Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმა“ - რაზე მიანიშნებენ პატრიარქი და პრეზიდენტი?


  • „სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობენ“ - თქვა საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2019 წლის საშობაო ეპისტოლეში.
  • უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციისგან“, - სიტყვის თავისუფლებას თავის საახალწლო მილოცვაში შეეხო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
  • „ცილისწამება...სერიოზული პრობლემაა, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ზომების მიღება“, - ასე გამოეხმაურა საშობაო ეპისტოლეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კანონს ხომ არ გაამკაცრებენ? გაჩნდა კითხვა სიტყვის თავისუფლების დამცველებში. ცილისწამების სისხლის სამართლებრივად დასჯა მათთვის უპირობოდ ნიშნავს უკან გადადგმულ ნაბიჯს და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში არსებობს სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონების დიდი მცდელობა“. საშობაო ეპისტოლეში ​ წერია, რომ სიტყვის თავისუფლება კი არის საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს უფლებათაგან ერთ-ერთი, მაგრამ ხშირად, სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობენ:

„დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს. ამის მოქმედთ, ალბათ, ჰგონიათ, რომ რაკი სხვასზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა - სიკვდილის ტოლფასი“.

სიძულვილის ენასა და ცილისწამებას საფრთხედ აღიქვამს პრეზიდენტიც.

„იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით, ერთდროულად, სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში.

ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

რას გულისხმობდა ამ სიტყვებში პრეზიდენტი? მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს ხომ არა?

ჯერ კიდევ 2016 წელს, სალომე ზურაბიშვილის ამჟამინდელი საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია კანონში ცილისწამების შესახებ მუხლის აღდგენის ინიციატივით გამოდიოდა. მაშინ ის, როგორც ადვოკატი, აცხადებდა, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამავრცელებელი, თავისუფლების აღკვეთით ან ადმინისტრაციული ჯარიმით უნდა დასჯილიყო.

თუმცა დიმიტრი გაბუნია არ იყო და არის ერთადერთი, ადვოკატთა დიდი გუნდიდან, ვინც იმის გამო ჩიოდა, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში, ისინი ვერ ახერხებდნენ თავიანთი კლიენტების ინტერესების დაცვას. გასულ წელსაც არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ცილისწამების დასჯადობას სწორედ იურისტები/ადვოკატები ლობირებდნენ.

მაგალითად, საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია იყო ერთ-ერთი, ვინც 2016 წელს პარლამენტს მიმართა ინიციატივით, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ფაქტები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გამხდარიყო და ამისთვის ადამიანები 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან იმავე ვადით გამასწორებელი სამუშაოთი დაესაჯათ.

იყო ინიციატივები პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც - მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სოსო მანჯავიძე ჯერ კიდევ 2015 წელს აცხადებდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რათა პარლამენტს მიეღო კანონი ცილისწამების შესახებ.

„შეუძლებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა - თუ არ გინდა გახდე თურქეთი“

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ნატა ძველიშვილი ჯერჯერობით განგაშის საფუძველს ვერ ხედავს - მას ამ ეტაპზე წარმოუდგენლად მიაჩნია იმ მაღალი საკანონმდებლო სტანდარტის დაბლა დაწევა, რაც დღეს საქართველოს აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით. თუმცა, როგორც გვითხრა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განგაშის სიგნალი მუდმივად ჩართული აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვა დაემუქრება.

ნატა ძველიშვილს ამ კუთხით ძალიან ენიშნა როგორც პრეზიდენტის საახალწლო მილოცვის, ისე პატრიარქის საშობაო ეპისტოლის ტექსტებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე გაკეთებული განცხადებები.

„ქარტია მუდმივად აკვირდება რა ხდება ამ მხრივ საკანონნმდებლო ორგანოში. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ არა ცილისწამების მუხლის გამკაცრებამ, არამედ სხვა გვერდითი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამ იმოქმედოს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის შეზრუდვაზე. მაგალითად, შარშან დაიწყო საუბარი, რომ მედიას ექიმების საქმიანობის გაშუქება უნდა შეზღუდვოდა, იუსტიციის საბჭოს წევრები უკმაყოფილონი იყვნენ მოსამართლეების საქმიანობის გაშუქებით - ასეთი ცალკეული ინიციატივები სულ არის, თუმცა ჯერ ვუმკლავდებით“.

ნატა ძველიშვილისთვის ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, რომ პარლამენტში კანონის გამკაცრებაზე მსჯელოდბნენ. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ერთადერთი ინიციატივა, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ წარუდგინა პარლამენტს და რომელიც ჯერჯერობით გაჩერებულია, ეს იყო ინიციატივა სიძულვილის ენის თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადატანის თაობაზე. ამ ინიციატივის არსი ის არის, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში, მომჩივანმა მიმართოს არა თვითრეგულირების ორგანოს, არამედ მარეგულირებელ კომისიას და სასამართლოს. ეს ცვლილებაც, ნატა ძველკიშვილის შეფასებით, უკან გადადგმული ნაბიჯია.

„თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, იმ ალგორითმების ფონზე, რომელიც მართავს სოციალურ ქსელებს, შეუძლებელია გამოხატვის შეზღუდვა, თუ არ გინდა გახდე ისეთი ქვეყანა, როგორიც არის, მაგალითად, თურქეთი“, - ამბობს ნატა ძველიშვილი.

ცილისწამება და დღეს მოქმედი კანონი

საქართველოში 2004 წლიდან ცილისწამება აღარ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ცილისწამება არ ისჯება საერთოდ.

ცილისწამებას არეგულირებს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ რომელიც ამბობს, რომ ცილისწამება, ეს არის მცდარი ფაქტის გავრცელება სხვა ადამიანზე, და რომ ის ლახავს მის პატივს ან ღირსებას.

ეს არის სამოქალაქო დავის საგანი. ამ დავის დროს თავად მომჩივანმა უნდა ამტკიცოს, რომ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. თუ მომჩივანი მოიგებს საქმეს, სასამართლო ცილისწამების ავტორს დაავალდებულებს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას ან შესაძლოა, დააკისროს კომპენსაციის გადახდაც. თუმცა, თუ ცილისწამება მიმართულია საჯარო პირის მიმართ, ამ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლების სტანდარტო უფრო მაღალია, ვიდრე კერძო პირის მიმართ ცილისწამების შემთხვევაში.

როგორც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე გვიხსნის, კანონში არსებობს ბრძოლის სათანადო ბერკეტები, თუ პირს ცილს დასწამებენ, მაგრამ კანონში ასევე დაცულია ბალანსი საიმისოდ, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანებმა სხვა ადამიანებს ვერ შეუზღუდონ გამოხატვის თავისუფლება. ეს ბალანსი, მშვენიერაძის შეფასებით, როგორც წესი, არ აკმაყოფილებთ იმ ავტორიტეტებს, ვინც ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი - მაგალითად, დომინანტური რელიგიურ ჯგუფებს და ხელისუფლებას:

„ის, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან, პატრიაქრისგან და ბოლოს კი გამოხმაურება პარლამენტის თავმჯდომარისგან, არის ძალიან საშიში მესიჯები, რადგან ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს დემოკრატია, არ არსებობს ადამიანების ბედნიერი ყოფა, თუკი არ არსებობს სიტყვის თავისუფლება. ერთ-ერთი, რაც გამოგვარჩევს დემოკრატიულობის კუთხით ყველა იმ ცუდი სახელმწიფოსგან, რომლებიც ჩვენს ირგვლივაა, არის სწორედ სიტყვის თავისუფგლების სტანდარტი - დღეს კი სწორედ ამ თავისუფლების მიმართ არის იერიში“.

გიორგი მშვენიერაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ საპატრიარქოს გამოხატვის თავისუფლების სრული უფლება აქვს, მაგრამ ყოველთვის უფრო მთავარია, როგორი რეაქცია აქვს განცხადებებზე ხელისუფლებას.

ხელისუფლებას კი რეაქცია უკვე ჰქონდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პატრიარქის მოსაზრებას სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობის და ცილისწამების შესახებ და ისიც თქვა, რომ "რაღაც ზომებიც მისაღებია". რა - არ დაუკონკრეტებია.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე რამდენიმე იერიშის მცდელობა ამ ხელისუფლების პირობებში უკვე რამდენჯერმე იყო - მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე და რამდენიმე მაგალითსაც ჩამოთვლის:

  • ეს იყო ე.წ. სიძულვილის ენის შესახებ დასჯადობის კანონპროექტების დროდადრო ინიცირება;
  • ეს იყო ე.წ.. შუღლის გაღვივების შესახებ კანონის შემოტანა;
  • რეკლამის შესახებ კანონში ნორმების ისეთი ინტერპრეტაქცია, რომელმაც გამოხატვის თავისუფლების სფეროში შეაღწია,
  • კულტურის შესახებ კანონში შესული ცვლილება,
  • გახმაურებული „აიისას" საქმე.

რა მოხდება თუ ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება?

ეს მოიტანს „მსუსხავი ეფექტს“ - ფიქრობს გიორგი მშვენიერაძე. კრიტიკული მედია გახდება ფრთხილი და მას მოსალოდნელი სასჯელის გამო სიმწვავე მოაკლდება.

ეს კი უკვე ნიშნავს ნაბიჯს უკან - დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG