იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერი არითმეტიკულად დალაგდება“. ამ ხაზით ანალიტიკოსი ხედავს მაღალ ალბათობას, რომ ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს (20%) ხელისუფლება გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ მიიმხრობს.

თუმცა, ხუხაშვილის შეფასებით, ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, დაუპირისპირდება თუ არა შიმშილის შიში პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის მიზეზით გაზრდილ ხელისუფლების რეიტინგს.

ხუხაშვილის თქმით:

  • „სიკვდილის შიშისგან განსხვავებით, შიმშილის შიში ადამიანებში იწვევს აგრესიას... ეს აგრესია კი პირდაპირ მიემართება ხელისუფლებისკენ“;
  • „არჩევნების შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, ამ ორიდან რომელი შიში იქნება დომინანტური სექტემბერ-ოქტომბერში... ხელისუფლების ნარატივი ამჟამად სიკვდილის შიშზე დგას, ხოლო ოპოზიციისა - შიმშილის შიშზე“;
  • „სიტუაცია აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია. ჩვენ არ ვიცით, პანდემიასთან დაკავშირებით რა მდგომარეობა გვექნება შემოდგომაზე. არ ვიცით, რა მდგომარეობა გვექნება ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ სერიოზული პრობლემები იქნება“.

კვლევის თანახმად, ძირითად პრობლემებს შორის გამოკითხულებმა უმუშევრობა (72%), სიღარიბე (61%) და მზარდი ფასები (48%) დაასახელეს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ასეთ სიტუაციაში ოპოზიციისთვის მომგებიანი იქნება ისედაც დაზაფრული ამომრჩევლისთვის პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG