Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლის დირექტორების კონკურსი კონკურსის გარეშე


თბილისის 161-ე საჯარო სკოლა
თბილისის 161-ე საჯარო სკოლა

2000 სკოლაზე მეტი ახალ დირექტორს ირჩევს, თუმცა კონკურსი უმეტესობაში ფორმალობაა. სკოლების 38%-ში არც ერთი დირექტორობის კანდიდატი არ არის რეგისტრირებული, 43%-ში კი მხოლოდ ერთი კანდიდატია. 

დირექტორების შესარჩევ კონკურსში მნიშვნელოვანია კვალიფიკაციაც: ახალი დირექტორი 2 074 სკოლას სჭირდება, სერტიფიცირებული კანდიდატი კი მხოლოდ 1 407-ია.

რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლის დირექტორების რეალური არჩევნები?

კონკურსის გამოცხადებამდე, 2 086 საჯარო სკოლიდან დირექტორი მხოლოდ 9 სკოლას ჰყავდა - ყველა დანარჩენს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავდა.

კვლევების მიხედვით, სკოლის დირექტორის როლი ჯანსაღ სასკოლო პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მასწავლებლის - საქართველოს განათლების სისტემაში დირექტორების განსაკუთრებულ როლს აღიარებს სახელმწიფოც.

დირექტორის სტანდარტის მიხედვით, რომელიც განათლების სამინისტრომ 2022 წელს განაახლა, სკოლის დირექტორი უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერი არა მხოლოდ სკოლისთვის, თემისთვისაც.

სკოლის დირექტორების არჩევის წესი ასეთია:

  • დაინტერესებული კანდიდატი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სამწლიანი სამუშაო გამოცდილება და აქედან ერთი წელი მაინც საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული, გადის სასერტიფიკატო გამოცდაზე.
  • ორეტაპიანი გამოცდა ტესტირებისა და სამინისტროში გასაუბრებისგან შედგება.
  • კონკურსი სერტიფიკატის აღების შემდეგ იწყება.
  • კანდიდატს გასაუბრებაზე კიდევ ერთხელ იბარებენ სამინისტროში.
  • საბოლოოდ კანდიდატებს შორის საუკეთესოს სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს - საბჭო დაკომპლექტებულია მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისგან.

სკოლის დირექტორების არჩევნები წლების განმავლობაში აჩვენებს, რომ ძალიან ცოტაა მათი რიცხვი, ვისაც დირექტორობა უნდა. შესაბამისად, სკოლებს მართავენ არასერტიფიცირებული, სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორები ამ მათი მოვალეობის შემსრულებლები.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) კვლევის მონაცემებით: 2021 წლის მონაცემებით, სკოლის ხელმძღვანელებიდან სერტიფიცირებული იყო 784 ხელმძღვანელი ანუ საერთო რაოდენობის მხოლოდ 38%.

როგორ ტარდება სკოლის დირექტორების არჩევნები?

სკოლებიც და დირექტორობის მსურველებიც რამდენიმე წელი ელოდნენ როდის გამოაცხადებდა სახელმწიფო კონკურსს. ჯერ პანდემია იყო, შემდეგ ახალი სტანდარტი იქმნებოდა და ბოლოს სერტიფიცირების ეტაპიც რამდენჯერმე გადაიდო.

საბოლოოდ სახელმწიფომ 2022 წელს, 12 წლის წინ შექმნილი სტანდარტი განაახლა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, სკოლის დირექტორი არის საგანმანათლებლო ლიდერი, რომელიც თავად წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს სასკოლო საზოგადოებისთვის და ერთნაირი წარმატებით ზრუნავს როგორც სკოლის ფინანსურ მდგრადობაზე, ისე სასკოლო კურიკულუმების განვითარებაზე, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაზე, მშობელთა ჩართულობაზე და სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

2023 წლის დასაწყისში მთელ ქვეყანაში დირექტორობა 3 205-ს ადამიანს სურდა. სერტიფიცირებისთვის გამართულ ტესტირებაზე მათგან ნახევარზე ნაკლები, მხოლოდ 1 839 აპლიკანტი გამოცხადდა. იმ 755 კანდიდატიდან, ვინც გასაუბრების ეტაპზე გადავიდა, საბოლოოდ დირექტორობის კანდიდატის სერტიფიკატი მხოლოდ 593-მა მიიღო.

სკოლის დირექტორობის მსურველების სიმცირე თვალშისაცემი იყო 2013-2014 წლებშიც. სკოლის ხელმძღვანელების მსურველთა წინა სერტიფიცირებისას გამოცდა 1 305-მა ადამიანმა ჩააბარა. 2014 წელს შერჩეულ სკოლის დირექტორებს 6 წლიანი ვადა 2020 წელს გაუვიდათ. მათ შეუძლიათ მეორედ სცადონ ბედი და ბევრი მათგანი ამ უფლებას იყენებს კიდეც. სკოლებში, სადაც მოქმედი დირექტორები აპირებენ დარჩენას, კონკურსი თითქმის არ არის.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ სერტიფიცირება გარკვეულწილად ფორმალური პროცედურაა და სერტიფიკატის აღება არ ნიშნავს, რომ სკოლის დირექტორი სხვა, არასერტიფიცირებული კანდიდატი არ გახდება. განათლების და მეცნიერების მინისტრს აქვს უფლება, დანიშნოს სკოლის დირექტორი, მათ შორის - არასერტიფიცირებული პირი, თუკი სკოლის სამეურვეო საბჭო სასურველ კანდიდატს ვერ იპოვის.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ( CCIIR) კვლევის მიხედვით, რომელიც დირექტორობის კანდიდატების შერჩევის პროცესს აკვირდება, რეგიონების სკოლების უმრავლესობას სწორედ არასერტიფიცირებული ხელმძღვანელები ჰყავს. სავარაუდოდ ამ სიტუაციას ვერ შეცვლის დირექტორთა მიმდინარე შერჩევის პროცესი.

2074 სკოლიდან 798 სკოლაში დირექტორობის არცერთი სერტიფიცირებული კანდიდატი არ არის დარეგისტრირებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკოლების 38,5%-ს არჩეული დირექტორი ისევ ვერ ეყოლება.

რატომ მოხდა, რომ კონკურსში, რომელსაც წლებია ელოდა სისტემა, კონკურსი არ არის?

“ამას ბევრი მიზეზი აქვს - ზოგადად საკადრო რესურსის დეფიციტი გვაქვს როგორც სისტემაში, ისე იმ რაიონებში, სადაც კონკურსი არ არის” - ეუბნება რადიო თავისუფლებას განათლების ექსპერტი, “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე, შალვა ტაბატაძე.

ძირითადად რეგიონებში, იმ სკოლებში სადაც ცოტა ბავშვი სწავლობს და სკოლები ღარიბია, სკოლის დირექტორების ხელფასი დაბალია (480 ლარიდან 1000 ლარამდე), პასუხისმგებლობები კი დიდი და მასწავლებლობის მსურველი ცოტა.

დირექტორობა რთულია და ამავე დროს უინტერესო მათთვის ვისაც მაღალი კვალიფიკაცია აქვს ან განვითარების სურვილი. საქართველოში სკოლების დირექტორების მხოლოდ 6%-ია 40 წელზე ახალგაზრდა - რაც დრო გადის უფრო და უფრო იმატებს ამ პოზიციაზე ასაკოვანი პედაგოგების რიცხვი. სახელმწიფო ვერ აინტერესებს ახალგაზრდებს გახდნენ დირექტორები. მეტიც, მასწავლებლების ნახევარზე მეტი 40 წელს გადაცილებულია.

„70 წელს ზემოთ ასაკის უფრო მეტი დირექტორი გვყავს, ვიდრე 40 წლამდე ასაკის“ - ამბობს შალვა ტაბატაძე, განათლების მენეჯმენტის სპეციალისტი და ლექტორი და ამატებს - „ყოფილა შემთხვევა, რომ სერტიფიცირებულმა დირექტორმა დაწერა განცხადება დირექტორობიდან გადადგომის შესახებ და ისევ ის დანიშნეს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად იმის გამო, რომ სხვა კანდიდატი ვერ იპოვეს.

რა მნიშვნელობა აქვს კონკურსს, თუკი ის კონკურსი არ არის

თუკი იმ 400-მდე სკოლაში, სადაც დირექტორობისთვის რამდენიმე კანდიდატი იბრძვის მართლაც საუკეთესო გაიმარჯვებს „ესეც მნიშვნელოვან ცვლილებას მოუტანს განათლების სისტემას” - ფიქრობს შალვა ტაბატაძე. დირექტორების კონკურსი ძირითადად ქალაქების დიდ სკოლებშია, რაც საერთო ჯამში მოსწავლეთა 60%-ს ფარავს. საქართველოს რეგიონების სკოლების უმეტესობაში მოსწავლეთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება, რვაასამდე სკოლაში კი ასზე ნაკლები ბავშვი სწავლობს.

XS
SM
MD
LG