Accessibility links

სწრაფი ტესტების პირველი დიდი პარტია დაწუნებულის შემდეგ - პოლიტიკური დავა თუ საჭიროება?


ე.წ. სწრაფი ტესტების შესყიდვას ჯანდაცვის სამინისტრო „გადაუდებელ აუცილებლობად“ აფასებს და 30 000 ტესტის შესყიდვას გამარტივებული გზით გეგმავს. 930 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

რატომ გაჩნდა ასეთი გადაუდებელი აუცილებლობა სწრაფ ტესტებზე, რომელთა ფართოდ დანერგვის მოთხოვნასაც ხელისუფლება ოპონენტების ჩასაფრებულ ახირებად მიიჩნევდა? რა მიდგომები აქვს სახელმწიფოს ტესტირებასთან მიმართებით? როგორ უყურებენ საკითხს ოპონენტები?

„მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ანალოგიურ პროდუქტზე გლობალური დეფიციტის გათვალისწინებით, ასევე ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვების ფონზე, მნიშვნელოვანია ტესტების ქვეყანაში შემოტანა მოხდეს მაქსიმალურად მოკლე ვადაში“ - ვკითხულობთ წერილში, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას უსაბუთებს.

უკვე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჰოლანდიური კომპანია BIOZEK-ის მიერ მიერ წარმოებული 30 000 სწრაფი ტესტის შემოტანის ვალდებულება საქართველოში მოქმედმა კომპანია „სოლემარტმა" იკისრა. დაკვეთის საერთო ღირებულება 930 ათას ლარს შეადგენს.

ტექსტის თანახმად, BIOZEK-ის მიერ წარმოებული ტესტების სანდოობის გამოცდა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც 15 აპრილს 5 000 ტესტი „თიბისი“ ბანკმა უსასყიდლოდ გადასცა ჯანდაცვის სამინისტროს. ტესტები დადებითად შეფასდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ.

რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ ეტაპობრივი შემოტანა მაისში დაიწყება და ეს იქნება სწრაფი ტესტების პირველი დიდი პარტია მას შემდეგ, რაც ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საქართველომ უარი თქვა ჩინეთში წარმოებულ 200 ათას ტესტზე.

  • BIOZEK-ის მიერ წარმოებული ერთი ტესტის ღირებულება - 31 ლარს შეადგენს;
  • მარტში გაფორმებული (და შემდეგ გაუქმებული) ხელშეკრულებით - ტესტის ღირებულება 5.5 დოლარი (20 ლარამდე) იყო.

სწრაფი ტესტით (Antibody (IgM/IgG) RDT) ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის გზით ხდება. პასუხი 10-15 წუთშია ცნობილი. მაღალი ხარისხის შემთხვევაში ტესტის მგრძნობელობა 80-90%-სშეადგენს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, (IgM-ის შემთხვევაში) ტესტი გამოსადეგია COVID19-ით ინფიცირებიდან 3-5-7 დღის შემდეგ, ხოლო (IgG-ს შემთხვევაში) ინფიცირებიდან 10-14 დღის შემდეგ.

დადებითი პასუხი მიანიშნებს, რომ ან დაავადების გვიანი სტადიაა, ანდა დაავადება უკვე გადატანილია. საეჭვო შემთხვევაში, პასუხის გადამოწმება ხდება PCR ტექნოლოგიით, რაც „ოქროს სტანდარტად“ არის წოდებული.

თუმცა PCR ტესტების გამოყენება ეფექტიანია მხოლოდ დაავადების საწყის სტადიაზე - მწვავე ფორმის აღმოსაჩენად.

  • 26 აპრილს, პაატა იმნაძემ (NCDC-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ) თქვა, რომ საქართველოში სულ 17 ათასამდე ტესტია ჩატარებული და მათ შორის 5 ათასი სწრაფი ტესტების სათვალავზე მოდის;
  • 27 აპრილს, ამირან გამყრელიძემ (NCDC-ის გენერალურმა დირექტორმა) თქვა, რომ ჩატარებულია 20-21 ათასამდე ტესტი, მათ შორის სწრაფი ტესტების რაოდენობა 8-9 ათასს შეადგენს.

ამირან გამყრელიძის თქმით, ტესტების ჩატარების ამ ეტაპზე არსებული საერთო მაჩვენებელი 0.6 %-ს შეადგენს და ეს არცთუ ცუდი მაჩვენებელია საქართველოს მასშტაბისა და განვითარების მქონე ქვეყნისთვის. აქ ერთად არის დათვლილი როგორც PCR მეთოდის, ასევე სწრაფი ტესტები.

„თებერვალში და მარტში კერძო სექტორი არ მოგვწონდა და არ ვენდობოდით ტესტირებისთვის. ახლა კი, როდესაც სტატისტიკისთვის გვჭირდება, რომ 0.6%-მდე ავიდეთ, კერძო სექტორის ტესტებიც უნდა მივათვალოთ?!“ - 28 აპრილს რიტორიკული შეკითხვა დასვა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ თებერვალ-მარტში, სწრაფი ტესტის შემოტანის უკეთესი შანსი იყო, თუმცა მაშინ კერძო კომპანიებს ამის უფლება არ ჰქონდათ და ეს პროცესი თავად სახელმწიფომაც გააჭიანურა. ახლა კი - პანდემიის უფრო ფართოდ გავრცელების პირობებში - დეფიციტია და ტესტების შემოტანა ჭირს.

პოლიტიკოსების გარდა, სახელმწიფოს ადანაშაულებდა ექიმების ერთი ჯგუფიც.

„სამწუხაროდ ჯანდაცვის სამინისტრო, სრულიად ხელოვნურად აფერხებს კლინიკური დიაგნოსტიკის თვალსაზრისით კორონავირუსის ტესტების რეგისტრაციას და ლაბორატორიების მიერ მათი შემოტანის პროცესს!!! ეს არასწორი პოლიტიკა დიდ საფრთხეს უქმნის კორონავირუსთან კლინიკური თვალსაზრისით ბრძოლის ეფექტურობას. ჩვენ ვიმყოფებით ეპიდემიოლოგიური ტალღის დარტყმის პირას და დაუყოვნებლივ გვჭირდება ტესტები!!! ეს უნდა გაიგონ სამინისტროში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა!!!“ - წერდა 19 მარტს ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში.

მარტის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე კერძო კომპანიას ტესტების შემოტანის ნება დართეს.

ოპონენტები ტესტირების ფართოდ დანერგვის აუცილებლობაზე თებერვლის ბოლოდან ლაპარაკობენ, მას შემდეგ, რაც 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. მასობრივ, ფართო ტესტირებას ისინი დღემდე ითხოვენ და პროცესზე საუბრისას ყველა სახის ტესტის გამოყენებას გულისხმობენ.

როგორც 28 აპრილს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა:

  • ფართოდ დანერგილი ტესტირება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სურათის გამოსაკვეთად და ვირუსის გავრცელების ეფექტიანად მართვისთვის არის აუცილებელი;
  • ფართო დიაგნოსტიკა აუცილებელია ასევე იმისათვის, რომ ჩვენ არ გვქონდეს იმაზე მეტი შეზღუდვა დაწესებული, ვიდრე ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისთვის არის აუცილებელი.

NCDC-ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა, რაც PCR მეთოდით ტესტირების პროცესში ჩართული ლაბორატორიების რიცხვი 11-ს გაუტოლდა და მათ შორის არის რამდენიმე კერძო კლინიკა. ტესტებს მათ სახელმწიფო აწვდის.

ასევე სახელმწიფო ამარაგებს კერძო კლინიკებს სწრაფი ტესტებით.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ უთხრა რადიო თავისუფლებას:

  • ანტისხეულების განმსაზღვრელი სწრაფი ტესტები ძირითადად გამოიყენება სამედიცინო პერსონალის სკრინინგისთვის - „ისინი იტესტებიან ორ კვირაში ერთხელ“;
  • სახელმწიფო სწრაფ ტესტებს გადასცემს ცხელების ცენტრებს, COVID-კლინიკებს და მაღალი დატვირთვის სხვა კლინიკებს;
  • ანტისხეულების ტესტებით ხდება ხოლმე ასევე PCR ტექნოლოგიის უარყოფითი პასუხების გადამოწმებაც;
  • სწრაფი ტესტები არ არის დიდი რაოდენობით შემოსული ქვეყანაში და ამიტომ ისინი კლინიკებს დატვირთვის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად უნაწილდებათ - „ვიდრე შეზღუდული რაოდენობით გვაქვს“;
  • ვერ ვიტყვით, რომ მსოფლიოში დეფიციტია სწრაფ ტესტებზე, მაგრამ ხარისხი ძალიან საფრთხილოა და ყურადღებით უნდა შერჩევა - „ხარისხის სერტიფიკატი არა აქვთ ყველას მინიჭებული“.

ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ მოქმედებს ახალი ალგორითმის შესაბამისად.

NCDC-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტესტირება შეეხება - ყველა სიცხიან პაციენტს და ყველა პნევმონიის მქონე პაციენტს ცხელების ცენტრებში თუ სხვა კლინიკებში. ასევე ტესტირება განსაზღვრულია მედპერსონალისთვის და ამა თუ იმ კლასტერში შემავალი ადამიანებისთვის. ჯანდაცვის მინისტრის მიერ 28 აპრილს გაკეთებული განცხადების თანახმად, ტესტირება დაიწყება მოხუცებულთა თავშესაფრებსა და სათემო პანსიონატებში, სადაც შშმ პირები იმყოფებიან, მათ შორის როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები.

„ერთის მხრივ, ტესტირების გაფართოება და მეორე მხრივ - ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა არის გარანტია იმისა, რომ ჩვენთან ინფექცია იყოს კონტროლირებადი“ - აღნიშნა 27 აპრილს ამირან გამყრელიძემ და თქვა, რომ რადგანაც ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, საქართველოში ტესტირების მასშტაბი უნდა გაიზარდოს. არსებობს გეგმაც:

  • თვის ბოლოსთვის ქვეყანა უნდა ავიდეს დღეში 1000 ტესტის ჩატარებაზე;
  • 10-15 მაისისთვის იგეგმება დღეში 1500-2000 ტესტის ჩატარება;
  • და შემდეგ, თუ „საქართველოს სიმძლავრეებით ამას შევძლებთ“, ვგეგმავთ, რომ 3000 ტესტი ჩატარდეს დღეში.

ამირან გამყრელიძე ტესტირების გაფართოების აუცილებლობას საკარანტინე შეზღუდვების თანდათანობით მოხსნის რისკებს უკავშირებს.

ტესტირების არეალის გაფართოებასთან ერთად, ოპონენტები მოითხოვენ, რომ ჯანდაცვის სისტემამ გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია თუ სად რამდენი ტესტი ჩატარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG