ერთადერთი განმარტება, რაც განათლების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ გააკეთა, იყო ის, რომ შეზღუდვა შეეხებათ როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს:
„ის, რომ პედაგოგი მობილურ ტელეფონს გაკვეთილის მიმდინარეობისას შემნახველ ყუთში მოსწავლეების ტელეფონებთან ერთად მოათავსებს, ეს იქნება მაგალითი მათთვის. ამას მასწავლებლებისთვის არ აქვს აკრძალვის ხასიათი. ეს არის უბრალოდ პირადი მაგალითის მიცემა მოსწავლეებისთვის“, - დაწერა „ინტერპრესნიუსმა“ განათლების სამინისტროზე დაყრდნობით.
„ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში“, სკოლებში ტელეფონების ტარებაზე მხოლოდ ერთი წინადადება წერია:
„სკოლებში შემუშავდება მობილური ტელეფონების გამოყენების წესი, რომლის მიზანია მოსწავლეთა კონცენტრაციის გაძლიერება, კომუნიკაციისა და ქცევის უფრო ჯანსაღი მოდელის ჩამოყალიბება და სასწავლო პროცესის უწყვეტობის დაცვა“.
მოსწავლეების მშობლებს ეს ზოგადი განმარტება არ ჰყოფნით, მათ კითხვები აქვთ:
- მაგალითად, რას ნიშნავს „ტელეფონების გამოყენების წესი“?
- მოსწავლეებს გაკვეთილებზე ტელეფონის გამოყენება არც მანამდე შეეძლოთ და ახლა რა იცვლება - სკოლაში ტელეფონის მიტანაც კი აიკრძალება?
- თუკი ასეა, როგორ დაურეკავენ მშობლები შვილებს სკოლაში ყოფნისას?
- ვინ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ბავშვები სკოლიდან სახლში და პირიქით უსაფრთხოდ მივლენ?
მშობლებს განათლების სამინისტროს პასუხი აინტერესებთ.
რადიო თავისუფლება შეეცადა დეტალები განათლების სამინისტროში გაერკვია, თუმცა ამ ეტაპზე უწყების პრესსამსახურთან კომუნიკაცია ვერ შედგა.
როგორ გამოადგა მეშვიდეკლასელს გაკვეთილზე ტელეფონით ჩაწერილი ხმა
მედეა ტურაშვილი, ორი მოსწავლის დედა, გვიყვება 7 წლის წინ მომხდარ ამბავს, როდესაც მისმა მეშვიდეკლასელმა შვილმა ტელეფონით გაკვეთილის გადაღება გადაწყვიტა.
„ბავშვმა რამდენჯერმე თქვა სახლში, რომ მასწავლებელი მათ შეურაცხყოფას აყენებდა, მაგრამ რატომღაც ყურადღება არ გამიმახვილებია. ბოლოს ბავშვი იძულებული გახდა, რომ აუდიოჩანაწერი გაკეთებინა და მომასმენინა. მაშინვე მივმართეთ ადმინისტრაციას, თუმცა რეაგირება იყო ნული. ამის შემდეგ მივწერეთ განათლების სამინისტროს და სკოლა იძულებული გახდა, დაეწყო დისციპლინური წარმოება“, - იხსენებს მედეა.
თუმცა დედამ აღმოაჩინა, რომ სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა მასწავლებელთან ერთად მის შვილსაც დაუდგინა დისციპლინური გადაცდომა - გაკვეთილი დროს ტელეფონის გამოყენების გამო. ეს გადაწყვეტილება ბავშვის მშობელმა განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურში და სასამართლოში გაასაჩივრა:
საკითხის შესწავლის შემდეგ, განათლების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტმა დასკვნაში დაწერა:
მოსწავლემ ტელეფონი „მასწავლებლის არამართლზომიერი ქმედების“ დასაფიქსირებლად გამოიყენა, „რაც საბოლოოდ სკოლაში ძალადობის აღმოფხვრას ემსახურება“. ამის გამო „მოსწავლისათვის სახდელის შეფარდება ეწინააღმდეგება ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, მოსწავლის მიმართ ქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მისი ჭეშმარიტი ინტერესი..."
ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლომ კი მოსწავლისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი გააბათილა.
რას ჰყვებიან ბავშვები?
ლიზა მეცხრე კლასის საჯარო სკოლის მოსწავლეა. გვეუბნება, რომ მათ კლასში გაკვეთილების დაწყებამდე ტელეფონების ჩაბარება სავალდებულო არ არის, თუმცა არც გამოყენებაა ნებადართული:
„მასწავლებელმა თუ დაინახა, რომ ხელში გვიჭირავს ტელეფონი, შეუძლია ჩამოგვართვას და დღის ბოლომდე აღარ დაგვიბრუნოს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კლასელი გავიდა გაკვეთილიდან ტიკ-ტოკ-ლაივში და მგონი, რამდენიმე დღით ჩამოართვეს ტელეფონი“.
„ტელეფონს მხოლოდ მაშინ ვიღებ ჯიბიდან, როცა სახლიდან მწერენ“, - გვეუბნება მეათეკლასელი სანდრო. - „მე მაღალ კლასში ვარ და არ გვთხოვენ ტელეფონების ჩაბარებას, მაგრამ დაბალ კლასებში ყუთში ინახავენ ბავშვები“.
„უკვე მიჩვეული ვარ, რომ ტელეფონი სპეციალურ ჩანთაში უნდა შევინახო კლასში შესვლის შემდეგ. ხანდახან გაკვეთილზე გვჭირდება ტელეფონები, ამიტომ მასწავლებელი თვითონ გვაძლევს უფლებას, რომ ავიღოთ“, - გვიყვება მეშვიდეკლასელი ნია.
„აკრძალვა კი არა, სასიკეთოდ გამოყენებაა საჭირო“ - როგორ ხედავენ საკითხს მშობლები?
კერძო და საჯარო სკოლებში ტელეფონების გამოყენების წესი წლებია, მეტ-ნაკლებად დარეგულირებული აქვთ თავად სკოლებს და მასწავლებლებს.
ეს სკოლების შინაგანაწესში შეტანილი ნორმებია, რომლებსაც აცნობენ მოსწავლეებსაც და მათ მშობლებსაც. მოსწავლეები ტელეფონებს აბარებენ დამრიგებელს ან ინახავენ სპეციალურ კარადებსა და ყუთებში.
სკოლების უმეტესობა მოსწავლეებს აძლევს უფლებას, რომ გაკვეთილებს შორის შესვენებებისას გამოიყენონ ტელეფონები, შემდეგ კი უკან დააბრუნონ.
მასწავლებლები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, ამბობენ, რომ მოსწავლეების უმეტესობა ამ პროცესს უკვე შეჩვეულია და მათ ტელეფონებთან „დროებით დამშვიდობების“ პრობლემები აღარ აქვთ.
მშობლები კი ყველაზე დიდ ყურადღებას უსაფრთხოებაზე ამახვილებენ, ასევე ამბობენ, რომ ბავშვები ტელეფონებს ხშირად სწორედ დავალებების შესასრულებლად იყენებენ და მათი სრულად აკრძალვა არ იქნება გამართლებული.
აი, რამდენიმე მშობლის მოსაზრება სკოლებში ტელეფონებთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე:
- „ტელეფონი იმისთვის აქვს ბავშვს, რომ მშობელს მასთან დაკავშირება შეეძლოს (რა იცი, რა ხდება?!). აკრძალვის წინააღმდეგი ვარ კატეგორიულად. ეს ერთადერთი გზაა, რითაც ვაკონტროლებთ და ვინარჩუნებთ კავშირს ბავშვებთან. ტელეფონის სხვა მიზნით გამოყენება უნდა იკრძალებოდეს. ამას მასწავლებლებმა უნდა მიხედონ.
- „როცა ასე ვითარდება ტექნოლოგიები, აკრძალვა კი არა, ისეთი გზის გამონახვაა საჭირო, რომ სასიკეთოდ გამოიყენონ. ჩემს შვილებს გაკვეთილზე ისედაც ჩამორთმეული აქვთ ტელეფონები. დასვენებაზე იღებენ მხოლოდ“, - ქეთი ცაგარეიშვილის შვილები საჯარო სკოლაში სწავლობენ.
- „ბავშვები დილით რომ მიდიან სკოლაში, ტელეფონებს ყუთში დებენ. თუ რამე განსაკუთრებული საჭიროება არ არის, არ იყენებენ. თუმცა უფროსთან მე-10 კლასში რთულად მიაღწიეს, რომ ტელეფონები ნებაყოფლობით დაეტოვებინათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თაკო. მისი შვილებიც საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
- „ტელეფონი სკოლაში მხოლოდ ჩემს უფროს ბიჭს დააქვს, მეექვსე კლასშია. სკოლაში მისვლისთანავე ბავშვები ტელეფონებს აწყობენ დალუქულ კარადებში და იღებენ მხოლოდ გაკვეთილების დასრულების შემდეგ, თუ დღის განმავლობაში რაიმე მიზეზით არ სჭირდებათ მშობლებთან დაკავშირება. არ ვემხრობი ტელეფონის სრულად აკრძალვას, ეს გაართულებს კომუნიკაციას. ყველა დეტალისთვის დამრიგებელს ვერ დაურეკავ, მით უმეტეს, თუ მასწავლებლებსაც არ ექნებათ ტელეფონის გამოყენების უფლება. უფროსკლასელებთან განსხვავებული მიდგომა სჯობს. მათ შესაძლოა ტელეფონი სჭირდებოდეთ სწავლისთვის, მაგალითად, ონლაინტესტირებისთვის ...თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ გაკვეთილზე ან თუნდაც შესვენებებზე სოციალური ქსელებით სარგებლობდნენ, თამაშობდნენ და ა.შ.“, - ეუბნება ნინო ბერელიძე რადიო თავისუფლებას.
- „ჩვენთან გაკვეთილების დაწყების წინ აბარებენ ტელეფონებს და დღის ბოლოს უბრუნებენ. წინა სემესტრში, რამდენჯერმე არ გამოართვა მასწავლებელმა ტელეფონი და შევამჩნიე, რომ ლაივში იყვნენ. ამის მერე ინტერნეტს აღარ ვურთავ. ვატან ტელეფონს, რადგან შორს ვართ სკოლიდან და მაინტერესებს, მივიდა თუ არა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაკა, რომელსაც ორი მოსწავლე შვილი ჰყავს.
თამთა ჯანაძე, რომლის შვილიც საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეა, ფიქრობს, რომ დაწყებით კლასებში ტელეფონების გამოყენება არანაირი მიზნით არ არის კარგი რამ:
„ამ ასაკის ბავშვს კარგად არ აქვს გაცნობიერებული ტელეფონის შემეცნებითი დატვირთვით გამოყენების მნიშვნელობა და დარწმუნებული ვარ, ბავშვების ნაწილი მაინც სათამაშოდ გამოიყენებს. მობილურს იმიტომ ვატან, რომ დავუკავშირდე, სამწუხაროდ, არ ვცხოვრობთ უსაფრთხო საზოგადოებაში და მინდა ბავშვისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი ვიყო“.
მეოთხე კლასშია ანას შვილიც. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება: „არ ვემხრობი არც ყუთში ჩაკეტვას, და არც აკრძალვას. რატომ უნდა შევაწუხო მასწავლებელი, როცა შემიძლია პირდაპირ შვილს დავუკავშირდე“.
მედეა ტურაშვილი გვეუბნება: „თუკი ბავშვს გაკვეთილზე სქროლვისთვის სცალია, ე.ი. პროცესშია პრობლემა. ტელეფონის ქონა არ არის მთავარი პრობლემა. ტელეფონების საკითხი სკოლის დონეზე ისედაც დარეგულირებულია, ამიტომ ახლა, ეს ე.წ. რეფორმა არის თითიდან გამოწოვილი ამბავი, არაფერი კავშირი არ აქვს ამას არც განათლების ხარისხთან და არც ამ პროცესის გაუმჯობესებასთან. ტელეფონის აკრძალვას რომ რეფორმა დაარქვა, ეს არის სასაცილო“.
„პოპულისტური ნაბიჯი“ - ასე აფასებს განათლების სამინისტროს ინიციატივას მეგი კავთუაშვილი, „მშობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, რომელიც წლებია, საგანმანათლებლო სფეროს პრობლემებსა და გამოწვევებზე მუშაობს და მისი განსაკუთრებული ყურადღება, მათ შორის, პოდკასტები, სწორედ სკოლებს ეძღვნება:
„თუკი ბავშვი ამას [არღვევს შინაგანაწესს მობილურის შეზღუდვაზე - რ.თ.] რეგულარულად აკეთებს, მასწავლებელი ვალდებულია, რომ საქმის კურსში ჩააყენოს მშობელი, მისცეს დისციპლინური გადაცდომის სტატუსი. ეს აქამდეც დარეგულირებულია.
ამ თემის ახლა წინ წამოწევა, ეს არის პოპულისტური ნაბიჯი განათლების სამინისტროს მხრიდან, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელიც გეტყვის, რომ, არა, ჩემს შვილს ტელეფონი უნდა ეჭიროს გაკვეთილზე და თამაშობდეს“, - ეუბნება მეგი კავთუაშვილი რადიო თავისუფლებას. - ტელეფონების გამოყენება ლეგიტიმური მიზნით ან სასწავლო მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ტელეფონთან ჰქონდეს წვდომა, რადგან თუკი სკოლაში დეტექტორები დააყენეს და მათ სკოლაში არ შეატანინეს ტელეფონი, ჩვენ შესაძლოა, მივიღოთ დახურული ინსტიტუცია“.
„რა საჭიროა, ბრძანებები და კანონები იმაზე, რაც ისედაც მარტივად გვარდება?“ - მასწავლებლების პოზიცია.
„მხოლოდ ტელეფონის ჩამორთმევით არ გვარდება პრობლემა“, - ამბობს გიორგი ლიპარიშვილი. ის წლებია კერძო სკოლაში მუშაობს და ბავშვებს ხელოვნებას ასწავლის.
განათლების სამინისტროს ამ ინიციატივას ის „ახალი ველოსიპედის გამოგონებას“ და „მშობლების გულის მოგების“ მცდელობას უწოდებს, რასაც მისი თქმით, არაფერი აქვს საერთო სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასთან.
მისი მოსწავლეები წლებია, ტელეფონებს სპეციალურად მოხატულ, ფერად ყუთში ინახავენ:
„მხოლოდ ის თქვეს, რომ უნდა ავკრძალოთო და მეტი აღარაფერი უთქვამთ. ეს ინიციატივა იცით, რას ჰგავს? ბევრი ადამიანის, მშობლების გულის მოგებას ცდილობენ..."
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ტელეფონების შეზღუდვას მასწავლებლებისთვისაც, გიორგი ლიპარიშვილი ამბობს:
„რატომ? რომ მასწავლებელმა ვერ გაიგოს, რა ხდება გარშემო? ის მაინც გვითხრან, რა ფორმით შეგვიზღუდავენ. მასწავლებელს ტელეფონი სჭირდება გაკვეთილზე, მაგალითად, მოსაძებნია რაღაც, ბავშვს კითხვა აქვს, რომელზე პასუხიც მალევე უნდა იპოვო. ხან არის, რომ უცებ დაგჭირდება თემატური მუსიკა და უნდა ჩართო.
გასაგებია, რომ მასწავლებელმა არ უნდა „იმესიჯოს“, მაგრამ ის, რომ გაკვეთილების მსვლელობისას ტელეფონის გამოყენება აუკრძალო, სრულიად გაუგებარია“.
გაკვეთილზე მასწავლებლებისთვის ტელეფონის აკრძალვას ხუმრობად აღიქვამს 178-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ცანავა:
„ან უბრალოდ, დატესტეს, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ ენახათ საზოგადოების რეაქცია. შეუძლებელია, მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესში შეუზღუდო ტელეფონის გამოყენება. განსაკუთრებით დამრიგებელს, რომელსაც ინტენსიური კონტაქტი აქვს მოსწავლეების მშობლებთან, განსაკუთრებით დაბალკლასელების.
რა დროს ტელეფონის აკრძალვაზე ლაპარაკია, როცა სხვა უამრავი რეალური პრობლემა გვაქვს. სკოლები გვაქვს ასაშენებელი, ინფრასტრუქტურა გასამართი, მასწავლებლების ხელფასი, სახელმძღვანელოები გვაქვს ასარჩევი... იმდენი პრობლემაა რეალურად სკოლაში, რომ ახლა ტელეფონებით მანიპულირება არის სრულიად აბსურდული იდეა...
მშობლებმა იციან, რომ თუკი ბავშვს ვუპოვეთ გაკვეთილზე ტელეფონი, ტელეფონი ჩაგვაქვს დირექტორის მოადგილესთან და სანამ მშობელი არ მოვა, ბავშვს არ აქვს უფლება, რომ თავად აიღოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ ცანავა.
ინა იმედაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ამბობს, რომ არც მას მოსწონს სკოლაში ტელეფონის აკრძალვა. ერთი მხრივ, ლოგიკურია, რომ ბავშვი გაკვეთილზე ტელეფონს არ იყენებდეს, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ სწავლისთვისაა ტელეფონის გამოყენება მოხერხებული.
„მყოლია ბავშვები, რომლებსაც მშობელი უკრძალავდა ყველანაირ გაჯეტს და ძალიან გარიყულან კლასიდან, მაგალითად, ვერ შეუსრულებიათ კონკრეტული დავალებები. აკრძალვა ადვილია. ჩვენი მიზანი არა აკრძალვა, არამედ კონტროლი, თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ტელეფონების სწორად გამოყენება უნდა იყოს.
ჩვენს სკოლას აქვს იმის რესურსი, რომ ბავშვებმა ტელეფონების ნაცვლად „აიპადები“ გამოიყენონ. საჯარო სკოლებს ტელეფონები შეუძლიათ აქციონ ასეთ რესურსად“.
რაც შეეხება მასწავლებლებისთვის ტელეფონების შეზღუდვას, ინა იმედაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება:
„ეს ინიციატივა ძალიან შეურაცხმყოფელია. ისედაც, მასწავლებლის ავტორიტეტი, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია ჩვენს საზოგადოებაში და კიდევ მასწავლებელს ავუკრძალოთ რაღაც, მის ავტორიტეტს ეს კი არ დაეხმარება, უარესად დააკნინებს.
ტელეფონი პედაგოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია. იმავე, მშობელთან დროულად კომუნიკაციისთვის. გარდა ამისა, ელექტრონულ ჟურნალს სწორედ ტელეფონით ვავსებთ. გვაქვს წამახალისებელი სტიკერები და როცა, მაგალითად, ბავშვის წახალისება მინდა, კარგად შეასრულა რაღაც დავალება, მაშინვე, მის თვალწინ ვუგზავნი მწვანე ვარსკვლავებს. ტელეფონს კონკრეტული მიზნებისთვის ვიყენებ. გარდა ამისა, ვიზუალური მასალის მოსაძიებლად, უცებ დაგუგლავ, აჩვენებ. ეს არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი მასწავლებლის ხელში.
კი, მასწავლებელი შესვენებისას შეიძლება შევიდეს სოციალურ ქსელში, განიტვირთოს, მაგრამ მე ჩემ გარშემო არ მეგულება მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილზე ზის და სქროლავს. და თუკი მასწავლებელი ამას აკეთებს, მაშინ მას ტელეფონის მოხმარება კი არ უნდა აუკრძალო, ალბათ, შესაბამისი დისციპლინური სახდელი უნდა დააკისრო“.
საერთაშორისო გამოცდილება
გაკვეთილებზე ტელეფონების, ე.წ. სმარტფონების გამოყენება შეზღუდულია არაერთ ევროპულ ქვეყანაში. მათ შორის, 2018 წლიდან საფრანგეთში, სადაც ტელეფონებით სარგებლობა აკრძალულია დაწყებით კლასებსა და კოლეჯებში.
2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლებში ტელეფონების გამოყენება შეზღუდა უნგრეთმა. გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით.
ტელეფონებით სარგებლობა აკრძალულია იტალიის სკოლებშიც. თავდაპირველად შეზღუდვა მოქმედებდა მხოლოდ დაწყებით კლასებში, თუმცა მოგვიანებით ეს შეზღუდვა გაფართოვდა ზედა საფეხურებზეც. გამონაკლისს წარმოადგენენ განსაკუთრებული საჭიროებისა და შშმ სტატუსის მქონე მოსწავლეები.
2025 წლიდან შეიზღუდა სკოლებში ტელეფონების გამოყენება ლატვიაში.
2025 წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედებული კანონის თანახმად, ფინეთში საგაკვეთილო პროცესისას ტელეფონის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მასწავლებლის ნებართვით და მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის ან ჯანმრთელობის პრობლემებისას.
2025-2026 სასწავლო წლიდან ბელგიის სკოლებში ტელეფონების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის.
2026 წლის 26 იანვარს, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერს, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ბრიტანეთის სკოლებმა მიიღეს ბრიტანეთის განათლების საკითხების მდივან ბრიჯიტ ფილიპსონის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა სკოლამ უნდა დაიცვას მთავრობის ახალი რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, სკოლებში სრულად უნდა აიკრძალოს ტელეფონების გამოყენება.
სკოლებისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც BBC-ის ჟურნალისტებმა წაიკითხეს, ფილიპსონი აღნიშნავს, რომ ტელეფონების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი არც კალკულატორებად, არც სასწავლო პროცესში ინფორმაციის მოსაძიებლად, ისევე როგორც შესვენებებისა და სადილის დროს.
ფორუმი