Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1314 სკოლის 100 000-ზე მეტ მოსწავლეს სკოლის შენობაში წყალი არ აქვს


საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ითოვს ნებართვას, ტენდერის გარეშე, მოკლე ვადაში შეისყიდოს ჰიგიენური საშუალებების დისპანსერები და ხელის სადეზინფექციო საშუალებები, რომლებსაც იმ სკოლებში დაამონტაჟებენ, სადაც სველი წერტილები შენობის გარეთ არის და ბავშვებისთვის პირად ჰიგიენაზე ზრუნვისას დაბრკოლებას წარმოადგენს. ამ შესყიდვის თანმხლები დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ წყალმომარაგების სისტემის გარეშე შენობაში 1300-ზე მეტი სკოლა ფუნქციონირებს და იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებსაც სასწავლო შენობაში სუფთა წყალზე წვდომა არ აქვთ, 100 000-ს აჭარბებს.

სკოლების ჩამონათვალი, რომელიც თან ახლავს გამარტივებულ შესყიდვას, ცხადს ხდის, რომ სველი წერტილები სკოლის შენობის გარეთ არის არა მხოლოდ რეგიონების მცირეკონტინგენტიან სკოლებში, არამედ თბილისშიც და რეგიონების მრავალმოსწავლიან სკოლებშიც.

აი, რამდენიმე სკოლა, სადაც, ამ დოკუმენტის მიხედვით, სველი წერტილები სკოლის შენობის გარეთ არის მოწყობილი:

  • თბილისის #209 საჯარო სკოლა სოფ. გლდანში
  • თბილისის #217 საჯარო სკოლა დიდ ლილოში
  • თბილისის #215 საჯარო სკოლა პატარა ლილოში
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლა (646 მოსწავლით)
  • ფოთის 14 საჯარო სკოლა (581 მოსწავლით)
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს #1 საჯარო სკოლა (103 მოსწავლით)
  • თერჯოლის #1 საჯარო სკოლა (637 მოსწავლით)
  • სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლა (250 მოსწავლით)
  • ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისიუს საჯარო სკოლა (551 მოსწავლით)
  • გურჯაანის სოფელ ახაშინის საჯარო სკოლა (317 მოსწავლით)
  • ლაგოდეხის სოფელ კაბლის #1 და #2 საჯარო სკოლები (ჯამში 700-მდე მოსწავლით)
  • თელავის #4 საჯარო სკოლა (910 მოსწავლით)
  • საგარეჯოს სოფელ იორმუღალოს საჯარო სკოლა (1460 მოსწავლით)
  • ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლა (382 მოსწავლით)
  • გარდაბნის #3 საჯარო სკოლა (804 მოსწავლით )
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლა (588 მოსწავლით)
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა (376 მოსწავლით)
  • ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის #11 საჯარო სკოლა ზუგდიდში (364 მოსწავლე)
  • ბათუმის #29 საჯარო სკოლა (200 მოსწავლით)

ტენდერის მიხედვით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო იმ სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას 745 000 ლარის სადეზინფექციო საშუალებებით და დისპანსერებით აპირებს.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებით ღონისძიების სახით მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებების ნუსხის შესაბამისად საქართველოს საჯარო სკოლებისთვის სამინისტროს მიერ შესყიდულ იქნას დისპენსერის ტიპის ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებების ერთი თვის მარაგი”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილება ამ ტენდერის ჩატარების შესახებ 11 მარტს მიიღება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში კი უნდა მოხდეს 3000 ცალი დისპენსერის და 2000 ცალი 5-ლიტრიანი, ჯამში, 10 000 ლიტრი სითხის სკოლებისთვის მოწოდება იმ კომპანიის მიერ, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს. დანარჩენი რაოდენობების სრულად მიწოდების ბოლო ვადად კი 30 აპრილია განსაზღვრული.

კორონავირუსის შემთხვევების საქართველოში დაფიქსირების გამო სკოლებსა და ბაღებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გასტანს. არდადეგების გამოცხადებამდე განათლების სამინისტრომ სკოლაში სანიტარული ნორმების გამკაცრების რეკომენდაცია გასცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, სკოლები ყოველდღიურად უნდა დალაგებულიყო სველი წესით. ასევე:

  • საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ უნდა მომხდარიყო გაღებული ფანჯრების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგებულიყო 2-ჯერ;
  • უნდა ჩატარებულიყო შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;
  • ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი უნდა დასუფთავებულიყო სადეზინფექციო საშუალებებით;
  • სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება უნდა მომხდარიყო ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები უნდა გარეცხილიყო ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

სკოლებში სუფთა წყლის მიწოდების პრობლემებისა და სველი წერტილების გაუმართაობის შესახებ წერდა 2018 წლის ანგარიშში სახალხო დამცველიც. ამ ანგარიშის მიხედვით:

  • სკოლების ნაწილს წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა;
  • სკოლების იმ ნაწილში, სადაც წყალი არის, თითქმის არასოდეს მოწმდება წყლის უვნებლობა;
  • სველი წერტილები ხშირად ანტისანიტარულ პირობებში ფუნქციონირებს;
  • საპირფარეშოებში იშვიათია ხელსაბანი საპონი, ქაღალდი, ხელსაწმენდი, რიგ შემთხვევებში არ მუშაობს ჩამრეცხავი სისტემა;
  • საპირფარეშოების კაბინებს არ აქვთ კარ-ფანჯარა, ზოგიერთი ავარიულია და არსებობს ჩამოშლის საფრთხეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG