Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლამდელი განათლების სფეროში თანამშრომლობის დეკლარაცია და ბაგა-ბაღების პრობლემები


რუსთავის N31 საბავშვო ბაღი
რუსთავის N31 საბავშვო ბაღი

რუსთავის მერიაში „სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაციის’’ დამფუძნებელი შვიდი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის თანახმად, ხელმომწერი მუნიციპალიტეტები მხარს დაუჭერენ სკოლამდელი განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

ხელმომწერი მერები გამოხატავენ „პრინციპულ თანხმობას“, რომ ხელიშეუწყონ საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პირთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას სკოლამდელი განათლების პრაქტიკაში, აგრეთვე, მართვისა და დაფინანსების სისტემებში „ბავშვზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების პრონციპების დანერგვას“. დეკლარაციას - ,,სკოლამდელი განათლება - ჩვენი პრიორიტეტული სოციალური ანგარიშვალდებულება’’ - ხელი მოაწერეს ბაღდათის, გარდაბნის, დუშეთის, თიანეთის, ოზურგეთის, რუსთავის მერებმა,ასევე მარნეულის მერის მოვალების შემსრულებელმა.

„სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაციის’’ დამფუძნებელი შვიდი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას
„სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაციის’’ დამფუძნებელი შვიდი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას

პროექტი ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით“დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children), საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ და „საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაცია“. დეკლარაციის ხელმოწერამდე ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ წარმომადგენელმა, ნინო ალელიშვილმა, მოკლედ მიმოიხილა კვლევა, რომელიც 7-ვე მუნიციპალიტეტის 145 საჯარო ბაგა-ბაღში ჩატარდა.

აღმოჩნდა, რომ, მაგალითად, შვიდივე მუნიციპალიტეტში თვითმმართველობების მიერ სკოლამდელი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტებიდან, საერთო ჯამში, ბავშვების წიგნებზე გამოყოფოლი თანხა არ აღემატება მთლიანი თანხის 0,04 პროცენტს. „კივიტას გეორგიკას“ წარმომადგენელი ნინო ალელიშვილი ამბობს:

„დამაფიქრებელია ისიც, რომ, როგორც კვლევის შედეგად გაირკვა, მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სათამაშოებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე დახარჯული თანხა არის ძალიან მცირე. ასევე მცირე თანხა, თითქმის ნულის ტოლი, იხარჯება პერსონალის განვითარებისთვის საჭირო წიგნების შეძენაზე“.

მისივე თქმით, კვლევის პროცესში აღსაზრდელთა მშობლები ჩიოდნენ იმაზე, რომ ბაგა-ბაღებში არ არის ბავშვების გართობა-განვითარებაზე ადაპტირებული ღია სათამოშო მოედნები, უკმაყოფილებას იწვევდა ბავშვების კვებაზე დახარჯული თანხის ოდენობაც. კვლევა დაეფუძნა სხვადასხვა კითხვარებს, რომლებიც შესავსებად დაურიგდათ თითოეულ მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებს, სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალსა და აღსაზრდელთა მშობლებს. სულ 2270 მშობელი გამოიკითხა.

„მშობლების უმრავლესობა ჩიოდა ბავშვთა დიდ რაოდენობაზე სააღმზრდელო ჯგუფებში“, თქვა ნინო ალელიშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე.

ნინო ელიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბაგა-ბაღებში არსებული გამოწვევების ერთობლივისამუშაო ჯგუფის შექმნა. მიმდინარე წლის ბოლომდე შესამუშავებელი იქნება სამოქმედო გეგმა. ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ თავმჯდომარემ გიორგი მესხიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ანალოგიური კვლევა კიდევ 32 მუნიციპალიტეტში ჩატარდა, თუმცა მათი ანალიზი ჯერ არ გაკეთებულა.

პროექტი ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით“დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“.
პროექტი ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით“დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“.

„თითოეული ბაღისთვის შემუშავდება რეკომენდაცია, თუმცა ყველა ბაღს, სადაც გამოვიკვლიეთ, აქვს ერთი საერთო პრობლემა - გადატვირთული სააღმზრდელო ჯგუფები, პერსონალის კვალიფიკაცია და არაადაპტირებული სათამაშო მოედნები“, თქვა გიორგი მესხიძემ. მისივე თქმით, არანაკლებ პრობლემურია ის ფაქტი, რომ არც ერთ უმაღლეს დაწესებულებაში არ ისწავლება სკოლამდელი აღზრდის სპეციალობა.

გიორგი მესხიძემ დასძინა, რომ „საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის“ წევრები, პროექტში ჩართული შვიდივე მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებათა ხელმძღვანელები, მიმდინარე წლის მაისში გამოცდილების მისაღებად პოლონეთში გაემგზავრებიან, რათა მიღებული ცოდნის იმპლემენტაცია ადგილზე შეძლონ. „საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაცია“, რომლის წევრები არიან ხსენებული მუნციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანებათა ხელმძღვანელები, გასულ წელს დაფუძნდა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG