Accessibility links

სურსათის ეროვნული სააგენტო: "კახეთში ფაროსანა არ არის"


უკვე ორი თვეა, კახეთში აზიური მავნებლის, ფაროსანას, მოსაზიდი ხაფანგებია განთავსებული, თუმცა სურსათის ეროვნულ სააგენტოში ირწმუნებიან, რომ რეგიონში მავნებლის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. მოსახლეობის ნაწილი სახელმწიფოს მოუწოდებს, არ მოადუნონ ყურადღება და ყველა საჭირო პროცედურა ჩაატარონ.

Direct link

„კახეთში 1300-მდე ადგილზე განთავსებული მავნებლის მოსაზიდი ხაფანგის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომრეგიონის არც ერთ მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანა არ არის“, - გვითხრა სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამმართველოს ინსპექტორმა მაია არსენიშვილმა, რომელიც მავნებლის დამჭერ ხაფანგებს ყოველდღე ამოწმებს. არსენიშვილის თქმით, გარდა ხაფანგებისა, სააგენტოს წარმომადგენლობებს ყოველდღიურად აკითხავენ მოქალაქეები, რომლებსაც ადგილზე მიჰყავთ, მათი აზრით, ფაროსანა, თუმცა ამ შემთხვევაშიც შემოწმებამ აჩვენა, რომ კახეთში მავნებელი არ არის გავრცელებული.

კახეთში ფაროსანა შეიძლება დღეს არ არის, მაგრამ ხვალ შემოფრინდეს.მუდამუნდა ვიყოთ მზადყოფნაში, რადგან ეს არის ყველაზე დიდი მავნებელი მწერი და პირველივე გამოჩენისთანავე უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური ღონისძიებები...
ირინა ფხოველიშვილი

„თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი ფერომინიან მწერსაჭერებზე. მონიტორინგის შედეგებმა გვიჩვენა, რომ მავნებლის თუნდაც ერთი ინდივიდის აღმოჩენაც კი არ ფიქსირდება. გარდა ამისა, თითქმის ყოველდღე კახეთის სამმართველოს ოფისებში მოჰყავთ მავნებლები იდენტიფიცირებისთვის, ასევე გვიკავშირდებიან და მივდივართ ადგილზე, თუმცა აზიური ფაროსანა არ ფიქსირდება. რადგან დაფიქსირებული არ არის, წამლობითი ღონისძიებებიც არ მიმდინარეობს“.

ამ დროისთვის კახეთში აზიური ფაროსანა არ არის გავრცელებული, თუმცა ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი ირინა ფხოველიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ არ უნდა მოადუნოს ყურადღება, რომ რეგიონი ახალი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე არ დადგეს:

„კახეთში ფაროსანა შეიძლება დღეს არ არის, მაგრამ ხვალ შემოფრინდეს.მუდამუნდა ვიყოთ მზადყოფნაში, რადგან ეს არის ყველაზე დიდი მავნებელი მწერი და პირველივე გამოჩენისთანავე უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური ღონისძიებები. მოდუნება არ შეიძლება“.

კახეთში თუ არ არის გავრცელებული, რა სავალდებულოა ზედმეტად ეს ქიმიური ხსნარები? ისედაც დაავადებულია ხალხი. თუ აღმოაჩენენ, მერე დაიწყონ წამლობა...

მართალია, კახეთში ფაროსანასგან მიყენებული ზარალი საკუთარ თავზე არავის გამოუცდია, მაგრამ კარგად იციან, თუ რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ სამეგრელოს რეგიონში. ამიტომ ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მუშაობა უნდა გააძლიეროს და თუ საჭირო გახდა, პრევენციის მიზნით შეწამვლითი სამუშაოებიც კი უნდა ჩაატაროს. გამოკითხულთა ნაწილი სხვა აზრისაა. ამბობენ, რომ თუკი საჭიროება არ არის, ქიმიური ხსნარები არ უნდა გამოიყენონ:

„პროფილაქტიკის მიზნით მაინც უნდა დაამუშაონ ხსნარებით, რათა აქაც არ გავრცელდეს და, საერთოდ, არ გაანადგუროს ხალხის მოსავალი და ბუნება“.

„არ არის იმის საშიშროება, რომ აქაც გადმოვიდეს? რა თქმა უნდა, არის. არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები“.

„კახეთში თუ არ არის გავრცელებული, რა სავალდებულოა ზედმეტად ეს ქიმიური ხსნარები? ისედაც დაავადებულია ხალხი. თუ აღმოაჩენენ, მერე დაიწყონ წამლობა. ახლა კი პრეპარატი გამოიყენონ იქ ,სადაც არის“.

„პრევენცია უნდა გატარდეს წინასწარ, რადგან თუ გავრცელდა, შემდეგ გვიანი იქნება. მთავრობამ იმოქმედოს ისე, რომ ფაროსანა არ შემოვიდეს კახეთში“.

2018 წელს ბიუჯეტიდან ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებისთვის 50 მილიონი ლარია გამოყოფილა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს 160 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინეს,რაზეც 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. აზიურ ფაროსანას სოფლის მეურნეობის თავსატეხს უწოდებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ მის მთლიანად განადგურებას შესაძლოა წლები დასჭირდეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG