Accessibility links

სუსი - რა აჩენს შიშსა და ეჭვებს


ერთობლივი გამოკვლევის პრეზენტაცია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) არ ექვემდებარება ადეკვატურ კონტროლს და, მისი დიდწილად გასაიდუმლოებული საქმიანობის გამო, ისიც ძნელი გასარკვევია, რა არის მართალი და რა არა ინფორმაციიდან, რომელიც მის გარშემო ვრცელდება - ასეთ შეფასებას აკეთებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“. ამ ორგანიზაციების ერთობლივი გამოკვლევის („უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა საქართველოში - შედეგები და გამოწვევები“) პრეზენტაცია 18 ივნისს გამართული კონფერენციის ფარგლებში შედგა. სუსის რეფორმირება განიხილება საქართველოს წინსვლის აუცილებელ პირობად და განუყოფელ ნაწილად სახელმწიფოს უსაფრთხოების საერთო არქიტექტურისა, რომელსაც, თავის მხრივაც, არაერთი პრობლემა აქვს.

დღევანდელი ეროვნული უსაფრთხოების სისტემა სრულიად არაადეკვატურია იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას...
დავით რაქვიაშვილი

კონფერენციის მონაწილემ, სუსის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა 18 ივნისს თქვა, რომ მისი უწყება არ ახორციელებს ფარულ, უკანონო მიყურადებასა და თვალთვალს ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილზე, თუმცა ლილუაშვილმა ნათქვამი შემდეგნაირად დააკონკრეტა:

„თუკი ოპერატიულ-სამძებრო, კონტრდაზვერვითი ანდა საგამოძიებო მოქმედებიდან გამომდინარე არ არის სანქცირებული და არ ეფუძნება განჩინებას, რა თქმა უნდა, უკანონოა ნებისმიერი მიყურადება და თვალთვალი. ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია“.

განცხადებები, რომლებსაც სუსის წარმომადგენლები აკეთებენ, ხშირად არასრული და გაუგებარია საზოგადოებისთვის და ეს ათასნაირ შეკითხვასა და ეჭვს იწვევს. ახალი ანგარიშის ავტორების შეფასებით, სუსი არის „ყველაზე ფართომასშტაბიანი ძალაუფლების მქონე უწყება, რომელიც არის, ამავდროულად, ყველაზე დახურული ორგანო“ და ის ადეკვატურ კონტროლს არ ექვემდებარება. „ბევრ შემთხვევაში ადამიანები საუბრობენ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებში უსაფრთხოების სამსახურის გავლენაზე. ეს ეჭვები არსებობს, თუმცა პრობლემაა ის, რომ არ არსებობს არც ერთი რეალური, ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უპასუხებდა ამ კითხვებს - ან გააქარწყლებდა და იტყოდა, რომ ეს არის არასწორი, ცრუ შეფასება, ანდა დაადასტურებდა და სამართლებრივ მსვლელობას მისცემდა ამ საკითხებს“, - განაცხადა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა.

სოფო ვერძეული სუსის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:02 0:00

„პრობლემურია უსაფრთხოების სამსახურის ხელთ არსებული შემდეგი ინსტრუმენტები: საგამოძიებო, მათ შორის კორუფციული და თანასწორობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფუნქცია, სამართალდაცვითი და ძალის გამოყენების ფუნქციები, დროებითი მოთავსების იზოლატორის ფლობა, ფარული მიყურადების არსებული სისტემა, უსაფრთხოების ოფიცრის - ე. წ. „ოდეერის“ ინსტიტუტი“, - ვკითხულობთ გამოკვლევის ავტორთა პრობლემური მიგნებების ჩამონათვალში. ამასთან, „მთელ რიგ სფეროებში სუსის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე წარიმართება“.

ეკა გიგაური სუსის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:36 0:00

სუსის ხელში კონცენტრირებული ფუნქციების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას არ ეთანხმება ამ უწყების უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი. როგორც მან აღნიშნა 18 ივნისს, „ეს ყველაფერი შეიძლება გადათამაშდეს, მაგრამ ამისათვის საჭიროა განისაზღვროს ერთიანი მოდელი ქვეყნის მასშტაბით“, რადგან „თუკი კონკრეტულ სამსახურს ჩამოვართმევთ ძალაუფლებას, ძალაუფლება ვერსად ვერ დაიკარგება და ის უნდა გადანაწილდეს სხვადასხვა ინსტანციაზე“.

სუსს, პროკურატურასთან ერთად, მმართველი ძალის ხელთ არსებულ მძლავრ ინსტრუმენტებად განიხილავს შოთა უტიაშვილი. „რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ფიქრობს, რომ თუკი ამ ორი სფეროს რეალური რეფორმირება მოხერხდება, ქვეყანა სრულიად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და ამოისუნთქავს. მაგრამ ეს ძალიან ძნელად სავარაუდოა.

როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა აღნიშნა 18 ივნისს გამართულ კონფერენციაზე, უსაფრთხოების სერვისების გამართული მუშაობა და მათ მიმართ ხალხის ნდობის ზრდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში განსახილველი საკითხია. ელიზაბედ რუდის თქმით, „დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველო უკვე არის რეგიონის ლიდერი“, მაგრამ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლის პროცესში საქართველომ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს.

„როდესაც ხალხს აქვს უფრო მეტი რწმენა უსაფრთხოების სამსახურების მიმართ, რომ ისინი რეალისტურად იცავენ მათ უფლებებს, ხალხს ექნება მეტი ნდობა მთავრობისა და მთლიანად დემოკრატიის მიმართ. ამით საქართველო გახდება უფრო მტკიცე ბევრი გამოწვევის გადალახვისას, განსაკუთრებით უპრეცედენტო ჰიბრიდული საფრთხეების ეპოქაში“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

„დღევანდელი ეროვნული უსაფრთხოების სისტემა სრულიად არაადეკვატურია იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი. ის ფიქრობს, რომ ქვეყანაში სულ უფრო სუსტდება მაკოორდინირებელი ფორმატები, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით. 2018 წლის შემოდგომაზე უშიშროების საბჭოც გაუქმდება.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG