Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყველაზე ცუდი იქნება, თუ საზოგადოების დასანახად შექმნიან კიდევ უფრო რეპრესიულ მექანიზმებს"


სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი
სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი

19 დეკემბრის მთავრობის სხდომა პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებისთვის „კონკრეტული დავალებების“ მიცემით დაიწყო იმისათვის, რომ, როგორც თავად აღნიშნა, „ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს განათლების გაუმჯობესების და სისტემური რეფორმის მიმართულებით, ყველაფერი, რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები“. ამის შემდეგ განათლების მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით დაწყებულია პრევენციის კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა და ერთი კვირის ვადაში წარდგენილი იქნება პროექტი, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას.

განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია, რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„მთავრობა ცდილობს, ერთ კვირაში წარმოადგინოს იმისი გეგმა, რასაც სჭირდება მრავალი თვე, კვლევა, სჭირდება დაფიქრება, ალტერნატივების შესწავლა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, სჭირდება საზოგადოებრივი თანხმობაც, რადგან თუ თანხმობა არ იქნება, მაშინ შეუძლებელია ითანამშრომლონ სხვადასხვა სტრუქტურებმა.

ისიც უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, რომ ყველა პრობლემა, რაც არსებობს დღეს განათლების სისტემაში, არის წინა გადაწყვეტილებების შედეგი. მათი გამეორება და გაძლიერება დიდი შედეგის მომტანი არ არის“.

სიმონ ჯანაშია ვარაუდობს, რომ „მთავრობა არაფერს გააკეთებს. უბრალოდ, რაც უკვე დაგეგმილი აქვს, გამოაცხადებს როგორც სიახლეს. მაგალითად, იანვარში მიღებულია სკოლის უსაფრთხოების წესები, სადაც წერია, რომ უნდა შექმნან ახალი ვებსაიტი, რომელიც უკვე არსებობს, რომ უნდა გაკეთდეს სატელეფონო აპლიკაცია ფსიქოლოგთან ადვილად დასაკავშირებლად. იქვე წერია, რომ კერძო სკოლები უნდა დაექვემდებარონ ამ წესს ან საკუთარი წესი შეათანხმონ სამინისტროსთან. ეს ყველაზე ნაკლები პრობლემა იქნება...

ყველაზე ცუდი იქნება, თუ საზოგადოების დასანახად შექმნიან კიდევ უფრო რეპრესიულ მექანიზმებს, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენთან, სხვაგანაც აჩვენებს, რომ არ ამცირებს აგრესიას, ემოციურ პრობლემებს და არ ამცირებს ახალგაზრდების გაუცხოებას საზოგადოებისგან“.

განათლების ექსპერტი ლაპარაკობს იმის შესახებაც, რომ მუდმივი მეთვალყურეობის სისტემების დანერგვა სკოლებში არ უქმნის მოზარდებს მეტად დაცულობის განცდას:

„ეს ბევრ ქვეყანაში ცალკე პრობლემად არის განხილული - როცა ვქმნით გარემოს, სადაც მუდმივად არის მეთვალყურეობა, ბავშვები მუდმივად არიან შეზღუდულები გარე კონტროლის მექანიზმებით, როცა ამ გარე კონტროლის მექანიზმების კავშირი არსებობს რეპრესიულ მანქანასთან - პოლიციასთან, სასამართლოსთან, პროკურატურასთან და ა.შ., ეს თავისთავად ქმნის ძალადობრივ გარემოს. ძალადობრივ გარემოს, ცხადია, ქმნის სხვა მოვლენებიც, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. ძალიან სამწუხაროა ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებული გუშინდელი ამბავიც, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს გარემო არ არის მხოლოდ სკოლის შიგნით, სკოლის გარეთაც ვხედავთ ამას...

უკვე ათ წელზე მეტია, სახელმწიფო ცდილობს დაარწმუნოს მოზარდები, რომ მათ უნდა ითანამშრომლონ პოლიციასთან, უნდა ჰქონდეთ სამოქალაქო პოზიცია, როცა პრობლემას ხედავენ, უნდა განაცხადონ, რომ უნდა ჩართონ სკოლის ადმინისტრაცია, სახელმწიფო ორგანოები და სხვა. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მთელი ეს სისტემა ჩამოიშალა. რასაც ვასწავლიდით ჩვენს მოსწავლეებს, იმის საპირისპიროსკენ განვაწყობთ...“.

გადმოწერა


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG