Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხური წარმატების საიდუმლო: „დუხოვ“- იარე წინ გაბედულად!


ის, რომ სომხეთში რაღაც მოულოდნელი და საინტერესო ხდებოდა, აპრილის შუა რიცხვებში ვიეჭვეთ, მაშინ, როდესაც ნიკოლ ფაშინიანის “ერთი კაცის სიარული” მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში გადაიზარდა.

ერევანში ჩასვლის იდეა სპონტანურად, დემონსტრაციების მორიგი “ლაივის” ყურებისას გაგვიჩნდა, ავიღეთ კამერა და ჩავსხედით თბილისი-ერევნის “მარშრუტკაში”. ჯერ კიდევ არ ვიცოდით, როგორ გამოვიყენებდით გადაღებულ მასალას, უბრალოდ, გვინდოდა ჩვენს ობიექტივში მოხვედრილიყო და პირადად გვენახა მოულოდნელი ცვლილებები მეზობელ ქვეყანაში, რომლის ცხოვრებაზეც ბევრი არაფერი ვიცოდით, მიუხედავად ტერიტორიული სიახლოვისა.

საღამოს “რესპუბლიკის მოედანზე” აქციის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მივედით. ვნახეთ, როგორ მოდიოდნენ მომიტინგეთა დიდი ჯგუფები. მოედანი სწრაფად ივსებოდა. როდესაც სცენის განათებები ჩაირთო, შემოვბრუნდით და კამერაში დავინახეთ ხალხის სიბნელიდან ამონათებული, დაძაბული მოლოდინით სავსე სახეები. მაშინ მივხვდით, უნდა დავრჩენილიყავით და ფილმის გადაგვეღო.

გადაღებების გასაგრძელებლად მივმართეთ “ღია მედია ჰაბს”, რომელთანაც უკვე გვქონდა საქმიანი ურთიერთობის გამოცდილება და შევთავაზეთ ჩვენი იდეა. აღმოჩნდა, რომ მათთვისაც საინტერესო იყო ეს თემა.

ერევანსა და გიუმრიში გადაღებებზე სულ სამჯერ ჩავედით. თითო კვირით აპრილში, მაისსა და ივნისში. ვაპირებდით, დროის გარკვეულ პერიოდში დავკვირვებოდით პროცესებს: ვნახეთ მოლოდინი, გამარჯვება და გვინდოდა გვენახა რევოლუციის შემდგომი, შედარებით დამცხრალი ემოციაც, თუმცა ეს არ გამოვიდა: სომხეთი დღემდე ცხოვრობს “ხავერდოვანი რევოლუციის” სიხარულით.

თავიდანვე გვქონდა განწყობა, რომ ჩვენი რესპონდენტები არ იქნებოდნენ ექსპერტები თუ პოლიტიკოსები. ვცდილობდით, გვეპოვნა ადამიანები, რომლებმაც ამ რევოლუციის შინაარსობრივი და გარეგნული მხარე შექმნეს და შემდეგ ისევ საკუთარ საქმიანობაში აპირებდნენ დარჩენას.

ფილმი კალეიდოსკოპური თხრობის პრინციპით აღადგენს იმ განწყობებსა და პროცესებს, რითაც სომხეთის რევოლუცია შეიქმნა. სომხეთის რევოლუციას დაინახავთ და გაიგებთ პოპულარული ფოტოგრაფის, ფილოსოფიის ლექტორის, სლოგან „დუხოვის“ ავტორი დიზაინერის, ცნობილი პოლიტპატიმრის შვილის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მონათხრობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG