Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“ - ტრამპი აბრუნებს "მაქსიმალურ ზეწოლას"


ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს ირანის მიმართ „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიის აღდგენის შესახებ.
ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს ირანის მიმართ „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიის აღდგენის შესახებ.

ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ სურდა დაჰბრუნებოდა ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას და აშკარაა, რომ თეირანთან „შემოწმებულ სამშვიდობო შეთანხმებას“ ესწრაფვის ბირთვულ სფეროში.

რისი ცოდნაა საჭირო?

დონალდ ტრამპი ორჭოფობდა ირანისთვის სანქციების გაძლიერების თაობაზე: 4 თებერვალს მან ხელი მოაწერა მემორანდუმს იმის შესახებ, რომ აღდგება „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია, რომელიც ისლამური რესპუბლიკის მიმართ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროინდელი პოლიტიკის ქვაკუთხედი იყო.

მემორანდუმზე, რომელმაც ირანის ნავთობის ექსპორტი ნულზე უნდა დაიყვანოს, ხელის მოწერის დროს თქვა, „ვორჭოფობო“. ირანმა ეს ნაბიჯი უარყო, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ შეუძლია ტრამპს შესთავაზოს იმის დასტური, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ ესწრაფვის.

ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟმა - ტახტის ყოფილმა ბოლო მემკვიდრემ, რეზა ფეჰლევიმ, რომელიც ცნობილია, როგორც ოპოზიციონერი, 6 თებერვალს გაავრცელა ცნობა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დაბლოკა“ 14-16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მისი მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ მიწვევა ჰქონდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეზა ფეჰლევის ამ განცხადებაზე არ უპასუხია, მაგრამ მისმა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ჟურნალისტს აცნობა, რომ მიუნხენის კონფერენცია დამოუკიდებლად წყვეტს, ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება მის მუშაობაში.

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე არ მიიწვიეს ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.
ბავარიის დედაქალაქში 14-16 თებერვლისთვის დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრაში ჩაებმებიან ირანის უცხოეთში მოქმედი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებისა არიან.

ფეჰლევიმ გერმანია დაადანაშაულა „ისლამური რესპუბლიკის დაშოშმინებისა“ და „ირანის ხალხის დადუმების“ მცდელობაში.

7 თებერვალს მან მადლობა უთხრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, თავის გუნდს და ყველას, ვინც მხარი დაუჭირა იმას, რომ "მიუნხენში ირანელი ხალხის გაიგონონ".

დიდი საქმე

ვენაში 2015 წლის ივლისში ბირთვული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ირანის და აშშ-ის დროშებს ხსნიან შეხვედრის ადგილზე
ვენაში 2015 წლის ივლისში ბირთვული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ირანის და აშშ-ის დროშებს ხსნიან შეხვედრის ადგილზე

სანქციები მოლაპარაკების შესაძლებლობით: როცა ტრამპმა პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს ირანს სანქციები დაუწესა, მისი ნავთობის ექსპორტი მკვეთრად დაეცა, მაგრამ მთლიანად არ შეჩერებულა.

თეთრ სახლში ირანის წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის“ აღდგენის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს კამპანია ძალიან სასტიკია და იქვე გამოაცხადა, რომ „ორჭოფობდა“ ხელმოწერის გამო. იქვე თქვა, რომ ირანი „ძალიან ახლოსაა“ ბირთვული იარაღის შექმნასთან.

„ჩემთვის ეს მარტივადაა: ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, დასძინა ტრამპმა.

ტრამპმა, ასევე, თავის ირანელ კოლეგასთან, მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოხატა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით მან Truth Social-ის პოსტში დაწერა, რომ „ბევრად ამჯობინებდა შემოწმებულ სამშვიდობო ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც ირანს მშვიდობიანად განვითარებისა და აყვავების საშუალებას მისცემს“.

2018 წელს ტრამპმა აშშ გამოიყვანა მნიშვნელოვანი ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც დაიდო აშშ-ში პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, ერთი მხრივ, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს და გერმანიას და, მეორე მხრივ, ირანს შორის, რომელიც მოიცავდა მექანიზმს, რითაც გაეროს ინსპექტორები უზრუნველყოფდნენ ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიან საზღვრებში შენარჩუნებას.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ტრამპმა დაავალა შესაბამის სტრუქტურებს, მკაცრად დაიცვან არსებული სანქციები, ხოლო შემდეგ მიზანში ამოიღონ ქსელი, რომელიც ხელს უწყობს ირანის ნავთობის ჩინეთისთვის მიყიდვას.

ფართოდ გავრცელებული აზრით, ტრამპის წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა, შეარბილა სანქციები ირანის ნავთობის ექსპორტზე, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ფასები დაეწია, რამაც ხელი შეუწყო ირანის ნავთობის გაყიდვის ზრდას. ამას ასევე დაეხმარა ირანის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლის ტაქტიკების დახვეწა და ჩინეთის „მადა“ ირანული ნავთობის მიმართ.

„ჩინეთი, სავარაუდოდ, უარყოფითად უპასუხებს ნებისმიერ სანქციას, რომელიც მის ბანკებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ან ნავსადგურებს შეეხება. თუ სანქციები შემოიფარგლება ტანკერებით ან შუამავლებით, ნაკლებად მოსალოდნელია პეკინის მხრიდან დიდი რეაქცია“, - თქვა გრეგორი ბრიუმ, აშშ-ში მოქმედი Eurasia Group-ის ირანისა და ენერგეტიკის ანალიტიკოსმა.

უნდა აღვნიშნო ასევე, რომ ტრამპმა აირჩია სწორედ მემორანდუმზე ხელის მოწერა, რომელიც ზოგადად, ნაკლებად ოფიციალურია, ვიდრე აღმასრულებელი ბრძანებულება ან განკარგულება.

„ვფიქრობ, რომ ეს იყო სიგნალი და ქმედება იმის დასადასტურებლად, რომ ეს სიგნალი თეირანში ჩავიდოდა. ტრამპმა რამდენჯერმე თქვა, ვიმედოვნებ, არ მომიწევს მემორანდუმის აღსრულებაო“, - განუცხადა რადიო ფარდას ჰამიდრეზა აზიზიმ, საერთაშორისო და უშიშროების საკითხების გერმანული ინსტიტუტის თანამშრომელმა.

რა ითქვა: როგორც ჩანს, ეს შეტყობინება მიიღეს ირანელებმა, რომლებმაც უარყვეს „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიის ეფექტიანობა, თუმცა ასევე შეეცადნენ ტრამპის დარწმუნებას, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

ფეზეშქიანი ირწმუნება, რომ თეირანმა იცის, როგორ აუაროს გვერდი სანქციებს. ამავე დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ ეს პოლიტიკა კვლავ წარუმატებელი იქნება.

თუმცა მოგვიანებით, მაღალი რანგის ირანელმა დიპლომატმა X-ზე დაწერა, რომ „არ არის რთული პრაქტიკული გარანტიების მიღება“ იმაზე, რომ ირანი არ ქმნის ბირთვულ იარაღს, - რაც აშკარა პასუხია ტრამპის შეშფოთებაზე თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნასთან დაკავშირებით. სანაცვლოდ, არაყჩის თქმით, ირანს სურს იმის „ობიექტური გარანტიები“, რომ სანქციები „ეფექტიანად გაუქმდება“.

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, რომელმაც გასულ კვირას, როგორც ჩანდა, თავისი „კურთხევა“ მისცა ტრამპთან მოლაპარაკებებს, „მაქსიმალური ზეწოლის“ აღდგენის გამოცხადების შემდეგ ტონი შეცვალა და 7 თებერვალს თქვა, რომ „ასეთ მთავრობასთან მოლაპარაკება არც ჭკვიანური იქნება და არც ღირსეული“.

ექსპერტ ჰამიდრეზა აზიზის თქმით: „გზა, რომელიც ტრამპმა აირჩია ირანთან მიმართებით, ძლიერ განსხვავდება იმისგან, რასაც ბევრი მოელოდა - როგორც განცხადებების, ასევე მოქმედებების მხრივ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG