Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი უგულავაზე: სასამართლო არ არის ოპონენტებთან ბრძოლის იარაღი


საქართველოში პოლიტიკური ოპონენტები მიზანში არიან ამოღებული და ამის მაგალითია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას დაპატიმრება - ამ შინაარსის განცხადება ტვიტერის საშუალებით გამოაქვეყნა დონალდ ტუსკმა, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) თავმჯდომარემ და ევროკავშირის საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

„შეშფოთებული ვარ (გიგი) უგულავას განაჩენისა და საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიზანში ამოღების გამო. სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად. მმართველი ელიტის მიერ გარანტირებული უნდა იყოს სამართლიანი კონკურენცია. კანონის უზენაესობა არსებითია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების მიხედვით“, - წერს ტუსკი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

გიგი უგულავას დაპატიმრებისა და ამ ფაქტის თანმდევი პროცესების გამო ბოლო დღეებში შეშფოთება გამოხატა არაერთმა ევროპარლამენტარმა და მათ შორის - "ქართული ოცნების" პოლიტიკური ოჯახიდანაც. მწვავე კრიტიკა ისმოდა ასევე შეერთებული შტატებიდან.

10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან" 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და მიუსაჯა პატიმრობა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით.

ოპოზიციურმა პარტიებმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და შეწყვიტეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკებები. "ქართული ოცნება" ყველანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს და უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში ევროპარლამენტარების მისიას იწვევს.

XS
SM
MD
LG