Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერი და დე ფაქტო პირველი ლედი დაშორდნენ თითქმის 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ

ანა ჰაკობიანი და ნიკოლ ფაშინიანი
ანა ჰაკობიანი და ნიკოლ ფაშინიანი

განშორებაზე მინიშნებიდან ორ კვირაზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ სომხეთის დე ფაქტო პირველი ლედი, ანა ჰაკობიანი ადასტურებს, რომ ტოვებს სამთავრობო რეზიდენციას და საცხოვრებლად გადადის ნაქირავებ ბინაში, რათა დაასრულოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისგან განქორწინების პროცესი.

ამ განცხადებამ, რომელიც 27 თებერვლის დილას გაკეთდა, ბევრი გააკვირვა - ცნობამ გარკვეული დროით პოლიტიკური ამბებიც კი დაჩრდილა ქვეყანაში, რომელიც წელს დანიშნული მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. წყვილი, რომელსაც ჰყავს 9-დან 25 წლამდე ასაკის ოთხი შვილი, თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა სამოქალაქო კავშირში.

სომხეთში ზოგიერთი ანალიტიკოსი ჰაკობიანის ამ ნაბიჯს უკავშირებს საარჩევნო სეზონის მოახლოებას და მიანიშნებს, რომ ამან, შესაძლოა, დადებითი, ან პირიქით, უარყოფითი გავლენა იქონიოს ფაშინიანის მცდელობაზე, ხელახლა იქნეს არჩეული ივნისის არჩევნებში, რომელიც დიდი ალბათობით დაძაბული მეტოქეობით იქნება გამორჩეული. ფაშინიანი და მისი გუნდის წევრები მის კიდევ ერთ ვადას წარმოაჩენენ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონედ საიმისოდ, რომ სომხეთმა საბოლოო მშვიდობას მიაღწიოს მეზობელ აზერბაიჯანთან - რითაც დასრულდება ათწლეულების განმავლობაში არსებული რეგიონული კონფლიქტი და შუღლი.

ვიდეოჩანაწერში, რომელიც 27 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა ორი დღით ადრეა ჩაწერილი, 48 წლის ჰაკობიანი არ აკონკრეტებს განშორების მიზეზებს და არც პოლიტიკური მოტივების შესახებ ვარაუდებს უპასუხებს.

"ამ საკითხს დაფარულს ვტოვებ ყველა ჩემი მეგობრის, ნაცნობის, ნათესავის, ჩემი უახლოესი ადამიანებისგანაც კი. საზოგადოებას ვთხოვ ნუ დახარჯავს დროს ამაზე მსჯელობაში, რადგან ეს იქნება დროის კარგვა, აზრს მოკლებული და უშედეგო ქმედება. ეს ამბავი შევიტყვეთ, აღვრიცხეთ და ცხოვრება გრძელდება" - წერს ჰაკობიანი პოსტში, რომელსაც თან ურთავს ვიდეოჩანაწერს.

ანა ჰაკობიანი ასევე შეეხო საზოგადოებრივ მსჯელობას მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ - ის აღნიშნავს, რომ ბინა, რომელიც მან კრედიტით შეიძინა, კვლავ მშენებლობის პროცესშია და ის იცხოვრებს ხელფასით, რომელსაც იღებს ფაშინიანის "სამოქალაქო შეთანხმების" პარტიასთან არსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის რანგში, რასაც მწირ დანაზოგს დაუმატებს.

თუმცა ჰაკობიანმა ასევე აღნიშნა შესაძლო იურიდიული შემოწმება და დევნა იმ განცხადებების მერე, რომლებიც გააკეთა სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელმა, არტურ ნაჰაპეტიანმა. ამ უკანასკნელის თქმით, მისი უწყება იძიებს ოპოზიციის განცხადებებს, რომ ფონდ "ჩემი ნაბიჯის" ინგლისური ენის უფასო კურსები დაემთხვა საარჩევნო სეზონს და ეს, შესაძლოა, არღვევდეს საარჩევნო კანონს, რომელიც კრძალავს პოტენციურ ამომრჩევლებზე საჩუქრების ან მომსახურების გაცემას.

ანტიკორუფციულმა კომიტეტმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს 27 თებერვალს განუცხადა, რომ ჰაკობიანის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის.

პრემიერ-მინისტრმა, 50 წლის ნიკოლ ფაშინიანმა, საჯაროდ გამოხატა პატივისცემა ჰაკობიანის გადაწყვეტილების მიმართ:

"ბოლო 30 წელიწადის განმავლობაში, ჩემს ყოველ რთულ დღეს, იგი იყო ჩემ გვერდით - როგორც ჩემი თავშესაფარი და საყრდენი. არ ვარ დარწმუნებული, რომ მეც ანალოგიური როლი შევასრულე მისთვის. შესაძლოა მას უფრო მეტი სევდა მოვუტანე, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი", წერს ფაშინიანი ფეისბუკით პარასკევს.

წყვილი ოფიციალურად არასდროს დაქორწინებულა, ისინი თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იყვნენ სამოქალაქო კავშირში. როგორც შარშან თქვა ფაშინიანმა, ის და ჰაკობიანი ქორწინების ფორმალურად გაფორმებისგან თავს იკავებდნენ მის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო - მათ შორის პოტენციური დაპატიმრების, ან ქონების კონფისკაციის შესაძლებლობის ფონზე.

თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ფაშინიანი წერდა, რომ ისინი 1992 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, როცა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ. შემდეგ წყვილი ერთობლივად უძღვებოდა ოპოზიციური ორიენტაციის გაზეთს იმ პერიოდში, როცა ფაშინიანმა პოლიტიკური კარიერა დაიწყო. 2008 წლის ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ ის დააკავეს და 2009-2011 წლებში პატიმრობაში იყო.

სომხეთის ფართო საზოგადოებისთვის ანა ჰაკობიანი ცნობილი გახდა ფაშინიანის ხელმძღვანელობით განხორციელებული "ხავერდოვანი რევოლუციისას", ანუ 2018 წლის აპრილსა და მაისში მიმდინარე სისტემატური ანტისამთავრობო გამოსვლების კამპანიისას, რომელსაც ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა მოჰყვა. მოკლე დროით ჰაკობიანმა მაშინ ცენტრალური როლიც იტვირთა - როცა ფაშინიანი მაშინდელმა ხელისუფლებამ დროებით დააპატიმრა.

განშორებაზე ბოლო პოსტის გამოქვეყნებამდე ჰაკობიანმა 17 თებერვალს ფეისბუკით დაწერა პრემიერ-მინისტრთან "სამოქალაქო კავშირის დასრულების" შესახებ. მაგრამ ის პოსტი ბევრმა ისე აღიქვა, თითქოს ჰაკობიანი ფაშინიანთან ურთიერთობის დაკანონებაზე და ოფიციალურ დაქორწინებაზე ლაპარაკობდა, რის გამოც მას მილოცვებიც მისწერეს.

დე ფაქტო პირველი ლედის რანგში ჰაკობიანის ნაბიჯები ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი. მისი კამპანია "განათლება მოდურია", რომელიც მოიცავდა საჯარო ლექციებს განათლების უპირატესობებზე თანამედროვე მსოფლიოში, კრიტიკოსებმა მიიჩნიეს სამთავრობო პროპაგანდად, რომელიც საჯარო სახსრებით იყო დაფინანსებული არჩევნების წინ. კრიტიკოსები ასევე ლაპარაკობდნენ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე მის საქველმოქმედო სამუშაოში, რადგან ფონდ "ჩემი ნაბიჯის" დამფინანსებლებს შორის ბიზნესის ფიგურებიც იყვნენ.

პირველი ლედის რანგში ჰაკობიანს მისი სტატუსის გამოც აკრიტიკებდნენ - ამბობდნენ, რომ რადგან იგი ფაშინიანთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იყო, მას არ უნდა ეფრინა საპრეზიდენტო თვითმფრინავით და არც სხვა სახელმწიფო უპირატესობებით არ უნდა ესარგებლა ოფიციალური ტურნეებისა და პროტოკოლური ღონისძიებების დროს.

მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომში ჰაკობიანმა ორგანიზება გაუკეთა ქალთა ქვედანაყოფს, რომელიც აცხადებდა, რომ საბრძოლო პოზიციაზე იყო განლაგებული. მისი ეს ნაბიჯიც გააკრიტიკეს როგორც პროპაგანდა.

ჰაკობიანის კრიტიკოსები ასევე იხსენებდნენ, რომ ის სოციალური მედიით საკვების ფოტოებს აქვეყნებდა მაშინ, როცა 2023 წელს მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანი ბლოკადას უწყობდა, რის შემდეგადაც საკვების ნაკლებობას განიცდიდა რეგიონის მაშინდელი, ძირითადად ეთნიკური სომხებისგან შემდგარი მოსახლეობა. ჰაკობიანზე ამბობენ იმასაც, რომ იგი საკამათო ტერმინოლოგიით მოიხსენიებდა ფაშინიანის პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის ბოლო კონფლიქტისას მთავრობასა და სომხეთის ეკლესიას შორის.

პრესისა და სოციალური მედიის მომხმარებელთა ნაწილი აკრიტიკებდა ფორმალურ ღონისძიებებზე ჰაკობიანის ჩაცმულობასაც. ბოლო ვიდეომიმართვაში ჰაკობიანი ხსნის, რომ სამოსს, რომელსაც იგი ოფიციალურ ღონისძიებებზე ატარებდა, მას დიზაინერები ერთხელ ჩაცმისთვის აწვდიდნენ და ეს ტანსაცმელი მის პირად საკუთრებაში არ იყო:

"მთელი ამ დროის განმავლობაში არ მქონია ფული გარდერობის შესაქმნელად. ამ წლებში შემოქმედებითობა მიწევდა, რათა სხვადასხვა ღინისძიებაზე განსხვავებული სტილით წარმოვჩენილიყავი. თუკი რომელიმე სტილმა თქვენში სიბრაზე ან იმედგაცრუება გამოიწვია, ამის გამო ბოდიშს ვიხდი", ამბობს ის.

ჰაკობიანმა ასევე აჩვენა პროტოკოლური საჩუქრები, მათ შორის სამკაულები და სამოსი და თქვა, რომ ყოველივე ეს უკვე გადაცემულია სახელმწიფოს მფლობელობაში.

ანა ჰაკობიანის თქმით, იგი არ ისარგებლებს სახელმწიფო დაცვით, როგორც ყოფილი პირველი ლედი. ჰაკობიანი ხალხს სთხოვს, მას შეურაცხყოფა არ მიაყენონ, თუკი ქალაქის ქუჩებში დაინახავენ. რადიო თავისუფლების სომხური სამსახური აღნიშნავს, რომ ფაშინიანის მხრიდან აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართ გატარებული პოლიტიკის კრიტიკით გამორჩეულ ერთ-ერთ ოპოზიციურ ჯგუფთან ასოცირებული პირი პასუხისგებაში იქნა მიცემული. ამ პირმა შეაწუხა ჰაკობიანი და მისი ქალიშვილი, როცა ეს უკანასკნელები ერევანში, დაცვის წევრებთან ერთად სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან მივიდნენ 2024 წელს.

ამ ახსნა-განმარტებების მიუხედავად, სოციალური მედიის მომხმარებლები ფაშინიანისა და ჰაკობიანის დაშორების შესახებ ბევრი თეორიით გამოდიან - იტყობინება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური. ზოგი ვარაუდობს, რომ ეს, შესაძლოა, იყოს "კოორდინირებული ნაბიჯი" ფაშინიანის პოლიტიკური იმიჯის გასაძლიერებლად. სხვები პირიქით მიიჩნევენ, რომ ესაა პრემიერ-მინისტრის პირადი და პოლიტიკური სირთულე და მისი ოპონენტებისთვის არჩევნების წინ გაკეთებული "საჩუქარი".

კომენტარების ინტონაცია მოიცავს როგორც თანაგრძნობას, ისე სატირასა და სარკაზმს.

"რა სევდიანია. არ მიყვარს განქორწინებები."

"თანაგიგრძნობთ. იმედი მაქვს, გადალახავთ ამ სირთულეს."

"მაშ ასე, სანახაობის ახალი სეზონი გახსნილია."

"ეს რა მასხარაობაა!"

ასეთია სომხეთის მოქალაქეების მიერ სოციალური მედიით გამოთქმული მოსაზრებების ნაწილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG