Accessibility links

ტურისტული ემბარგო და სასტუმროს გაუქმებული ჯავშნები ახალციხეში


რუსული ტურისტული ემბარგო, ქართველი ჟურნალისტის მონოლოგის გამო ქვეყანაში შეცვლილი დღის წესრიგი, პუტინის მიერ გადაწერილი საქართველოს ისტორია და ქართველ ხელისუფალთა განცხადებები ახალციხელთა გულისწყრომას იწვევს. თინა მესხიძე ზვიად გამსახურდიასთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში 1988 წლიდან ჩაერთო. შექმნილი მდგომარეობის გამო დღეს ქვეყნის საბჭოთა კავშირში დაბრუნების საფრთხეს ხედავს და აცხადებს, რომ საქართველოს რუსომანია დაეწყო.

,,არ ვიცი, რა სჭირს საქართველოს, რუსომანია.. ბარემ დაგვასვან თავზე მთელი რუსეთი და ეგ იქნება. მაგით მოვრჩებით ყველაფერს, ძლივს გავთავისუფლდით, 1988 –89 წწ-ში იმ მიტინგებზე მეც ვიდექი, ჩემი ხელმოწერაც არის ზვიად გამსახურდიას აქტში“, – ამბობს თინა მესხიძე.

კიდევ ერთი ახალციხელი, ნანა ბერიძე, იმ დროს იხსენებს, როცა დასასვენებლად წასვლა მოსკოვთან უნდა შეეთანხმებინა. ამბობს, რომ იმ დროში დაბრუნება არ სურს, თუმცა დარწმუნებულია იმაშიც, რომ რუსი ტურისტები, აკრძალვის მიუხედავად, საქართველოში მაინც ჩამოვლენ.

,,რუსებს ისე უყვართ საქართველო და ქართველები, რომ ვერავინ დააკავებს მაგათ, იმიტომ რომ მოვისმინე, თუ თვითმფრინავით ნებას არ მოგვცემენ, მანქანებით წავალთო. სახელმწიფოს, ბიუჯეტსაც დააკლდება, სამუშაო ადგილებიც ცოტა იქნება, ხალხი ვერ გაიმართავს ხელს. მე რომ წყალტუბოში უნდა დამესვენა და რუსეთს ვეკითხებოდი ადრე, ასე ნამდვილად არ მინდა“, – იხსენებს ნანა ბერიძე.

ნატალია გოლოვაჩოვა საქართველოს ტიუმენიდან წელს მეხუთედ ესტუმრა. პუტინის ემბარგოს მიუხედავად, მეგობრებსა და ნათესავებს საქართველოს სანახავად ეპატიჟება. ახალციხის ციხის დათვალიერებისას აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად ხალხი უყვარს.

,,თითქმის 6 ათასი კმ გამოვიარე საქართველომდე, წელს უკვე მეხუთედ ჩამოვედი, უზომოდ შეყვარებული ვარ საქართველოზე და ყველას ვურჩევ აქ ჩამოსვლას. ჩემმა მეგობრებმა იციან, როგორ მიყვარს საქართველო – ყველას ვეპატიჟები, ჩამოდით საქართველოში. სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციის გამოსახატავად, რამდენად მიყვარს საქართველო. ყველაზე მეტად ხალხი მიყვარს, ასეთ ადამიანებს არასდროს არსად შევხვედრივარ. ეს ყველაზე დიდი სიყვარულია, ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას ვეუბნები: ჩამოდით საქართველოში“, – ამბობს ნატალია გოლოვაჩოვა.

ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, რუს ტურისტთა ჩამოსვლა საქართველოში გრძელდება, თუმცა მათი რაოდენობა შემცირებულიაო, ამბობენ ახალციხელები.

,,შეიძლება პუტინის განცხადების მერე ბევრი ტურისტი რუსეთიდან აღარ ჩამოვიდეს, მაგრამ მარტო რუსეთზე ხომ არ არის დამოკიდებული საქართველოს ბიუჯეტი და ტურისტული სფერო, ზოგადად?! თუმცა ყველაზე მეტი მხარჯველი რუსი ტურისტია, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ჩამოსვლა, შემოვლითი გზით მაინც ჩამოვა“, – ფიქრობს სერგეი ფიდანიანი.

,,ალბათ, დასაწყისში იმოქმედებს ხალხის ფინანსებზე. იმ ხალხმა რა დააშავა? უფროსობამ და პარლამენტარებმა რაღაც დააშავეს და ხალხი არაფერ შუაში არ არის“, – ამბობს ნაირა კაპანაძე.

,,არ შეწყდება ტურისტების მოსვლა საქართველოში. როგორც ადრე მოდიოდნენ, კიდევ ასე გაგრძელდება“, – ფიქრობს რუსლან ამბარცუმიანი.

შექმნილი ვითარების გამო, ახალციხის მოქმედ სასტუმროებში ივლისისა და აგვისტოს ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა. სასტუმროს მენეჯერები ამბობენ, რომ პროცესი გავრილოვის საქართველოში ვიზიტამდე დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება. მიუხედავად ამისა, სასტუმრო ,,ტიფლისის“ მენეჯერი გიორგი გურგენიძე იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ტურიზმის განვითარება შესაძლებელია სხვა ქვეყნების დახმარებით.

,,რუსეთმა დიდი დარტყმა მიაყენა კერძო სექტორსა და სახელმწიფოს თავისი აკრძალვებით, ტურისტების რაოდენობა ძალიან შეამცირა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ გვყავს მეგობარი სახელმწიფოები, რომლებიც დიდ პოპულარიზაციას გვიწევენ და გვპირდებიან, რომ შედარებით მეტ ტურისტს გამოუშვებენ ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, ისრაელმა გამოაცხადა, რომ წლევანდელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში 200 ათასამდე გაიზრდება“, –აცხადებს გიორგი გურგენიძე.

საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, ჩამოსვლას და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა კოლეგებთან ერთად საქართველო დაგეგმილზე ორი დღით ადრე სასწრაფო წესით დატოვა. მომხდარს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, სადამსჯელო სანქციები მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG