Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლა სპორტდარბაზის გარეშე და კლასში ჩატარებული სპორტის გაკვეთილები


ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლა
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლა

ქუთაისის 32-ე სკოლა ერთ-ერთია ქალაქის იმ საჯარო სკოლებს შორის, რომლებსაც სპორტული დარბაზი არ აქვთ. მოსწავლეები ამბობენ, რომ კარგ ამინდში სპორტის გაკვეთილი სკოლის ეზოში უტარდებათ, უამინდობისას კი ამ მიზნით საკლასო ოთახებს ან დერეფანს იყენებენ. მათივე თქმით, სურთ სკოლაში ჰქონდეთ დარბაზი და მეტი დრო დაეთმოს სპორტის გაკვეთილსაც, რომელიც ამჟამად კვირაში მხოლოდ ორი საათით განისაზღვრება.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელ დარიკო ჯუღელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლას, უკვე წლებია, სავარჯიშო დარბაზი არა აქვს, მისი და მოსწავლეების მონდომებით წარმატებას არაერთ შეჯიბრში მიაღწიეს. დარიკო ჯუღელის განცხადებით, ბოლო 6 წელია, სპორტის გაკვეთილების ჩატარება გართულდა და პრობლემები უსათუოდ მოსაგვარებელია.

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ პროგრამის ფარგლებში მალე დაიწყება სკოლის შენობის სრული რეკონსტრუქცია, პროექტის მიხედვით, სპორტული დარბაზის მშენებლობა დაგეგმილი არ არის...
ჯეირან კოღუაშვილი

სპორტის პედაგოგ დარიკო ჯუღელის აზრით, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება აუცილებელია ბავშვობის ასაკიდან და ამისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი გარემო, პირობები და სპეციალური აღჭურვილობა. ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ჯეირან კოღუაშვილის, განმარტებით, ამორტიზებული სპორტული დარბაზი აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე წლების წინ დაანგრიეს და ახლის მშენებლობა იგეგმებოდა, მაგრამ შარშან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან უარი მიიღეს თანხის უქონლობის მიზეზით.

32-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ჯეირან კოღუაშვილის, ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ პროგრამის ფარგლებში მალე დაიწყება სკოლის შენობის სრული რეკონსტრუქცია, პროექტის მიხედვით, სპორტული დარბაზის მშენებლობა დაგეგმილი არ არის.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის მოედანი
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის მოედანი

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, შენობის სრული რეკონსტრუქცია მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, მანამდე კი სასწავლო პროცესი მეორე ცვლაში ახლომდებარე 24-ე საჯარო სკოლაში გაგრძელდება. რეკონსტრუქციის დასრულებისა და სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ დირექტორი აპირებს დახმარებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართოს, რადგან საჯარო სკოლების შენობების მოვლა-პატრონობა მიმდინარე წლიდან მერიას დაეკისრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG