Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეტაკებები საქართველოს საზღვრის სიახლოვეს - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 ივლისს


სომხეთი/აზერბაიჯანი - სისხლისღვრა 55 კილომეტრში საქართველოს საზღვრიდან

აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული კონფლქიტის ახალ კერას საქართველოს საზღვრიდან 55 კილომეტრი აშორებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუდმივად დაპირისპირებული ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთს არა მთიანი ყარაბაღში ან მის მიმდებარე ტერიტორიებზე, არამედ 300-მდე კილომეტრის დაშორებით დაუპირისპირდა. შეტაკებებმა მოიტანეს მსხვერპლი და ოფიცრების (მათ შორის გენერალ-მაიორის) დაღუპვით განრისხებული ბაქო შემდგომი შურისძიებით იმუქრება.

"მტრისგან განსხვავებით, ჩვენი ოფიცრები არ იმალებიან ჯარისკაცების ზურგს უკან" – აზერბაიჯანის მედიის თანახმად, ეს სიტყვები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ქერიმ ველიევმა წარმოთქვა, როცა ის დაღუპულ ოფიცრებზე ლაპარაკობდა. ბაქოს ცნობით, გენერალ-მაიორი პოლად ჰაშიმოვი და პოლკოვნიკი ილჰარ მირზოევი ბრძოლის “მოწინავე ხაზზე“ 13-14 ივლისის ღამეს დაიღუპნენ.

ამ დროისთვის:

  • აზერბაიჯანი ადასტურებს 11 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირის დაღუპვას;
  • სომხეთი ადასტურებს 4 სამხედრო პირის დაღუპვას;
  • თუმცა ბაქო აცხადებს, რომ სომხეთს 100-ზე მეტი სამხედრო დაეღუპა.

ერევნის ცნობით, 14-15 ივლისის ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა , თუმცა არავინ იცის, რა მოხდება. აზერბაიჯანი შურისძიებით იმუქრება.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაღუპულებისა და დაჭრილების გამო აზერბაიჯანი აუცილებლად იძიებს შურს.

სომხეთთან ომს მოითხოვდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც 14 ივლისს ბაქოში შეიკრიბნენ . ყარაბაღი ჩვენია“, „დაასრულე კარანტინი, დაიწყე ომი - მოუწოდებდნენ ისინი ხელისუფლებას.

რა საფრთხეების წინაშე დადგება საქართველო სამხედრო დაპირისპირების კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში? სადამდე შეიძლება მოვიდეს დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის? რა როლს თამაშობს რუსეთი და რა არის მისი ინტერესი შექმნილ სიტუაციაში? რა უნდა და რას აპირებს თურქეთი? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამირხანაშვილის მეხუთე გამოკითხვა, რომელიც საქმის მასალებში უნდა იყოს და არ არის

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე გამოკითხვის ოქმი, საქმის ბოლო ტომებში არ დევს.

რატომ ვერ მოხვდა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება საქმის ახალ მასალებში, ამის გარკვევა რადიო თავისუფლებამ, ჯერჯერობით, ვერ მოახერხა.

გურამ ამირხანაშვილი საგამოძიებო უწყებაში 9 ივლისს მეხუთედ გამოკითხეს. მისი გამოკითხვა საგამოძიებო ორგანოსგან შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ საქმის ბოლო, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე ტომები აერთიანებს 8-14 ივლისის საქმის მასალებს, თუმცა, გურამ ამირხანაშვილის 9 ივლისით დათარიღებული ოქმი, საქმეში არ დევს.

გურამ ამირხანაშვილი 19 ივნისიდან მოყოლებული ხუთჯერ გამოიკითხა. გამოკითხვის ოქმებისა და კამერების ჩანაწერების თანახმად, ის თბილისში, „ტოიოტა პრიუსის“ მგზავრებმა, ანუ, თავდამსხმელებმა წამოიყვანეს.

გიორგი შაქარაშვილის ბავშვობის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი, ერთ ჩვენებაში ამბობს, რომ „ტოიოტას“ მგზავრებმა ის ბუჩქებში დამალული იპოვეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და თბილისში წამოიყვანეს, მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მის მიმართ ძალა არ ყოფილა გამოყენებული და თუკი მოითხოვდა მანქანიდან გადასვლას, „ტოიოტას“ მგზავრები მას გაუშვებდნენ, მესამე და მეოთხე ჩვენებებში კი კვლავ იმას ამბობს, რომ ის თავისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს მანქანაში, მგზავრობისას სთხოვა, რომ მანქანიდან გაეშვათ, მაგრამ მათ მკაცრი უარი უთხრეს.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ახალი ინფორმაცია კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევების შესახებ

დღეს დილით ინფექციურ საავადმყოფოში, კლინიკის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ტრადიციულ ბრიფინგზე მედიას გააცნობს ახალ ინნფორმაციას კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევების შესახებ.

გუშინნ ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 1003 შეადგინა. 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვიც.

ახალ ინფიცირებულ შემთხვევებს შორის არის 10 თვის ბავშვი კახეთიდან. ჩვილი საეჭვო სიმპტომებით ჯერ თელავის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს, რის შემდეგაც ბიოლოგიური ნიმუში აუღეს და covid-19-ზე კვლევამ დადებითი პასუხი აჩვენა. ის სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.

წაიკითხე მეტი.

სატელეკომუნიკაციო სფეროში მმართველის დანიშვნის შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღეს

რუსული ანბანის პოპულარიზაცია კახეთში - ადგილობრივი მცხოვრებნი ატრაქციონის გადაღებვას ითხოვენ

საბავშვო გასართობი კომპლექსი, რომელიც ლაგოდეხის მერიამ 87 ათას ლარად იყიდა, რუსული ანბანით არის გაფორმებული.

კომპლექსი რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ჩუვაშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშია დამზადებული. ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი მერიას მოუწოდებს რუსულის ნაცვლად ქართული ანბანის პოპულარიზაცია მოახდინოს. როგორ მოხვდა რუსული წარმოების ატრაქციონი კახეთში და ხედავს თუ არა პრობლემას ლაგოდეხის მერი?

ლაგოდეხში, რანის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში ბავშვებისთვის დამონტაჟებული საბავშვო გასართობი კომპლექსი ადგილობრივთა ნაწილის პროტესტის მიზეზი გახდა. საქმე ეხება კომპლექსზე განთავსებულ წარწერებს, კონკრეტულად კი, რუსულ ანბანს, რომელიც კომპლექსის რამდენიმე ადგილზე გვხვდება.

ლაგოდეხში საბავშვო გასართობი კომპლექსი 2019 წლის მიწურულს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯეო პარკმა“ დაამონტაჟა. ტენდერი მერიამ გამოაცხადა.

რას ფიქრობენ ადგილობრივები ატრაქციონზე რუსული ანბანით და რას ამბობს ლაგოდეხის მერი, წაიკითხე და ნახე აქ.

ტრანს ფორმაცია — როცა შენი არ ესმით, მათ შორის, ექიმებს

როცა ნიკა [სახელი შეცვლილია] დაიბადა, ექიმმა ხელში აიყვანა და მშობლებს უთხრა - გოგოაო. გოგო არ იყო. ნიკა ტრანსგენდერი კაცია - მას ქალის ბიოლოგიური სხეული აქვს, თუმცა თავს კაცად აღიქვამს.

შეიცვალა სახელი, ატარებს მოკლე თმას და კაცებისთვის განკუთვნილ ტანსაცმელს.

ტრანსგენდერი ადამიანები ტრანზიციის სხვადასხვა გზას ირჩევენ. ზოგი სოციალურ ტრანზიციას არჩევს - განსხვავებულ სახელს იყენებს, ან ჩაცმულობას იცვლის. ზოგი სამედიცინო გზას ადგება - იღებს ჰორმონებს - ესტროგენს ან ტესტოსტერონს. ზოგიც ქირურგიულ ოპერაციას იკეთებს.

ახლახან, 34 წლის ასაკში ნიკამ სამედიცინო ტრანზიცია დაიწყო - ჰორმონალური თერაპიის გზით, ის იცვლის ხმის ტემბრს და სხეულზე თმის საფარს, რითიც სხეულს მაქსიმალურად უახლოებს თავის რეალურ იდენტობას.

ცოტა ხანში ნიკას გარშემომყოფებიც ისეთად დაინახავენ, როგორც თვითონ ხედავს საკუთარ თავს. სახელმწიფოსთვის კი ის, იურიდიულად, ისევ ქალად დარჩება. ჯანდაცვის სისტემა კი ნიკას მომსახურებისთვის მზად არაა.

საქართველოს არ გააჩნია პროტოკოლი ან გაიდლაინი, რომელიც განსაზღვრავდა ტრანზიციისთვის საჭირო დიაგნოსტირებას და თანმდევ სამედიცინო ღონისძიებებს.

მაგალითად, ტრანს ქალებს, ზოგიერთ კლინიკაში, მკერდის პლასტიკური ოპერაციის ჩასატარებლადაც კი სთხოვენ ე.წ. “ჭეშმარიტი ტრანსსექსუალის” ცნობას. მაშინ, როცა ბიოლოგიურად ქალებს მასტექტომიისა თუ მამოპლასტიკის გაკეთება ყოველგვარი დამატებით დოკუმენტის გარეშე შეუძლიათ.

წაიკითხე მეტი.

რუსთავში "გავიგუდეს" წევრმა , დავით ცინცაძემ, მერიის მიმდებარე
მოედანზე, შიმშილობა დაიწყო, ახალი "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონპროექტის მიღების მოთხოვნით. კანონპროექტთან დაკავშირებულია სხვა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტიც, რომელიც შემუშავდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. მასში მონაწილეობდნენ "გავიგუდეს" წევრებიც. კანონპროექტთა პაკეტი ამკაცრებს სანქციებს გარემოს დაბინძურებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG