სამთავრობო დანახარჯების შემცირებისკენ მიმართული აღმასრულებელი ბრძანებების ტალღის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, მთავარ საერთაშორისო დახმარების სააგენტოს ხურავს. ამ ნაბიჯის „კატასტროფულ“ შედეგებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები მიუთითებენ.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წინააღმდეგ ბრძოლას ილონ მასკი უდგას სათავეში - მთავრობის ხარჯების შემცირების მიმართულებით ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი ფიგურა. მასკი ამტკიცებს რომ ადმინისტრაციას აშშ-ის დეფიციტი 1 ტრილიონი დოლარით შეუძლია შეამციროს და ეს კორუფციასთან ბრძოლის შედეგად მოხდება.
USAID-ის თანამშრომლებმა შეტყობინება მიიღეს, რომ სააგენტოს ვაშინგტონში განთავსებული ოფისი 3 თებერვალს პერსონალისათვის დაიხურება „სააგენტოს ხელმძღვანელობის მითითებით“, – იუწყებიან CNN-ი და Associated Press-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.
გაეროს მონაცემებით, USAID-ი გლობალურად ჰუმანიტარული დახმარების 40%-ზე მეტს უზრუნველყოფს, თუმცა, სააგენტოს ვებსაიტი 3 თებერვალს მიუწვდომელი გახდა, ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ სააგენტოს „რადიკალი შეშლილები“ მართავდნენ.
„ჩვენ მათ ვუშვებთ, შემდეგ კი მივიღებთ გადაწყვეტილებას” USAID-ის მომავალზე“, განუცხადა 2 თებერვალს ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპის ამ განცხადებას წინ უძღოდა CNN-ისა და Reuters-ის ცნობები, რომ სააგენტოს უსაფრთხოების ორი მაღალჩინოსანი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს მას შემდეგ, რაც მათ სცადეს, ხელი შეეშალათ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) – ტრამპის მიერ დაარსებული და მასკის ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაციის – წარმომადგენლებისთვის, USAID-ის კომპიუტერულ სისტემებზე წვდომის მოპოვებაში.
თავად მასკმა USAID-ს, რომელიც კონგრესის მიერ დამტკიცებული ათობით მილიარდი დოლარის აშშ-ის საგარეო დახმარებას გასცემს, „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ „დროა, ის მოკვდეს“.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატი ლიდერების ჯგუფმა 2 თებერვალს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავენ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებზე იმ ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც მათ აღნიშნეს, აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში, განვითარების სფეროში ექსპერტიზის და აშშ-ის საგარეო დახმარების სწრაფად უზრუნველსაყოფად” შეიქმნა.
ტრამპის ძალისხმევების ფარგლებში რომ ეს პროგრამები მის საგარეო პოლიტიკურ მიზნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს, რუბიოს ხელმძღვანელობით მოქმედმა სახელმწიფო დეპარტამენტმა 24 იანვარს გასცა ბრძანება იმის თაობაზე, რომ აშშ-ის საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის ახალი დაფინანსება შეჩერებულიყო.
რუბიომ, რომელმაც სახელმწიფო მდივნის თანამდებობა გასულ თვეში სენატის სრული მხარდაჭერით დაიკავა, ტრამპის მთავრობის პირობებში გაცემულ საგარეო დახმარებაზე განაცხადა: „ყოველი დახარჯული დოლარი, დაფინანსებული პროგრამა და გატარებული პოლიტიკა სამ მარტივ კითხვას უნდა პასუხობდეს: ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო უსაფრთხოს? აძლიერებს თუ არა ეს ამერიკას? ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო აყვავებულს?“
ინაუგურაციის შემდეგ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებით, აშშ-ის საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით შეჩერდა, რათა მისი ეფექტიანობა და „შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა“ შეფასდეს. დოკუმენტი რუბიოს უფლებამოსილებას ანიჭებს, „კონკრეტული პროგრამებისთვის” ეს სამთვიანი პაუზა გააუქმოს.
ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების გამო, მსოფლიო მასშტაბით არაერთმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ და არასამთავრობო ჯგუფმა გამოთქვა შეშფოთება USAID-ის შემდგომ ბედზე.
„ავღანეთში დაფინანსების შეჩერება კატასტროფული იქნება იმ ოპერაციისთვის, რომელიც 22 მილიონზე მეტ ავღანელს სჭირდება“, – უთხრა ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა იან ეგელანდმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, USAID-მა უკრაინას მილიარდობით დოლარის ჰუმანიტარული დახმარება, განვითარების მხარდაჭერა და პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება გაუწია.
ტრამპმა გააკრიტიკა დახმარების მოცულობა – მათ შორის, მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი – რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას გადასცა.
კიევში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, „დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის” (NAKO) მკვლევარმა სვიტლანა მუსიაკმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს განუცხადა, რომ USAID-ის დაფინანსების შეჩერებას, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოების პროგრამებზე და „აშშ-ის დემოკრატიული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის მხარდაჭერის შემცირებაზე” მიანიშნებდეს.
- ამასობაში, უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მათ შორის, „დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის” ხელმძღვანელმა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ანტიკორუფციული საბჭოს წევრმა, ოლენა ტრეჰუბმა, აღნიშნეს, რომ USAID-ის დაფინანსების აუდიტს მიესალმებიან.
- ტრეჰუბმა 2 თებერვალს Facebook-ზე დაწერა, რომ „ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა USAID-ის რეფორმირების საჭიროებას“, რადგან თავად იყო მოწმე, „როგორ გადიოდა უზარმაზარი ბიუჯეტები ამ სამთავრობო სააგენტოში და რამდენად ხშირი იყო არასახარბიელო შედეგები“.
- თუმცა, მისივე თქმით, USAID-მა მნიშვნელოვანი რეფორმები, სამოქალაქო საზოგადოების და ჰუმანიტარული თუ ინფრასტრუქტურული პროექტები დააფინანსა, რომელთაც უკრაინის განვითარებაზე არსებითი გავლენა ჰქონდათ.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ფლორიდიდან, ბრაიან მასტმა, 2 თებერვალს CBS News-ს განუცხადა, რომ რუბიოსთან ერთად „იმის უზრუნველსაყოფად” მუშაობს, რომ USAID-ის მსგავსი სააგენტოები „სათანადო ხელმძღვანელობისა და კონტროლის ქვეშ იყოს“.
მასტმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, აღნიშნა, რომ „USAID-ის ცალკე უწყებად გაუქმებას“ და მის სახელმწიფო დეპარტამენტის „სხვა სტრუქტურებში“ გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.
სენატის წამყვანმა დემოკრატებმა 2 თებერვალს რუბიოს მისწერეს, რომ „USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაერთიანების ან მისდამი დაქვემდებარების ნებისმიერი მცდელობა - და ამას კანონიც მოითხოვს - კონგრესმა უნდა შეისწავლოს, განიხილოს და დაამტკიცოს”.
„კონგრესმა ასევე ცალსახად აღნიშნა, რომ USAID-ის რეორგანიზაციის ან რესტრუქტურიზაციის მცდელობა კონგრესს უნდა შეატყობინონ და მან ის წინასწარ უნდა განიხილოს“, – აღნიშნეს მათ წერილში.
სტატიაში გამოყენებულია Reuters-ის და AP-ის მასალა.
ფორუმი