Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი სისხლიანი დაპირისპირება - შეწყვეტილი სამშვიდობო ძალისხმევის შეხსენება


სომხეთის ჯარისკაცები საბრძოლო პოზიციებზე. 14 ივლისი, 2020 წ.
სომხეთის ჯარისკაცები საბრძოლო პოზიციებზე. 14 ივლისი, 2020 წ.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრისპირა არეალში 12 ივლისს დაწყებულმა სამხედრო დაპირისპირებამ საერთაშორისო საზოგადოების განგაში და ორივე ქვეყნის ღრმა ეროვნული მღელვარება გამოიწვია.

ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ ორ მეზობელს შორის საარტილერიო და სხვა სახის შეტაკებების დროს, მთლიანობაში, დაიღუპა 16 ადამიანი, რომელთა შორის უმეტესობა სამხედროები იყვნენ, თუმცა იყო ერთი სამოქალაქო პირიც. ეს შეტაკებები მოხდა 12 და 14, ასევე 16 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან მოშორებულ ჩრდილოეთის მონაკვეთზე.

სისხლიანი ეპიზოდებით აღსავსე ისტორიაში ეს უკანასკნელი ეპიზოდია, რომელიც დე იურე აზერბაიჯანის ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღის გამო დავას ეხება.

ეს ასევე ყველაზე მძიმე ეპიზოდია ძალადობის მხრივ, ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში.

კონფლიქტის რუკა
კონფლიქტის რუკა

ორ ქვეყანას შორის კონფლიქტმა 1988 წელს იფეთქა იმ ფონზე, როცა ეთნიკური სომხები მოითხოვდნენ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისგან გამოყოფას და მის დამოუკიდებლობას ან სომხეთთან შეერთებას, ამ დროს კი საბჭოთა ხელისუფლება მოსკოვში უკვე ინგრეოდა.

1994 წლის შეთანხმებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაასრულა მასობრივი სისხლისღვრა, რომელმაც, დაახლოებით, 30 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტამ ვერ შეძლო ამ დავის გადაწყვეტა.

რეპრესიების შიშით, ასობით ათასი ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი გაიქცა საზღვრის ორივე მხრიდან მეორე მხარეს, რათა თავისიანებს შეერთებოდა.

ცეცხლის შეწყვეტამ მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის მიმდებარე არეალი სომხეთის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ დატოვა. ამან ასევე შექმნა ნიადაგი სისხლიანი, მაგრამ, უმეტესად, უმნიშვნელო შეტაკებებისთვის, რომლებიც ხდებოდა ათწლეულების განმავლობაში, მათი შეხების ხაზის გასწვრივ და მათ საერთო საზღვართან.

რატომ იფეთქა დაპირისპირებამ ახლა?

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში მათ ძალებს ან მათ რწმუნებულ პირთა შორის პატარ-პატარა დაპირისპირებებისა და შეტაკებების უკვე ცნობილი სქემის მიხედვით, თითოეული მხარე კონფლიქტის აფეთქებას მეორე მხარის "პროვოკაციის" შედეგად აცხადებს.

ზოგიერთი ცნობის მიხედვით, 12 ივლისს თავდაპირველი ინციდენტის პროვოცირებას ხელი შეუწყო აზერბაიჯანის სამხედრო მანქანამ, რომელიც საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთის სიახლოვეს გადაადგილდებოდა.

მაგრამ დამოუკიდებელი ინფორმაციის მიღება ასეთ შემთხვევებში თითქმის შეუძლებელია.


"ეს უცნაურია, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არაფრით იყო პროვოცირებული", განუცხადა Current Time-ს არკადი დუბნოვმა, მოსკოვის კარნეგის ცენტრის პოლიტოლოგმა.

მან თქვა, რომ, როგორც ჩანს, კონფლიქტის უეცარ აფეთქებას არ ჰქონია არანაირი "შინაგანი ახსნა" იმის გარდა, რომ, შესაძლოა, ეს ყოფილიყო შედეგი ნაციონალისტური ძალისხმევისა, რომლის მიზანია ნებისმიერი კონფრონტაცია გარკვეულ "გამარჯვებად" წარმოაჩინოს ამგვარი დაპირისპირებისას.

"ყველა გარემოება, რომელიც ამ კონფლიქტის გაჩენასთანაა დაკავშირებული, მიუთითებს, რომ მთავარი აქ ადამიანური ფაქტორია და არა სამხედრო-პოლიტიკური, სტრატეგიული ან გეოპოლიტიკური", აღნიშნა დუბნოვმა.

თომას დე ვაალმა, Carnegie Europe-ის უფროსმა თანამშრომელმა, აღიარა, რომ ეს ერთმანეთზე მითითება-გადაბრალება და სიცხადის ნაკლებობა უკვე ნაცნობი ამბავია, თუმცა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე სამი ათწლეულის მანძილზე არსებული შეთანხმების დარღვევა "პოლიტიკური გადაწყვეტილებაა".

"აარაფერია შემთხვევითი. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა", დაწერა დე ვაალმა ტვიტერში.


მან ასევე აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ბაქო უფრო იმედგაცრუებულია ახლანდელი ჩიხური მდგომარეობით, იმის მიუხედავად, რომ გასული წლის დასაწყისში საერთაშორისო შუამავლები მოუწოდებდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, "მოემზადებინათ თავიანთი მოსახლეობა მშვიდობისთვის".

"გაუგებარია, ვინ დაიწყო ეს, თუმცა [აზერბაიჯანი] მეტადაა ამით დაინტერესებული, რადგან მას უყვარს მსოფლიოსთვის იმის შეხსენება, რომ ვითარება ამ ადგილას "არ არის ნორმალური" და იმედგაცრუებულია იმით, რომ პოლიტიკური წინსვლა არ ყოფილა 2018 წლის შემდეგ. [აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ] ალიევმა ეს ღიად განაცხადა 7 ივლისს", დაწერა დე ვაალმა ტვიტერზე.


გასულ კვირას ალიევი დაიმუქრა, რომ დატოვებდა ჩიხში შესულ საერთაშორისო მშვიდობის მოლაპარაკებებს, "თუკი ის შედეგებს არ მოიტანს".

არის თუ არა ეს ბრძოლა უჩვეულო თავისი ინტენსივობით ან რაიმე სხვა მაჩვენებლით?


მსხვერპლთა საერთო რაოდენობა, 15 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი, 2016 წლის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ბრძოლების მსხვერპლთა ყველაზე მაღალი რიცხვია. იქამდე უკანასკნელი მსგავსი შეტაკება 2008 წელს მოხდა.

უჩვეულო იყო ისიც, რომ აზერბაიჯანელი გენერალ-მაიორი, გადმოცემის თანახმად, ბრძოლის მესამე დღეს, 14 ივლისს, მოკლეს.

უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში მომხდარი ხშირი შეტაკებების უმეტესობისას გამოიყენებოდა სნაიპერების ან ტყვიამფრქვევის ცეცხლი და მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო - უმეტესად, ისინი იყვნენ შედარებით დაბალი რანგის ჯარისკაცები და ხანდახან სამოქალაქო პირებიც.

ამჯერად ბრძოლებში, როგორც ჩანს, ტანკები, უპილოტო თვითმფრინავები, არტილერია და სტაციონარული ცეცხლსასროლი იარაღი იყო ჩართული.

ეს ბრძოლა უჩვეულო იყო ასევე იმ მხრივაც, რომ იგი დაიწყო მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიიდან ასობით კილომეტრის მოშორებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე.

და, გადმოცემის თანახმად, გასული ათწლეულის უფრო დიდ შეტაკებებთან შედარებით, ეს უფრო მცირე არეალზე განხორციელდა.

საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის უფროსმა ანალიტიკოსმა და რადიო თავისუფლების ყოფილმა კორესპონდენტმა, ოლესია ვართანიანმა, აღნიშნა, რომ სიფრთხილეა საჭირო ზედაპირული შეფასებებისას, როცა ამ შეტაკებას ადარებენ 2016 წლის ე.წ. ოთხდღიან ომს, რომელმაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ყველაზე საშინელი ბრძოლა იყო 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.

"ზოგიერთი ჟურნალისტი ჩქარობს, როცა ამას 2016 წლის ესკალაციას ადარებს", დაწერა ვართანიანმა ტვიტერზე. "ეს შეცდომაა, რადგან ამჯერად კონფლიქტი გაჩაღდა პატარა მონაკვეთზე და მძიმე შეიარაღების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა იყო გამოყენებული, 2016 წელს კი შეტაკებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მთელი საფრონტო ზოლის გასწვრივ მიმდინარეობდა".

როგორ ჯდება ამ განტოლებაში ადგილობრივი პოლიტიკა?

ძალადობის აფეთქებას ორივე ქვეყანაში მოჰყვა ნაციონალისტური გრძნობების გააქტიურება.

არკადი დუბნოვი Current Time-ს ეუბნება: „ორივე მხარეს ვინმემ, სამხედრო ან პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელმა, რომ ისურვოს იმის დამტკიცება, რომ უდიდესი პატრიოტი და ქვეყნის ინტერესების დამცველია, ამას შეიძლება ვითარების გამწვავება მოჰყვეს. ასეთი რამ ძალიან სახიფათოა“.

14 ივლისს ბაქოში აზერბაიჯანელი სამხედროების დაღუპვით გამოწვეულმა საზოგადოებრივმა მრისხანებამ ათასობით ადამიანი გაიყვანა გარეთ, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა, და ლამის ძნელი გასაკონტროლებელი გახდა ქუჩა.

ბაქოში ამ გამოსვლების დროს შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, დააკავეს ათეულობით პირი. ხალხი გაჰყვიროდა: „მობილიზაცია!“, „აზერბაიჯანი განუყოფელია!“ და პარლამენტის შენობაზე იერიში მიჰქონდა.

ბაქო, 14 ივლისი, 2020 წ.
ბაქო, 14 ივლისი, 2020 წ.

14-15 ივლისს ღამით დემონსტრაციები განელდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, პირობა დადო, რომ აზერბაიჯანის ქმედება „უპასუხოდ არ დარჩება“.

ბოლო წლებში - მას მერე, რაც საპროტესტო გამოსვლების შედეგად ხელისუფლების სათავეში ნიკოლ ფაშინიანი მოვიდა - მთიანი ყარაბაღის გარშემო 1994 წლისთვის მიღწეული ზავის თანახმად შემუშავებული ზოლის გასწვრივ ძალადობამ იკლო.

ახლანდელ შეტაკებებამდე იყო გარკვეული სიმშვიდე, რომელსაც ახლდა დიპლომატიური და პოლიტიკური მოლაპარაკებები, ორ მხარეს შორს სამხედრო სფეროში კავშირი. მაგრამ, სულ მცირე, ერთხელ, შარშან, ორმხრივი ურთიერთობა გამწვავდა.

ფაშინიანმა თვითონ მიაყენა დარტყმა ვითარების მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს, როცა ქვეყნის შიგნით ზეწოლის პირობებში, რეფორმების გატარების დაგვიანებით შეწუხებულ საზოგადოებას განუცხადა, რომ „ყარაბაღი სომხეთია“.

„მაშინვე, როცა რომელიმე მხარე დაიწყებს, მეორე უპასუხებს, არც ერთი უკან არ დაიხევს“, განაცხადა დე ვაალმა ამ კვირის ძალადობის თაობაზე. მისი თქმით, „კონფლიქტი ღრმად ზის ორივე ერში. ვხედავთ მსვლელობებს ორივე ქვეყანაში დროშებით. ეს წაადგება მთავრობებს, ხალხს ყურადღება გადააქვს ეკონომიკური პრობლემებიდან და პანდემიიდან“.

გარედან მეთვალყურეები, როგორიცაა „კრიზისის ჯგუფი“, ამტკიცებენ, რომ „საკვანძო საკითხებზე, მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რაიონების მომავალსა და იქ მცხოვრები ადამიანების ბედზე მოლაპარაკების გარეშე, პოზიციები კიდევ უფრო შეიძლება გამწვავდეს“.

არის თუ არა აქ უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ნიშნები, ვიდრე ნათელი სურათი შეტაკებისა დროში გაწელილ „გაყინულ კონფლიქტში“?

ორივე მხარის თავდაცვის უწყებებმა იმედი გამოთქვეს, რომ, მიუხედავად მწვავე სიტყვებისა, ძალადობა აღარ იქნებოდა და არ გახდებოდა უკონტროლო, რადგან 15 ივლისს შეტაკება და სროლა აღარ ყოფილა, მაგრამ 16 ივლისს, ღამით, სროლა და საარტილერიო ცეცხლის დაშენა დასახლებულ პუნქტებზე გაგრძელდა.

ორი ერთმანეთის მიმართ მტრული ქვეყნის საზღვრებთან სისხლი დაიღვარა, მიუხედავად გაეროს მცდელობისა, ყველგან შეწყდეს ბრძოლები, რათა მთავრობებმა მთელ მსოფლიოში შეძლონ კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება.

აშშ-მა, ევროპის კავშირმა, თურქეთმა და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს. თურქეთი, რომელმაც 1991 წელს პირველმა აღიარა აზერბაიჯანის - უპირატესად მუსლიმი ხალხით დასახლებული, ენობრივად თავისი მონათესავე ქვეყნის - დამოუკიდებლობა, ბაქოს სტრატეგიული მოკავშირეა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში არ არსებობს საერთაშორისო შუამავლობის მცდელობა.

ერდოანი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში „ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს სამართლიანი და მშვიდობიანი მომავლისთვის“.
რუსეთმა ღრმა ეკონომიკური, სამხედრო და სტრატეგიული კავშირები განამტკიცა სომხეთთან, თუმცა ბოლო ხანს, ფაშინიანის მმართველობის პერიოდში, ორ ქვეყანას შორის გარკვეული დიპლომატიური სიცივე იგრძნობა. მაგრამ მოსკოვს გარკვეული ზეგავლენა აზერბაიჯანზეც აქვს.

იტყობინებიან, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თავის აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს მიმართა მოწოდებით, თავი შეიკავონ, რომ არ მოხდეს ვითარების დესტაბილიზაცია რეგიონში.

14 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის იშუამდგომლოს, თუკი მიმართავენ. ევროპის კავშირმა ორივე ქვეყანას მოუწოდა, „შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება, და „დაუყოვნებლივ მიმართონ ზომებს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, 15 ივლისს განაცხადა, რომ აშშ „ღრმად შეშფოთებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ძალადობით“. მანაც დეესკალაციისკენ მოუწოდა მხარეებს.

ევროკავშირმა ორივე მხარეს მოუწოდა, „შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება“ და მიმართონ დაუყოვნებლივ ზომებს, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია. ეს ცნობა AFP-მ გაავრცელა.

ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, რუსეთი და საფრანგეთი, 1992 წლიდან არსებობს და მისი ამოცანაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლების შექმნა.

მაგრამ ბოლო წლებში მინსკის ჯგუფი პასიური გახდა.

2019 წლის ბოლოს დე ვაალი გვაფრთხილებდა, რომ „თუ ვითარება კვლავ გაუარესდა, ეს იქნება გამოცდა ეუთოს მინსკის ჯგუფის საერთაშორისო შუამავლების, აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთისთვის, რომლებიც წარსულში მთიანი ყარაბაღის თაობაზე დუმდნენ, რამაც აზერბაიჯანსა და სომხეთს ინიციატივის ხელში აღების საშუალება მისცა. მაგრამ მათ არც კი აქვთ სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ გაატარონ ახალი იდეები და ახალი მიდგომები, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტის განახლება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG