Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჩენილი ბავშვები, გართულებული ჯანმრთელობა, მიუღებელი ჰონორარები - სუროგატი დედები სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

სუროგატი დედა თბილისში
სუროგატი დედა თბილისში

ათობით დაზარალებული სუროგატი დედა ელის თაღლითობის საქმეზე დაწყებული სასამართლო პროცესის დასრულებას. მიიღებენ თუ არა კუთვნილ ჰონორარს, რომელიც რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderly-ს მათთვის ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში უნდა გადაეხადა, სავარაუდოდ, მალე გახდება ცნობილი.

„კლინიკაში ვარ, გამოკვლევაზე, როგორც კი გავთავისუფლდები, დაგირეკავ“, - მეუბნება სოფია, 32 წლის სუროგატი დედა, რომელიც ორი წელია საქართველოს ვერ ტოვებს.

Kinderly-მ ის სუროგატი დედის სტატუსით 2024 წელს დაიქირავა. კუთვნილი ჰონორარი, რომელიც სოფიას ბავშვის გაჩენის შემდეგ უნდა მიეღო და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, დღემდე არ მიუღია. უფულოდ სამშობლოში ვერ დაბრუნდება.

საქართველოში დასაქმებული სუროგატი დედების თანხების მითვისების ფაქტზე, კომპანია შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანი გამოძიებამ 2025 წლის 2 ოქტომბერს დააკავა. კომპანიის კიდევ ერთ დამფუძნებელს, უკრაინის მოქალაქე რუსლან ტიმოშენკოს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. აღკვეთის ღონისძიებად ორივეს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

„კიდევ ერთხელ გავრისკე, რადგან სხვა გამოსავალი არ მაქვს“

სოფია, ახალგაზრდა ქალი შუა აზიიდან, ისევ ორსულადაა. მძიმე გამოცდილების მიუხედავად, რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა, ისევ გაერისკა, თბილისში სხვა რეპროდუქციული სააგენტო მოეძებნა და კიდევ ერთხელ დასთანხმებოდა სუროგატ დედობას.

მისმა ოჯახმა დღემდე არ იცის, რას საქმიანობს სოფია თბილისში.

სოფია, სუროგატი დედა
სოფია, სუროგატი დედა

ვთანხმდებით, რომ კლინიკიდან დაბრუნების შემდეგ, ცოტას დაისვენებს და გვიან დავილაპარაკებთ: „თუ შეიძლება, ასე მირჩევნია, დაძინებასაც მოვასწრებ, ძალიან ვიღლები კლინიკაში“.

სოფია 16 კვირის ორსულია:

„ჯერჯერობით, ყველაფერი ნორმალურად მიდის. ჩინურ რეპროდუქციულ კომპანიასთან ვთანამშრომლობ. ყურადღებას მაქცევენ. ძალიან რთული იყო მეორედ ამ რისკზე წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ფინანსური ვალდებულება მაქვს სამშობლოში, ამასთან ერთად, საკუთარი შვილი მყავს გასაზრდელი, სხვა გამოსავალი არ მქონდა“.

სოფია თბილისში 7 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. საქალაქო სასამართლოში მოწმედ გამოძახებას ელის. ის ჩვენების მისაცემად მზადაა. სასამართლომ ჯერ მხოლოდ ქართველი სუროგატები ქალები გამოჰკითხა.

"იქნებ ჩემი გამოკითხვის საჭიროება აღარც დადგეს, რადგან, როგორც ვიცი, ბრალდებულების ადვოკატები მოლაპარაკებას ცდილობენ. შესაძლოა, იყოს საპროცესო შეთანხმება, თუმცა, მანამდე, დავალიანების აუცილებელი ანაზღაურებით". - ამბობს სოფია და გვიხსნის, რომ კომპანია ქალებს სთავაზობს შეთანხმებული ჰონორარებიდან 2000-3000 დოლარით ნაკლების გადახდას. სოფია თანახმა იქნება, თუ კი დანარჩენ თანხას "უახლოეს პერიოდში გადაიხდიან“.

კომპანია Kinderly-ს სოფიასთვის 15 000 დოლარი აქვს გადასახდელი.

„ანემია, სტრესი, ცუდი კვება, მძიმე ნივთების თრევა და ეს ყველაფერი ახალ ნაოპერაციებზე...“

20 000 დოლარი უნდა გადაეხადა კომპანია Kinderly-ს 30 წლის მარიასთვის. რამდენიმეთვიანი ამაო ლოდინის შემდეგ, მან საქართველო გასული წლის მაისში დატოვა და შინ, ყაზახეთში დაბრუნდა, სადაც შვილი ელოდა, ცერებრალური დამბლის დიაგნოზით.

მისი შვილი იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ჩამოვიდა და სუროგატი დედა გახდა.

მარია ახლა ყაზახეთიდან ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესს. თუ საჭირო იქნა, მზადაა, სასამართლოს დისტანციურად მისცეს ჩვენება.

ახალგაზრდა ქალმა ტყუპი გოგო ჩინელი წყვილისთვის გასული წლის იანვარში, საკეისრო კვეთით გააჩინა. რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მშობიარობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.

გვიყვება, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ ვერ მიიღო სათანადო სამედიცინო მომსახურება. ნაკერი დიდი ხნის განმავლობაში არ შეუხორცდა და ახლა ექიმები ეუბნებიან, რომ იმისთვის, რომ მომავალში, საკუთარი შვილების გაჩენა შეძლოს, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს.

მარია, სუროგატი დედა, ფოტო გადაღებულია თბილისში, გამგზავრებამდე ორი დღით ადრე, 2025 წელი
მარია, სუროგატი დედა, ფოტო გადაღებულია თბილისში, გამგზავრებამდე ორი დღით ადრე, 2025 წელი

„ეს ჩემთვის როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად, ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ოპერაცია არ ღირს იაფი.

ექიმმა მითხრა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების მიზეზი სწორედ საკეისროს შემდეგ განვითარებული მოვლენებია. ანემია, სტრესი, ცუდი კვება, სახლიდან სახლში გადაბარგება, მძიმე ნივთების თრევა და ეს ყველაფერი, ახალ ნაოპერაციებზე. ამან თავისი შედეგი გამოიღო“.

მოლოდინი, რომ კუთვნილ ჰონორარს კომპანია Kinderly-სგან მიიღებს, არ აქვს, თუმცა, ცდილობს, იმედი არ დაკარგოს.

„თანხა, რომელიც ჩემი ჯანმრთელობის ხარჯზე გამოვიმუშავე, ძალიან მჭირდება“

გასული წლის გაზაფხულზე დატოვა საქართველო 39 წლის ანნა ოსინცევამ, ხუთი შვილის დედამ, რომელმაც კომპანია Kinderly-ს შუამავლობით, ჩინელი ბიოლოგიური ოჯახისთვის ტყუპი გააჩინა, კუთვნილი 18 000 დოლარი კი დღემდე არ მიუღია.

ახლა რამდენიმე სამსახურში მუშაობს - ბენზინგასამართ სადგურზე, ღამის ცვლაში. პერიოდულად, როცა ბევრი შეკვეთაა, ძველ სამსახურში, ყვავილების სალონში მიდის, ის იქ ფლორისტად მუშაობდა და ყოფილ თანამშრომლებს ეხმარება. საქართველოდან დაბრუნების შემდეგ შეისწავლა სამკურნალო მასაჟი, სახლში მოაწყო კაბინეტი და კლიენტებს იღებს. ხელობა ახალი შესწავლილი აქვს და ბევრი კლიენტი არ ჰყავს.

საქართველოში გამომუშავებული თანხა, რომელიც მიღების იმედს არ კარგავს, ანნასთვის, როგორც სხვა ქალებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

ანნა ოსინცევა, სუროგატი ქალი
ანნა ოსინცევა, სუროგატი ქალი

„იმ ფულით ვალები უნდა გამესტუმრებინა. ვალებს კი ვალები დაემატა. ჩემი ყოველთვიური შემოსავალი, მეტ-ნაკლებად მყოფნის იმისთვის, რომ ხუთი შვილი როგორმე შევინახო, თუმცა, თანხა, რომელიც მეკუთვნის, რომელიც ჩემი ჯანმრთელობის ხარჯზე გამოვიმუშავე, ძალიან მჭირდება“.

რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიქრობდა, რომ კიდევ ერთხელ გამხდარიყო სუროგატი დედა, მაგრამ საბოლოოდ, ამ იდეაზე უარი თქვა:

„უკვე 39 წლის ვარ. ჩემს შვილებს გვერდში ჯანმრთელი დედა სჭირდებათ და არა, საეჭვო გზებით გამომუშავებული ფული, ჯანმრთელობის ფასად“.

შედგება თუ არა საპროცესო შეთანხმება და რა პირობით?

Kinderly-სა და მისი დამფუძნებლების, არმენ მელიქიანისა და რუსლან ტიმოშენკოს მიერ დაზარალებული ათობით სუროგატისა და ბიოლოგიური ოჯახის თითქმის 20-ტომიან საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, დემეტრე ჯინჯოლია განიხილავს.

გამოძიება ბრალდებულებს სუროგატი დედების კუთვნილი 670 ათასი ამერიკული დოლარის მითვისებას ედავება.

რადიო თავისუფლებას პროკურატურაში ეუბნებიან, რომ სისხლის სამართლის საქმეზე 40 დაზარალებულიდან 30 სუროგატი დედაა, 10 კი ბიოლოგიური მშობელი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არმენ მელიქიანსა და რუსლან ტიმოშენკოს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

სასამართლოში საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული. გამოიკითხა ბრალდების რამდენიმე მოწმეც, მათ შორის, ქართველი სუროგატი ქალები.

არმენ მელიქიანის ადვოკატი, დათუნა მოდებაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი „თავს არ ცნობს დამნაშავედ“:

„ამ საქმეზე არ სურს არმენს საუბარი საზოგადოებასთან. შესაბამისად, მე ვერ შევძლებ ვერაფრის თქმას“. კითხვაზე, იყენებს თუ არა ბრალდებული დუმილის უფლებას, ადვოკატი გვეუბნება: „არა, დუმილი არაა ჩვენი პოზიცია“.

ის, რომ არმენ მელიქიანი დარწმუნებული იყო თავის უდანაშაულობაში და იმაში, რომ მას პროკურატურა ბრალს არ წაუყენებდა, ამის შესახებ რადიო თავისუფლებამ მის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა. რამდენიმეთვიანი ძიების შემდეგ, არმენ მელიქიანმა ინტერვიუ დაკავებამდე ერთი კვირით ადრე მოგვცა.

48 წლის სომეხი ბიზნესმენი კომპანიაში შექმნილ ფინანსურ პრობლემებს მის უკრაინელ პარტნიორს, რუსლან ტიმოშენკოს უკავშირებდა:

„პროკურატურაში სულელები ხომ არ სხედან. ხომ ხედავენ, ხომ სწავლობენ ფინანსურ დოკუმენტაციას. მე აქ ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ. ყველაზე ძლიერი გამომძიებლები აწარმოებენ ჩემს გამოკითხვებს, მე არაფერი მაქვს დასამალი, მე ვარ სუფთა, მე ვარ სამუშაო ადგილების შემქმნელი, მე ვარ გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელი“ - ამბობდა მაშინ მელიქიანი.

Kinderly-ს კიდევ ერთ დამფუძნებელს, რუსლან ტიმოშენკოს ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი. დაუსწრებლად აქვს შეფარდებული პატიმრობაც.

რადიო თავისუფლებამ მის ადვოკატთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოახერხა. თუმცა, 2025 წლის დასაწყისში, როდესაც ჩვენ საქართველოში უცხოეთიდან ჩამოყვანილი სუროგატი ქალების კრიზისზე ვწერდით, რუსლან ტიმოშენკოსთან წერილობითი კომუნიკაციის დამყარება შევძელით. ის კომპანიაში შექმნილ პრობლემებს არმენ მელიქიანს უკავშირებდა და გვწერდა:

„საქართველოს ოფისთან ერთგვარი უთანხმოება არსებობს ფინანსური რეზერვებისა და ფინანსების არაკვალიფიციურად გადანაწილების გამო“, - ეს იყო უკანასკნელი კომუნიკაცია რუსლან ტიმოშენკოსთან. მას შემდეგ, Kinderly-ს დამფუძნებელთან გასაუბრება რადიო თავისუფლებამ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვეღარ მოახერხა.

ნინო ანდრიაშვილი, ორგანიზაცია "საფარის" იურისტი და ქალების ინტერესების დამცველი ადასტურებს, რომ ბრალდებულების ადვოკატები საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობას განიხილავენ, რაც ნიშნავს, რომ:

  • მათ უნდა აღიარონ ბრალი;
  • საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე, სუროგატ დედებს გადაუხადონ კუთვნილი ჰონორარები.


„ჩვენი ინტერესია, რომ სუროგატები სრულად დაკმაყოფილდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი თუნდაც საპროცესო გარიგების პირობებში და ორივე ბრალდებულმა აგოს პასუხი“ - ნინო ანდრიაშვილის თქმით, Kinderly-ს მიერ დაზარალებული სუროგატი ქალებისა და ბიოლოგიური ოჯახების საქმე უნდა იქცეს პრეცედენტულ საქმედ და მაგალითად სხვა სააგენტოებისა და კლინიკებისთვის, რომლებიც მოქალაქეებს სუროგაცია-დონაციის მომსახურებას სთავაზობენ.

ამასთანავე, მისი თქმით, ამ საქმემ საფუძველი უნდა დაუდოს ქვეყანაში დამხმარე რეპროდუქციული საშუალებების შესახებ კანონის შექმნას:

ნინო ანდრიაშვილი, ადვოკატი
ნინო ანდრიაშვილი, ადვოკატი

„სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ სჭირდება მყარი, სამართლებრივი ბაზა სუროგაციის შესახებ კანონის მისაღებად. დღეს Kinderly არ არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელსაც ადამიანები უჩივიან." - ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ სხვა კომპანიებისგან დაზარალებული არაერთი სუროგატი, რომელთაც გააჩინეს ბავშვები და არ აუნაზღაურდათ კუთვნილი ჰონორარი, მიმართავს მის ორგანიზაციას იურიდიული დახმარებისთვის.

"საქართველოში ძალიან ბევრი საშუამავლო კომპანიაა დარეგისტრირებული და ეწევიან სუროგაციის ბიზნესს, მათთვის ნათელი უნდა იყოს, რომ სუროგატების და ბიოლოგიური მშობლების უფლებების დარღვევა, დასჯადი ქმედებაა“, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი.

პროკურატურაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ "ამ ეტაპზე, არ მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების შესახებ".

რატომ უნდა არსებობდეს სუროგაციის შესახებ ჩარჩო-კანონმდებლობა?

სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან აწესრიგებს კანონმდებლობა და ის რამდენიმე ნორმატიული აქტისა და ბრძანების საშუალებით რეგულირდება. მათ შორისაა"

  • კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“,
  • კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“,
  • კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“,
  • ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“,
  • კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.


სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის პროცედურის წესებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის ერთობლივი ბრძანება.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სუროგაცია-დონაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობით უნდა იყოს დარეგულირებული, რაც დღეს საქართველოს არ აქვს. ეს აჩენს ხვრელებს და ნიადაგს არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის და ამით ჩრდილს აყენებს დარგს, რომელიც დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე მუშაობს და დღეს ქართულ მედიცინაში ერთ-ერთი წარმატებულ სფეროა.

მათი თქმით, ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელსაც ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში უნდა მოეყვანა დღეს არსებული რეგულაციები, ევროკავშირის ექსპერტებთან, დარგის სპეციალისტებთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ჯერ კიდევ 2019 წლის მიწურულს დაიწყო, თუმცა მალე კოვიდპანდემიის გამო პროცესი შეწყდა და აღარ განახლებულა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რადიო თავისუფლებამ სტატიების სერია მოამზადა საქართველოში დონაცია-სუროგაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. ამ პერიოდში არაერთხელ და ახლაც, 9 მარტს, ვცადეთ ინტერვიუს ჩაწერა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის წარმომადგენელთან, რათა გაგვერკვია, ხომ არ გეგმავს სამინისტრო ექიმებთან, იურისტებთან, ექსპერტებთან ერთად სუროგაცია-დონაციის შესახებ ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობის დაწყებას, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ამ პროცესში, როგორც ქალების, ისე ბიოლოგიური ოჯახებისა და სუროგაციით დაბადებული ბავშვების უფლებების დარღვევის რისკს. უწყებისგან პასუხი ვერცერთხელ ვერ მივიღეთ.

კომპანია Kinderly-ს მიერ დაზარალებული სუროგატი ქალებისა და ბიოლოგიური ოჯახების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 მარტს გაგრძელდება.

*ანონიმურობის დაცვის მიზნით შეცვლილია სოფიას და მარიას სახელები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG